დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 06.05.2026
საქმის ნომერი
ბს-1360(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1360(კ-25) 6 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქ.თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ ...“

მოსარჩელე - ნ.ფ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 3 აგვისტოს ქ.თ-მა, მ.შ-ამ, ა.ა-მა, ნ.ა-ამ, ქ.დ-ემ, მ.თ-ემ, მ.ჟ-ამ, ნ.ფ-ამ, ნ.მ-ემ და ვ.კ-მა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, ცხოვრობენ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N73-ში მდებარე ხუთსართულიან, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელ სახლში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომლის წევრებად კანონის შესაბამისად, ირიცხება ამ საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე და მოსარჩელეებიც არიან აღნიშნული ამხანაგობის წევრები. 2021 წლის ივლისის ბოლოს მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ეზოში მათთვის უცნობმა პირებმა განათავსეს საინფორმაციო ბანერი, რომლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული იყო ნებართვა, ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე, მე-6 სართულის დაშენების თაობაზე. როგორც შემდგომ გაირკვა, 2021 წლის 12 მარტს, ბმა „...-ის“ წარმომადგენლებმა, მოსარჩელეებისგან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა წევრებისაგან მალულად, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეათანხმეს საცხოვრებელ სახლზე მე-6 სართულის დაშენების პროექტი და ამ შეთანხმების საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 7 ივლისს გამოსცა Nბ14.142118833 ბრძანება, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ბრძანება მიღებულია საქმის გარემოებების შესწავლისა და დადგენის გარეშე, ვინაიდან, კანონის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის წევრთა კრებაზე ყველა წევრის მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ ნორმის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის სხვენი, რომელზეც უნდა განხორციელდეს სადავო მშენებლობა, წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და მისი მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა განხორციელებულიყო კრებაზე ყველა წევრის მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის კრება საერთოდ არ ჩატარებულა. ამასთან, მოსარჩელეების მითითებით, სახლი არის ძველი აშენებული, მასზედ სხვადასხვა წლებში ეზოს მხრიდან მიშენებულია ე.წ. ლოჯები, ყოველგვარი საყრდენის გარეშე, რამაც დაარღვია კორპუსის მდგრადობა. სარდაფები პერიოდულად იტბორება და ივსება წყლით, სახურავის გაუმართაობის გამო კედლებზე სისტემატურად ჩამოედინება წყალი. ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, საცხოვრებელი სახლის მდგრადობასთან მიმართებით საფრთხის შემცველი გარემოებების არსებობას, რეალურად ჩატარებული ექსპერტიზით ვერ იქნა დადგენილი დაშენების შესაძლებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 7 ივლისის Nბ14.142118833 ბრძანების ბათილად ცნობა და ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ქ.თ-ის, მ.შ-ას, ა.ა-ის, ნ.ა-ას, ქ.დ-ის, მ.თ-ის, მ.ჟ-ას, ნ.ფ-ას, ნ.მ-ისა და ვ.კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 7 ივლისის Nბ14.142118833 ბრძანების მოქმედება, განსახილველ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე მოსარჩელეებად დარჩნენ მხოლოდ ქ.თ-ი და ნ.ფ-ა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაციის შედეგად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 5 თებერვლის Nბ14.142103610 ბრძანების, ,,არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 მარტის Nბ14.14210713 ბრძანებისა და,,მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 7 ივლისის Nბ14.142118833 ბრძანების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში, მესამე პირად ჩაება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ქ.თ-ისა და ნ.ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თ-იმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ქ.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სამშენებლო ობიექტზე სხვენის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას სხვენის ფართები რეგისტრირებული იყო ამხანაგობის წევრთა საკუთრებაში. მოსარჩელეები სხვენის მესაკუთრეებად არ ირიცხებოდნენ და კრებაზე გადასაწყვეტი საკითხი შეეხებოდა მხოლოდ ნ.კ-ის, მ.ს-ის, ე.ხ-ის, მ.ც-ის, მ.ზ-ის, ს.ბ-ის, ს.ტ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების განვითარებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ 2019 წლის 24 დეკემბრის ამხანაგობის კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით არ განხორციელებულა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების იმგვარი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას მოახდენდა სხვა ბინის მესაკუთრეთა (ამ შემთხვევაში აპელანტის) მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ საჭიროებდა ამხანაგობის წევრთა 100%-იან თანხმობას. შეთანხმებული პროექტის საფუძველზე განსახორციელებელი რეკონსტრუქცია (მანსარდული სართულის მოწყობა) გულისხმობს ძირითადი არსებული საცხოვრებელი სახლის კონტურში სამუშაოების წარმოებას, დამუშავებული პროექტის შესაბამისად. ამასთან, სხვენის რეკონსტრუქციის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ბმა „...-ის“ 2/3-ზე მეტი წევრის თანხმობით, რაც შესაბამისობაშია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სადავო სამშენებლო დოკუმენტების/ნებართვების კანონიერების შესახებ აღძრულ დავასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად აუცილებელი დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერების შეფასება იმ კუთხით, რაზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს და ამხანაგობის წევრთა კრების მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობა, იმ გარემოებებზე მითითებით, რაზეც მხარე აპელირებს, მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი სარჩელის ფარგლებშია შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო გარემოებების „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან მიმართებით 2019 წლის 24 დეკემბრის ამხანაგობის კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს წარმოადგენს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თ-იმა.

კასატორის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-ის“ კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც არის მიღებული სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, არის ყალბი, რადგან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე ამხანაგობის წევრები მოწვეული უნდა იქნენ წერილობითი შეტყობინებებით, მაგრამ აღნიშნული კრების მოწვევისა და ჩატარების შესახებ მოსარჩელისა და სხვა პირებისთვის არავის უცნობებია, შესაბამისად, არც კრება ჩატარებულა. მიუხედავად აღნიშნულისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ შეადგინა ყალბი კრების ოქმი, რომელშიც მიუთითა, რომ ჩატარებულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრება, რომელსაც დაესწრო ამხანაგობის ყველა წევრი და მშენებლობის წარმოებას მხარი დაუჭირა ყველა დამსწრე წევრმა. თავად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით კი, დადგენილია, რომ კრებას არ დასწრებია და არც ხმა მიუცია ამხანაგობის წევრთა 100%-ს. კასატორის განმარტებით, სახლი აშენებულია და ექსპლუატაციაშია დაახლოებით 50 წელი, ამ ხნის განმავლობაში მასზე კანონიერად თუ უკანონოდ მიშენებულია ლოჯიები საყრდენის გარეშე, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა თვითნებური მიშენებები. დამატებითი მშენებლობით გამოწვეული საფრთხეების გამოსავლენად ჩატარდა სამშენებლო ექსპერტიზა, რომელმაც, ფაქტობრივად შეუძლებლად მიიჩნია სახლის მდგრადობის განსაზღვრა სრულყოფილი, ძირეული კვლევების ჩატარების გარეშე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო კრების კანონიერად მიღებულ გადაწყვეტილებამდე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შედეგად სახლის მდგრადობის საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გადაწყვეტის გარეშე მასზე რეკონსტრუქციის სახით დამატებითი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება უკანონოა და იქ მცხოვრებთათვის წარმოადგენს საშიშროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ.თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 5 თებერვლის Nბ14.142103610 ბრძანების, ,,არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 მარტის Nბ14.14210713 ბრძანებისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 7 ივლისის Nბ14.142118833 ბრძანების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს. სამშენებლო წესრიგის სამართალი იყოფა პრევენციულ (სამშენებლო ნებართვების სამართალი და სამშენებლო ზედამხედველობა) და რეპრესიულ (დარღვევების გამოვლენა და რეაგირება) სამშენებლო წესრიგის სამართლად. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება, რამდენადაც მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელებული ღონისძიება შეუძლებელს გახდის ან გაართულებს საფრთხის თავიდან აცილებას. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი – უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე, რაც საკმარისი საფუძველია მის შესაჩერებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე“, რომელიც ადგენს: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს. აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დეფინიციებს, კერძოდ, მშენებლობა განიმარტება იმ მოქმედებათა ერთობლიობად, რომლებიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ახალი მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს (მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტი), ხოლო რეკონსტრუქცია − არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით (მე-3 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 101-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობა არ არსებობს, მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების ფარგლებში შეუძლია მშენებლობის ნებართვის მაძიებელს, მოითხოვოს შემდგომი სტადიისათვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე კოდექსის 106-ე მუხლში მოცემულია მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ; გ) წინასაპროექტო კვლევის შედეგებს; დ) დეტალურ არქიტექტურულ პროექტს; ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტს; ვ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში); ზ) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, კონსტრუქციულ სქემას/პროექტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიურ სქემას/პროექტს; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − დეტალური არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას; ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; კ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებზე“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს: ა) იმ შენობა-ნაგებობათა კლასებს და მშენებლობის სახეებს, რომელიც ექვემდებარება მშენებლობის ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას, გარდა V კლასის შენობა-ნაგებობისა; ბ) სანებართვო დოკუმენტაციის შემადგენლობას, მათი შედგენისათვის წინასაპროექტო კვლევის ჩატარების წესსა და პირობებს; გ) სანებართვო პირობებს, მათი შესრულების პროცესს; დ) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების წესსა და პირობებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან სხვა სპეციალური რეგულირების ზონაში მშენებლობის ნებართვა გაიცემა აგრეთვე ამ ზონისათვის დადგენილი (განკუთვნილი) სამართლებრივი რეჟიმების გათვალისწინებით. დადგენილების 8.1 მუხლით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა კოდექსის („საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“) 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა მოიცავდეს: ა) საკადასტრო მონაცემებს და საჯარო რეესტრის ამონაწერს; ბ) მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ ძირითად მოთხოვნებს: ბ.ა) ფუნქციურ ზონას; ბ.ბ) გამოყენების სახეობას; ბ.გ) განაშენიანების ძირითად პარამეტრებს; ბ.დ) განაშენიანების სახეობას (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა); ბ.ე) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების ხაზებს ან/და განაშენიანების სავალდებულო

ხაზებს) და მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის პირობებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე სართულიანობას; ბ.ვ) სამშენებლო საქმიანობის სახეს; ბ.ზ) ინფორმაციას მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავებისა და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესახებ; ბ.თ) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა); ბ.ი) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით (გარდა იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის); გ) სხვა მონაცემებს: გ.ა) არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე დარგობრივი გეგმებით დადგენილ რეჟიმებს (მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა); გ.ბ) მიწის ნაკვეთზე ან/და შენობა-ნაგებობაზე წინასაპროექტო კვლევის შედეგად გამოვლენილ ასპექტებს; დ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებული ობიექტების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გეგმას, რომელზეც დატანილ უნდა იქნეს: დ.ა) საპროექტო შენობა-ნაგებობიდან მის მომიჯნავე შენობა-ნაგებობამდე ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები, ასევე ამ უკანასკნელთა ფუნქციური დანიშნულების შესახებ ინფორმაცია; დ.ბ) საპროექტო შენობა-ნაგებობასთან სახანძრო ავტომობილისათვის განკუთვნილი მისასვლელი და ასასვლელი გზის/გზების, ასევე მათი მოწყობის პარამეტრები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თ-ისა და ნ.ფ-ას საკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში, ხუთსართულიან, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე საცხოვრებელი ბინები. მოსარჩელეები წარმოადგენენ ამავე საცხოვრებელ სახლში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-ის“ წევრებს.

ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენის ფართები, სხვადასხვა ოდენობით ირიცხებოდა ამხანაგობის წევრთა ნაწილის, კერძოდ, ნ.კ-ის, მ.ს-ის, ე.ხ-ის, ლ.წ-ის, მ.ც-ის, მ.ზ-ის, ს.ბ-ის, ნ.შ-ის, ს.ტ-ას და ლ.ტ-ას საკუთრებაში.

ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ბმა „...-ის“ კრების №119 ოქმის შესაბამისად, 2019 წლის 24 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შედგა ამხანაგობის წევრთა საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა 33 წევრი, რაც ამხანაგობის წევრთა ოდენობის 2/3- ზე მეტს შეადგენდა, რამდენადაც ამხანაგობის წევრთა ოდენობა არის 48 მესაკუთრე. კრების დღის წესრიგს წარმოადგენდა ამხანაგობის წევრების, ნ.კ-ის, მ.ს-ის, ე.ხ-ის, მ.ც-ის, მ.ზ-ის, ს.ბ-ის, ს.ტ-ას მოთხოვნა, რომ მათ განახორციელონ საკუთრებაში არსებული სხვენის რეკონსტრუქცია, ეზოს მხრიდან (სახურავის კეხის შეცვლის გარეშე) და სხვენში მოაწყონ კარისა და ფანჯრის ღიობები. შეთანხმდა, რომ საცხოვრებელი სახლის სხვენის რეკონსტრუქცია განხორციელდებოდა შეთანხმებული პროექტის საფუძველზე. კენჭისყრის შედეგად საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კრებაზე დამსწრე ყველა, 33-ვე წევრმა, რის შედეგადაც გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვალა.

2020 წლის 17 აგვისტოს, ბმა ,,...“-ის თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენის რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება. განცხადებას ერთვოდა განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სხვენის რეკონსტრუქციის პროექტი, საკადასტრო გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ბმა „...-ის“ 2019 წლის 24 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმი თანდართული ხელმოწერებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, საექსპერტო დასკვნა, ტოპო-გეგმა, ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 21 აგვისტოს №25/17162 წერილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განსახილველად გაეგზავნა ბმა „...-ის“ 2020 წლის 17 აგვისტოს განცხადება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის შესახებ. ამავე წერილით, ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 3 თვით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-07/25 გადაწყვეტილებით, შეთანხმდა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით შენობის რეკონსტრუქციის პროექტი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 05 თებერვლის №ბ14.142103610 ბრძანებით, ამხანაგობა „...-ის“ 2020 წლის 17 აგვისტოს განცხადება დაკმაყოფილდა და დამტკიცდა, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 1396.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 მარტის №ბ14.14210713 ბრძანებით, შეთანხმდა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 07 ივლისის №ბ14.142118833 ბრძანებით, ბმა „...-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (III კლასის შენობა) მიზნით, ამხანაგობაზე გაიცა მშენებლობის ნებართვა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ ბმა „...-ის“ 2019 წლის 24 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმი არის ყალბი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრება არ ჩატარებულა და კრების ოქმი შედგენილი და დამტკიცებულია მხოლოდ დაინტერესებულ პირთა მიერ. საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო არა ამხანაგობის წევრთა 2/3-ით, არამედ ყველა მესაკუთრის მონაწილეობითა და თანხმობით, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთან, შენობა, რომელზეც უნდა განხორციელდეს რეკონსტრუქცია არის ძველი და სახლის მდგრადობა მშენებლობის პერიოდში, არ არის შესწავლილი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის ძირითად სამართლებრივ პირობებს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება არის მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მითითებული კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამხანაგობის კრების ოქმი წარმოადგენს გარიგებას - ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოვლენას, რომლის კანონშესაბამისობა მოწმდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მაგ., სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონტექსტში კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების ნამდვილობის დადგენისთვის მოწმდება ისეთი საკითხები, როგორიცაა კრების მოწვევის, კრებაზე კვორუმის არსებობა და სხვ. (სუსგ 06.10.2022წ. საქმე №ას-383-2022). ამხანაგობის წევრთა ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისთვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას. ამდენად, კრების ოქმის კანონიერების შეფასებისას სამოქალაქო სასამართლოწარმოების ფარგლებში ფასდება სადავო სამეურნეო სათავსის (სხვენის) სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, სამეურნეო სათავსი წარმოადგენს საერთო საკუთრებას თუ ამხანაგობის გარკვეულ წევრთა ინდივიდუალურ და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ფართებს. მხოლოდ ამ გარემოების დადგენის შემდგომ სამოქალაქო წესით საქმის განმხილველი სასამართლო მსჯელობს სხვენის განკარგვისთვის საჭირო კანონით დადგენილ კვორუმზე და ამხანაგობის მხოლოდ ერთ-ერთი წევრის მიერ სადავო გარიგების გაუქმების მოთხოვნის ზეგავლენის შესაძლებლობაზე. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სცილდება ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების ფარგლებს.

საქმის მასალებით დადგენილი და უდავოა, რომ სადავო სამშენებლო ობიექტზე სხვენის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას სხვენის ფართები რეგისტრირებული იყო ამხანაგობის წევრთა საკუთრებაში. მოსარჩელეები სხვენის მესაკუთრეებად არ ირიცხებოდნენ, ანუ მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში სხვენის ფართები არ შედიოდა და კრებაზე გადასაწყვეტი საკითხი შეეხებოდა ნ.კ-ის, მ.ს-ის, ე.ხ-ის, მ.ც-ის, მ.ზ-ის, ს.ბ-ის, ს.ტ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების განვითარებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ 2019 წლის 24 დეკემბრის ამხანაგობის კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით არ განხორციელებულა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების იმგვარი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას მოახდენდა სხვა ბინის მესაკუთრეთა (ამ შემთხვევაში კასატორის) მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ საჭიროებდა ამხანაგობის წევრთა 100%-იან თანხმობას. შეთანხმებული პროექტის საფუძველზე განსახორციელებელი რეკონსტრუქცია (მანსარდული სართულის მოწყობა) გულისხმობს ძირითადი არსებული საცხოვრებელი სახლის კონტურში სამუშაოების წარმოებას, დამუშავებული პროექტის შესაბამისად. ამასთან, სხვენის რეკონსტრუქციის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ბმა „...-ის“ 2/3-ზე მეტი წევრის თანხმობით, რაც შესაბამისობაშია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ბმა „...-ის“ 2019 წლის 24 დეკემბრის ამხანაგობის კრების ოქმი კანონიერ ძალაში მყოფი დოკუმენტია და კასატორის (მოსარჩელის) მტკიცება სადავო აქტების ბმა „...-ის“ 2019 წლის 24 დეკემბრის ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გარდა იმისა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ნამდვილობა სათანადო წესით სადავო არ გამხდარა, საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი ამხანაგობის სხვა წევრთა პრეტენზია ნების გამოხატვის ნამდვილობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კასატორის აპელირებას გასაჩივრებული აქტებით ნებადართული მშენებლობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მის საწინააღმდეგოდ, ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი დასკვნების შეფასების შედეგად, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენის რეკონსტრუქციის, მანსარდის მოწყობასთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე ეტაპზე ჩატარებული 2020 წლის 14 აგვისტოს დასკვნა შეეხება მშენებლობის სანებართვო აქტების მიღებისა და განხორციელების პროცესში შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმტკიცისა და მდგრადობის ნორმატივების დაცულობას, სამშენებლო ობიექტისათვის. შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით არ არის გამოვლენილი, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების ისეთი დაუცველობა, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენდა მოსარჩელის საკუთრებაზე. ასეთი გარემოება არ დგინდება, არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს დავალების საფუძველზე ბმა „...-ის“ დაკვეთით ჩატარებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, რამეთუ ექსპერტი მიუთითებს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვიზუალური დათვალიერებით არანაირი დაზიანებები არც ბზარების და არც დეფორმაციების სახით, შენობაზე არ ფიქსირდება. არსებული სასხვენო გადახურვის სანაცვლოდ შესაძლებელია განხორციელდეს სრული სართულის დაშენება, მსუბუქი კონსტრუქციებით და სხვენის კეხის ზედა ნიშნულის შენარჩუნებით. ამდენად, საფუძველს მოკლებულია მხარის მტკიცება, რომ ბმა ,,...“ უკანონოდ განახორციელებს მშენებლობას (რეკონსტრუქციას) და ამ მშენებლობისთვის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სადავო სამშენებლო ობიექტზე სხვენის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას სხვენის ფართები რეგისტრირებული იყო ამხანაგობის წევრთა საკუთრებაში და საკითხი ეხებოდა ნ.კ-ის, მ.ს-ის, ე.ხ-ის, მ.ც-ის, მ.ზ-ის, ს.ბ-ის და ს.ტ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების განვითარებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქ.თ-ის საკასაციო საჩივარზე ნ.მ-ის 10.12.25წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ.მ-ის (პირადი ნომერი...) უნდა დაუბრუნდეს ქ.თ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინება;

3. ნ.მ-ის (პირადი ნომერი...) დაუბრუნდეს ქ.თ-ის საკასაციო საჩივარზე 10.12.25წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე