დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.03.2026
საქმის ნომერი
ბს-602(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-602(კ-25) 10 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

მესამე პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ნ.შ-ი, ლ.ბ-ე (ბ.ბ-ის უფლებამონაცვლე), ბ.ხ-ი, ბ.კ-ე, ნ.მ-ე, ი.ნ-ე, ნი.მ-ე, კ.ყ-ი, მ.გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 4 დეკემბერს შპს „...-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (11.06.2008წ.), №... (09.03.2010წ.), №... (21.08.2008წ.), №... (04.11.2009), №... (04.11.2009), №... (21.10.2009წ.), №... (15.04.2008წ.), №... (05.10.2009წ.), №... (28.12.2009წ.), №... (02.09.2009წ.), №... (09.11.2007წ.), №... (12.11.2007წ.), №... (25.06.2008წ.), №... (15.09.2009წ.), №... (28.12.2009წ.) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოსარჩელის სასარგებლოდ უკანონო რეგისტრაციებით მიყენებული ზიანის 171 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ოდენობით ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 25 ოქტომბერს შპს „...-სა“ და ნ.შ-ის შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მეურნეობაში (სარეგისტრაციო ზონა: ... ) მდებარე მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის მიერ მიწის ნაკვეთების ფართობის და კოორდინატების დასაზუსტებლად ჩატარებული რეფორმის შემდეგ, მოსარჩელემ ამონაწერის განახლების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს. საჯარო რეესტრის მიერ განახლებულ ამონაწერში მოსარჩელის საკუთრება დაფიქსირდა, როგორც დაუზუსტებელი. ამის შემდეგ მან წარადგინა იგივე საკადასტრო აზომვითი ნახაზი (რომელიც მანამდე ჰქონდა რეგისტრირებული) მისი კუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო ნახაზის რეგისტრაციის და მიწის ნაკვეთის საზღვრების ხელმეორედ დაზუსტების მოთხოვნით. საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და არ დაარეგისტრირა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ნახაზი იმ მოტივით, რომ სხვა რეგისტრირებულ მონაცემებთან ფიქსირდებოდა ზედდება. მოსარჩელემ, მოპასუხის მიერ სხვა დამატებითი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის თავიდან ასარიდებლად, ცალკე დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, სადაც არ ფიქსირდებოდა ზედდება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ზედდებაშია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის უკანონო რეგისტრაციებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დადგინდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რადგან არ დადასტურდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული დარღვევა. ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებები კანონშესაბამისი იყო, გამოირიცხებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მ“, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ოდენობის ნაწილში და საბოლოოდ, ამ ნაწილში, მიყენებული ზიანის 1 900 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს „...-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 171 000 (ას სამოცდათერთმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადაწყვეტილების აღსრულებისას არსებული კურსით) ოდენობით; შპს „...-ს“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგისტრაციები განხორციელებულია კანონის უგულებელყოფით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო, რეგისტრაციების განხორციელებამდე სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა დაედგინა, აღნიშნულის გადამოწმების გარეშე, რეგისტრაციების განხორციელებით, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს შპს „...-ს“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის (3800 კვ.მ-ის ნაწილში) სხვა ადგილმდებარეობას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის დაძლევის პირობებში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის ალტერნატიული მდებარეობის მიუთითებლობა არ შეიძლება განიმარტოს შპს „...-ს“ ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების უკანონობის მიუხედავად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები, რადგან საქმეში დაცული სარეგისტრაციო მასალით დასტურდება, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან ზედდების მქონე მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციების შემდგომ განხორციელებულია რიგი ტრანზაქციები, ყველა მათგანთან მიმართებით საკუთრების უფლება გასხვისებულია სასყიდლიანი წესით. ამასთანავე, შემძენების კეთილსინდისიერება პრეზუმირებულია, მით უფრო იმის მხედველობაში მიღებით, რომ მათი კეთილსინდისიერების საკითხი მიმდინარე საქმეში სადავოდ არ გამხდარა და არც მათი რეგისტრაციების საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია გასაჩივრებულა.

პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავი სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების მიუხედავად, სადავო აქტების უკანონობის დადგენის პირობებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შპს „...-ს“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, საქმეში დაცული მასალების ურთიერთშეჯერებით დადგინდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში კანონშეუსაბამო ქმედებების განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების არსებითი დარღვევებით ჩატარება, რამაც, შედეგად, შპს „...-ს“ საკუთრების უფლების შელახვა გამოიწვია, კონკრეტულად, შპს „...-ს“ წაერთვა 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თავისი საკუთრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რაც მისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. მოსარჩელის სახელზე გაფორმებული მიწის ნაკვეთები (16 ერთეული) წარმოადგენს დაუზუსტებელ რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს. ამასთან, უძრავ ნივთებზე საკადასტრო მონაცემები არ არის დაცული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, შესაბამისად, ვერ დგინდება მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ექსპერტიზის 2018 წლის 10 ნოემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის წინამორბედი მესაკუთრის დაკვეთით, ი.მ. ვ.დ-ის მიერ 2007 წლის 24 მაისს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემები არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმას. შესაბამისად, 2007 წლის 24 მაისის მიწის ნაკვეთის საკადასტრო ზემომითითებული აზომვითი ნახაზი სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით და მის საფუძველზე, მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დადგენილი ზედდებაც არ ქმნიდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელემ დაკარგა კუთვნილი მიწის ფართობი, რაც ზიანის ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება საჯარო რეესტრს იმ პირობებში დაეკისრა, რომ სასამართლოს მიერ არ დადგენილა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. სასამართლოს სარჩელი არ დაუკმაყოფილებია მესამე პირების პირველადი რეგისტრაციების ბათილად ცნობის ნაწილში, შესაბამისად, არ არის დადასტურებული საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა. კასატორი ასევე არ ეთანხმება ზიანის ანაზღაურების ოდენობას და განმარტავს, რომ სასამართლომ მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით. ვინაიდან მიწის გადაცემა ემსახურებოდა ვალის დაფარვას, ზიანის არსებობის პირობებში, მოსარჩელის მიერ განცდილი დანაკლისი უნდა გამოთვლილიყო სწორედ სესხის თანხის პროპორციულად, უფრო კონკრეტულად, მიწის ნაკვეთი (16000 კვ.მ) მოსარჩელეს გადაეცა სესხისა და პროცენტების თანხის - 350880 ლარის დაფარვის მიზნით, ხელშეკრულების მიხედვით, 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულებად განისაზღვრა 21.93 ლარი, ხოლო ფართობი, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის კორექტირება მოხდა, შეადგენს 3800 კვ.მ-ს და მის ღირებულებად განსაზღვრული იყო 83334 ლარი, ანუ მიწის ნაკვეთის გადაცემით, ამ ოდენობის სესხი იქნა დაფარული. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა „ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის“ ხელშეკრულება, თუმცა იგი შეფასების გარეშე იქნა დატოვებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).

საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 2007 წლის 25 ოქტომბერს, ერთი მხრივ, გამყიდველ ნ.შ-ისა და მეორე მხრივ, მყიდველ შპს „...-ს“ შორის დაიდო უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რომლითაც შპს-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... მეურნეობაში მდებარე 1,60 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 29 ოქტომბერს უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა შპს „...“, უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი .... აღნიშნული საკადასტრო ერთეული მიღებულ იქნა 16 სხვა საკადასტრო ერთეულის გაერთიანების შედეგად (...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...;), რაც მიეთითა საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. საქმეში დაცული სარეგისტრაციო წარმოების მასალებით დგინდება, რომ გამყიდველმა ნ.შ-იმა ნაკვეთის გასხვისებამდე, 2007 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თავის საკუთრებაში არსებული 16 ერთეული მიწის ნაკვეთის გაერთიანება, ერთიანი ამონაწერისა და საკადასტრო რუკის გაცემა (ტ. 3, ს.ფ. 160). ნ.შ-ის მოთხოვნის საპასუხოდ, 2007 წლის 31 მაისს გაიცა ერთიანი ამონაწერი ... მეურნეობაში მდებარე 1,60 ჰა მიწის ნაკვეთზე, თუმცა დადგენილია, რომ ნ.შ-ის მოთხოვნის შესაბამისად მომზადებული, გაერთიანებული ნაკვეთის საკადასტრო რუკა სარეგისტრაციო მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამასთანავე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 აპრილის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, აღნიშნულ 16 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მესაკუთრეების - ნ.შ-ის ან შპს „...-ს“ სახელზე საკადასტრო გეგმა არ მომზადებულა (ტ. 3, ს.ფ. 295). ამ მოცემულობით, ნ.შ-მა 2007 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად, მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა შპს „...-ს“, რომელიც აღირიცხა მესაკუთრედ.

2011 წლის 23 მაისს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილ იქნა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება 2007 წლის 29 ოქტომბრის №... ამონაწერის შესაბამისად. 2011 წლის 24 მაისს მომზადდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ს/კ ..., 16 000 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართის 16 ერთეულ მიწის ნაკვეთზე (ტ.3, ს.ფ. 480).

დადგენილია, რომ 2011 წლის 6 ივლისს დაინტერესებულმა პირმა ჟ.ჟ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ... მეურნეობაში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო გეგმის გაცემის მოთხოვნით (ტ. 3, ს.ფ. 478). განმცხადებელს არ მოუთხოვია რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა, საზღვრების კორექტირება, მონაცემების დაზუსტება და ა.შ.. საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 ივლისის №... გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ფიქსირდებოდა ზედდება არსებულ და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის, რის გამოც წარმოება შეჩერდა (ტ. 3, ს.ფ. 484), ხოლო 2011 წლის 6 ოქტომბერს - შეწყდა (ტ. 3, ს.ფ. 486).

2013 წლის 16 აპრილს შპს „...-მ“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, განცხადებას დაერთო გაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა, რომ ჯერ დაზუსტებას საჭიროებდა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ფართი, ხოლო შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა დაყოფის რეგისტრაცია. დამატებით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო 2013 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... მეურნეობაში მდებარე 12 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „...-ს“ სახელზე დაზუსტებული მონაცემებით აღრიცხვის შესახებ, უძრავ ნივთს განესაზღვრა საკადასტრო კოდი ... (ტ.1, ს.ფ. 52). დადგენილია, რომ შპს-მ ვერ შეძლო დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლების აღრიცხვა 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, კონკრეტულ ტერიტორიაზე უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო.

საქმეში არსებული, ზედდების ამსახველი ნახაზების, ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 ნოემბრის №007797418 დასკვნისა და მასში ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ბიუროს 2020 წლის 14 აპრილის №5002132720 წერილის (ტ.4, ს.ფ. 266) საფუძველზე დასტურდება, რომ ი.მ. ვ.დ-ის მიერ 2007 წლის 24 მაისს მომზადებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი მოიცავს რეგისტრირებულ ნაკვეთებს, კერძოდ, ... ნაკვეთის 674 კვ.მ-ს; ... ნაკვეთის 394 კვ.მ-ს; ... ნაკვეთის 390 კვ.მ-ს; ... ნაკვეთის 150 კვ.მ-ს; ... ნაკვეთის 10 კვ.მ-ს; ... ნაკვეთის 35 კვ.მ-ს: ... ნაკვეთის 14 კვ.მ-ს; ... ნაკვეთს სრულად - 500 კვ.მ-ს; ... ნაკვეთის 499 კვ.მ-ს; ... ნაკვეთის 114 კვ.მ-ს; ... ნაკვეთის 900 კვ.მ-ს.

ამდენად, მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთს ზედდება დაუდგინდა 11 საკადასტრო ერთეულთან, კერძოდ: №..., №..., №...,, №..., №... , №..., №..., №..., №..., №... და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებთან. ამასთანავე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 ნოემბრის მომართვის თანახმად, 2013 წლის აპრილში განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეესაბამება 2007 წლის განაცხადზე №... საკადასტრო კოდზე დაცულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დასახელებული 11 საკადასტრო ერთეული ფარავს მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ მოსარჩელე ასაჩივრებს ზემოთ ჩამოთვლილ მიწის ნაკვეთებზე განხორციელებულ პირველად რეგისტრაციებს. მართალია, სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს 15 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებები კავშირშია სწორედ იმ 11 საკადასტრო ერთეულთან, რომლებიც მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთს ფარავენ. ამასთანავე, საქმეში დაცული სარეგისტრაციო მასალებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულ საკადასტრო კოდებთან მიმართებით პირველადი რეგისტრაციების შემდგომ განხორციელებულია არაერთი ტრანზაქცია, ყველა მათგანთან მიმართებით შეცვლილია თავდაპირველი მესაკუთრე სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე. მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს მესაკუთრეთა შეცვლის შემდგომ განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა, მათი არამართლზომიერების დადგენა, არამედ გასაჩივრებულია მხოლოდ პირველადი მესაკუთრეების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციების განხორციელების პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების მიხედვით, სააღრიცხვო ბარათი იყო სარეგისტრაციო წარმოების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ასახავდა უძრავი ნივთის საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემებს, რეგისტრირებული უფლებებისა და შესაბამისი უფლებების მქონე პირების უძრავი ნივთის დანიშნულების შესახებ დოკუმენტურ მონაცემებს. სააღრიცხვო ბარათი შეიცავდა მიწის ნაკვეთის დაზუსტებულ ან დაუზუსტებელ ფართობს („უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.2005 წ. კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვ.პ., მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვ.პ., საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ 70-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვ.პ.). აღსანიშნავია, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.2005წ. კანონში 11.05.2007წ. №4741–Iს კანონით შევიდა ცვლილებები და დამატებები, ამოღებულ იქნა მე-8 მუხლი, თუმცა №4741–Iს კანონის მესამე მუხლით განისაზღვრა, რომ მისი ამოქმედება უნდა მომხდარიყო გამოქვეყნებისთანავე, ამასთანავე, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, №4741–Iს კანონი გამოქვეყნდა 22.05.2007წ., ამდენად, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.2005წ. კანონიდან მე-8 მუხლის ამოღებასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდა 2007 წლის 22 მაისის შემდგომ, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებები იმთავითვე არ ასახულა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებულ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციაში“. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონში 11.05.2007წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად, გარდამავალმა დებულებებმა, კერძოდ, 33-ე მუხლის პირველმა პუნქტმა განიცადა მოდიფიცირება და ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრს 2007 წლის 1 აგვისტომდე „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. „ინსტრუქციაში“ ცვლილებები შეტანილ იქნა რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №313 ბრძანების შესაბამისად. აღნიშნული ცვლილებების შედეგად განსხვავებულად ჩამოყალიბდა „ინსტრუქციის“ 70-ე მუხლი. საგულისხმოა, რომ სწორედ ინსტრუქცია განსაზღვრავდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს და მარეგისტრირებელ ორგანოთა უფლებამოსილებას („ინსტრუქციის“ 1-ელი მუხ.). ამდენად, კანონში 2007 წლის მაისში განხორციელებული ცვლილებები ამოქმედებას შეძლებდა მხოლოდ 2007 წლის სექტემბრის შემდგომ, მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებებისა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის სამართლებრივი საფუძვლების დამდგენ დოკუმენტში - „ინსტრუქციაში“ ცვლილებების შეტანის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული 16 საკადასტრო ერთეულის გაერთიანებისას - 2007 წლის მაისში, დაშვებული იყო ნაკვეთის დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 25 მაისს ნ.შ-მა განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა არა მხოლოდ 16 ერთეული მიწის ნაკვეთის გაერთიანება, არამედ ერთიანი ამონაწერისა და საკადასტრო რუკის გაცემაც. ნ.შ-ის მოთხოვნის საპასუხოდ, 2007 წლის 31 მაისს გაიცა ერთიანი ამონაწერი ... მეურნეობაში მდებარე 1,60 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), თუმცა ნ.შ-ის მოთხოვნის შესაბამისად, გაერთიანებული ნაკვეთის საკადასტრო რუკა სარეგისტრაციო მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 აპრილის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, 16 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეების - ნ.შ-ის ან შპს „...-ს“ სახელზე საკადასტრო გეგმა არ მომზადებულა. ამდენად, ჯერ ნ.შ-იზე, ხოლო შემდგომში შპს-ს სახელზე 2007 წლის ამონაწერებში არსებული მითითების მიუხედავად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 16 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „...-ს“ სახელზე აღირიცხა დაზუსტებული მონაცემებით, თუმცა აღნიშნული, საკასაციო პალატის შეფასებით, არ ადასტურებს ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობას.

უძრავ ნივთებზე უფლებათა წარმოშობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, მიწა შეიძლებოდა არსებულიყო საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 14.11.1996წ. კანონი (ძალადაკარგულია 28.12.2005წ. №2635 კანონით) ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.2005წ. კანონის პირველადი რედაქცია (ძალადაკარგულია 2009 წლის 13 იანვრიდან 19.12.2008წ. №820 კანონით) ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია“ (ძალადაკარგულია 2010 წლის 20 იანვრიდან) ასევე უთითებდა დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის შესაძლებლობაზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.2008წ. კანონის საფუძველზე მიღებული, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №87 ბრძანებით) 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებდნენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

ამდენად, კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევდა მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვის შესაძლებლობას და არ შეიცავდა დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნების მიზნით დაუზუსტებელი რეგისტრაციის სავალდებულოდ დაზუსტების დანაწესს. კოორდინატთა ელექტრონული სისტემის შემოღების შემდგომ, დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე მესაკუთრე ინარჩუნებდა საკუთრებას და უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო უფლების ისეთივე დაცვით, როგორც დაზუსტებული რეგისტრაციის მქონე მესაკუთრე.

ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მთლიანობაში მოწოდებულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (სუსგ ბს-367-363(კ-12); 28.02.2013წ.). საკასაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ 2007 წელს მოსარჩელე შპს „...-ს“ საკუთრებაში აღირიცხა 16000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით, შემდგომში - 2013 წელს შპს-მ შეძლო დაზუსტებული მონაცემებით საკუთრებაში აღერიცხა მხოლოდ 12200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენ 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვერ მოხდა მონაცემის დაზუსტება, კონკრეტულ ტერიტორიაზე სხვა პირთა საკუთრებაში მყოფი საკადასტრო ერთეულების აღრიცხვის გამო. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გატარებული ზომების შედეგად, პირზე რიცხული უძრავი ქონება გამოუყენებადი ხდება, ქონების ფლობის სამართლებრივი უფლება ფორმალურად შპს-ს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელია სხვა პირებზე რეგისტრაციის გამო. ამდენად, საკუთრების შესახებ ფორმალური ჩანაწერის არსებობის მიუხედავად, მოსარჩელის უფლებას ეცლება ობიექტი და უფლება კარგავს განხორციელებადობას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავოდ გამხდარი რეგისტრაციები განხორციელებულია კანონის უგულებელყოფით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო რეგისტრაციების განხორციელებამდე სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა დაედგინა, აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციების განხორციელებით მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს შპს „...-ს“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის (3800 კვ.მ-ის ნაწილში) სხვა ადგილმდებარეობას. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთი 16 საკადასტრო ერთეულის გაერთიანების შედეგად წარმოიშვა, მარეგისტრირებელ ორგანოს შეეძლო გაერთიანებამდე არსებული 16 ნაკვეთის მდებარეობის დადგენა მის მიერვე მითითებული მიწის განაწილების გეგმის და ამ 16 ერთეულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით შედგენილი, სარეგისტრაციო მასალებში დაცული გეგმა/ნახაზების მეშვეობით. ის გარემოება, რომ 10.11.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ი/მ ვ.დ-ის მიერ 2007 წელს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემები არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმას, არ ადასტურებს მიწის ნაკვეთის სხვა ტერიტორიაზე მდებარეობას ან მისი მდებარეობის დადგენის შეუძლებლობას, რადგან განაწილების გეგმაზე ნაკვეთები ასახულია განსხვავებული დაყოფით. ხოლო ნაკვეთების გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბებული 16000 კვ.მ ფართის მქონე ახალი საკადასტრო ერთეული ვერ იქნებოდა შესაბამისობაში განაწილების გეგმაზე ასახულ 1000 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთებთან. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქმეში აგრეთვე დაცულია ი/მ ვ.დ-ის მიერ 24.05.2007წ. შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საკადასტრო ნახაზი დატანილია ორთოფოტოზე, რომელიც სავსებით აღქმადს ხდის 16000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარეობას (ტ. 3, ს.ფ. 158, 159). დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული 12200 კვ.მ მიწის ნაკვეთის მდებარეობა აგრეთვე თავსებადია აღნიშნულ მონაცემთან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის ალტერნატიული მდებარეობის მიუთითებლობა არ შეიძლება განიმარტოს შპს „...-ს“ ინტერესების საწინააღმდეგოდ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა ემტკიცებინა მიწის ნაკვეთის არა მოსარჩელის მიერ მითითებულ, არამედ სხვა ადგილზე მდებარეობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საჯარო რეესტრი ვალდებული იყო სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე გამოეკვლია ტერიტორიაზე სხვა რეგისტრაციის არსებობა, სზაკ-ის 95-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე ევალებოდა დაინტერესებული მხარისათვის - შპს „...-სთვის“ ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის, მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.

საქმის მასალებით, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება ზედდების არსებობა, ხოლო საქმის მასალებით იკვეთება, რომ იმ 16 ერთეული მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციები, რომელთა გაერთიანების და შემდგომში გასხვისების შედეგად დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრება, ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა სადავო გადაწყვეტილებების მიღებას, სადავო საკადასტრო ერთეულებზე პირველადი რეგისტრაციების განხორციელებას. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა ამ მიმართულებით მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გამოიკვლია გარემოებები და შესაბამისად, სრულად უგულებელყო №... საკადასტრო კოდის საფუძვლად და შემდგომში, უშუალოდ ამ კოდზე განხორციელებული რეგისტრაციები, რამაც, საბოლოოდ, სადავო გადაწყვეტილებების მართლწინააღმდეგობა განაპირობა.

ამასთან, ის გარემოება, რომ გასაჩივრებული არ ყოფილა უფლებადამდგენი დოკუმენტები, არ ადასტურებს სადავო აქტების მართლზომიერებას, რადგან მოსარჩელე სადავოდ ხდის არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა საკუთრების უფლების არსებობას, არამედ მიწის ნაკვეთთან მდებარეობას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების მხედველობაში მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების უკანონობის მიუხედავად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები, რამეთუ საქმეში დაცული სარეგისტრაციო მასალით დასტურდება, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან ზედდების მქონე მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციების შემდგომ განხორციელებულია რიგი ტრანზაქციები, ყველა მათგანთან მიმართებით საკუთრების უფლება გასხვისებულია სასყიდლიანი წესით. ამასთან, შემძენები კეთილსინდისიერად მიიჩნევა, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მათი კეთილსინდისიერების საკითხი მიმდინარე საქმეში სადავოდ არ გამხდარა და არც მათი რეგისტრაციების საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია გასაჩივრებულა.

სანივთო უფლების კეთილსინდისიერი შეძენა, ობიექტურად არამართლზომიერი ხასიათის მიუხედავად, საკანონმდებლო დაცვას მოკლებული არ არის. კეთილსინდისიერი არამართლზომიერი შემძენი მიიჩნევა ნივთზე უფლებამოსილ პირად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების ინტერესების დაცვის მიზნით. კეთილსინდისიერად არ მიიჩნევა შემძენი, თუ მისთვის ცნობილია ისეთი გარემოებები, რომლებიც ბრუნვის საშუალო მონაწილეს ეჭვს აღუძრავდა უფლების ნამდვილობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მოქმედებს წინდახედულობის გონივრული მასშტაბი: შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც სცილდება მისი შესაძლებლობის ფარგლებს. ეს ფარგლები მოძრავ და უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სხვადასხვაა. სკ-ის 185-ე მუხლი უფლების შემძენს მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერის შემოწმების ვალდებულებას აკისრებს და ადგენს, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. დამატებითი მოთხოვნები უძრავ ნივთზე სანივთო უფლების შემძენს არ წაეყენება (სუსგ №ბს-287-279(კ-13); 03.06.2014წ.). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ სადავო აქტების არამართლზომიერების მიუხედავად, შემძენთა კეთილსინდისიერების პირობებში, გამოირიცხება სადავო აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობა, მით უფრო იმის მხედველობაში მიღებით, რომ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობით, მოსარჩელის ინტერესი მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნების, მისი დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ, ვერ მიიღწევა შემდგომი განკარგვისა და რეგისტრაციების ძალაში ყოფნის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიებს, პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, ზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მასალების ურთიერთშეჯერებით დადგინდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში კანონშეუსაბამო ქმედებების განხორციელება, საკითხის გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების არსებითი დარღვევებით ჩატარება, რამაც, შედეგად, შპს „...-ს“ საკუთრების უფლების შელახვა გამოიწვია. ძალაში მყოფი რეგისტრაციის არსებობის მიუხედავად, მოსარჩელემ, ფაქტობრივად, დაკარგა უფლების ობიექტი - 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რითაც მოესპო ფორმალურად არსებული საკუთრების პრაქტიკული რეალიზების, უფლების განხორციელების შესაძლებლობა. ნაკვეთით დანიშნულებისამებრ სარგებლობის შეუძლებლობა კი გულისხმობს საკუთრების არსებით შეზღუდვას, რადგან სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე არსებული საკუთრება აზრს კარგავს და იძენს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს (სუსგ №ბს-426(კ-19); 14.07.2020წ.). შესაბამისად, სახეზეა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ ნაკვეთთან გადაფარვის მქონე მიწის ნაკვეთებზე არსებული პირველადი რეგისტრაციები, ამასთან, სადავო არ არის მიწის ნაკვეთების შემდგომი მესაკუთრეების კეთილსინდისიერება, მათი რეგისტრაციები თუ უფლებაწარმომშობი დოკუმენტები. ამდენად, გამოირიცხება მოსარჩელის უფლების აღდგენის შესაძლებლობა 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, შესაბამისად, სკ-ის 409-ე მუხლიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს ზიანის მიმყენებლისთვის ფულადი კომპენსაციის დაკისრებით, თუმცა დავის გადაწყვეტა საჭიროებს მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენას.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის ორი დასკვნა სადავო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.11.2015წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ... მეურნეობაში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ. №...) 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 45 აშშ დოლარს (გაცვლითი კურსი - 2,4051); შპს „თ...-ის“ 23.02.2024წ. შეფასების დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ... მეურნეობაში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 500 ლარით, ღირებულება დადგინდა 2024 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ 2013 წელს შეძლო თავის საკუთრებაში არსებული 16000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ ნაწილის - 12200 კვ.მ მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტება, რის შემდგომაც დაიწყო დავა დარჩენილ 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებით და 2014 წლის 4 დეკემბერს აღძრა სარჩელი სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილია სწორედ უძრავ ნივთზე (3800 კვ.მ) უფლების აღდგენის შეუძლებლობის საფუძვლით. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის აღძვრის დროისათვის წარდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.11.2015წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის 171 000 (ას სამოცდათერთმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადაწყვეტილების აღსრულებისას არსებული კურსით, მაგრამ არანაკლებ 2,4051 ოდენობით) ანაზღაურების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 31.03.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.03.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე