განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210016001244218
საქმე №ას-1585-2018 12 თებერვალი, 2019 წელი
№ას-1585-2018 გ------–---–ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ----------–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-------------ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ლ-------------მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ------ ო-----ის (შემდგომში – მოპასუხე, თავდები), ლ----------–---–ისა (შემდგომში – კასატორი მოპასუხე, კასატორი თავდები) და გ--- გ------–---–ის (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 3 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებისათვის 9160.54 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6580 ლარი, სარგებელი – 2066.54 ლარი, ჯარიმა – 5139.36 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა მოპასუხემ 48 თვის ვადით, წლიური 25%-ის დარიცხვით ისესხა 6580 ლარი.
3. მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე 0,5%-ის ოდენობით.
4. კრედიტორმა მოახდინა მსესხებლის გაფრთხილება არსებული დავალიანების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
5. ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 3 ოქტომბერს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებმა იკისრეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი ფულადი თანხის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება. თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 20944,69 ლარი.
6. 2015 წლის 17 მარტს მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების წესით, გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, თუმცა საქმის წარმოების ამ ეტაპზე მსესხებლის მხრიდან არ გამოჩენილა მორიგებისა, თუ აღნიშნული პრობლემის სხვაგვარად გადაჭრის ინტერესი.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ მხარემ სარჩელი არ ცნო. კასატორმა მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მისათვის გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია არ ჩაბარებია, ადრესატის მოუძიებლობის გამო. აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული გზავნილით. შესაბამისად, გაფრთხილების შესახებ შეტყობინება მისთვის ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება, რაც გამორიცხავს ძირითადი მოვალის კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ მისი ვალდებულების წარმოშობას.
8. ამასთან, გზავნილის ჩაბარების შემთხვევაშიც, კასატორ თავდებს არ წარმოეშობოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან კრედიტის გამცემის მიერ სასამართლოში მოთხოვნის დაყენებას აქვს ორი წინაპირობა, კერძოდ, მოვალემ ორჯერ ზედიზედ უნდა დაარღვიოს თანხის გადახდის ვალდებულება და ასეთ დროს ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ორკვირიანი დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ (სსკ-ის 873-ე მუხლი).
9. განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით არც დამატებითი ორკვირიანი ვადის განსაზღვრა და არც ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონიერად განხორციელება არ მომხდარა, აღნიშნული კი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 9160.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6580 ლარი, სარგებელი – 2066.54 ლარი, ჯარიმა – 514 ლარი, აპლიკაციის საფასურის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მართლზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც საკმარის საფუძველს ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 3 ოქტომბერს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გაიცა კრედიტი 6 580 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა კი – 2017 წლის 10 ოქტომბრამდე.
14. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5%.
15. 2013 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისად თავდებმა პირებმა თავდებობის ზღვრული თანხის – 20944,69 ლარის ფარგლებში იკისრეს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის 2013 წლის 3 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
16. 2013 წლის 3 ოქტომბერს შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი კრედიტის სრულ ოდენობაზე – 6580 ლარზე.
17. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც სარჩელის შეტანის მომენტისათვის მოსარჩელის მიმართ მსესხებელ მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 9160.54 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6580 ლარი, სარგებელი – 2066.54 ლარი, ჯარიმა – 514 ლარი.
18. 2015 წლის 2 მარტს მოპასუხეებს ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, თუმცა გაფრთხილების ადრესატებისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
19. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.
20. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოების ფარგლებში თავდები პირების მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა განცხადება მორიგების შესახებ, რომლითაც თავდები პირები ნაწილობრივ დაეთანხმნენ კრედიტორის მოთხოვნას, კერძოდ, მოთხოვნის ძირითადი თანხის – 6580 ლარის, სააპლიკაციო საფასურის – 100 ლარისა და გამარტივებული წარმოების საფასურის –133,60 ლარის ნაწილში.
21. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საკრედიტო და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.
22. დადგენილია ასევე, რომ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ჩაბადათ მოპასუხეებს.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე მუხლის, 317-ე მუხლის პირველის ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მხარეთა შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტთან დაკავშირებული ურთიერთობა.
24. სსკ-ის 867-ე მუხლის, 868-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 873-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას შესაბამისი პირობების დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.
25. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტას კანონმდებელი უკავშირებს შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კრედიტორის სუბიექტურ ნებას. რაც შეეხება კანონისმიერ საფუძვლებს, ასეთად მიიჩნევა მოვალის მიერ კრედიტის ნაწილის სულ ცოტა ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია განსაზღვრულ ვადაში კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება, კრედიტორის მიერ დამატებითი ორკვირიანი ვადის მიცემა მსესხებლისათვის და აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლა. ამდენად, მოცემული წინაპირობები იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტის და მასზე დარიცხული სარგებლის ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად გადახდის შესახებ დაირღვა. მეტიც, მსესხებელი მოპასუხის ანგარიშიდან ამონაწერით ირკვევა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდა მხოლოდ ერთხელ – 2014 წლის 28 მარტს განხორციელდა, გადახდილი თანხა კი 250 ლარს შეადგენდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის პირობებში მსესხებელს და თავდებ პირებს 2015 წლის 2 მარტის გაფრთხილების შესახებ წერილები გაეგზავნათ, თუმცა გაფრთხილების ამ გზით ჩაბარება ვერ მოხერხდა.
26. წინამდებარე განჩინებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა განცხადებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით მიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 2 ოქტომბრის შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით თავდებებმა წარადგინეს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, რომლითაც დაეთანხმენენ მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ძირითადი თანხის – 6580 ლარის, სააპლიკაციო საფასურისა და გამარტივებული წარმოების საფასურის, სულ – 6 813 ლარის ნაწილში.
27. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 918 მუხლის პირველი პუნქტისა და სსკ-ის 51-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულება მეორე მხარისათვის დამატებით განსაზღვრული ვადის ან გაფრთხილების მიცემის თაობაზე, რათა მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლამდე დამატებით მიეცეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, ამასთან, კონტრაჰენტი ინფორმირებული იყოს, დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო ამოწმებს, დაცულია თუ არა სსკ-ის 405-ე მუხლის დანაწესი, მოვალისათვის ვადის დამატებით განსაზღვრასა თუ გაფრთხილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, კრედიტორის მტკიცების ტვირთია იმ ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის დადასტურება, რომელიც გამორიცხავს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების ვალდებულებას სსკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის კონტექსტში.
28. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელის აღძვრამდე 3-4 თვით ადრე მოპასუხე მხარეებისთვის გამარტივეული წარმოების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი იყო მოსარჩელის მოთხოვნის შესახებ, მეტიც, მოთხოვნის ნაწილი სესხის ძირ თანხასთან მიმართებით აღირებულიც იქნა მათ მიერ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე თვით ადრე სოლიდარულად თავდები პირების ინფორმირებულობა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის, ასევე, ვადამოსული მოთხოვნის ოდენობის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ მოცემულობაში დაცულია ხელშეკრულებიდან გასვლის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, რაც, თავის მხრივ, საკმარისია ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევის და, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
29. სსკ-ის 463-ე მუხლის შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებელი მოპასუხის მიმართ უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით. აღნიშნული ხელშეკრულებებით, თავდებმა მოპასუხეებმა ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკს უფლება აქვს, კონტრაჰენტს წაუყენოს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. სოლიდარული მოვალეები კისრულობენ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდას. სოლიდარული ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, ყოველი მოვალე კრედიტორის წინაშე ვალდებულებებზე პასუხს აგებს უშუალოდ, მთელი თავისი ქონებით.
30. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 417-ე, 418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, არ გადაიხადა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც.
31. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული წარმოების ფარგლებში გაწეულ ხარჯს, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კასატორმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
33. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებდა, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა მართლზომიერად, რაც უსაფუძვლოა.
34. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა ხელშეკრულებითა და კანონით დადგენილი წესით მხარეების ინფორმირება, თუმცა, მეორე მხრივ, დაადგინა, რომ სახეზე იყო ხელშეკრულების აპელანტის მხრიდან მართლზომიერად შეწყვეტისა და მოწინააღმდეგე მხარეებისათვის სრული დავალიანების დაკისრების საფუძვლები.
35. მართალია, სსკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ორკვირიანი დამატებითი ვადის მოვალისთვის განსაზღვრა კრედიტორის უფლებამოსილებაა, თუმცა არასწორია სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ რომ აღნიშნული მხოლოდ კრედიტორის უფლებას და არა ვალდებულებას წარმოადგენს, ვინაიდან სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნებისმიერი უფლება კეთილსინდისიერად უნდა იქნას გამოყენებული უფლებამოსილი პირის მიერ ისე, რომ მეორე მხარეს არ მიადგეს ზიანი ამით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, უხეშად დაარღვია კასატორის უფლებები და ზოგადად სსსკ-ით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი ნორმები განმარტა მოსარჩელის ინტერესების შესაბამისად და უგულებელყო კანონის ის დანაწესები, რომლებიც კასატორის უფლებებს და ინტერესებს იცავდა.
36. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაჭრისათვის არსებითი მნიშნელობის მქონე გარემოებად არასწორად შეაფასა დავალიანების არსებობა და არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს შემთხვევას, როდესაც კრედიტორი უფლებამოისლებების არასწორად, არაჯეროვნად გამოყენების შემთხვევაში კარგავს მოთხოვნის უფლებას.
37. განსახილველ შემთხვევაში კრედიტორს არც მოთხოვნა წაუყენებია მოვალესთვის ორკვირიანი ვადის დაცვით, არც თავდებებისათვის უცნობებია კანონით და ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოვალის მიერ გრაფიკის დარღვევის შესახებ, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სასამართლო პროცესებზე თავად მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა, რომ კასატორს ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაფრთხილება არ ჩაბარებია, რაც თავდებების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
38. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა, რომ კრედიტორი ვალდებულია, მისცეს მოვალეს დამატებითი ორკვირიანი საშეღავათო პერიოდი, ვალდებულების ვადამოსული ნაწილის შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა არალეგიტიმურია და ართმევს საკრედიტო დაწესებულებას მასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარემ დაკარგა მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალის მიმართაც.
39. კასატორის მითითებით, კეთილსინდისიერი ქცევის ტესტი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველყოს „სუსტი“ მხარის – მსესხებლის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რათა მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას.
40. რაც შეეხება აღსრულების ეროვნულ ბიუროში კასატორების მიმართ წარმოებულ გამარტივებული სააღსრულებო საქმის წარმოებას, გამარტივებული საქმის წარმოება განსხვავდება სასამართლოში დავის წარმოებისგან. ვინაიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულება არ დაწყებულა და გამარტივებული საქმის წარმოება შეწყდა, არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილების დაფუძნება გამარტივებული საქმის წარმოების ფარგლებში გამოვლენილ გარემოებებზე. ამდენად, გამარტივებული წარმოების ფარგლებში წარდგენილ დოკუმენტაციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას კასატორის აპელირებას არ უნდა მისცემოდა სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი შეფასება.
41. კასატორ არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა თავდების გაფრთხილებას წარმოადგენდა, სსკ-ის 405-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, სსკ-ის 902-ე მუხლის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით, კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი განმარტავს, რომ თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინაშე.
42. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებული იყო, თავდების ინფორმირება მოეხდინა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის პერიოდში, რაც არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა გააიგივა თავდების ხელშეკრულებითა და კანონით დადგენილი წესით ინფორმირებად, რამაც სამართლებრივად არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
43. კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს თუ რა შემთხვევაში ითვლება გამოვლენილი ნება ადრესატისათვის ჩაბარებულად. საკასაციო სასამართლოს ერთგავორვანი პრაქტიკისა და სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, მხარის მიერ გამოვლენილი ნება მიღებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი ადრესატს ჩაბარდება და ადრესატი ნებას მიიღებს (მოექცევა მისი ბატონობის სფეროში). შესაბამისად, ადრესატისათვის წერილობითი კორესპონდენციის მხოლოდ გაგზავნა არ შეიძლება ჩაითვალოს სსკ 902-ე მუხლის შესაბამისად ინფორმირებად.
44. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ „არაკეთილსინდისიერი" და „არამართლზომიერი" ქმედებები განსახილველ საქმეში მომხინდარეობს მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან, კერძოდ, მოსარჩელეს მიერ კასატორი თავდების ინფორმირება არ მომხდარა, როგორც ეს სსკ-ის 902-ე მუხლითაა დადგენილი. დასაბუთებულია საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს რა ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის ერთიან სტანდარტს, „სუსტი მხარის" ინტერესების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნული მიზნების სამართლიანი განხორციელება მოითხოვს კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ფორმალურ გადახვევას. პოზიციური ბალანსის დაცვა, ფაქტობრივად, უზრუნველყოფს სუსტი მხარის დამატებით უფლებებს და შესაბამისად, აკისრებს მის ოპონენტს იმაზე მეტ ვალდებულებებს, ვიდრე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში.
45. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის მიმართვა დაუშვებელია ჩათვლილიყო სსკ-ის 902-ე მუხლის შესაბამისად, თავდების ინფორმირებად, ვინაიდან თავად მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა მოხდა რადგან მოსარჩელემ 2015 წლის 17 მარტს ჩათვალა, რომ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის სათანადო საფუძველი. ამდენად, შეუძლებელია აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს თავდების სსკ-ის 902-ე მუხლის შესაბამისად ინფორმირებად, ვინაიდან თავდების ინფორმირების ვალდებულება კრედიტორს წარმოეშობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის მომენტიდან, მოსარჩელემ კი განსახილველ შემთხვევაში მითითებული ვალდებულება არ შეასრულა.
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კასატორი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
47. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
48. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 3 ოქტომბერს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გაიცა კრედიტი 6 580 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა კი – 2017 წლის 10 ოქტომბრამდე.
49. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5%.
50. 2013 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისად თავდებმა პირებმა თავდებობის ზღვრული თანხის – 20944,69 ლარის ფარგლებში იკისრეს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის 2013 წლის 3 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
51. 2013 წლის 3 ოქტომბერს შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი კრედიტის სრულ ოდენობაზე – 6580 ლარზე.
52. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც სარჩელის შეტანის მომენტისათვის მოსარჩელის მიმართ მსესხებელ მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 9160.54 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6580 ლარი, სარგებელი – 2066.54 ლარი, ჯარიმა – 514 ლარი.
53. 2015 წლის 2 მარტს მოპასუხეებს ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, თუმცა გაფრთხილების ადრესატებისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
54. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.
55. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოების ფარგლებში თავდები პირების მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა განცხადება მორიგების შესახებ, რომლითაც თავდები პირები ნაწილობრივ დაეთანხმნენ კრედიტორის მოთხოვნას, კერძოდ, მოთხოვნის ძირითადი თანხის – 6580 ლარის, სააპლიკაციო საფასურის – 100 ლარისა და გამარტივებული წარმოების საფასურის –133,60 ლარის ნაწილში.
56. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა დაუშვებელია ჩათვლილიყო, სსკ-ის 902-ე მუხლის შესაბამისად, თავდების ინფორმირებად, ვინაიდან თავად მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა მოხდა რადგან მოსარჩელემ 2015 წლის 17 მარტს ჩათვალა, რომ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის სათანადო საფუძველი.
57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
59. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
60. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე. მსესხებელთან ერთად თანხის დაბრუნდების ვალდებულება იკისრეს სოლიდარულმა თავდებებმა.
61. ასევე უდავოა, რომ მსესხებელმა კრედიტის ნაწილ-ნაწილ შეტანის ვალდებულება დაარღვია.
62. თავდები კასატორის პრეტენზია ეხება იმ გარემოებას, რომ კრედიტორს მისთვის მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ უცნობებია.
63. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის 902-ე მუხლის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
64. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მსესხებლის მიერ კრედიტის ნაწილ-ნაწილ გადახდის მოთხოვნის ორჯერ მაინც დარღვევა შესაძლებლობას აძლევს კრედიტორს, შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, რაც მის უფლებას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ კრედიტორმა თავისი მატერიალური ინტერესი დაიკმაყოფილოს სოლიდარული თავდების ხარჯზე, მან უთუოდ უნდა აცნობოს თავდებს მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულების შესრულების დარღვევის შესახებ. დასახელებული დანაწესის მიზანს წარმოადგენს თავდები პირის ინფორმირება, რომ ძირითადმა მოვალემ სასესხო ვალდებულება დაარღვია.
65. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, განსახილველ საქმეზე დგინდება, რომ კრედიტორის მიერ თავდებებისათვის გაგზავნილი შეტყობინება ადრესატებს არ ჩაბარდათ, თუმცა თავდებები ინფორმირებულნი იყვნენ მსესხებელი მოპასუხის მიერ თანხის დაფარვის მოვალეობის დარღვევის თაობაზე, რადგან სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელის აღძვრამდე 3-4 თვით ადრე მოპასუხე მხარეებისთვის გამარტივეული წარმოების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი იყო მოსარჩელის მოთხოვნის შესახებ, მეტიც, მოთხოვნის ნაწილი სესხის ძირ თანხასთან მიმართებით აღიარებულიც იქნა მათ მიერ (ტ.1, ს.ფ. 190-191).
66. აღნიშნული გარემოება კასატორის მიერ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით გაქარწყლებული არ ყოფილა.
67. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
68. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
69. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
70. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
72. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ----------–---–ისა და ე----- ე----ის მიერ 2018 წლის 2 ნოემბერს №---------- საგადახდო დავალებით გადახდილი 458 ლარის 70% – 320,6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ----------–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ----------–---–ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ----------–---–ისა და ე----- ე----ის მიერ 2018 წლის 2 ნოემბერს №---------- საგადახდო დავალებით გადახდილი 458 ლარის 70% – 320,6 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე