დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-982(კ-25) 5 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. გ-ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 31 აგვისტოს მ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლის 17 ნოემბრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა ქ. წყალტუბოს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სააღსრულებო წარმოების მოსამართლედ. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 მაისის №299 ბრძანებულებით დაინიშნა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და უფლებამოსილებას ახორციელებდა 1999 წლის 15 მაისიდან. 2005 წლის ივნისში მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 ოქტომბრის განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის 8 აგვისტოს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენით სსსკ-ის 336-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება და ქმედება გადაკვალიფიცირებულ იქნა სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილზე. სასჯელის ზომა - 2 წელი დარჩა უცვლელად. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 27 ივლისიდან -დაკავების დღიდან. მოსარჩელემ აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომლის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 (ა) და (ბ) პუნქტები: საქმის სამართლიანი მოსმენა, მხარეთა თანასწორობა, ინფორმაცია ბრალდების არსისა და საფუძვლების შესახებ, დაცვის მომზადება; სააპელაციო სასამართლოს მიერ დანაშაულის თვითნებურად გადაკვალიფიცირება და ასევე მე-7 მუხლი - განმეორებით დასჯა. სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი საქმის განხილვისას, უზენაესმა სასამართლომ კი, ვერ უზრუნველყო სააპელაციო სამართალწარმოების დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორება.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 9 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინება და მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მ. გ-ეის სასარგებლოდ უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და უკანონო მსჯავრდებით მიყენებული მორალური ზიანის - 200000 ლარის, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნითა და უკანონო მსჯავრდებით მიყენებული მატერიალური ზიანის - 730825,30 ლარისა და 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება, სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 ოქტომბრის N608 განკარგულების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მ. გ-ეის სამუშაოზე აღდგენის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით მ. გ-ეის სარჩელზე, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 ოქტომბრის N608 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით მ. გ-ეის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
2022 წლის 14 აპრილს მ. გ-ემ საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს მთავარი პროკურატურა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოითხოვა უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნისა და უკანონო მსჯავრდებით მიყენებული მორალური ზიანის სახით - 200 000 ლარის, უკანონო მსჯავრდებით მიყენებული მატერიალური ზიანის სახით - 730825,30 ლარისა და 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ანაზღაურების დაკისრება და ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მ. გ-ეის სამუშაოზე აღდგენა და შრომის წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერის შეტანის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. გ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 24 000 ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება - ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის- 3000 ლარის ოდენობით, ასევე, მიუღებელი ხელფასის სახით- 82100 ლარის ოდენობით; მ. გ-ეის სარჩელი მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მ. გ-ეის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მ. გ-ეის სარჩელზე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, შრომის წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერის განხორციელების დავალების ნაწილში. მითითებული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას.
მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს გენერალური პროკურატურის მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მ. გ-ესთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და განმარტა, რომ მ. გ-ეის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად გადაკვალიფიცირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელდა პროკურორის შუამდგომლობით, რამაც საბოლოოდ მ. გ-ეის აღნიშნული მუხლით დამნაშავედ ცნობა და სასჯელის სახედ და ზომად 2 (ორი) ორი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება გამოიწვია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მ. გ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით განსაზღვრული ყველა სავალდებულო ელემენტი. რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. გ-ე მოსამართლის თანამდებობას იკავებდა 2009 წლის 15 მაისამდე, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით 2009 წლის 15 მაისამდე უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ამოწურვამდე, რაც უნდა გამოთვლილ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2021 წლის 21 მაისის N06-4539 წერილში მითითებული რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს და სხვა დანამატების თანხების ოდენობის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ პატიმრობაში ყოფნის გამო მოუწია რაიმე ისეთი სახის პროდუქტის თუ მომსახურების შეძენა, რასაც თავისუფლების შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში არ საჭიროებდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მ. გ-ეისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი წერილების თარგმნისა და საფოსტო გზავნილების ხარჯების 299.50 ლარის ოდენობით და ევროპულ სასამართლოში მ. გ-ეის ადვოკატის წარმომადგენლობის ხარჯის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული საპროცესო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მხარეს ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რაც განახორციელა კიდეც და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს აღნიშნული თანხების ანაზღაურებაზე შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ,,კ...დან“ აღებული და დაფარული სესხების -10 186,84 ლარის ოდენობით, ხოლო ლომბარდიდან აღებული თანხების - 3078.66 ლარის ოდენობით მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდებოდა უშუალო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული ხარჯების გაწევას შორის. ამასთან, საქმეში არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ უკანონო ბრალდების გამო ვერ შეძლო დასაქმება, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მოსარჩელე მ. გ-ეის სამუშაოზე აღდგენის დავალების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაშიც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენი არ ქმნის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის დავალების სამართლებრივ საფუძველს. ვინაიდან, მოსარჩელე თანამდებობაზე განწესებული იყო 10 წლის ვადით. მოპასუხეს დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განთავისუფლებიდან ათწლიანი ვადის ამოწურვამდე. შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მატერიალური ზიანი იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მიიღებდა თანამდებობაზე განმწესების დარჩენილი დროის განმავლობაში სრულად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. გ-ეის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2005 წლის 27 ივნისს, მის მიერ უკანონო განაჩენის გამოტანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 აგვისტოს განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა მსჯავრდებულის მიერ, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ხსენებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. მ. გ-ემ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა საკასაციო ინსტანციაშიც, თუმცა უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 4 ივლისს მიღებული კანონით სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლი იქნა დეკრიმინალიზებული, აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 2007 წლის 18 ივლისიდან, შესაბამისად, 2007 წლის 11 ივლისს, მ. გ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უზენაესი სასამართლო ვერ იხელმძღვანელებდა აღნიშნული ახალი კანონით. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კოდექსი არის ცოცხალი ორგანიზმი და სამართლებრივი თუ ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, გარკვეულ პერიოდში დასჯადად გამოცხადებული ქმედებები შეიძლება დეკრიმინალიზებულ იქნეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ პირის მსჯავრდების შემდეგ, დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოხდა, განაჩენი თავიდანვე უკანონოდ გამოტანილად ჩაითვლება და წარმოშობს სამოქალაქო/ადმინისტრაციული წესით პირის რეაბილიტაციის საფუძველს. დანაშაულის დეკრიმინალიზაცია არის ახლადგამოვლენილი გარემოება და იგი წარმოადგენს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველს, თუმცა ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სახეზე იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის გაგებით რეაბილიტირებული პირი. დანაშაულის დეკრიმინალიზაციის გამო გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა არ ადასტურებს თავის დროზე პირის მიმართ უკანონო განაჩენის გამოტანას. მოცემულ შემოხვევაში, მართალია, მ. გ-ე არ აღიარებდა დანაშაულს, თუმცა სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიერ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, 2007 წლის 11 ივლისის ჩათვლით (უზენაესის სასამართლოს მიერ მ. გ-ეის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა) მოსარჩელის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მას კანონიერად ჰქონდა წარდგენილი ბრალდება და მის მიმართ გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენები სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.
კასატორის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი დევნა სწორად იყო ნაწარმოები პროკურატურის მიერ და დანაშაულის დეკრიმინალიზაციამდე, სავსებით სწორად იყო გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები სამი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. ამდენად, საქმეზე მოპასუხე უნდა იყოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რადგანაც მ. გ-ე უკანონო მსჯავრდებულად გადაიქცა სწორედ 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც უზენაესმა სასამართლომ საერთოდ არ განიხილა მსჯავრდებულის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, შემდგომი უკანონობებიც, რომლებიც საფუძვლად დაედო როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებებს, განხორციელებული იყო სწორედ სასამართლოს მხრიდან.
კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია სასამართლომ სწორი შეფასება მისცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენს და დაადგინოს რა როლი შეასრულა პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს უკვე დეკრიმინალიზებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლი და სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა, თუ არა მ. გ-ეის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ახალი კანონის გამო. მიუხედავად ამისა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებებშია აღნიშნული, სააპელაციო სასამართლომ „თვითნებურად“ მოახდინა 336-ე მუხლის გადაკვალიფიცირება 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მ. გ-ე დამნაშავედ ცნო ახალი ბრალდებით. ამ პროცესში არავითარი წვლილი არ შეუტანია სხდომაზე მონაწილე პროკურორს და აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად წარმოადგენს სასამართლოს „შემოქმედებას“. მართალია, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სხდომაზე პროკურორმა ახსენა 332-ე მუხლი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებული იყო სასამართლოსათვის წარედგინა ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება; ამასთანავე, ამავე კოდექსის 446-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბრალდების შეცვლის შემთხვევაში სავალდებულო იყო ზემდგომი პროკურორის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში სხდომაზე გამომსვლელ პროკურორს არ ჰქონია ზემდგომის თანხმობა და არც წერილობით წარუდგენია შეცვლილი ბრალდება, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პროკურორს სამართლებრივი წვლილი არ შეუტანია, გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ თავად სასამართლო ხედავს მუხლის გადაკვალიფიცირების აუცილებლობას და განაჩენის არც ერთ ნაწილში არაა მითითებული, რომ პროკურორმა შეცვალა ბრალდება. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სრულად სასამართლოს მიხედულებით და მასში პროკურატურას ბრალი არ მიუძღვის, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოცემულ დავაში პროკურატურა არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს. აღნიშნულს ადასტურებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაც, რომელშიც მითითებულია, რომ მ. გ-ეის საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგანაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „თვითნებურად“ გადააკვალიფიცირა დეკრიმინალიზებული ბრალდება 332-ე მუხლზე, ამასთან არ მომხდარა მომჩივნის წინასწარი ინფორმირება სასამართლოს მიერ მუხლის შეცვლის განზრახვაზე, მ. გ-ეს არ მიეცა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, მომზადებულიყო ამ მიმართულებითაც და თავი დაეცვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისაგან (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 15-17 გვერდები). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოზე, რომელმაც დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლი და საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, რომელმაც 2010 წლის 7 მაისის განჩინებით დაუშვებლად ცნო მ. გ-ეის საკასაციო საჩივარი და არ უზრუნველყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაშვებული შეცდომების გამოსწორება. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სულისკვეთებაც სწორედ ესაა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წელს შეეძლო მხოლოდ 336-ე მუხლში დევნის შეეწყვიტა მ. გ-ეის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს მიერ ბრალდების 332-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება წარმოადგენდა თვითნებურ და უკანონო გადაწყვეტილებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ეს დავა არ წარმოადგენს სტანდარტული რეაბილიტირებული პირის დავას. საქართველოს პროკურატურის მხრიდან მ. გ-ეის მიმართ ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს და მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხე უნდა იყოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის მიერ მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებების შედეგად გადაიქცა მ. გ-ე უკანონო მსჯავრდებულად, მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა და მიადგა მორალური ზიანი.
კასატორი ასევე არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და აღნიშნა, არ არსებობდა მ. გ-ეის ხელფასის გენერალურ პროკურატურაზე დაკისრების საფუძველი, რადგანაც სამოსამართლო უფლებამოსილება იწურებოდა 2009 წლის 15 მაისს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა და მ. გ-ე უკანონო მსჯავრდებულად გადაიქცა 2009 წლის 30 ოქტომბრიდან. შესაბამისად, იმ ეტაპზე მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა უკვე გასულად ჩაითვლებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. გ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 24 000 ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება - ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის- 3000 ლარის ოდენობით, ასევე, მიუღებელი ხელფასის სახით- 82100 ლარის ოდენობით; მ. გ-ეის სარჩელი მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მ. გ-ეის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და მ. გ-ემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მ. გ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. ... საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის ზემოთ მოცემული პირობები კუმულაციური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი და მათგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ანუ, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის ასევე დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის), რომლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი სკ-ის 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და აწესებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მართალია, კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს“.. (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, რომლის 1-ელი ნაწილი ადგენს, რომ პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი გულისხმობს უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების და სხვ. შედეგად პირისათვის მიყენებული როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანის ანაზღაურების აუცილებლობას. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. პირის ბრალეული ქმედების მიზეზობრიობის დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი, არ წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას (სუსგ №ბს-222(კ-კს-20), 27.05.2021წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში არსებული გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს რეაბილიტაციის საფუძველს, ხოლო ამავე სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას ბრალდებულის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, უკანონოდ უნდა ჩაითვალოს, რითაც დგინდება, რომ მოსარჩელე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამდენად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, დამდგარ ზიანს, ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის მტკიცებასთან ერთად, უპირველესად ეფუძნება მარეაბილიტირებელ გარემოებას, რასაც, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენი.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 მაისის N299 ბრძანებულების თანახმად, მ. გ-ე დაინიშნა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით. მ. გ-ე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 1999 წლის 15 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ოქტომბრის N790 განკარგულებით მ. გ-ე ჩამოცილებულ იქნა საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 ოქტომბრის N608 ბრძანებულების თანახმად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 08 აგვისტოს განაჩენის თანახმად, მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად დაენიშნა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. გ-ეის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 08 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი, მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქციით) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ეის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული. მ. გ-ე 2006 წლის 27 დეკემბერს გაემგზავრა ყაზახეთის რესპუბლიკაში, საქართველოში დაბრუნდა 2009 წლის 27 ივლისს და იმავე დღეს იგი აეროპორტში დააკავეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მ. გ-ეის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 08 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება; აღწერილობითი ნაწილით დასტურდება, სახელმწიფო ბრალმდებელმა პროკურორმა ვ. კ-ემ იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე მ. გ-ეის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის პირველი ნაწილიდან იმავე კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახით 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, სააპელაციო პალატამ მ. რ.-ს ასული გ-ეის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 08 აგვისტოს განაჩენში შეიტანა ცვლილება: მ. რ.-ს ასული გ-ეის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მ. რ.-ს ასული გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით. მ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2009 წლის 27 ივლისიდან - მისი დაკავების დღიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 07 მაისის განჩინებით საქმეზე N977აპ-09, მსჯავრდებულ მ. გ-ეის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილებით მ. გ-ეის შუამდგომლობა მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ეის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება დარჩა უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე ,,გელენიძე საქართველოს წინააღმდეგ’’ (საჩივარი N7291610) დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და 3 (a) და (b) ნაწილები. აღნიშნული გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლი უზრუნველყოფდა სისხლის სამართლის კანონის უკუძალას დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში. სსსკ-ის 28-ე მუხლი ასევე ითვალისწინებდა სამართალწარმოების სავალდებულო შეწყვეტას ქმედების დეკრიმინალიზაციის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულს სურდა სასამართლო პროცესის გაგრძელება. ამ შემთხვევაშიც კანონი ითვალისწინებდა, რომ გასამართლებული პირი უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელის მოხდისაგან. სააპელაციო სასამართლომ მსჯელობაში გამოტოვა ზემოდასახელებული მუხლები, არ გამოიკვლია მათი გამოყენების საკითხი მომჩივნის საქმის კონკრეტულ გარემოებებში და უზენაესი სასამართლოს მდუმარე post factum დადასტურებით, გამოიტანა პროცედურულად და არსებითად უსამართლო გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეში ახალი კვალიფიკაცია პირველად გაჟღერდა სააპელაციო სამართალწარმოების შემაჯამებელ სხდომაზე, იმ გარემოებებში, რომლებიც ზღუდავდა მომჩივნის შანსებს დაეცვა თავისი თავი ახალი ბრალდებისაგან. ამგვარად, სააპელაციო სასამართლომ არ გააფრთხილა მომჩივანი, რომ მისი დანაშაული შეიძლება გადაკვალიფიცირებულიყო. სხდომა არ იქნა გადადებული და ახალი ბრალდების ელემენტები არ იქნა განხილული სასამართლოში. პროკურორის მოთხოვნა გადაკვალიფიცირებაზე არასწორი იყო პროცედურული თვალსაზრისით, რაც სათანადოდ აღნიშნა მომჩივანმა პროცესის მიმდინარეობის დროს. ამგვარ გარემოებებში არ შეიძლება ითქვას, რომ მომჩივანს უნდა ჰქონოდა მისი დანაშაულის გადაკვალიფიცირების მოლოდინი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მ. გ-ეის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინება; მ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, დანაშაული, რომლის გამოც მ. გ-ე თავდაპირველად გაასამართლეს საქართველოს სსკ-ის 336-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებული იყო თვითნებურად და არღვევდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 07 მაისის განჩინებით ვერ უზრუნველყო სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოსწორება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. გ-ეის მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხდა კანონის დარღვევით და გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 07 მაისის განჩინება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული განაჩენი წარმოადგენს 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე ,,გელენიძე საქართველოს წინააღმდეგ’’ (საჩივარი N7291610) ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების დარღვევათა მიმართ ეროვნულ დონეზე განხორციელებული უფლებააღდგენითი სამართალწარმოების გამოვლინებას, რომლის შედეგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მოსარჩელის უდანაშაულოდ ცნობა - ადასტურებს იმასაც, რომ თავისუფლების აღკვეთა დაუსაბუთებელი იყო ევროკონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტის საფუძველზეც. ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი მოიაზრებს იმას, რომ უკვე დადგენილია მე-5 მუხლის სხვა პუნქტებიდან ერთ-ერთის დარღვევა ეროვნული ან ევროპული სასამართლოს მიერ (ევროპული სასამართლოს 08.07.2004წ. გადაწყვეტილება საქმეზე Vachev v. Bulgaria, App. No. 42987/98, §78.). ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევის ზომები ეროვნული კანონით გადასაწყვეტი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია, ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლება უცილობლად ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მისი დაკავების ან პატიმრობის უკანონოდ მიჩნევის შედეგად (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს 22.10.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე Norik Poghosyan v. Armenia, App. No. 63106/12, §§33-35.). აღნიშნული, სკ-ის 1005.3 მუხლის შინაარსის შესაბამისად აფუძნებს მარეაბილიტირებელი გარემოების არსს და წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრულფასოვან უფლებას (იხ. სუსგ №ბს-1170(კ-19, 18.09.2023წ.). მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სკ-ის 1005.1 მუხლით გათვალისწინებული უფლება აღასრულებს ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ნორმატიულ მიზანს (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 17.01.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე Stanev v. Bulgaria, App. No.36760/06, §§183,184; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 19.02.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of A. and Others v. the United Kingdom, App. No. 3455/05, §229.), ამდენად, იგი უნდა განიმარტოს ევროკონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის სტანდარტების მხედველობაში მიღებით, გადაჭარბებული ფორმალიზმის გარეშე (ევროპული სასამართლოს 12.06.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე Fernandes Pedroso v. Portugal, App. No. 59133/11, §137 ((სუსგ №ბს-1281(2კ-24), 27.08.2025წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მარეაბილიტირებელ გარემოებას წარმოადგენს არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,გელენიძე საქართველოს წინააღმდეგ’’, არამედ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. ამრიგად, სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის - მ. გ-ეის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა მოსარჩელის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან. არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. „მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“... „მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“ (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).
რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი არ ანიჭებს განმცხადებელს კონკრეტული ოდენობის კომპენსაციის მიღების უფლებას (იხ. ევროპული სასამართლოს 11.07.2006წ. გადაწყვეტილება საქმეზე Şahin Çağdaş v. Turkey, App. No. 28137/02, §34). როდესაც სარჩელის საგანს მენტალური თუ ფიზიკური ტანჯვის საფუძვლით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, არ არსებობს რაიმე პირდაპირ შეწონვადი და მათემატიკური მეთოდებით გამოთვლადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ფიზიკური ტკივილის, სულიერი განცდებისა და ასეთი ტანჯვის, დისკომფორტისა და ფსიქოლოგიური სტრესის ფულადი ეკვივალენტის განსაზღვრა (ევროპული სასამართლოს 20.02.2014წ. გადაწყვეტილება საქმეზე Fristov v. Russia, App. No. 42119/04, §35). ევროსასამართლოს შეფასებით ამგვარ შემთხვევებში მორალური ზიანის ანაზღაურების გონივრული ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქმის ისეთი ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა პატიმრობის ხანგრძლივობა, პატიმრობის პირობების კუმულატიური ეფექტი განმცხადებელზე, მნიშვნელობა აგრეთვე ენიჭება იმ ტანჯვის, სტრესის ან/და შფოთვის ხარისხსაც, რომელიც უკანონო პატიმრობამ იქონია პირზე (ევროპული სასამართლოს 20.02.2014წ. გადაწყვეტილება საქმეზე Fristov v. Russia, App. No. 42119/04, §35; ევროპული სასამართლოს 10.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, App. Nos. 52241/14 და 74222/14, §23). მხედველობაშია მისაღები ასევე ისეთი ფაქტორიც როგორებიცაა ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმე, აგრეთვე, უშუალოდ პატიმრობაში ყოფნის მიზეზით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 24000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს კასატორის საქართველოს გენერალური პროკურატურის მსჯელობას, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან მ. გ-ესთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას და მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე (საქმეზე ბს-1281(2კ-24)), სადაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროკონვენციის ნებისმიერი მუხლის, მათ შორის მე-6 მუხლის დარღვევა შეერაცხება არა უშუალოდ სახელმწიფოს რომელიმე კონკრეტულ ორგანოს, მაგ. სასამართლოს, არამედ მთლიანობაში მოპასუხე სახელმწიფოს, როგორც თვითკმარ საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე დამოუკიდებელ და თვითმყოფად სუბიექტს, სახელმწიფოს ლოკალური საკანონმდებლო სისტემით განსაზღვრული თავისებურებების მიუხედავად. მოცემული სამართლებრივი პრინციპი მყარად არის ფესვგადგმული გაეროს ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტში „Draft articles on Responsibility of States for Internationally Wrongful Acts“ (ARSIWA), რაც სადღეისოდ სარგებლობს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების სტატუსით, აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, “ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ქცევა ჩაითვლება ამ სახელმწიფოს ქმედებად საერთაშორისო სამართლის მიხედვით, განურჩევლად იმისა ახორციელებს თუ არა ეს ორგანო საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ან რაიმე სხვა ფუნქციებს, რა პოზიციას იკავებს სახელმწიფოს ორგანიზაციაში, და რა ხასიათისაა როგორც ცენტრალური მთავრობის ორგანო ან სახელმწიფოს ტერიტორიული ერთეულის ორგანო. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ესადაგება სახელმწიფოს განუყოფლობის იდეას, სახელმწიფოს ერთიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ყველა მისი ორგანოს ქმედება ან უმოქმედობა განხილულ იქნეს როგორც სახელმწიფოს ქმედება ან უმოქმედობა საერთაშორისო პასუხისმგებლობის კონტექსტში (იხ. გვ.11. §(5)). აღნიშნული პრინციპი ქმნის ევროკონვენციის, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების ფუძემდებლურ, სახელმძღვანელო აღქმის იდეას, ამდენად იგი განმტკიცებულია ევროსასამართლოს პრაქტიკაში, ევროკონვენციის ფარგლებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შეიძლება წარმოიშვას მისი ყველა ორგანოს, აგენტის და მოსამსახურის ქმედებებისთვის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 28.10.199წ. გადაწყვეტილება საქმეზე Wille v. Liechtenstein, App. No. 28396/95, §46.). შესაბამისად, დაუსაბუთებელია საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დაუცველობა სახელმწიფო პასუხისმგებლობის მიზნებისთვის შეერაცხება საქართველოს საერთო სასამართლოებს. საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე ეროვნული სამართლის ფუძემდებლურ პრინციპზე, რომლის მიხედვით სასამართლო იმუნიტეტი არის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის პრინციპი, რომელიც იცავს სასამართლოებსა და მოსამართლეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მიღებული მართლმსაჯულების აქტებისათვის. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები, საპროცესო განჩინებები და საქმის განხილვისას მიღებული სხვა ზომები არ შეიძლება გახდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აღნიშნული ქმედებები მიჩნეულია სამართლებრივად მცდარად ან უფლებათა დარღვევად. აღნიშნული იმუნიტეტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილებათა საბოლოობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების აუცილებლობის იდეებს ეფუძნება, უზრუნველყოფს დავების გადაწყვეტას გასაჩივრების ან სხვაგვარი გადასინჯვის და არა მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების სარჩელის წარდგენის გზით".
მოცემულ საქმეში პროკურატურა, - როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლი და სადავო სამართალწარმოების მხარე, - გვევლინება სწორედ იმ სახელმწიფო უწყებად, რომელმაც სახელმწიფოს სახელით უნდა იკისროს პასუხისმგებლობა განცდილი მორალური ზიანისთვის, აღნიშნულს კი ადგილი აქვს იმ კონკრეტული სამართლებრივი შეფასებისაგან დამოუკიდებლად თუ რამდენად იყო დარღვევის გამომწვევი უშუალო წყარო თავად ორგანოს ქმედება ან უმოქმედობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობით (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანით). მოცემულ შემთხვევაში პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს ქმნის სკ-ის 1005.3 მუხლი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. სკ-ის 1005.3 მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება, პატიმრობა) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან განაჩენის გამოტანის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ საქმე №ბს-485-474(2კ-14) 04.06.2015წ., საქმე №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 9.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (32-ე მუხ.). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (37.3 მუხ.), თავის მხრივ გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (37.2 მუხ.). მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს აწევს, რომელიც ვალდებულია წარადგინოს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებები („Barbera, Messegue and Jabardo v. Spain“, §77; „Janosevic v. Sweden“, §97), ამასთან მსჯავრდების დასასაბუთებლად უფრო მეტი მტკიცებულებებია საჭირო, ვიდრე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ეტაპზე დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის - „საფუძვლიანი ეჭვის“ არსებობის დასამტკიცებლად. სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (25.2 მუხ.). შეჯიბრებითობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მხარეებისთვის შექმნას შესაძლებლობა, წარმოადგინონ სისხლის სამართლის საქმის მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია, აღნიშნული ვერსიის ხელშემწყობი არგუმენტები და მტკიცებულებები, ასევე გამოთქვან მოსაზრებები, გაეცნონ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებს, გამოხატონ პოზიციები აღნიშნულ მტკიცებულებებზე ან/და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე, გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში და გავლენა მოახდინონ დასაბუთებული, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „რ. მიქელაძე და გ. ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). ამდენად, კასატორის მითითება პროკურატურის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არარსებობის შესახებ არ არის დასაბუთებული, შესაბამისად არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. იმავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მატერიალურ ზიანად აკვალიფიცირებს ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანს და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ამდენად, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში (სუსგ Nბს-1031(კ-20), 21.06.2021წ.). სკ-ის 412-ე მუხლიდან გამომდინარე ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო შემოსავლის მიღება (სუსგ Nას-945-895-2015, 14.03.2016წ.)
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს მოსარჩელის მიერ მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტისა და შესაბამისად, აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 მაისის N299 ბრძანებულების თანახმად, მ. გ-ე დაინიშნა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით. იგი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 1999 წლის 15 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ოქტომბრის N790 განკარგულებით მ. გ-ე ჩამოცილებულ იქნა საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 16 ოქტომბრის N608 ბრძანებულების თანახმად კი, ,,საერთო სასამართლოების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, მ. გ-ე მოსამართლის თანამდებობას იკავებდა 2009 წლის 15 მაისამდე, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით 2009 წლის 15 მაისამდე უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ამოწურვამდე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2021 წლის 21 მაისის N06-4539 წერილის შესაბამისად, კი რაიონული სასამართლო მოსამართლის თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენდა: 2006 წელი - 1450 ლარს, 2007 წელი - 1550 ლარს, 2008 წელი - 2100 ლარს, 2009 წელი - 2300 ლარს. ამასთან, რაიონული სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური დანამატების ჯამური ოდენობა წლების მიხედვით შეადგენდა: 2006 წელი - 0, 2007 წელი 1550 ლარს, 2008 წელი - 4400 ლარს, 2009 წელი - 4600 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით (მასში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ პერიოდის განმავლობაში გაცემული დანამატის ჯამური ოდენობაც), სულ 82 100 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ-ე სარგებლობდა ადვოკატის იურიდიული მომსახურებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იურიდიული მომსახურების ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის გონივრულობა, სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებთან შესაბამისობა და მისი პროპორციულობა გაწეულ მომსახურებასთან. დაცვის უფლების სრულყოფილი და ეფექტიანი რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადვოკატის მიმართ ბრალდებულის ნდობის ხარისხზე. ამდენად, სახელმწიფოს მიერ დაცვის უფლების რეალური უზრუნველყოფა გულისხმობს არა მხოლოდ რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის პროცესში ჩართვას, არამედ ბრალდებულისათვის თავისი ხარჯით კონკრეტული, მისთვის მისაღები ადვოკატის მოწვევის ხელშეშლის აკრძალვას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადვოკატის პროცესში დაშვების აკრძალვა ეფუძნება ნორმატიულ საფუძველს). სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის მიერ ადვოკატის საკუთარი ხარჯით აყვანა (სსსკ-ის 91.1 მუხ.) არ გამორიცხავს მომავალში, ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში, ამ თანხის იმ სუბიექტის მიერ ანაზღაურებას, რომლის ქმედებებმაც წარმოშვა ბრალდებულის მიერ კონკრეტული ხარჯის გაწევის საჭიროება. სათანადო მოთხოვნის არსებობისას სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს გამართლებულისათვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საკითხზე (სუსგ 07.02.2019წ. საქმე №ბს-432-429 (2კ-17)).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის, წარმომადგენლობის ინტენსივობის, ინსტანციურობის, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით ადვოკატის მომსახურებისთვის 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე