არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-274(კს-26) 10 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ნ.ჩ-ე, თ.ჩ-ე, თო.ჩ-ე და ლ.ჩ-ე
მოსარჩელე - ა.ფ-ე
მოპასუხეები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 24 მარტს ა.ფ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ნ.ჩ-ე. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. არარად იქნეს ცნობილი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, შ-ეების საკრებულოს 1993 წლის 30 აპრილს №12 გადაწყვეტილება ნ.ჩ-ის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე, როგორც გამოცემული არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ და კანონსაწინააღმდეგო; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების 1996 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ნ.ჩ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე და სხვა აქტები, რომლის მიხედვითაც ნ.ჩ-ეს შეერჩა მიწის ნაკვეთი და შემდგომ გადაეცა, როგორც მართლსაწინააღმდეგო, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს; 3. გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება, ნ.ჩ-ეზე, თ.ჩ-ეზე, თო.ჩ-ეზე, ლ.ჩ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2 100 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ, გამოცემული როგორც კანონსაწინააღმდეგო და მისი მომზადებისა და გამოცემის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; 4. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 თებერვლის №51 განკარგულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო; 5. დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისად ა.ფ-ის საკუთრებაში აღიარებული იქნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...ში მდებარე ს/კ ... -ის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ... .
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ.ჩ-ე, თო.ჩ-ე და ლ.ჩ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 თებერვლის N51 განკარგულება ა.ფ-ეზე 1 497 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის კოოპერაციული სასოფლო სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების 1996 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ნ.ჩ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, ა.ფ-ის მიერ მოთხოვნილი 1 497 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის ... გადაწყვეტილება ნ.ჩ-ეზე, თ.ჩ-ეზე, თო.ჩ-ეზე, ლ.ჩ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2 100 კვმ. მიწის ნაკვეთის, ს.კ. ... რეგისტრაციის შესახებ, ა.ფ-ის მიერ მოთხოვნილი 1 497 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა - არარად იქნეს ცნობილი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, შ-ეების საკრებულოს 1993 წლის 30 აპრილს N12 გადაწყვეტილება ნ.ჩ-ის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისად ა.ფ-ის საკუთრებაში აღიარებული იქნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფ. ...ში მდებარე ს.კ. ... -ის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 100 კვმ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. ... . აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა.ფ-ემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ასევე, ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, განსახილველად იქნა მიღებული ა.ფ-ის სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ის და ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10 (ათი) დღის ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ის და ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.ჩ-ემ, თ.ჩ-ემ, თო.ჩ-ემ და ლ.ჩ-ემ, რომელებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ის და ლ.ჩ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით, ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება და საქმე ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 102-ე, 103-ე, 134-ე, 368-ე, 372-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აპელანტები თავიანთ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრეს ხარვეზი, აფუძნებენ საფოსტო ქვითარზე და მასზე ხელნაწერ თარიღზე - 12.08.2024, რომელიც აპელანტების განმარტებით ადასტურებს, რომ მათ საპროცესო მოქმედება შეასრულეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატის განმარტებით, საფოსტო კონვერტი/ქვითარი ავთენტიკურად რომ იქნეს მიჩნეული, იგი უნდა შეიცავდეს იმ ფოსტის დასახელებას ან საიდენტიფიკაციო ნომერს, რომლის საშუალებითაც მოხდა საპროცესო დოკუმენტაციის სასამართლოში წარდგენა, ორგანიზაციის ბეჭედს/შტამპს, სარეგისტრაციო ნომერს (გზავნილის კოდს). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საფოსტო ქვითარზე მითითებული იყო ხელით შესრულებული წარწერა - 12.08.2024, რაც აპელანტების განმარტებით წარმოადგენდა ფოსტისთვის საპროცესო დოკუმენტაციის გადაცემის თარიღს, თუმცა საფოსტო ქვითარზე ასევე შესამჩნევია „თარიღის“ გასწვრივ შავი მარკერით გადაშლილი ველი, რაც ქვითრის ავთენტიკურობას ეჭვქვეშ აყენებს. გარდა ამისა, საფოსტო ქვითარი არ შეიცავდა სხვა არანაირ რეკვიზიტს (მათ შორის არც საფოსტო დაწესებულების სახელწოდებას), რაც სასამართლოს მისცემდა მისი ნამდვილობის შემოწმების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ საფოსტო ქვითარზე არ იყო მითითებული ფოსტის დასახელება ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი/მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემი, დოკუმენტის ავთენტიკურობისა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით პალატის მიერ გადადგმულ იქნა ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ: ორჯერ მოსამართლის თანაშემწის მიმართვით ეთხოვათ აპელანტებს წარმოედგინათ იმ ფოსტის შესახებ ინფორმაცია, რომლითაც აპელანტებმა ხარვეზის დადგენის თაობაზე საპროცესო დოკუმენტაცია წარმოადგინეს სასამართლოში. პირველი მიმართვა უპასუხოდ დარჩა, ხოლო მეორეზე წარმოადგინეს განცხადება, რომელშიც განმარტავდნენ, რომ არ იცოდნენ ფოსტის დასახელება და კონკრეტული მისამართი, სადაც ფოსტა მდებარეობდა. ამის შემდეგ აპელანტების წარმომადგენელმა წარმოადგინა არა ინფორმაცია იურიდიული პირის შესახებ (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან), რომლითაც პალატას შესაძლებლობა ექნებოდა მოეხდინა ფოსტის იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოეთხოვა საჭირო ინფორმაცია, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ „...“ გვერდის ფოტოასლი, რომელიც ნაწილობრივ შეიცავდა ინფორმაციას ფოსტის შესახებ. ამასთან, 2025 წლის 16 სექტემბერს სასამართლომ მიიღო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, რაც ჩაბარდა ფოსტის თანამშრომელს, თუმცა სასამართლოს განჩინება არ შესრულდა. აღნიშნულის შემდგომ, აპელანტების წარმომადგენელს დაევალა წარმოედგინა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი შპს „...ის“ რეგისტრაციის შესახებ. აგრეთვე, ნ.ჩ-ეს, თ.ჩ-ეს, თო.ჩ-ეს, ლ.ჩ-ეს დაევალათ წარმოედგინათ ინფორმაცია/ცნობა/რეგისტრაციის ჟურნალის ამონაწერი მასზედ, თუ როდის ჩააბარეს შპს „...ას“- ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სასამართლოს დავალების შესასრულებლად ნ.ჩ-ეს, თ.ჩ-ეს, თო.ჩ-ეს, ლ.ჩ-ეს განესაზღვრათ ვადა - 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. მათვე განემარტათ, რომ სასამართლოს დავალების დადგენილ ვადაში (2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით) შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუმცა აპელანტებმა (აპელანტის წარმომადგენელმა) არ შეასრულეს სასამართლოს დავალება და განმარტეს, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ეჭვი შეეტანა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში და დაეწყო მისი გადამოწმება მაშინ, როდესაც საკასაციო სასამართლოს განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სწორედ ნ. , თ. , თო. და ლ.ჩ-ეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ადმინისტრაციული საქმე.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, სანდო და ავთენტიკური მტკიცებულებით ვერ დასტურდება სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტების მიერ საპროცესო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ვინაიდან საფოსტო ქვითარი, რაც თან ერთვის საპროცესო დოკუმენტაციას, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არქონის გამო, არ შეიძლება შეფასდეს მტკიცებულებითი ღირებულების მქონედ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინეს ნ.ჩ-ემ, თ.ჩ-ემ, თო.ჩ-ემ და ლ.ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მათ ჩაბარდათ 2024 წლის 2 აგვისტოს და დადგენილ 10 დღიან ვადაში - 2024 წლის 12 აგვისტოს შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი და ფოსტას ჩააბარეს გზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის გადასაცემად, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარმოდგენილია საქმეში. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მტკიცებულებები 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებაში გაიზიარა უზენაესმა სასამართლომ და საქმე დაუბრუნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ იგივე მოტივით და საფუძვლით 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 27 მაისის განჩინებით, ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინება, რომლის თანახმად, ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატა მითითებული განჩინების მიღებისას არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ სანდო და ავთენტიკური მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული ხარვეზის შევსების მიზნით, სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტების მიერ საპროცესო დოკუმენტაციის წარდგენა, ვინაიდან საფოსტო ქვითარი, რაც თან ერთვის საპროცესო დოკუმენტაციას, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არქონის გამო, არ შეიძლება შეფასდეს მტკიცებულებითი ღირებულების მქონედ. თავის მხრივ, კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსეს ხარვეზი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარმოდგენილია საქმეში. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მტკიცებულებები 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებაში გაიზიარა უზენაესმა სასამართლომ და საქმე დაუბრუნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით, ნ., თ., თო. და ლ.ჩ-ეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება და საქმე ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება კი გულისხმობს განმხილველი სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ გარემოებების, საფუძვლების დამატებით კვლევას, უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლო ინსტანციას, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების/გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომელიც არ იყო მოძიებული და შესწავლილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ, საკასაციო სასამართლო უთითებს ამგვარ გარემოებაზე და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებაში მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის ბეჭდით 2024 წლის 27 აგვისტოს რეგისტრირებულ ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარსა და თანდართულ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, ბაჟის გადახდის ქვითარზე (დათარიღებული 12.08.2024წ. საგადასახადო დავალება N3050) და გზავნილზე (გზავნილი დათარიღებულია - 12.08.2024წ.). აღსანიშნავია, რომ მითითებული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2024 წლის 27 აგვისტოს, ანუ მას შემდეგ, რაც სააპელაციო პალატის მიერ უკვე მიღებული იყო 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული არ ყოფილა. ამდენად, მართალია დოკუმენტები სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო 2024 წლის 27 აგვისტოს, თუმცა ვინაიდან მათზე ფიქსირდებოდა სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის ბოლო კალენდარული დღე - 2024 წლის 12 აგვისტო, საკასაციო პალატამ სწორედ ამ გარემოებებზე მითითებით, გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება და საქმე ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინების მიღების შემდგომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დამატებით გამოიკვლია ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 24 თებერვალს წერილით მიმართა ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეებს, მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, იმ ფოსტის სრული დასახელებისა და ადგილმდებარეობის (მისამართი) შესახებ ინფორმაციის გადაგზავნის თაობაზე, რომელიც მათ მიერ გამოყენებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დოკუმენტების (დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის) გადასაგზავნად. აღნიშნული მიმართვა გაეგზავნათ აპელანტებს და ჩაბარდა ერთ-ერთ აპელანტს და დანარჩენი აპელანტების ოჯახის წევრს თო.ჩ-ეს 2025 წლის 4 მარტს, თუმცა აპელანტების მიერ სააპელაციო სასამართლოს არ მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. 2025 წლის 1 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ანალოგიური შინაარსის წერილით მიმართა ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეებს და მოთხოვნილი ინფორმაციის გადასაგზავნად განუსაზღვრა ვადა 5 დღის ოდენობით, გზავნილის ჩაბარებიდან. აღნიშნული მიმართვა გაეგზავნათ აპელანტებს და ჩაბარდა ერთ-ერთ აპელანტს და დანარჩენი აპელანტების ოჯახის წევრს თო.ჩ-ეს 2025 წლის 2 აპრილს, რომელმაც 2025 წლის 7 აპრილს (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი: 2025 წლის 8 აპრილი) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და აცნობა, რომ ფოსტა მდებარეობდა ბათუმში, ...ის ქუჩაზე, თუმცა ზუსტი მისამართი მისთვის არ იყო ცნობილი. აღნიშნულის შემდგომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ნ., თ., თო. და ლ .ჩ-ეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, დანიშნა სასამართლო სხდომა, რომელზეც აპელანტების წარმომადგენელს დაევალა საფოსტო დაწესებულების შესახებ ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდება. 2025 წლის 20 ივნისს აპელანტების წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა „...ის“ „...“ გვერდის ფოტოასლი, სადაც მითითებული იყო ფოსტის საკონტაქტო ნომრები და ელ. ფოსტის მისამართი. 2025 წლის 2 ივლისს და 11 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ წერილებით მიმართა შპს „...ას“, რომელსაც ეთხოვა სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ როდის ჩაბარდა ფოსტას ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ეთხოვა წარედგინა გზავნილის ფოსტაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული წერილების ადრესატისთვის ჩაბარების ორი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, მესამედ გაგზავნილი წერილი შპს „...ას“ ჩაბარდა 2025 წლის 18 აგვისტოს, თუმცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არ იქნა წარდგენილი. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2025 წლის 16 სექტემბერს მიღებულ იქნა განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, რომლის თანახმად, შპს „...დან“ (მის: ქ. ბათუმი, ...ის ქ. №...) გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია - თუ როდის ჩაბარდა შპს „...ას“ ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ის და ლ.ჩ-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აგრეთვე, გამოთხოვილ იქნა ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ის და ლ.ჩ-ის მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შპს „...ში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (რეესტრი/რეგისტრაციის ჟურნალი) ასლის სახით, სათანადოდ დამოწმებული ფორმით. მითითებული განჩინება შპს „...ას“ ჩაბარდა 2025 წლის 1 ოქტომბერს, თუმცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არ იქნა წარდგენილი. აღნიშნულის შემდგომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, კვლავ დანიშნა სასამართლო სხდომა, რომელზეც აპელანტებს დაევალათ წარედგინათ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი შპს „...ის“ რეგისტრაციის შესახებ, ასევე, ინფორმაცია/ცნობა/რეგისტრაციის ჟურნალის ამონაწერი მასზედ, თუ როდის ჩაბარდა შპს „...ას“ ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სასამართლოს დავალების შესასრულებლად ნ.ჩ-ეს, თ.ჩ-ეს, თო.ჩ-ეს, ლ.ჩ-ეს განესაზღვრათ ვადა - 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. მათვე განემარტათ, რომ სასამართლოს დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 2025 წლის 16 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში აპელანტების წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნა შპს „...ის“ შესახებ ამონაწერისა და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, რომლითაც დადგინდება თუ როდის გადაეცა ფოსტას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მოკლებული იყო საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაცია უკვე წარმოდგენილი იყო საქმეში და მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია უზენაეს სასამართლოს.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინების გათვალისწინებით, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია, მათ შორის საფოსტო გზავნილი, რომელზეც მართალია მითითებული იყო ხელნაწერი თარიღი - 2024 წლის 12 აგვისტო, თუმცა გზავნილზე ასევე იყო შავი მარკერით გადაშლილი ველი. გარდა ამისა, საფოსტო ქვითარი არ შეიცავდა სხვა არანაირ რეკვიზიტს, მათ შორის არც საფოსტო დაწესებულების სახელწოდებას, რაც სასამართლოს მისცემდა მისი ნამდვილობის შემოწმების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატამ არაერთხელ მიმართა წერილებითა და განჩინებებით აპელანტებს და მის წარმომადგენელს ჯერ საფოსტო დაწესებულების დასახელებისა და მისამართის მოძიების მიზნით, ხოლო შემდგომ, დოკუმენტაციის ფოსტისთვის ჩაბარების შესახებ ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, ასევე მიემართა საფოსტო დაწესებულებასაც, დაინიშნა სასამართლო სხდომები, თუმცა სასამართლოს არაერთი მცდელობის მიუხედავად საფოსტო კომპანიის მიერ სათანადო წესით დამოწმებული ინფორმაცია ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტაციის მათთვის გადაცემის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. ამგვარი ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოსთვის არც აპელანტებს წარუდგენიათ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას იმის თაობაზე, რომ მათი მტკიცებულებები 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებაში გაიზიარა უზენაესმა სასამართლომ და ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნა საფუძველს მოკლებული იყო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლო ინსტანციას, 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებაში საკასაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია), რომელიც არ ყოფილა შეფასებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე და საქმე სწორედ დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. აღნიშნული კი არ ათავისუფლებდა აპელანტებს/კერძო საჩივრის ავტორებს სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთვისგან, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მათივე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისთვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, მითითებული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და არც კერძო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინება ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ის და ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტ თო.ჩ-ეს და ამავდროულად, დანარჩენი აპელანტების ოჯახის წევრს ჩაბარდა 2024 წლის 2 აგვისტოს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღე იწურებოდა 2024 წლის 12 აგვისტოს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის ბეჭდით 2024 წლის 27 აგვისტოს რეგისტრირებული ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია, კერძოდ, ბაჟის გადახდის ქვითარი (დათარიღებული 12.08.2024წ) და საფოსტო გზავნილი, რომელზეც მითითებულია ხელნაწერი თარიღი 12.08.2024წ, თუმცა ასევე აღინიშნება შავი მარკერით გადაშლილი ველი და საფოსტო ქვითარი არ შეიცავს სხვა არანაირ რეკვიზიტს, მათ შორის არც საფოსტო დაწესებულების სახელწოდებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე განხორციელებული საპროცესო მოქმედებების მიუხედავად, აღნიშნული საფოსტო გზავნილის ავთენტურობა ვერ იქნა დადგენილი/დადასტურებული. ამგვარი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტებს/კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ და აღნიშნული არც კერძო საჩივარს ერთვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2019წ. №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილება). ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 17). კონკრეტული საპროცესო ღონისძიების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გონივრულად მიჩნეული საპროცესო ვადით შემოფარგვლა თავსდება სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნათა კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოში, ხოლო ვადის გაშვების შემთხვევაში სასამართლოს უარი პროცესის მონაწილე პირის უფლების რეალიზაციაზე ან/და კონკრეტული საპროცესო ღონისძიების განხორციელებაზე არ იწვევს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ავტომატურ შელახვას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუზღუდავად გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასდროს პოვებდა საბოლოო გადაწყვეტას. საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 26-27). სასამართლოსთვის მიმართვისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების ხელოვნური გაფართოების შესაძლებლობის დაშვება, განსაკუთრებით შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ეჭვქვეშ დააყენებს თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების არსს (სუსგ Nბს-164(კს-24), 18.06.2025წ.).
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების საპროცესო უფლების კანონით დადგენილ ვადაში რეალიზება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით მართებულია, რის გამოც, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჩ-ის, თ.ჩ-ის, თო.ჩ-ისა და ლ.ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე