დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 22.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1233(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1233(კ-25) 22 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ა“, მესამე პირები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შპს „ს...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 26 ივლისს, შპს „...ას“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, კერძოდ, შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრის კორექტირების შესახებ, შპს ,,...ას“ მიერ წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დადგენილი ზედდების - 2 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში; დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, კერძოდ, შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრის კორექტირების შესახებ, შპს ,,...ას“ მიერ წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დადგენილი ზედდების - 835 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით, ზემოაღნიშნიულ ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს ,,ს...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, კერძოდ, შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, ს/კ ..., საზღვრის კორექტირების შესახებ, შპს ,,...ას“ მიერ წარდგენილი №... სარეგისტრაციო განცხადების ზედდების 2 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში; დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, კერძოდ, შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, ს/კ ..., საზღვრის კორექტირების შესახებ, შპს ,,...ას“ მიერ წარდგენილი №... სარეგისტრაციო განცხადების ზედდების 835 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეზე საჯარო რეესტრში 2001 წელს განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება, შესაბამისად მიიჩნია, რომ სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა საჯარო რეესტრში 2005 წელს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ბ...ის“, შემდგომში შპს ,,ს...“-ის სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს, სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში უკვე აღრიცხული იყო მოსარჩელის საკუთრებად. ამასთან, გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებამ დაადასტურა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, შპს „...ას“ ტერიტორიის გენ-გეგმით გათვალისწინებული 2 950,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, როგორც 2 115,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული 2115,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ასევე, 835,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული 835,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მითითებული გარემოებების ერთობლიობით მიიჩნია, რომ სახეზე იყო ყველა საკმარისი საფუძველი სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებისთვის მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხად(ებ)ის ფარგლებში.

პალატამ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ისე, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია მის წინაშე დასმული საკითხი და დაეყრდნო მხოლოდ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც პალატის შეფასებით, საკითხის გადაწყვეტისთვის რელევანტური მნიშვნელობა არ ჰქონდა. მიუთითა საჩივრის დაკმაყოფილების არგუმენტად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ ყურდღებაგამახვილებულ ზემოაღნიშნულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე და მიუთითა, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას, სამოქალაქო საქმეზე დადგენილ ფაქტებს, პრეიუდიციული ძალა ვერ მიენიჭება, მით უფრო როცა ცალსახაა ფაქტი, რომ მოსარჩელეს გააჩნია რეგისტრირებელი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში და მისი ეს უფლება შედავებული არ არის. დამატებით მიუთითა, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს დაუზუსტებელი მონაცემებით ქონების რეგისტრაციას და მის იურიდიულ ძალას ეჭვქვეშ არ აყენებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, დეტალურად მიუთითებს თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე, 264-ე, 266-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, 32-ე, 34-ე, მე-80, 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნით. თვლის, რომ რეალურად დავა იდენტურია 2011 - 2012 წელს მიმდინარე დავისა და საქმეში არ არსებობს რაიმე ახლად აღმოჩენილი გარემოება ან განსხვავებული მტკიცებულება, რაც მისცემდა მხარეს უფლებას წამოეწყო დავა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერება/უკანონობაზე. მიიჩნევს, რომ მოცემული დავა წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების უსაფუძვლო რევიზიას. მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სასამართლოში ხელახლა განაცხადონ იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები (სსკ-ის 266-ე მუხ). კასატორის მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ყველა ფაქტობრივი გარემოება მოკვლეულია, ბათუმის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეთითებინა ე.წ. ზედდების საკითხზე და აღნიშნული საფუძვლით დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რამეთუ სასამართლომ უკვე იმსჯელა 2011 წელს. წარმომადგენლის განმარტებით, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დეტალურად იმსჯელა და განიხილა ქ. ბათუმში ... №23-ში მდებარე 22 035 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს მიერ განკარგვისა და პირველადი რეგისტრაციის შესახებ, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ავთენტურობაზე, მათ შორის, ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზების საფუძველზე, რის შედეგადაც უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო, ქონების მართვისა და განკარგვის დროს მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო, შპს „...ას“ საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი არ გააჩნდა.

მისივე მსჯელობით, დღეის მდგომარეობით, შპს „...ას“ და შპს „ს...“-ს შორის 2020 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული №174 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „...ა“ ფლობს შპს „ს...“-ის საკუთრებაში არსებულ 182 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ. ბათუმი, ... ქ. №23. კასატორი უდავოდ მიიჩნევს, რომ 2012 წლიდან მოსარჩელე იმყოფება საიჯარო ურთიერთობაში სადავო ქონების (ს/კ ...) მესაკუთრესთან, ხოლო სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილით დაფუძნებული საწარმოს საკუთრებად და ამდენად არ არსებობს საკუთრების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ტერიტორიის ნაწილი გაცემულია იჯარით სხვა კერძო პირზე და შპს „...ა“ ფაქტობრივად არ ფლობს მოთხოვნილი ტერიტორიის ნაწილს. მიუთითებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2022 წლის 11 მარტს წარდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... და №... წერილებზე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2022 წლის 19 მაისის №01-01-10/2199 წერილზე და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბათუმის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 ივლისის №01/04/-364 დადგენილებით, შპს ,,...ა’’ დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, ქ. ბათუმში, ... ქუჩა №9-ში.

2001 წლის 01 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, ხელვაჩაურის რაიონში, ... დასახლებაში (... თემის საკრებულო) მდებარე 2 950 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღრიცხულია - შპს ,,...ას“ საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს: სასამართლოს დადგენილება რეგისტრაციის №..., 17.07.1996წ, საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1998 წლის 30 მარტის №28 გადაწყვეტილება.

2005 წლის 23 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, ხელვაჩაურის რაიონში, ...ში მდებარე 2 950 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი სახით, აღრიცხულია - შპს ,,...ას“ საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს: სასამართლოს დადგენილება, რეგისტრაციის №..., 17.07.1996წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №858 ბრძანებით, შპს „ბ...ის" საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა, მის მფლობელობაში არსებული, ქ. ბათუმში, ... ქ. №23-ში მდებარე 22 035 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ღირებულებით 1 348 542 ლარი, რითაც შპს „ბ...ის" საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 1 348 542 ლარით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „ბ...ის“ (მესაკუთრე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) საკუთრებად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ....

შპს ,,...ამ“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა: 1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №858 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,...ას“ საკუთრებაში რეგისტრირებული 2 950 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა შპს „ბ...ის“ საწესდებო კაპიტალში; 1.2. შპს ,,...ას“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 27 სექტემბრის №195 ბრძანების ბათილად ცნობა; 1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...ას" საკუთრებაში რეგისტრირებული 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა შპს „ბ...ის" საკუთრებად; 1.4. შპს „...ას" ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, უცვლელად დარჩა ბათუმი საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით, შპს „...ას” საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-11/121440 (01/10/2020წ.) წერილის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 01.01.2006 წლიდან 10.11.2010-ის ჩათვლით, შპს ,,...ას“ (ს/ნ ...) უფიქსირდება არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2 950 კვ.მ. მიწაზე ქონების გადასახადში გადახდილი თანხები.

ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს ,,ს...“-ის (ს/ნ ..., რეორგანიზაციამდე არსებული სუბიექტი - შპს ,,ა...ი“ და „ბ...ა“ (ს/ნ ...)), მესაკუთრეს და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ს/ნ ...).

დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს №01-01-3/218 ბრძანებით, შპს ,,ს...“-ის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ... ქუჩა №23-ში მდებარე 2 913.6 კვ.მ. შენობა - ნაგებობები, ღირებულებით 552 620 ლარი და მასზე დამაგრებული 22 053 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), ღირებულებით - 4 410 600 ლარი. ასევე, მიმოსვლის გზები (რკინიგზის ტუპიკი 150 მეტრი) – 37 500 ლარი, ტრანსფორმატორი (250 კვტ) ღირებულებით - 2 500 ლარი, წყლის გაყვანილობა ღირებულებით - 800 ლარი, სასწორი ღირებულებით - 50 ლარი (სულ ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულებაб შპს ,,ი...ის’’ 2020 წლის 06 აგვისტოს ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ №835 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე შეადგენს - 5 004 040 ლარს).

2021 წლის 27 დეკემბერს, შპს ,,...ამ“ (წარმომადგენელი - თ. ა-ე) №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების/ცვლილების რეგისტრაცია, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 836 კვ.მ. უძრავ ნივთზე.

დადგენილია, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, აჭარის რეგიონულ ოფისს წარედგინა შპს „...ას“ წარმომადგენლების, თ. ა-ისა და გ. ჩ-იძის სარეგისტრაციო განცხადება №..., რომლითაც მოითხოვნილ იქნა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, 2 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების რეგისტრაცია.

აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქლაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2021 წლის 14 ივლისის ბრძანებაზე, სადაც მითითებულია შემდეგი: შპს "...ას" მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებებით (N... და N...), მასზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზებით და სიტუაციური გეგმებით, საჯარო რეესტრის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა სისტემაში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო 2117,0 კვ.მ. და 836,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ადრე დაუზუსტებელი მონაცემებით საკუთრების უფლებით (...) რეგისტრირებული 2952,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დანაყოფ ნაწილებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, 2021 წლის 28 დეკემბერს მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, დადგინდა ზედდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იმ უძრავი ნივთის (ს/კ ...) საკადასტრო მონაცემებს შორის, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენდა შპს ,,ს...”.

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, აჭარის რეგიონული ოფისის 2021 წლის 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 28 დეკემბრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთსა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთს შორის იდენტურობის დადასტურების თაობაზე.

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, აჭარის რეგიონული ოფისის 2021 წლის 30 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 30 დეკემბრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და სააგენტოში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებს შორის იდენტურობის დადასტურების თაობაზე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2022 წლის 21 თებერვლის №03.14220522 ბრძანების თანახმად, დადგინდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის (უძრავი ქონების) (სარეგისტრაციო №...) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული შპს „...ას“ ტერიტორიის გენ - გეგმით გათვალისწინებული 2950,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან - 835,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი: რ. თ-ე; თარიღი: 2021 წლის 28 თებერვალი) ასახული 835,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2022 წლის 22 თებერვლის №03.14220531 ბრძანების თანახმად, დადგინდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით (სარეგისტრაციო №...) რეგისტრირებული, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო N... და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული შპს „...ა“-ს ტერიტორიის გენ - გეგმით გათვალისწინებული 2950,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან - 2115,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი: რ. თ-ე; თარიღი: 2021 წლის 28 თებერვალი) ასახული 2115,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, აჭარის რეგიონული ოფისის 2022 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს (ს/კ ...) შორის, რომლის მესაკუთრეა შპს ,,ს...“, არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 11 მარტს №... წერილით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების მიზნით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2022 წლის 19 მაისის №01-01-10/2199 პასუხით სააგენტოს ეცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც შპს ,,ს...“-ის 100%-იანი წილის მფლობელი (საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორი, ს/ნ ...) არ არის თანახმა ე.წ. ზედდების ნაწილში გაუქმდეს შპს ,,ს...“-ის საკუთრების უფლება შპს „...ას“ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში (ს/კ ...).

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, აჭარის რეგიონული ოფისის 2022 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს (ს/კ ...) შორის, რომლის მესაკუთრეა შპს ,,ს...“ არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 11 მარტს №... წერილით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების მიზნით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2022 წლის 19 მაისის №01-01-10/2199 წერილით განიმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც შპს „ს...“-ის 100 %-იანი წილის მფლობელი (საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორი, ს/ნ ...) არ არის თანახმა ე.წ. ზედდების ნაწილში გაუქმდეს შპს „ს...“-ის საკუთრების უფლება შპს „...ას" მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში (ს/კ ...).

განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, კერძოდ, შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრის კორექტირების შესახებ, შპს ,,...ას“ მიერ წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დადგენილი ზედდების - 2 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში; ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, კერძოდ, შპს ,,ს...“-ის საკუთრებაში რეგისტრირებული, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრის კორექტირების შესახებ, შპს ,,...ას“ მიერ წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დადგენილი ზედდების - 835 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. ამავე კანონის მე-7 მუხლის (მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი) პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი უნდა ყოფილიყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი). ამავე მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით, თუ 2007 წლის 20 სექტემბრამდე შედგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აკმაყოფილებდა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ სავალდებულო მოთხოვნებს, მაგრამ მასში მითითებული იყო დაინტერესებული პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი) და ფართობი, ეს დოკუმენტი რეგისტრაციის საფუძვლად შეიძლება გამოყენებული ყოფილყო ამ კანონის 41 მუხლით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის დადასტურების შემთხვევაში. დასახელებულ პუნქტში მითითებული, 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით ადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით მიმართა მარეგისტრირებელმა ორგანომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მოთხოვნით. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ კი, თავის მხრივ დაადასტურა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების (2115 კვ.მ. და 835 კვ.მ.) იდენტურობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ, შპს „...ას“ ტერიტორიის გენ - გეგმით გათვალისწინებული 2 950,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან. შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, გარდა არსებული ზედდების აღმოფხვრისა („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ არეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება), რაზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უარი განაცხადა ისე, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია მის წინაშე დასმული საკითხი და დაეყრდნო მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების არგუმენტად მიუთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე და ქ. ბათუმში ... №23-ში მდებარე 22 035 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს მიერ განკარგვისა და პირველადი რეგისტრაციის, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ავთენტურობის შესახებ მსჯელობისას, უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ ქონების მართვისა და განკარგვისას სახელმწიფო მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით ხოლო, შპს „...ას“ საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი არ გააჩნდა.

დავა, რომელზეც მხარე მიუთითებს, შპს „...ას“ სარჩელისა გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „ბ...ის“წინააღმდე (შემდგომში შეერწყა, გაერთიანდა შპს „ს...“-სთან, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ს/ნ 245626835)), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 14 დეკემბრის №858 ბრძანების ნაწილობრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 27 სექტემბრის №195 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით განხილული იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით, რაც უცველელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით, შპს „...ას” საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მითითებულ დავაზე, კერძოდ 2011 წლის 27 ოქტომბრის N2/ბ-875 განჩინებით უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განმარტება, იმის თაობაზე, რომ შპს „ბ...ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილ სადაო ქონებას აქვს ზედდება შპს „...ას” მიწის ნაკვეთთან, რადგან შს ”...ა” წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მას გააჩნია შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. ყურადღება გაამახვილა 2005 წელს გაცემულ საკუთრების უფლების ამონაწერზე (...) და განმარტა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში, 2 950 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "...ა”. 2010 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით კი მიიჩნია, რომ 22053 კვ.მ. არასაოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. #23-ში მესაკუთრეა - ”ბაზა”.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2022 წლის 21 თებერვლის №03.14220522 და 2022 წლის 22 თებერვლის №03.14220531 ბრძანებებზე, რომლითაც დადგინდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის (უძრავი ქონების) (სარეგისტრაციო №...) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული შპს „...ას“ ტერიტორიის გენ - გეგმით გათვალისწინებული 2950,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან - 835,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და შპს „...ა“-ს ტერიტორიის გენ - გეგმით გათვალისწინებული 2950,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან - 2115,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... და №... განცხადებებზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე/ებზე (საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი: რ. თ-ე; თარიღი: 2021 წლის 28 თებერვალი) ასახული 2115,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და 835,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს ,,...ას“ საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ამასთან, ძალაშია როგორც მის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის ფაქტობრივი საფუძველი, ისე განხორციელებული რეგისტრაცია. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეზე საჯარო რეესტრში 2001 წელს განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება. ამდენად, სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა საჯარო რეესტრში 2005 წელს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ბ...ის“, შემდგომში შპს ,,ს...“-ის სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს, სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში უკვე აღრიცხული იყო მოსარჩელის საკუთრებად. ამასთან, როგორც უკვე მიუთითა საკასაციო პალატამ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებამ დაადასტურა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ნომერი ...) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, შპს „...ას“ ტერიტორიის გენ - გეგმით გათვალისწინებული 2 950,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან - 2 115,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული 2115,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ასევე, 835,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული 835,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამდენად, მართებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სადავო შემთხვევაში სახეზე იყო ყველა საკმარისი საფუძველი სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებისთვის მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხად(ებ)ის ფარგლებში, რაც არ შესრულდა და რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პრინციპები.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კოდექსის 102-ე მუხლი განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე