გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-165(2კ-25) 22 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – რ.ხ-ი
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები (ასკ 16.2) – შპს „ ...“, ჯ.ბ-ე, რ.ხ-ი, შ.დ-ა, დ.ს-ე, კერძო აღმასრულებელი - ჯ.ძ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 12 აპრილს რ.ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან გაიმარჯვა ქ. ბათუმში, ... #...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ( ს.კ. ...) 2021 წლის 25 თებერვალს გამოცხადებულ აუქციონში (ლოტის ნომერი: ...). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის - ი.ბ-ას 2021 წლის 15 მარტის #520 ბრძანებით კი გაუქმდა მითითებული აუქციონის შედეგები.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება არის უკანონო, რამდენადაც მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინება (საქმე #2/585-21), რომლითაც სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე (#A19210521), რომელიც დაიწყო ნოტარიუს მ.კ-ის მიერ 2019 წლის 4 დეკემბერს გაცემული #191472505 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სადაც კრედიტორია შ.დ-ა, ხოლო მოვალე - შპს „...“.
მოსარჩელის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო განჩინებით არ გაუქმებულა აღმასრულებლის მოქმედება და აუქციონის შედეგები. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე, სააღსრულებო საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო სააღსრულებო საქმის წარმოების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ხორციელდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულება. ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ იყო უფლებამოსილი, გაეუქმებინა აღმასრულებლის მოქმედება და აუქციონის შედეგები.
ამდენად, მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედებისა და აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის #520 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის #520 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით რ.ხ-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „...“, შ.დ-ა, დ.ს-ე, რ.ხ-ი, ჯ.ბ-ე და კერძო აღმასრულებელი - ჯ.ძ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით რ.ხ-ის შუამდგომლობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის #520 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 27 დეკემბერს კერძო აღმასრულებელს - ჯ.ძ-ეს კრედიტორ შ.დ-ას განცხადებით წარედგინა იძულებითი აღსრულების მიზნით ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 4 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2019 წლის 27 აგვისტოს დამოწმებული სესხის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით; კრედიტორი - შ.დ-ა, მოვალე - შპს „...“; ვალდებულების შესრულების დრო: 2019 წლის 30 ნოემბერი; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 96 580 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.
2021 წლის 20 იანვარს კერძო აღმასრულებელმა - ჯ.ძ-ემ სააუქციონო განაცხადით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ბათუმში, ... #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგომი შენობის (ს.კ. ...) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, 2021 წლის 25 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყო აუქციონი და დასრულდა 2021 წლის 5 მარტს, 17:00 საათზე. შემძენის მიერ ბიჯი განხორციელებულია 16:56 საათზე.
2021 წლის 5 მარტს, 4:41 საათზე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა შპს „...ის“ დირექტორის განცხადება. განცხადებას ერთვოდა სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება. განცხადებას ერთვოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის #2/585-21 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, 2021 წლის 5 მარტის სააღსრულებო ფურცელი და განჩინება ამავე საქმეზე.
საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 5 მარტს შპს „...ის“ დირექტორის განცხადებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 5 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და განჩინება. განცხადებაზე თანდართული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის #2/585-21 სააღსრულებო ფურცელი გაცემულია ამავე სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინების შესაბამისად. განჩინების თანახმად, შპს „...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება ნაწილობრივ იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...ის“ უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე. ამავე განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა კერძო აღმასრულებელ ჯ.ძ-ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე #19210521, დაწყებული ნოტარიუს მ.კ-ის მიერ 2021 წლის 4 დეკემბერს გაცემული #191472505 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სადაც კრედიტორია: შ.დ-ა, მოვალე: შპს „...“. განცხადება აღსრულების ეროვნულ ბიუროს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2021 წლის 5 მარტს, 17:47 საათზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 9 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა შპს „...ის“ დირექტორის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის წარმოებაში არსებული #19210521 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ჩატარებული აუქციონის ბათილად გამოცხადება.
2021 წლის 9 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ ბიუროს წარმოებაში იყო კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის გამოგზავნილი საქმე #A19210521, სადაც კრედიტორია - შ.დ-ა, ხოლო მოვალე - შპს „...“. აღნიშნულ საქმეზე აუქციონი ჩატარდა ქალაქ ბათუმში, ... #...-ში მდებარე შპს „...ის“ კუთვნილ ქონებაზე (ს.კ. ...). აუქციონი დასრულდა 05.03.2021წ.-ს 17:13 სთ-ზე. ქონება პირველ განმეორებით აუქციონზე შეიძინა რ.ხ-მა.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 05.03.2021წ. 17:47 სთ-ზე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მომართა შპს „...ის“ დირექტორმა - გ.ს-იმ და წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.03.2021წ. განჩინება და სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა შეჩერებულიყო კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე #A19210521. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილ იქნა #A19210521 საქმეზე აუქციონის (ლოტი:...) შედეგების გაუქმება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის #520 ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ #A19210521 სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, ... #..., ს.კ....) 2021 წლის 25 თებერვალს პირველი აუქციონის (ლოტი:...) გამოცხადების თაობაზე და მისი შედეგი. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ აუქციონში გამარჯვებულ პირს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 195-ე მუხლზე, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლის მე-12 პუნქტზე, 183 მუხლის მე-11 პუნქტზე, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტზე, 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ორი აღსასრულებელი აქტი, კერძოდ, ერთი მხრივ, აღსასრულებელი მოთხოვნა წარდგენილია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ფარგლებში უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნით, ხოლო, მეორე მხრივ, სახეზეა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სასამართლოში წარდგენილი სარჩელის უზრუნველსაყოფად, კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, სახეზე იყო განსაკუთრებული შემთხვევა - მიმდინარე აუქციონის ფარგლებში წარდგენილი სასამართლოს განჩინება და მასზე წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი ადგენდა მიმდინარე აღსრულების პროცედურის შეჩერების აუცილებლობას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში დაცული მასალით დგინდებოდა ის გარემოება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიაში 2021 წლის 5 მარტს, 17:47 საათზე დარეგისტრირდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი განცხადება, რომელსაც ერთვოდა სასამართლოს აქტი სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე. ამასთან, იძულებითი აუქციონის პროცედურა დასრულდა 17:00 საათზე, უძრავი ქონების შემძენის 17:13 საათზე გამოვლენით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის აუქციონის დასრულებამდე ცნობილი გახდა სასამართლოს მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული განჩინების არსებობის თაობაზე, რაც უპირობოდ იწვევდა მიმდინარე აუქციონის იმ ეტაპზე შეჩერების აუცილებლობას, რა ეტაპზეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა სასამართლო განჩინების არსებობის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი უფლება, რომელიც ერთ შემთხვევაში, დადგენილი იყო სასამართლო აქტით, ხოლო, მეორე შემთხვევაში, უფლება წარმოშობილი იყო მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების შეძენის შედეგად.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის #520 ბრძანების გამოცემით რეალიზებულ იქნა უფლება, რომელიც დადგენილია სასამართლო განჩინებით. სადავო ბრძანების მიუღებლობა ხელს შეუშლიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის #2/585-21 სააღსრულებო ფურცლითა და სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინებით უზრუნველყოფილი სარჩელის ფარგლებში წარდგენილი მოთხოვნის რეალიზებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, დაცული იყო სადავო აქტის გამოცემისათვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა. ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსასრულებლადაც იგი გამოიცა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, რომ მას შეუძლია გააუქმოს სააღსრულებო მოქმედება თავისი ინიციატივით. ამასთან, სადავო შემთხვევაში, სახეზეა ისეთი შემთხვევა, რომელიც განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევად, ვინაიდან სახეზეა სასამართლო გადაწყვეტილების სამომავლოდ აღსრულებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიებით დადგენილი სააღსრულებო წარმოების შეჩერების აუცილებლობა. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის #520 ბრძანების გამოცემის გარეშე შემძენის სასარგებლოდ გამოიცემოდა უძრავი ქონების შეძენის თაობაზე განკარგულება, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა სასამართლოს მიერ დადგენილ უზრუნველყოფის ღონისძიების შინაარსთან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის 15 მარტის #520 ბრძანების გამოცემისას დაცული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და იგი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ გამოცემულ იქნა ამავე კანონის 183 მუხლით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით რ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველ და მე-3 პუნქტებზე და განმარტა, რომ სასამართლოს აქტი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსათვის, მათ შორის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლის მე-12 პუნქტსა და 183 მუხლის მე-11 პუნქტზე, ასევე, 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე და ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმში, ...#...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგომი შენობის (ს.კ....) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, აუქციონი დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს 10:00 საათზე და დასრულდა 2021 წლის 5 მარტს, 17:00 საათზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, იმისათვის, რათა დადგენილიყო მოპასუხის მხრიდან დაცულ იქნა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნები, მნიშვნელოვანი იყო იმის განსაზღვრა, თუ როდის წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება და სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, თუ როდის წარედგინა ბიუროს აღნიშნული დოკუმენტები - აუქციონის მიმდინარეობისას თუ აუქციონის დასრულების შემდეგ.
პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.4 პუნქტში უთითებს, რომ 2021 წლის 5 მარტს, 4:41 საათზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა შპს „...ს“ დირექტორის განცხადება. განცხადებას ერთვოდა სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მითითებიდან გაურკვეველი იყო, 2021 წლის 5 მარტის 4:41 საათი იგულისხმებოდა თუ 16:41 საათი.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.5 პუნქტში უთითებდა, რომ 2021 წლის 5 მარტს შპს „...ის“ დირექტორის განცხადებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 5 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და განჩინება. სააპელაციო პალატისათვის ბუნდოვანია, თუ რა ფორმით და რა დროს წარდგენა იგულისხმება ამ მითითებაში. ამავე პუნქტში სასამართლო უთითებს, რომ განცხადება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2021 წლის 5 მარტს, 17:47 საათზე. პალატის შეფასებით, საგულისხმოა, რომ ამ დროისათვის აუქციონი უკვე დასრულებული იყო.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 05.03.2021წ. 17:47 სთ-ზე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა შპს „...ის“ დირექტორმა - გ.ს-იმ და წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.03.2021წ. განჩინება და სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის წარმოებაში არსებული #A19210521 სააღსრულებო საქმის შეჩერება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ მითითებით სასამართლომ ფაქტობრივად დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დოკუმენტების წარდგენა მოხდა აუქციონის დასრულების შემდეგ, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა გადაწყვეტილების 4.4 პუნქტით დადგენილ გარემოებასთან.
სააპელაციო პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, საქმეში დაცული მასალით დგინდება ის გარემოება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2021 წლის 5 მარტს, 17:47 საათზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი განცხადება, რომელსაც ერთვოდა სასამართლოს აქტი სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე. ამასთან, იძულებითი აუქციონის პროცედურა დასრულდა 17:00 საათზე, უძრავი ქონების შემძენის 17:13 საათზე გამოვლენით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის აუქციონის დასრულებამდე ცნობილი გახდა სასამართლოს მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული განჩინების არსებობის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ ბუნდოვნად მიიჩნია სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა. თუკი განცხადების წარდგენა მოხდა 2021 წლის 5 მარტს, 17:47 საათზე, ხოლო აუქციონის პროცედურა დასრულდა 17:00 საათზე უძრავი ქონების შემძენის 17:13 საათზე გამოვლენით, გაურკვეველია, აუქციონის დასრულებამდე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის როგორ იყო ცნობილი სასამართლოს მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული განჩინების არსებობის თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებზე, 385-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული. ამასთან, დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დადგენილიყო, თუ როდის წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის #2/585-21 განჩინება და 2021 წლის 5 მარტის სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას მოპასუხის მიერ დაირღვა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - რ.ხ-ის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის #2/585-21 განჩინების და სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო საქმის წარმოება მხოლოდ შეჩერდა და სასამართლოს აღნიშნული აქტებით არ გაუქმებულა სააღსრულებო მოქმედება იძულებითი აუქციონის გამოცხადების შესახებ და აუქციონის შედეგები.
კასატორის მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის #2/585-21 განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით უნდა გაუქმდეს სააღსრულებო მოქმედება იძულებითი აუქციონის გამოცხადების შესახებ და აუქციონის შედეგები, მაშინ, როდესაც #520 ბრძანების გამოცემის დროისათვის, ანუ 2021 წლის 15 მარტისათვის - სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება აღსრულებული იყო, რამდენადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმის წარმოება შეჩერდა 2021 წლის 8 მარტს, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა 2021 წლის 15 მარტს.
კასატორის შეფასებით, მიუხედავად ზემოაღნიშნული უტყუარად დადასტურებული გარემოებებისა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაცვლად, სააპელაციო პალატამ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. კასატორი თვლის, რომ საქმეში სრულად არის წარმოდგენილი ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული მასალები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას სწორად და კანონიერად უნდა შეეფასებინა ისინი და მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება, კერძოდ, ბათილად უნდა ეცნო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე და აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ იყო უფლებამოსილი, გაეუქმებინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება აუქციონის გამოცხადების თაობაზე (ლოტი #...) და აუქციონის შედეგი. კასატორი თვლის, რომ აღმასრულებელს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინების და მის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო საქმის წარმოება უნდა შეეჩერებინა იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა ზემოხსენებული დოკუმენტები.
კასატორის მითითებით, სააღსრულებო საქმეზე აუქციონი უკვე დასრულებული იყო და იგი, როგორც აუქციონში მონაწილე პირი, გამოცხადებული იყო გამარჯვებულად. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კი შესასრულებელი ჰქონდა მხოლოდ ერთი სააღსრულებო მოქმედება - განკარგულების გაცემა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სწორედ ამ ეტაპზე უნდა შეეჩერებინა სააღსრულებო საქმის წარმოება, კერძოდ, დავის დასრულებამდე მას არ უნდა გაეცა სააღსრულებო განკარგულება.
კასატორის შეფასებით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს „...ის“ დირექტორის - გ.ს-ის მიერ 2021 წლის 5 მარტს, 17:47 საათზე, აუქციონის დასრულების შემდეგ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში წერილობითი ფორმით წარდგენილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინება (საქმე #2/585-21) და სააღსრულებო ფურცელი. აუქციონი კი დასრულდა 17:00 საათზე, რ.ხ-ის 17:15 საათზე გამარჯვებულად გამოცხადებით. გ.ს-ის მიერ განცხადების საფუძველზე და ზემოაღნიშნული აქტების სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენით მოთხოვნილ იქნა მხოლოდ სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება. მას, როგორც კრედიტორს, არ მოუთხოვია აღმასრულებლის მოქმედების (აუქციონის გამოცხადების თაობაზე) და აუქციონის შედეგის გაუქმება.
კასატორის შეფასებით, ელექტრონული ფოსტის ამონაწერით არ დგინდება, თუ რა სახის და შინაარსის განცხადება და განჩინება გადააგზავნა შპს „...მა“ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შპს „...ის“ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება და ელექტრონული ფოსტის ამონაწერი არ შეიძლება გახდეს იმის დასტური, რომ აუქციონის დასრულებამდე მის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა 2021 წლის 5 მარტის განჩინება სააღსრულებო ფურცელთან ერთად.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტება, რომ აუქციონის დასრულებამდე ბიუროში არ წარდგენილა განჩინება აუქციონის შეჩერებასთან დაკავშირებით. სასამართლო, ასევე, უნდა დაყრდნობოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება აღსრულების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებისა და სააღსრულებო ფურცლის წარდგენის ზუსტი დრო.
კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლზე და მასზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ჩატარებული აუქციონის შედეგები შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი ქონების ფასს არ გადაიხდის კანონით დადგენილ ვადაში. კასატორი აღნიშნავს, რომ მსგავს გარემოებას, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები ცხადყოფს, რომ სასამართლო განჩინება სააღსრულებო ფურცელთან ერთად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხოლოდ აუქციონის დასრულების შემდგომ წარედგინა, რასაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის.
კასატორი, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, 76-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 79-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მათ საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება იწყება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში კი, შპს „...ის“ განცხადება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდა 2021 წლის 5 მარტს, 17:47 საათზე, რა დროსაც აუქციონი დასრულებული იყო და გამოვლენილი იყო გამარჯვებული - რ.ხ-ი. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სწორედ განცხადების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის შემდგომ უნდა დაეწყო აღსრულების ეროვნულ ბიუროს ადმინისტრაციული წარმოება და 17:47 საათის შემდეგ უნდა შეეჩერებინა აღსრულება.
კასატორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის #515 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორს/განმცხადებელს მიეცეს უფლება სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტები და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინოს მოქალაქის პორტალის ... ან/და ... ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2021 წლის 5 მარტს 4:41 სთზე, შპს „...ის“ დირექტორმა სწორედ საქარველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის #515 ბრძანებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადააგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინება. შესაბამისად, ამ დროიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ცნობილი იყო სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე. შემდგომ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიაში აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდა 2021 წლის 5 მარტს, 17:47 საათზე, რომელსაც ერთვოდა სასამართლოს აქტი სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე. ამასთან, იძულებითიი აუქციონის პროცესი დასრულდა 17:00 საათზე, უძრავი ქონების შემძენის 17:13 საათზე გამოვლენით. ამდენად, კასატორი უდავოდ თვლის, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის აუქციონის დასრულებამდე ცნობილი გახდა სასამართლოს მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული განჩინების არსებობის თაობაზე, რაც უპირობოდ იწვევდა მიმდინარე აუქციონის იმ ეტაპზე შეჩერების აუცილებლობას, რა ეტაპზეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა სასამართლო განჩინების არსებობის თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე დააბრუნა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად, სადაც უნდა დადგინდეს, თუ როდის წარედგინა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის #2/585-21 განჩინება და 2021 წლის 5 მარტის სააღსრულებო ფურცელი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, შესაბამისად, განისაზღვროს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონმდებლობის დარღვევას გასაჩივრებული განჩინების გამოცემისას. თუმცა, კასატორი თვლის, რომ დასახელებული გარემოებების გამოკვლევა სააპელაციო სასამართლოს თავადაც შეეძლო, ვინაიდან იგი წარმოადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილ სასამართლოს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ.ხ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე რ.ხ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე იქნებოდა განხილული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით რ.ხ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით რ.ხ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და რ.ხ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ხ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული. ამასთან, დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა შპს „...ის“ მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის #2/585-21 განჩინებისა და 2021 წლის 5 მარტის სააღსრულებო ფურცლის წარდგენის ზუსტი დროის დადგენას. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების ხელახალი შესწავლა-დადგენის შემდგომ, უნდა შეეფასებინა ჰქონდა თუ არა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას ადგილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნებას. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლოს, როგორც ფაქტების დამდგენ სასამართლოს, ხელეწიფებოდა მის მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების კვლევა და შედეგად, სადავო საკითხის არსებითი გადაწყვეტა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ, უპირველესად, შეფასება უნდა მისცეს სწორედ იმ საკითხს, თუ რამდენად მართებულად იქნა გამოყენებული სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური ღონისძიება, ჰქონდა თუ არა პალატას მხარეთა შორის სადავოდ ქცეული გარემოების გამოკვლევა-შეფასების ფაქტობრივ-სამართლებრივი შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საქმის პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს, თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირება ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლო, სათანადო საფუძვლის გამოვლენისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აღჭურვილია საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროების შეფასების პროცესუალურ-სამართლებრივი კომპეტენციით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი არაერთი კომპოტენტის სათანადო დაცვას, სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად, საქმის სპეფიციკის გათვალისწინებით უნდა შეაფასოს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისა თუ საკითხზე არსებითი მსჯელობისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების თავად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღების მიზანშეწონილობა (იხ. შდრ. სუსგ #ას-1167-2019 22.07.2020წ., §51). ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას, მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება, გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, რამდენადაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი სტანდარტის ჭრილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების განხილვა თვალსაჩინოს ხდის, რომ რამდენიმე მათგანი, კერძოდ: ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული; გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც უწყებრივად სასამართლოს არ ექვემდებარება; დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები; ე) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი; ვ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ; ზ) საქმეში არ არის სასამართლოს სხდომის ოქმი - პირდაპირ გამომდინარეობს მართლმსაჯულების სწორად განხორციელების პრინციპიდან, მათ შორის, საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის და სამართლიანი და საჯარო განხილვის ფუნდამენტური უფლებიდან, და ქმნის იმ შემთხვევას, როდესაც ცალსახაა, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმ სასამართლოს, სადაც მოხდა აღნიშნული დარღვევა“ (იხ. შდრ. სუს განჩინებები საქმეებზე: #ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; სუსგ #ას-1167-2019, 22.07.2020წ., § 54, #ას-942-2021, 11.03.2022წ; #ას-1147-2021, 31.03.2023წ; #ას-785-2022, 06.04.2023წ; #ას-824-2022, 25.05.2023წ; #ას-1136-2023, 16.112023წ; #ას-1303-2023, 226.01.2024წ.)).
თუმცა საკასაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული კიდევ ორი საფუძველი, კერძოდ: ა) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; და ბ) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია - წარმოადგენს ისეთ საფუძვლებს, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს აზრით, იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად და სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების მართებულობა-არამართებულობის შეფასების საშუალებას“ (იხ. შდრ. სუსგ #ას-1167-2019 22.07.2020წ., § 55).
საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: (1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნების შესაძლებლობაზე; (2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და (3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ საქმე #ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; საქმე #ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; საქმე #ას-209-196-2015, 30.07.2015წ.; საქმე #ას-825-791-2016, 12.06.2017წ.).
საკასაციო პალატის მითითებით, საპროცესო კანონმდებლობა ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან ხელახლა განხილვის მიზნით მაშინ, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუს განჩინებები საქმეებზე: #ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; #ას-173-2021, 31.01.2021წ.). აღნიშნულს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ (რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა) პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება მხარეთა შეჯიბრების პრინციპის დასაცავად (იხ. სუსგ საქმე #ას-402-764-05, 23.06.2005წ.; საქმე #ას-657-618-2012, 10.12.2012წ.; საქმე #ას-1308-1234-2012, 04.02.2013წ.; საქმე #ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; საქმე #ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; საქმე #ას-209-196-2015, 30.06.2015წ.; საქმე #ას-825-791-2016, 12.06.2017წ.).
შედარებისათვის, ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტის აუცილებლობაზე მიუთითებს გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის § 538 (1), რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო იღებს საჭირო მტკიცებულებებს და თავად წყვეტს დავას. ამავე კოდექსის § 538 (2)(1) თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საკითხი დაუბრუნოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოება დაეფუძნა არსებით (მნიშვნელოვან) დარღვევას (ხარვეზს) და, ამ დარღვევის (ხარვეზის) გამო, წარმოიშობა მტკიცებულებათა დიდი მოცულობით მოპოვების საჭიროება დიდი დროისა და ძალისხმევის ხარჯზე.
გერმანიის ფედერალური მართლმსაჯულების სასამართლოს (BGH) 2018 წლის 26 აპრილის I ZR 269/16 გადაწყვეტილებაში (პარაგრაფი 11) განმარტებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა მოიპოვოს საჭირო მტკიცებულება გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის § 538 (1)-ის საფუძველზე და თავად გადაწყვიტოს საკითხი. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მან შეიძლება საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს ამავე კოდექსის § 538 (2)(1)-ზე დაყრდნობით, თუკი პირველ ინსტანციაში საქმის განხილვა დაეფუძნა მნიშვნელოვან ხარვეზს და ამ ხარვეზის გამოსწორება მოითხოვს ვრცელ მტკიცებულებათა მოპოვებას მნიშვნელოვანი დროის ხარჯზე. შესაბამისად, ფედერალური მართლმსაჯულების სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედებს პრინციპი, რომ სააპელაციო სამართალწარმოებით გრძელდება პირველი ინსტანციის სამართალწარმოება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება მთლიან სადავო საკითხზე როგორც სამართლებრივი, ასევე, ფაქტობრივი თვალსაზრისით და ამისათვის თავად უნდა გააკეთოს საჭირო დასკვნები. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება კი შესაძლოა მხოლოდ ზემოაღნიშნული პრინციპისაგან გამონაკლისის სახით იქნეს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველ ინსტანციაში სამართალწარმოება დაეფუძნა იმგვარ არსებით (მნიშვნელოვან) ხარვეზს, რომ იგი არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა გადაწყვეტილების მიღებას, რაც შესაძლებელია განხილულ იქნეს ერთი ინსტანციის ამოწურვად (იხ., ასევე, გერმანიის ფედერალური მართლმსაჯულების სასამართლოს (BGH) 2017 წლის 15 თებერვლის VIII ZR 284/15 ნაწილობრივი გადაწყვეტილება, პარაგრაფი 14; 2020 წლის 6 ნოემბრის II ZR 67/99 გადაწყვეტილება; 2002 წლის 26 სექტემბრის VII ZR 422/00 გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის საფუძველზე გააჩნია უფლებამოსილება გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როცა სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით, მიზანშეწონილია, მან, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციიდან გამომდინარე, თვითონ განიხილოს და გადაწყვიტოს იგი, რაც უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას და პროცესის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, დროის შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინონ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ უნდა დაიკარგოს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ #ბს-1250(2კ-20), 08.04.2021წ.; შედარებისთვის იხ. ასევე, #ბს-488(2კ-22), 15.12.2022წ.).
ნიშანდობლივია სხვა საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება სააპელაციო სასამართლოს როლთან დაკავშირებით. კერძოდ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „..სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევში, სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში. სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისათვის..“ (იხ. სუსგ #ბს-568(2კ-კს-20) განჩინება, 02.06.2021წ.).
ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევა-შეფასების პროცესუალური კომპეტენცია. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მტკიცებულებათა დამატებით მოძიება-მოკვლევის საპროცესო კომპეტენცია ენიჭება როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო წესით საქმის განხილვის სტადიაზე, პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლი). შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სააპელაციო სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიძიოს და გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები და მათ საფუძველზე, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, ამგვარი მიდგომა სრულად ეფუძნება საპროცესო ეკონომიის პრინციპს, რომლის მიზანია დროული და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა არასაჭირო შეფერხებების, გადაჭარბებული დანახარჯებისა და ზედმეტი პროცედურული ნაბიჯების თავიდან აცილების გზით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებს შორის შეხედულებათა განსხვავებულობა არ ამართლებს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. მნიშვნელოვანია, მითითებული პროცესუალური შესაძლებლობა გამოყენებულ იქნეს საგამონაკლისო წესით, მაშინ, როდესაც ადგილი აქვს იმგვარ არსებით პროცესუალურ დარღვევას, რომელიც იმთავითვე იწვევს პირისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვას. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება აიხსნება, ასევე, იმ შემთხვევაშიც, თუკი სააპელაციო სასამართლოს თავად არ შესწევს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი კვლევის შესაძლებლობა ან/და იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო მოკლებულია მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით რევიზიის ობიექტურ შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული განმარტებების განსახილველი საქმისადმი მისადაგების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის საქალაქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროება, უმეტესად, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოებების დადგენითა და, ასევე, გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებათა დამატებით გამოკვლევა-დადგენის აუცილებლობით დაასაბუთა. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს მინიჭებული აქვს არა მხოლოდ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი, არამედ, ასევე, მის მიერ დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და, მათი ერთობლივი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ დგას სადავო საკითხის თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან ხელახალი შეფასების საჭიროება, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის ახსნილი, თუ რამ შეუშალა ხელი უშუალოდ სააპელაციო პალატას, თავადვე დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მიეცა სამართლებრივი შეფასება მათთვის და საკითხის არსებითი შეფასებით მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება რ.ხ-ის სარჩელთან მიმართებით.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენებისას სასამართლო იღებს განჩინებას და არა გადაწყვეტილებას. აღნიშნულს მოწმობს ამავე კოდექსის 386-ე მუხლის დისპოზიცია, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებსა და შემთხვევებს. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხოლოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ცხადია, აღნიშნული განპირობებულია იმ პროცესუალური თავისებურებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში როგორც პირველი, ასევე, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებით წყვეტს მხოლოდ სარჩელის ბედს. სასამართლოს მხრიდან სხვა ნებისმიერი პროცესუალური ღონისძიება, მათ შორის, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ხორციელდება განჩინების ფორმით.
ამასთან, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ფაქტობრივ გარემოებათა მნიშვნელობაზეც, რომლის დამატებითი მოკვლევის საჭიროების არსებობის საფუძვლითაც პალატამ საქმე ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. კერძოდ, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარი აღმოჩნდა ის, თუ კონკრეტულად რა დროს წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის #2/585-21 განჩინებისა და 2021 წლის 5 მარტის სააღსრულებო ფურცლის შემცველი შპს „...ის“ განცხადება. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა საგულისხმოდ თვლის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადება 2021 წლის 5 მარტს, 4:41 საათზე შევიდა. თუმცა სააპელაციო პალატისათვის ბუნდოვანია, ამით იგულისხმება თუ არა 16:41 საათი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მხრიდან თავდაპირველი შეფასება უნდა მიეცეს იმ საკითხს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის განცხადების წარდგენის დროს ხდება თუ არა ადრესატისათვის ელექტრონული ფოსტის მასთან შესვლის მომენტიდან ავტომატურად ცნობილი კონკრეტული შეტყობინებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შინაარსი. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის #515 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსს, რომლის თანახმად, კრედიტორს/განმცხადებელს მიეცა უფლება სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტები და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარედგინათ მოქალაქის პორტალის ... ან/და ... ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ამასთან, თუკი პალატა დასაშვებად ჩათვლის ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიწოდებას და ადრესატი შეტყობინებულად ჩაითვლება ელექტრონული ფოსტის მასთან მისვლის მომენტიდან, საკასაციო სასამართლოსათვის გაურკვეველია, თუ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ენიჭებოდეს იმ გარემოებას, შპს „...ის“ განცხადება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ელექტრონულ ფოსტაზე წარედგინა 2021 წლის 5 მარტის 4:41 საათზე (ანუ გამთენიისას) თუ მოგვიანებით - ამავე დღის 16:41 საათზე, მაშინ, როდესაც, აუქციონის დასრულების დროდ ამავე დღის 17:00 საათი იყო განსაზღვრული. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „...ის“ წარმომადგენლების 2022 წლის 18 ოქტომბრის განცხადება, რომელზე თანდართული სახითაც საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შპს „...ის“ მიერ გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის ე.წ. „სქრინშოთი“ (ტ. I, ს.ფ. 216). მითითებული დოკუმენტიდან ცალსახად დგინდება დოკუმენტების, დასახელებით - „სააღსრულებო ფურცელი და განჩინება“, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გაგზავნის დრო - 2021 წლის 5 მარტი, 4:41 PM. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ არ დააკონკრეტა, ხოლო სააპელაციო პალატამ დეტალურად არ გამოიკვლია ის ფაქტი, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შპს „...ის“ განცხადების მასზე თანდართული დოკუმენტებით წარდგენის დროდ საქმის მასალებში დაფიქსირებულია არა მხოლოდ 2021 წლის 5 მარტის „4:41“ საათი, არამედ „4:41 PM“ დრო. თავის მხრივ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დროის 12-საათიანი ფორმატით აღრიცხვისას, იმის გასამიჯნად, 24-საათიანი დღის კონკრეტულად რომელი მონაკვეთი იგულისხმება - დღე თუ ღამე, გამოიყენება აბრევიატურები „AM“ და „PM“. „AM“ აბრევიატურა გამოსახავს „Ante Meridiem-ს“, ანუ შუადღემდე პერიოდს (შუაღამის 12 საათიდან შუადღის 12 საათამდე, 24-საათიანი ფორმატით აღრიცხვისას - 11:59 საათის ჩათვლით), მაშინ, როდესაც „PM“ აბრევიატურით გამოისახება „Post Meridiem“, ანუ შუადღის შემდგომი პერიოდი (შუადღის 12 საათიდან შუაღამის 12 საათამდე, 24-საათიანი ფორმატით აღრიცხვისას - 23:59 საათის ჩათვლით).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს შეფასებების საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ მართალია, ელექტრონული ფოსტის მოპასუხესთან მისვლის დროის 12-საათიანი ფორმატით მითითებისას საქალაქო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა დღის კონკრეტული მონაკვეთის მაიდენტიფიცირებელი დეტალის („PM“) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მითითება, თუმცა, ერთი მხრივ, ბუნდოვანია, თუ რა არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, სასამართლოს განჩინება და სააღსრულებო ფურცელი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ელექტრონული ფოსტით წარედგინა დილის 4:41 საათზე თუ საღამოს 16:41 საათზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით, კერძოდ, 16:41 საათზეც წარდგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ზემოაღნიშნული დოკუმენტები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის აღსრულების დასრულებამდე (2021 წლის 5 მარტი, 17:00 საათი) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწოდებულად ჩაითვლებოდა. მეორე მხრივ, საქმის მასალებში მოიპოვება შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოსათვის არაორაზროვნად ასახავდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონულ ფოსტაზე შპს „...ის“ განცხადების მასზე თანდართული დოკუმენტებით გაგზავნა-მიღების კონკრეტულ დროს.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნების საჭიროების არარსებობა, ასევე, სააპელაციო პალატის მხრიდან მნიშვნელოვნად მიჩნეულ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წინამდებარე განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინების აუცილებლობა, ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლზე დაყრდნობით საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველს. თავის მხრივ, სააპელაციო პალატამ უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობა, მოიძიოს, შეისწავლოს და დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასების გზით არსებითად გადაწყვიტოს მოცემული დავა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ.ხ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ხ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა