დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-67 (კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.დ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.დ-ემ 16.03.2022 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარის და მატერიალური ზიანის სახით 20 000 (ოცი ათასი) ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.2022 წლის განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.2025 წლის გადაწყვეტილებით დ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.2025 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სკ-ის 413-ე, 1005.3 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები. პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული საკმაოდ მძიმე შეზღუდვების არამართლზომიერება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ.დ-ისათვის წაყენებული ბრალდების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა და მოპასუხისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციული იყო და ექცეოდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
სააპელაციო პალატამ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე დ.დ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით უნდა დაკისრებოდა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული იყო უკანონო მსჯავრდების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, დ.დ-ესა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ ნ.ა-ეს შორის 10.01.2018 წელს დადებული იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ ნ.ა-ემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა მსჯავრდებულ დ.დ-ის ინტერესები თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ანაზღაურების წესსა და პირობებზე, კერძოდ, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას დ.დ-ეს ადვოკატისთვის უნდა გადაეხადა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი დადგენილი სასჯელისაგან გათავისუფლებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში კი - 20 000 (ოცი ათასი) ლარი, უკანონო დაპატიმრებისა და დევნის შედეგად მიღებული კომპენსაციიდან. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 18.03.2019 წლის განაჩენში დ.დ-ის ადვოკატად მითითებული იყო ნ.ა-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მატერიალური ზიანის ოდენობა და ამ ნაწილში არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დ.დ-ისათვის საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება იყო მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციული და ექცეოდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე საქალაქო სასამართლოში გაწეულ ადვოკატის მომსახურების ხარჯს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილი პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაუქვემდებარა ანაზღაურებას. პალატამ მიუთითა, რომ დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, გონივრული იყო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ოდენობით განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
კასატორმა - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკ-ის 413-ე, 992-ე, 1005.3 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან გაუფრთხილებელი, უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არის სასამართლოს კომპეტენცია.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები, სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტი, აღნიშნული უკანონოდ ვერ გადააქცევს მანამდე შესრულებულ მოქმედებებს. კასატორმა მიუთითა, რომ დ.დ-ე საბოლოოდ დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში, რომელიც შეეხებოდა დეზერტირობას. მართალია, ამ ნაწილში მასზე გავრცელდა ამნისტია, თუმცა კასატორის მოსაზრებით, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა რეაბილიტაციის საფუძველს. კასატორი უზენაესი სასამართლოს 24.10.2024 წლის №ბს-426(კ-24) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დ.დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იგი ნაწილობრივ გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლით, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, მხოლოდ ამ მუხლით ბრალდების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო დ.დ-ის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გენერალური პროკურატურის მიმართ არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების წინაპირობების ერთობლიობა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიმართ დაუსწრებლად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მას მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინის ფარგლებში მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა, ამასთან, მას არ ჰქონდა ისეთი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობასთან იქნებოდა დაკავშირებული და განუზომელ ზიანს მიაყენებდა მას ციხეში ყოფნის დროს. კასატორის მოსაზრებით, მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე. ამდენად, კასატორი თვლის, რომ პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრება არაგონივრულია და არ გამომდინარეობს სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
რაც შეეხება პროკურატურისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას, კასატორმა მიუთითა, რომ მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის ანაზღაურების დროს მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობდა.
ამასთან, კასატორი არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეზე გაღებული ადვოკატის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას და მიიჩნია, რომ ვინაიდან დ.დ-ის სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო საპროცესო ხარჯების პროკურატურისთვის დაკისრებაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, დ.დ-ის მიმართ 08.07.2003 წელს დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 15.05.2003 წლის დადგენილებით, დ.დ-ე დაუსწრებლად მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და 389-ე მუხლის პირველი ნაწილით. ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 15.05.2003 წლის ბრძანებით დ.დ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა სამი თვის ვადით.
დ.დ-ის მიმართ 24.12.2007 წელს შედგენილ იქნა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმად, დ.დ-ეს ბრალად ედებოდა: 1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; 2. ძარცვა - სხვისი მოძრავი ’ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; 3. გამოძალვა - სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; 4. საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; 5. დეზერტირობა - სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.12.2009 წლის №1/141-09 განაჩენით, დ.დ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ამავე განაჩენით, 29.11.2007 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დ.დ-ე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ დ.დ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
19.03.2018 წელს დ.დ-ე ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.12.2009 წლის №1/141-09 განაჩენი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 18.03.2019 წლის განაჩენით მსჯავრდებულ დ.დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.12.2009 წლის განაჩენში შევიდა ცვლილება, დ.დ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. დ.დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ამავე განაჩენით, 29.11.2007 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დ.დ-ე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 30.03.2021 წლის განჩინებით პროკურორ ზ.ც-ას, ასევე დაზარალებულების - ფ.გ-ისა და ს.გ-ის საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 18.03.2019 წლის განაჩენზე, არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აღნიშნული მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ.დ-ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა წარდგენილ ყველა ბრალდებაში, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა (დეზერტირობა - სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ამასთან, 29.11.2007 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა ჯერ კიდევ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.12.2009 წლის №1/141-09 განაჩენით.
ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების საგანია პირის ნაწილობრივი გამართლება წარმოშობს თუ არა მის მიერ უკანონო ბრალდების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების რომელიმე ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ადასტურებს ამ ნაწილში პირის უდანაშაულობას, რაც, ზოგადი წესის თანახმად, ქმნის აღნიშნულ ეპიზოდში პირის გამართლებულად მიჩნევის საფუძველს. თუმცა, საგულისხმოა, რომ ნაწილობრივი გამართლებისაგან განსხვავებით, სრულად გამამართლებელი განაჩენის მარეაბილიტირებელ გარემოებად კვალიფიცირება განპირობებულია სწორედ იმ ფაქტორით, რომ ასეთ პირობებში დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული საპროცესო ღონისძიებების უსაფუძვლობა, რამაც შედეგობრივად ბრალდებულში ნეგატიური განცდებისა და სტრესული მდგომარეობის წარმოშობა, მისი საქმიანი რეპუტაციის, ღირსებისა თუ პატივის შელახვა გამოიწვია. სისხლისსამართლებრივი გაგებით პირის ნაწილობრივი გამართლება ავტომატურად არ წარმოშობს ამ ნაწილში მისი რეაბილიტაციის თვითკმარ საფუძველს, რამდენადაც ასეთ პირობებში, გამოსარკვევია, ბრალდების მხარის მიერ განხორციელებული საპროცესო ღონისძიებები მიმართული იყო უშუალოდ ბრალდების რომელიმე კონკრეტული ეპიზოდის მიმართ თუ იგი საერთო იყო ბრალდების მთლიანი ფორმულირებისათვის, ასევე, ბრალდების ის ეპიზოდი, რომელშიც პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, საკმარისი იყო თუ არა პირის მიმართ კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის. ამასთან, რეაბილიტაციის წინაპირობების არსებობის ჭრილში, ნიშანდობლივია უშუალოდ ბრალდების ფორმულირებაც, კერძოდ, რა კონკრეტული დანაშაულების ჩადენაში ედება პირს ბრალი და რა ურთიერთმიმართება არსებობს ბრალდებით მოცული დანაშაულის შემადგენლობებს შორის (იხ. სუსგ 24.10.2024 წლის საქმე №ბს-426(კ-24)).
განსახილველ შემთხვევაში დ.დ-ეს ბრალი წარედგინა თვისობრივად განსხვავებულ დანაშაულთა ჩადენაში, ამასთან, იგი გამართლდა ყველა წარდგენილ ბრალდებაში, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარდგენილი ბრალდებისა. საკასაციო პალატა თვლის, რომ დ.დ-ის მიმართ გამოტანილი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი განსახილველ შემთხვევაში ქმნის მარეაბილიტირებელ გარემოებას, ვინაიდან რომ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის წარდგენილი ბრალდება, დ.დ-ეს არ მოუწევდა პატიმრობაში ყოფნა 2018 წლის 19 მარტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 18.03.2019 წლის განაჩენის გამოტანამდე, რამდენადაც მოსარჩელე ჯერ კიდევ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.12.2009 წლის №1/141-09 განაჩენით, 29.11.2007 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 04.06.2015 წლის საქმე №ბს-485-474(2კ-14)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სკ-ის 413-ე მუხლის მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე მითითება. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის პროცესში, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით და აქვს ფართო მიხედულების ფარგლები, ხოლო სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილებებში ზიანის სახით ანაზღაურებული თანხის ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტულ სიტუაციაში ზიანის სახით დასაკისრებელი თანხის ზოგად სტანდარტად. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ 08.04.2009 წლის საქმე №ბს-972-936(3კ-08)).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, მართალია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში, თუმცა კონვენციის მითითებული მუხლი პირს არ ანიჭებს კომპენსაციის უფლებას კონკრეტული ოდენობის თანხაზე (Şahin Çağdaş v. Turkey, 2006, §34). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე პატიმრობაში იმყოფებოდა 2018 წლის 19 მარტიდან 2019 წლის 19 მარტამდე, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოპასუხისათვის დაკისრებული მორალური ზიანის გონივრულობაზე. კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ამ მხრივ არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება), შესაბამისად არ არსებობს მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. პალატა მიუთითებს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით (სუსგ 07.02.2019 წლის საქმე №ბს-432-429(2კ-17)). ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება (სსსკ-ის 38.5 მუხ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის მიერ ადვოკატის საკუთარი ხარჯით აყვანა (სსსკ-ის 91.1 მუხ.) არ გამორიცხავს მომავალში, ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში, ამ თანხის იმ სუბიექტის მიერ ანაზღაურებას, რომლის ქმედებებმაც წარმოშვა ბრალდებულის მიერ კონკრეტული ხარჯის გაწევის საჭიროება. სათანადო მოთხოვნის არსებობისას სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს გამართლებულისათვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საკითხზე (სუსგ 07.02.2019 წლის საქმე №ბს-432-429 (2კ-17)). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობა იმთავითვე არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას უკეთუ აშკარაა, რომ პირის უფლების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია (სუსგ 17.01.2019 წლის საქმე №ბს-809-805(3კ-17), 07.02.2019 წლის საქმე №ბს-432-429(2კ-17)).
საქმეში დაცულია დ.დ-ესა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ ნ.ა-ეს შორის 10.01.2018 წელს დადებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, ნ.ა-ემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა მსჯავრდებულ დ.დ-ის ინტერესები თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ხელშეკრულების მე-4 მუხლით კი მხარეები შეთანხმდნენ ანაზღაურების წესსა და პირობებზე, კერძოდ, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას დ.დ-ეს ადვოკატისთვის უნდა გადაეხადა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი დადგენილი სასჯელისგან გათავისუფლებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში კი - 20 000 (ოცი ათასი) ლარი, უკანონო დაპატიმრებისა და დევნის შედეგად მიღებული კომპენსაციიდან. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 18.03.2019 წლის განაჩენში დ.დ-ის ადვოკატად მითითებულია ნ.ა-ე. ამდენად, მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები (გადახდის ქვითრები), თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ.დ-ე ნამდვილად სარგებლობდა საადვოკატო მომსახურებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურების ხარჯი ანაზღაურებას გონივრულობის ფარგლებში ექვემდებარება. სასამართლო ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში იღებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების საფასური იმთავითვე არ ქმნის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის ოდენობის მოწინააღმდეგე მხარეზე დაკისრების საფუძველს. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება (სუსგ 18.09.2024 წლის საქმე №ბს-61(2კ-24)). განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი ვერ ასაბუთებს სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული მომსახურების გამო ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეზე დაკისრებული თანხის ოდენობის არაგონივრულობას და გაწეულ მომსახურებასთან შეუსაბამობას.
რაც შეეხება მიმდინარე ადმინისტრაციულ დავაზე სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ნ.ა-ე. შესაბამისად, დასტურდება მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ საქმეზე გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული საადვოკატო მომსახურებისთვის. ამდენად, საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო დავის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ასევე სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების პირობებში მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯის 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე