დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-550(2კ-25) 4 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. შ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. შ-ეის სასარგებლოდ უკანონო პატიმრობიდან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით; ბ) დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. შ-ეის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 9275 ლარის ოდენობით (რომელიც მოიცავს პენიტენციურ დაწესებულებაში გაღებულ ხარჯს ან მიუღებელ შემოსავალს); ასევე დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. შ-ეის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება - სისხლის სამართლის საქმეში გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი 7 000 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. შ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. შ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება - სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაწეული ადვოკატის მომსახურების ღირებულება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით. მ. შ-ეის სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. შ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. შ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
4.1 კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.
კასატორის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანხმად, განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა. პროკურატურას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოსათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. შ-ეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. იგი დაკავებულ იქნა 2016 წლის 17 დეკემბერს, თუმცა 2016 წლის 19 დეკემბერს სასამართლომ დაკავება ცნო უკანონოდ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და დაევალა კვირაში სამჯერ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო უძრავ ქონებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით მ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. იგი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენით მ. შ-ე გამართლდა სრულად და გათავისუფლდა პატიმრობიდან. იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 18 თვე და 2 დღე.
კასატორის მოსაზრებით, თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ, სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, ხსენებული კოდექსის თანახმად, პირისათვის ბრალდების წაყენების თუ სხვა იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია „დასაბუთებული ვარაუდის’’ სტანდარტი. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები. ამასთან, საყურადღებოა, რომ პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენები. ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოსათვის სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტი, უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის’’ სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან სახეზე არ არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა მიზეზობრივ კავშირში ყოფილიყო დამდგარ შედეგთან. მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების ერთობლიობა: ზიანი, მართლსაწინააღმდეგობა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
კასატორის განმარტებით, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს ერთ-ერთ სპეციფიკურ ფუნქციას წარმოადგენს და მისი შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია წინასწარ უცნობ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას, რაც არ გამორიცხავს შემდგომ გამართლებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა გავლენას ახდენს მორალური ზიანის ოდენობაზე. მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია - დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველზე და არა პროკურატურის თვითნებური ქმედებების შედეგად. გარდა ამისა, მას არ ჰქონია ასაკი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა ინდივიდუალური მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობასთან იქნებოდა დაკავშირებული და განუზომელ ტანჯვას მიაყენებდა მას ციხეში ყოფნისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დროს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე, მსგავს საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციულია, არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება პროკურატურისათვის ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, კასატორი აღნიშნავს, რომ მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ ექვემდებარებოდა სავალდებულო დაცვას და მის სისხლის სამართლის საქმეში არ იყო აუცილებელი ადვოკატის მონაწილეობა, თუმცა მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და აიყვანა ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). შესაბამისად, საკუთარი უფლების რეალიზება არ შეიძლება ჩაითვალოს პროკურატურის მხრიდან ზიანის მიყენებად და არ წარმოადგენს ხარჯების ანაზღაურების საფუძველს. ამასთან, სარჩელზე თანდართული საგადახდო დავალებების მიხედვით, საადვოკატო კომპანიისთვის ჯამში ჩარიცხულია 6 000 ლარი და არა 7000 ლარი. ამასთან ხსენებული გადარიცხვების დანიშნულებაში მითითებული არ არის რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა მ. შ-ეის მიმართ არსებულ რომელ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაწეული იურიდიული მომსახურება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული ოდენობის საადვოკატო ხარჯების გაღების ფაქტს. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება დასტურდებოდეს საგადახდო დავალებებით, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებით ან სხვა წერილობითი დოკუმენტებით და არა მხარის ახსნა-განმარტებებით.
კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოდ განხორციელდა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის დაკისრება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 1000 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო არცერთ ნაწილში, ამ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან საპროცესო ხარჯების პროკურატურისათვის დაკისრებაც საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელია.
4.2 კასატორი - მ. შ-ე აღნიშნავს, რომ მართალია, განჩინებითა და გადაწყვეტილებით მართებულად დადგინდა, რომ სახეზეა მისთვის მიყენებული მორალური ზიანი, თუმცა დადგენილი მორალური ზიანის ოდენობა (20 000 ლარი) არაგონივრულად დაბალი ოდენობაა. საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კასატორს ბრალად ედებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენა, რომელიც უალტერნატივო წესით სასჯელის სახით ითვალისწინებდა 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 2016 წლის 17 დეკემბრიდან (დაკავების დღიდან) 2019 წლის 8 თებერვლამდე (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე), ანუ 2 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი დღე, კასატორს არ ჰქონოდა მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, მუდმივი პასუხგაუცემელი კითხვები. ცხადია, კასატორმა მძიმედ განიცადა, როდესაც მას 2016 წლის 19 დეკემბერს ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა, გაუჩნდა არასრულყოფილების განცდა, რომ ის აღარ იყო სრულუფლებიანი მოქალაქე, შეეზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. მძიმედ განიცადა ის ფაქტიც, რომ გირაოს (30 000 ლარის) უზრუნველსაყოფად მის შვილს (თ. შ-ეს) მოუწია უძრავი ქონების დაყადაღება. უკანონო ბრალდების ფონზე ფიქრობდა, რომ მის შვილს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება შეიძლება დაეკარგა. მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა კასატორს მუდმივად თან სდევდა იმის გამოც, რომ კვირაში სამჯერ (ხოლო 2017 წლის 2 აგვისტოდან კვირაში ერთხელ) უწევდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება. საგამოძიებო ორგანოში ყოველი ვიზიტი უძლიერებდა/უახლებდა სულიერ ტანჯვას. გარდა აღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მ. შ-ემ მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტ სასამართლო სხდომაში. ყოველი სასამართლო სხდომა ტკივილს/ტანჯვას უახლებდა/უძლიერებდა. ცხადია, კასატორმა განსაკუთრებით მძიმე სულიერი ტკივილი/ტანჯვა განიცადა თავისუფლების უკანონო აღკვეთის პერიოდში 08.02.2019 წლიდან 07.08.2020 წლამდე, ანუ 18 თვის განმავლობაში. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ერთმა დღემაც კი, შეიძლება ადამიანი მორალურად გაანადგუროს. ადვილი წარმოსადგენია, რა მძიმე, დამთრგუნველი და გამანადგურებელი იყო კასატორისათვის ეს 18-თვიანი პერიოდი. 2019 წლის 8 თებერვალს, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა და კასატორს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მ. შ-ე იმ წუთიდანვე ფსიქოლოგიურად განადგურდა და მთელი 18-თვიანი პერიოდის მანძილზე პერმანენტულად ტანჯავდა განცდა, რომ 8 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა ყოფილიყო და ნორმალურ/ღირსეულ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდებოდა. ეს ტკივილი/ტანჯვა კიდევ უფრო ძლიერი გახდა, როდესაც სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს 08.02.2019 წლის განაჩენი. კასატორის იმედი, რომ ოდესმე თავს დააღწევდა უკანონო თავისუფლების აღკვეთას, უფრო და უფრო მცირდებოდა. მასთან, ოდესმე თავი რომც დაეღწია უკანონო თავისუფლების აღკვეთისაგან, გამამტყუნებელი განაჩენის ფონზე საზოგადოების თვალში ვერასოდეს მოიშლიდა დამნაშავის იარლიყს, რის გამოც მისგან დისტანცირდებოდნენ ერთ დროს ახლობელი ადამიანები და მ. შ-ე ვერასოდეს შეძლებდა ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებას. მართალია, უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენით მ. შ-ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ცხადია, 07.08.2020 წლის განაჩენი ვერ დააკომპენსირებს იმ მორალურ ზიანს, რასაც მ. შ-ე გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე თითქმის 4 წლის განმავლობაში განიცდიდა და ახლაც განიცდის. მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შესამსუბუქებლად, დადებითი ემოციების გამოსაწვევად, მოთხოვნილი 100 000 ლარი გონივრული და სამართლიანი თანხაა.
კასატორის განმარტებით, 08.02.2019 წლიდან 07.08.2020 წლამდე, 18 თვის განმავლობაში, უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება და შესაბამისად, ცხადია, მოკლებული იყო შესაძლებლობას ჰქონოდა დამოუკიდებელი შემოსავალი. პენიტენციურ დაწესებულებაში იძულებითი ყოფნის პერიოდში კასატორს პირადი საჭიროებებისათვის ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა ჯამში ჩაურიცხეს 9275 ლარი. ეს არის ზიანის თანხა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ. 18 თვეზე გაანგარიშებით მოთხოვნილი ზიანის თანხა 9275 ლარი, ყოველთვიურად გამოდის 515 ლარი. კასატორს, როგორც შრომისუნარიან მამაკაცს, 08.02.2019 წლიდან 07.08.2020 წლამდე პერიოდში (თუკი მას თავისუფლება უკანონოდ არ ექნებოდა აღკვეთილი) თავისუფლად, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეეძლო ყოველთვიურად საშუალოდ 515 ლარის გამომუშავება, რათა სულ მცირე, უზრუნველეყო საკუთარი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და სხვა პირთა კმაყოფაზე არ ყოფილიყო. უკანონო ბრალდებამ/უკანონო მსჯავრდებამ მ. შ-ეს არა მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის პერიოდში (18 თვე) დააკარგვინა შემოსავალი, არამედ რეალურად 17.12.2016 წლიდან 07.08.2020 წლამდე, ანუ თითქმის 44 თვის განმავლობაში. 44 თვეზე გაანგარიშებით მოთხოვნილი ზიანის თანხა 9275 ლარი, ყოველთვიურად გამოდის 210 ლარი, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები ოდენობის თანხაა. დაუსაბუთებელია სასამართლოთა მითითება იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის 17 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, მ. შ-ე არის უმუშევარი. აღნიშნული, გულისხმობს, რომ დაკავების მომენტისათვის მ. შ-ე არ იყო დასაქმებული რომელიმე ორგანიზაციაში, თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო ჰქონოდა შემოსავალი. აღნიშნული დასტურდება სისხლის სამართლის საქმის მასალებითაც, კერძოდ, 2017 წლის 2 აგვისტოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მ. შ-ე დაკავებული იყო სასოფლო-სამურნეო სამუშაოებით, რაც აპრიორი გულისხმობს გარკვეული დოვლათის/შემოსავლის გენერირებას. სწორედ აღნიშნული ფაქტორი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სასამართლომ მ. შ-ეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისა და პროკურორისათვის ანგარიშგების ვალდებულება შეუმცირა კვირაში ერთხელ (ნაცვლად სამისა) გამოცხადებამდე. მაშასადამე, რა მეთოდითაც უნდა დაითვალოს 9275 ლარი, ცხადია, რომ აღნიშნული თანხა ყველა შემთხვევაში მიზერული ოდენობის თანხაა და კასატორმა რეალურად 9275 ლარზე გაცილებით მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი განიცადა.
კასატორის მითითებით, წინამდებარე დავაზე გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯიდან - 3000 ლარიდან მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ 1000 ლარის გადახდა დაეკისრა მ. შ-ეის სასარგებლოდ, რაც უსაფუძვლოა.
კასატორი მიიჩნევს, რომ განჩინებით (ისევე როგორც გადაწყვეტილებით) დამატებით უნდა დადგენილიყო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 19 დეკემბერს მ. შ-ემ პასპორტი და პირადობის მოწმობა გადასცა/ჩააბარა გამომძიებელს. პასპორტი და პირადობის მოწმობა მ. შ-ეს დაუბრუნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენით. უძრავ ქონებაზე, მდებარე მცხეთა, სოფელი ..., ...ს ტერიტორია (საკადასტრო კოდი ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყადაღა დარეგისტრირდა 26.12.2016 წელს. 19.12.2016 წლის განჩინებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, 2016 წლის 21 დეკემბრიდან მ. შ-ე კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) პერმანენტულად ცხადდებოდა გამოძიების ორგანოში. სარჩელს თან ერთვის ბრალდებულის გამოცხადების შესახებ 14 ოქმი 21.12.2016 წლიდან 25.01.2017 წლის ჩათვლით, თუმცა გამოძიების ორგანოში მ. შ-ეის გამოცხადების ვალდებულება შენარჩუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, ანუ 08.02.2019 წლამდე და შესაბამისად, მ. შ-ე აღნიშნული 2 წლის განმავლობაში პერმანენტულად ცხადდებოდა (როგორც გადაწყვეტილებაში და განჩინებაშია აღნიშნული, 2017 წლის 2 აგვისტოდან მ. შ-ეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოცხადებისა და პროკურორისათვის ანგარიშგების ვალდებულება შეუმცირდა კვირაში ერთხელ გამოცხადებამდე). გარდა ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მ. შ-ეს მოუწია 20-ზე მეტ სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება. მ. შ-ე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და 2019 წლის 8 თებერვლიდან 2020 წლის 7 აგვისტომდე. მას თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი 18 (თვრამეტი) თვეზე მეტი დროის განმავლობაში. 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სს „ლ...ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე მ. შ-ეს ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა საერთო ჯამში ჩაურიცხეს 9275 ლარი, რაც ცხადია, სრულად გახარჯა მ. შ-ემ. გარდა გადაწყვეტილების 3.3 პუნქტში მითითებული 2016 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებისა, შპს „ქ...სა“ და მ. შ-ეს შორის 2017 წლის 28 ივნისს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე მ. შ-ეის წარმომადგენლობა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში. ჰონორარი კი, განისაზღვრა შემდეგი სახით: სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობისათვის - 1000 ლარი, საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლობისათვის - 1000 ლარი, გამართლების შემთხვევაში - 4000 ლარი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისათვის ჰონორარის სახით ჯამში გადახდილია 7000 ლარი. წინამდებარე ადმინისტრაციულ საქმეზე წარმომადგენლობის მიზნით, შპს „ქ...სა“ და მ. შ-ეს შორის 2023 წლის 30 ივნისს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საადვოკატო მომსახურებისათვის ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა 3000 ლარით, რომელიც სრულად არის გადახდილი, კერძოდ: 01.07.2023 წელს გადახდილია 1003 ლარი, 27.11.2023 წელს - 1003 ლარი, ხოლო 09.09.2024 წელს - 1000 ლარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. შ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2016 წლის 17 დეკემბერს შედგენილი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ. შ-ე დაკავებულ იქნა 2016 წლის 17 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ 19-26); ბ) 2016 წლის 18 დეკემბერს მიღებულ იქნა №0009027301 დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, მ. შ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად სისხლის სამართლის საქმეში №092171216001. დადგენილების თანახმად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ. შ-ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა გასაღების მიზნით და გასაღება, ე.ი მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. მ. შ-ე ბრალდებას გაეცნო ადვოკატთან ერთად (ტ.1, ს.ფ 28-30); გ) ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბრალდებულ მ. შ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო; ბრალდებული მ. შ-ე გათავისუფლდა დაკავებიდან; გირაოს თანხად განისაზღვრა 30 000 ლარი; გირაოს შეტანის ვადად განისაზღვრა 10 დღე; დადგინდა, რომ გირაოს თანხა შეტანილ უნდა იქნეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე; განიმარტა, რომ ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ სხვა პირს უფლება აქვს გირაოს თანხის ნაცვლად შეიტანოს ფულადი თანხის ექვივალენტური უძრავი ქონება. განემარტა ბრალდებულს ან გირაოს შემტან სხვა პირს, რომ თუ დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფდნენ გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანას ან შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონებით უზრუნველყოფას, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიძლებოდა შეცვლილიყო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით; მ. შ-ეს საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარების, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე კვირაში სამჯერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოცხადებისა და პროკურორისათვის ანგარიშგების ვალდებულებები. სასამართლომ მიუთითა, რომ მ. შ-ეის მიმართ დაირღვა დაკავების წესი, შესაბამისად, ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს დაკავებიდან. განჩინებაში მითითებულია ადვოკატი - ლ. ხ-ეე (ტ.1, ს.ფ 32-38); დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, ბრალდებულ მ. შ-ეის ადვოკატის ლ. ხ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ბრალდებულ მ. შ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება 30 000 ლარი გირაოს უზრუნველსაყოფად გირაოს თანხის ფარგლებში ყადაღა დაედო თ. შ-ეის საკუთრებაში არსებულ ურავ ქონებას (მისამართი მცხეთა, სოფელი ..., ...ს ტერიტორია, საკადასტრო კოდი ...) (ტ.1, ს.ფ 41-43); ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს არსებითი სხდომის ოქმის ჩანაწერის თანახმად, ბრალდებულ მ. შ-ეის ადვოკატის - ლ. ხ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტში შევიდა ცვლილება და მ. შ-ეს საქართველოს მთავარი პროკურატურაში გამოცხადებისა და პროკურორისათვის ანგარიშგების ვალდებულება შეუმცირდა კვირაში ერთხელ გამოცხადებამდე (ტ.1, ს.ფ 212-213); ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით, მ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მ. შ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან- 2019 წლის 8 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო- 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი; გაუქმდა მ. შ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო (ტ.1, ს.ფ 62-83); ზ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ მ. შ-ეის ინტერესების დამცველის ადვოკატ ლ. ხ-ეის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი მ. შ-ეის მიმართ, დარჩა უცვლელად. მ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მ. შ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი; გაუქმდა მ. შ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო; ყადაღა მოეხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის №12/6259 განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 30000 ლარის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას, მდებარეს მცხეთაში, სოფელ ...ში, ...ს ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდით ... (ტ.1, ს.ფ 62-83); თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, მსჯავრდებულ მ. შ-ეის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი; მ. შ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მ. შ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან; გამართლებულ მ. შ-ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ 87-96); ი) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის მიერ 2020 წლის 16 სექტემბერს გაცემული №224757/01 წერილობითი ინფორმაციის თანახმად, მ. შ-ეს მისი 2020 წლის 4 სექტემბრის №01/240176 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ იგი დააკავეს 2019 წლის 8 თებერვალს და იგი იმავე დღეს შეასახლეს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის მიზნით 2019 წლის 29 მაისს გადაყვანილ იქნა №16 დაწესებულებაში. 2020 წლის 7 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით (საქმე №196აპ-20) გამართლდა ბრალდებაში და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მ. შ-ე 08.02.2019 წლიდან 07.08.2020 წლამდე იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში (ტ.1, ს.ფ 98); კ) სს „ლ...ის“ ანგარიშიდან ამონაწერის (საწყისი თარიღი: 01.01.2019წ., საბოლოო თარიღი: 03.09.2020წ.) თანახმად, მ. შ-ეის ანგარიშზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირის მიერ შეტანილ იქნა თანხები (ტ.1, ს.ფ 99-131); ლ) 2016 წლის 17 დეკემბრის №5 ორდერის თანახმად, ადვოკატ ლ. ხ-ეეს (სიითი №...) და ადვოკატ გ. ჭ-ეს (სიითი №...) ევალებათ დაიცვან მ. შ-ეის ინტერესები გამოძიებასა და სასამართლოში №092171216001 საქმეზე (ტ.1, ს.ფ 316); მ) 2016 წლის 17 დეკემბერს შპს „ქ...სა“ (წარმოდგენილი დირექტორის ლ. ხ-ეის სახით) და თ. შ-ეს (მ. შ-ეის შვილი) შორის გაფორმებულია №9 ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს წარმომადგენლობა საგამოძიებო ორგანოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის №092171216001 საქმეზე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) 1 000 (ათასი) ლარს (ტ.1, ს.ფ 132-135); ნ) სს „ს...ს“ ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 7 თებერვალს შპს „ქ...ის“ ანგარიშზე თ. შ-ეის მიერ ჩარიცხულ იქნა თანხა - 1000 ლარი, დანიშნულება - მ. შ-ეის იურიდიული მომსახურების საფასური (ტ.1, ს.ფ 144); ო) სს „ს...ს“ 2022 წლის 30 ივლისის №98200 შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „ქ...ის“ ანგარიშზე მ. შ-ეის მიერ ჩარიცხულ იქნა თანხა - 3000 ლარი, დანიშნულება - მ. შ-ეის სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული მომსახურების საფასური (ტ.1, ს.ფ 145). სს ,,ს...ს’’ 2022 წლის 4 ოქტომბრის №19969 შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „ქ...ის“ ანგარიშზე მ. შ-ეის მიერ ჩარიცხულ იქნა თანხა - 1000 ლარი, დანიშნულება - მ. შ-ეის სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული მომსახურების საფასური (ტ.1, ს.ფ 146). სს ,,ს...ს’’ 2022 წლის 26 ოქტომბრის №... შემოსავლის ორდერის თანახმად, შპს „ქ...ის“ ანგარიშზე ქ. ლ-ეის მიერ ჩარიცხულ იქნა თანხა 2000 ლარი, დანიშნულება - მ. შ-ეის სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული მომსახურების საფასური (ტ.1, ს.ფ 147).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. კონსტიტუციის მე-13 მუხლთან კავშირშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც აღიარებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის), რომლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს“.. (სუს 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. ამ შემთხვევაში, რელევანტურია, დადგინდეს პირობა, ურომლისოდაც ზიანის გამომწვევი შედეგი არ დადგებოდა. შეფასების საგანს სცილდება ბრალეული მიზეზობრიობის (კონკრეტული პირის ბრალეული ქმედების არსებობის) დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი. ბრალი არ წარმოადგენს უკანონო ბრალდების/მსჯავრდების ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, მსჯავრდებულ მ. შ-ეის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი; მ. შ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მ. შ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში არსებული გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, უნდა ჩაითვალოს უკანონოდ. თავის მხრივ, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა მოუწია შესაბამისი თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამ, შესაბამისი საპროცესო ღონისძიებების გამოყენებამ, შესაძლოა წარმოშვას ნეგატიური განცდები, სტრესული მდგომარეობა, რეპუტაციის შელახვის საფრთხე. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ამგვარი განცდებით გამოწვეული მორალური ზიანის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ასანაზღაურებელი მორალური ზიანის მოცულობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს გონივრულად და სამართლიანად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, წარმოიშობა შესაბამისი პირის მიმართ გამოყენებული სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების შინაარსის, მისი ხასიათის და სიმძიმის კვლევის ვალდებულება, იმ მიზნით, რომ არაქონებრივი ზიანის მოცულობასთან დაკავშირებული დასკვნა არ გასცდეს გონივრულობის ფარგლებს. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ადგენს კანონით მხოლოდ პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით (413-ე მუხლი). თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებული შემთხვევები შეიძლება უკავშირდებოდეს პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. შ-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და 08.02.2019 წლიდან 07.08.2020 წლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საგამოძიებო ორგანოსათვის ჩაბარების, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე კვირაში სამჯერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოცხადებისა და პროკურორისათვის ანგარიშგების ვალდებულებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს არსებითი სხდომის ოქმის ჩანაწერის თანახმად, ბრალდებულ მ. შ-ეის ადვოკატის - ლ. ხ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტში შევიდა ცვლილება და მ. შ-ეს საქართველოს მთავარი პროკურატურაში გამოცხადებისა და პროკურორისათვის ანგარიშგების ვალდებულება შეუმცირდა კვირაში ერთხელ გამოცხადებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის განსაზღვრა 20 000 ლარის ოდენობით შესაბამისობაშია გონივრული/სამართლიანი ანაზღაურების პრინციპთან და არ არსებობს მითითებული თანხის გაზრდის/შემცირების საფუძველი.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
თავდაპირველად საკასაციო პალატა იმსჯელებს სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლიანობაზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე განხორციელებული მოქმედება - ადვოკატის აყვანა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა, პირის (ბრალდებულის) უფლებაა და ამ უფლებით სარგებლობა (გაღებული ხარჯების დადასტურების შემთხვევაშიც კი) არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებულ ზიანად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ბრალდებულს, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალურ ფიგურას, უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ჯეროვნად და ეფექტიანად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან. დაცვა არის სისხლისსამართლებრივი დევნის საწინააღმდეგო ფუნქცია, სწორედ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულ რეალიზებას და ბრალდებულის ინტერესების არსებით დაცვას. ამასთან, ,,სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით“ (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 2019 წლის 7 თებერვალი).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმეში საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის ადვოკატი აეყვანა, რათა სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოსარჩელისთვის მიყენებულ ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის 7000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, დავის საგნის, სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა გონივრულ შესაბამისობაშია გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურებაზე გაწეული 7000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით 9275 ლარის (რომელიც მოსარჩელის მითითებით მოიცავს პენიტენციურ დაწესებულებაში გაღებულ ხარჯს ან მიუღებელ შემოსავალს) დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. იმავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მატერიალურ ზიანად აკვალიფიცირებს ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანს და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ამდენად, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში (სუსგ №ბს-1031(კ-20), 21.06.2021წ.). სკ-ის 412-ე მუხლიდან გამომდინარე ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო შემოსავლის მიღება (სუსგ №ას-945-895-2015, 14.03.2016წ.)
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მიუღებელი შემოსავლის არსებობას და ამგვარად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახმა, ნათესავებმა და მეგობრებმა მ. შ-ეის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ჩაურიცხეს თანხები, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის სისხლისსამართლებრივი დევნიდან გამომდინარე მისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანად. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის საპროცესო ხარჯის სახით 3000 ლარის ოდენობით დაკისრებას, რომელიც გაწეულია წინამდებარე დავაზე საადვოკატო მომსახურებისათვის, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, სასამართლო, გონივრულ ფარგლებში, განსაზღვრავს გაწეული ხარჯის ოდენობას.
განსახილველ შემთხვევაში, მ. შ-ეის სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა საადვოკატო მომსახურების თანხა - 1000 ლარის ოდენობით, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა