დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-176(2კ-25) 10 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე); 2. მ. ა-ა (მოსარჩელე); 3. ნ. ა-ა (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-ამ და ნ. ა-ამ 2022 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მ. ა-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 96 665 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით - 10 000 ლარის, ასევე, ნ. ა-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 96 665 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით - 10 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოში მათ მიმართ უკანონოდ წარიმართა სისხლის სამართლის საქმე და ამ საქმის ფარგლებში ისინი უკანონოდ იქნენ დათხოვნილი სამსახურიდან. ასევე აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მარეაბილიტირებელი გარემოებაა, რაც ქმნის მათთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ა-ასა და ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მ. ა-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 3000 ლარის ანაზღაურება, იგივე ოდენობის თანხის ასევე ნ. ა-ას სასარგებლოდ ანაზღაურება, ხოლო სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ისე მ. ა-ამ და ნ. ა-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის, ასევე, მ. ა-ას და ნ. ა-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო ინსტანციამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მორალური ზიანის სახით მოსარჩელეთათვის 3000-3000 ლარის ოდენობით განსაზღვრა წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით მათთვის მატერიალური ზიანის - 96665-96665 ლარის ოდენობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გადაყენება მოხდა სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, რაც მხარეთა მიერ გასაჩივრდა სამართალწარმოების გზით. სასამართლოს მიერ აღნიშნული აქტების კანონიერების შესწავლის შედეგად კი ისინი არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის №1/აგ-72-2020 განაჩენით მ. ა-ასა და ნ. ა-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (1999 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა და არა მათ ქმედებაში არამართლზომიერი ქმედების ნიშნების არარსებობის გამო, რაც მათი სამსახურიდან დისციპლინური წესით განთავისუფლების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მ. ა-ამ და ნ. ა-ამ.
კასატორი საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პროკურატურისათვის არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული სახის ზიანი.
კასატორების - მ. ა-ასა და ნ. ა-ას განმარტებით, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამსახურიდან გადაყენების თაობაზე ბრძანებების არსებობის პირობებში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის №1/აგ-72-2020 განაჩენის ძალაში შესვლამდე გამოირიცხებოდა მოსარჩელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. მოსარჩელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა უკავშირდებოდა შეწყვეტის სპეციფიკურ საფუძველს და ემსახურებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე საქმის წარმოების ინტერესებს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო შედეგის დადგომამდე, საჯარო დაწესებულებას არ გააჩნდა მოსარჩელეთათვის თანამდებობრივი სარგოს გაცემის კანონისმიერი საფუძველი. პროკურატურის მიერ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის თანმდევი შედეგები (სამსახურიდან განთავისუფლება) პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია მოსარჩელეებისთვის მიყენებულ ფულად ზარალთან. კასატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა არის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი. მათივე განმარტებით, მარეაბილიტირებელი გარემოებაა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის №1/აგ-72-2020 განაჩენი, რის შემდგომაც წარმოეშვათ მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის მიღების შესაძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის, მ. ა-ასა და ნ. ა-ას საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის, მ. ა-ასა და ნ. ა-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2006 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებებით, მ. ა-ა და ნ. ა-ა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით. პროკურორის 2007 წლის 8 თებერვლის საბრალდებო დასკვნის თანახმად, მ. ა-ასა და ნ. ა-ას ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ბრძანების თანახმად, ზუგდიდის ფილიალის წამყვანი სპეციალისტები - მ. ა-ა და ნ. ა-ა გადაყენებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის №1/320 განაჩენით, მ. ა-ას და ნ. ა-ას მოეხსნათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის II ნაწილით კვალიფიკაციის უსწორობის გამო, ბრალდების ამ ნაწილში ისინი ცნობილ იქნენ გამართლებულად და მათი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. ამავე განაჩენით, მ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ნ. ა-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის №1/ბ-770 განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის №99აპ-09 განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულები - მ. ა-ა და ნ. ა-ა გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით, მ. ა-ასა და ნ. ა-ას მოთხოვნა მათი თანამდებობიდან გადაყენების ბრძანების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით კი დადგინდა „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-7 მუხლის დარღვევა იმ საფუძვლით, რომ მ. ა-ასა და ნ. ა-ას მსჯავრი დაედოთ იმ ქმედებისთვის, რომელიც აღარ იყო დასჯადი შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო (ევროპული სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Antia and Khupenia v. Georgia; App. No. 7523/10).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის №1/აგ-72-2020 განაჩენით დადგენილია, რომ მ. ა-ასა და ნ. ა-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (1999 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება; b) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად; c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; d) არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად; e) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება; f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადაციის მიზნით. ანალოგიური პრინციპი ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. დასახელებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
განსახილველ შემთხვევაში, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე განაჩენის გამოტანა. სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, თუმცა ვალდებულება, რომ ინდივიდს, რომლის მიმართაც შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, უპირობოა.
საკასაციო პალატა მიუთითებს მოსარჩელეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს ან ბრალდებულს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებული უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა (მუხ. 219.1); რეაბილიტაციის საფუძველია - გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით (მუხ. 219.2); რეაბილიტირებული უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და დევნა შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით (მუხ. 219.3). საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ამავე კოდექსის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Antia and Khupenia v. Georgia; App. No. 7523/10), რომლის მიხედვითაც, ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნულ პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო, თუ გასული იყო სისხლის სამართლის კოდექსით შესაბამისი დანაშაულისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. შედეგად, მოსარჩელეთა საქმეზე დადგინდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, იწვევს პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. ამ ინსტიტუტის არსებობა, ერთი მხრივ, იმის აღიარებაა, რომ ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება და სამართლიანი სასამართლოს ჩატარება გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ არაპრაქტიკულია, ვინაიდან საამისოდ აუცილებელ გარემოებებთან ერთად იკარგება მტკიცებულებები და მოწმეების ჩვენებები აღარ არის მყარი. მისი მიზანია იმის სამართლებრივი უზრუნველყოფა, რომ სასამართლო არ იყოს ვალდებული გამოიტანოს გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ვადის გასვლის გამო ითვლებიან არასრულყოფილად. ამით კანონმდებელი უარს ამბობს საეჭვო მართლმსაჯულებაზე, პირის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს და ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან. მას შედეგად მოსდევს პირის უფლება, არ იქნეს მიცემული სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ეს კი იმის აღიარებაა, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ დაკარგა შეფასების უნარიანობის ის თვისება, რაც აუცილებელი იქნებოდა პირზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და მეორეც, სისხლისსამართლებრივი ქმედება, რომელიც დანაშაულად კვალიფიცირდება არა როგორც ფაქტობრივი სინამდვილის, არამედ როგორც იურიდიული სინამდვილის ფაქტი, კარგავს თავის თვისობრიობას კონკრეტული პირის მიმართ. თუ არა ეს გარემოებანი, ისე ხანდაზმულობის გამო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას აზრი დაეკარგებოდა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის №1/აგ-72-2020 განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელეთა რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი სახელმწიფო ორგანოს მოსაზრებას მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, სხვა ობიექტური გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დასახელებული თანხა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. ხოლო კასატორები ვერ ასაბუთებენ ასანაზღაურებელი თანხის არაგონივრულობას.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
მოსარჩელის მიერ მოპასუხისგან მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ვალდებულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ვალდებულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით და/ან დაზარალებულის სუბიექტური შეხედულებებით. ამდენად, ანაზღაურებას დაქვემდებარებული ზიანის დადგენის კრიტერიუმია არა მისი წარმოშობის ზოგადი შესაძლებლობის არსებობა, არამედ მოვალისთვის წინასწარ სავარაუდოობა. ზიანის სავარაუდოობის გონივრულობის განსასაზღვრად დასაშვებია დაზარალებულის მიერ წარსულში განხორციელებული, ასევე განუხორციელებელი მოქმედებების გათვალისწინება (სუსგ №ბს-1031(კ-20), 21.06.2021წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მ. ა-ასა და ნ. ა-ას მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მათ მიმართ განხორციელებული უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად, ვერ მიიღეს სახელფასო ანაზღაურება - თითოეულმა 96665 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს ზიანის ორ სახეს: ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანსა და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (სუსგ №ბს-740-736(კ-17), 16.05.2019წ.).
საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების ისეთი ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება, ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის №1/აგ-72-2020 განაჩენით მ. ა-ასა და ნ. ა-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (1999 წლის 20 თებერვლის რედაქცია) საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც არ გამორიცხავს მათ ქმედებაში სხვა სახის არამართლზომიერი ქმედების (შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე; სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე) ნიშნების არსებობას, რაც მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ №ბს-644-637(კ-16), 20.04.2017წ; ასევე შეადარე სუსგ №ბს-376(კ-24), 16.12.2025წ.), დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელეების მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (1999 წლის 20 თებერვლის რედაქცია) შეწყვეტა, არ ნიშნავს იმას, რომ მ. ა-ას და ნ. ა-ას არ ჩაუდენიათ სხვა სახის არამართლზომიერი ქმედება, რაც დამსაქმებელს ართმევდა მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელეთა მხრიდან მატერიალური ზიანის მოთხოვნის საფუძვლიანობას, რამდენადაც მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანი არ წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების უშუალო შედეგს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასევე მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის, მ. ა-ასა და ნ. ა-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე