დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 14.09.2004
საქმის ნომერი
ას-396-687-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.09.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-396-687-04 14 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,თ. კობახიძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „ს.-ს“ სარჩელი მოპასუხე სს „ა.-ის“ მიმართ 551.449 ლარის გადახდევინების თაობაზე უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლო კოლეგიას 2003წ. 12 თებერვალს განცხადებით მიმართა სს „ს.-მ“ და ითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის დადგენილებას, რომლითაც გაუქმდა გენერალური პროკურატურის 1999წ. 4 აგვისტოს დადგენილება. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გაუქმდა შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის ე. ა.-ს 1997წ. 25 ივლისის დადგენილების მე-2 პუნქტი ნ. ა.-ის, ი. ბ.-ისა და ა. გ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მათ მიერ თანამდებობრივი დანაშაულის ჩადენის ეპიზოდში (სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით) საქართველოს 1995წ. 2 ივნისის „ამნისტიის შესახებ“ კანონის მეორე პუნქტის საფუძველზე. იმავე დადგენილების მეორე პუნქტით კი უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ნ. ა.-ისა და ი. ბ.-ის მიმართ მათ მიერ მისი გამოყენების მიზნით ყალბი დოკუმენტის გაკეთებისა და ამ დოკუმენტის გამოყენების ეპიზოდში (სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე და 214-ე მუხლების პირველი ნაწილები), საქართველოს 1995წ. 2 ივნისის „ამნისტიის შესახებ“ კანონის მეორე პუნქტისა და სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის საფუძველზე.

იმავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ა. გ.-ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა სს „ს.-ს“ დირექტორი გ. ტ.-ის საჩივარი. გაუქმდა გენერალური პროკურატურის შს ორგანოებში სს დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი პროკურორის ლ. ს.-ის 1999წ. 4 აგვისტოს დადგენილება ნ. ა.-ის, ი. ბ.-ისა და ა. გ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ნაწილში, ე.ი. ამ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები.

რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული დადგენილება გააუქმა შემდეგი მოტივებით:

ნ. ა.-ის და ი. ბ.-ის მიმართ ყალბი საბუთის დამზადება-გამოყენების ეპიზოდში პროკურორმა ისე გაავრცელა 1995წ. 2 ივნისის ამნისტიის აქტის მოქმედება, რომ დასახელებული პირებისაგან არ გააჩნდა სათანადო თანხმობა.

პროკურორმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა. გ.-ის ქმედებას, რომელმაც ფირმა „ბ.-ზე“ 1996წ. 27 აგვისტოს ერთი და იმავე ნომრით გასცა ორი სხვადასხვა შინაარსის საგარანტიო წერილი, მაშინ, როდესაც მას ასეთის გაცემის უფლება არ ჰქონდა.

აღნიშნული დადგენილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2003წ. 16 იანვრის განჩინებით და სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაუგზავნა გენერალურ პროკურატურას.

სასამართლო კოლეგიამ სს „ს.-ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

სს „ს.-მ“ საკასაციო საჩივარი შეიტანა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 მარტის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „ს.-ს“ განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 სექტემბრის განჩინებით სს „ს.-ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 14 მარტის განჩინება. დაკმაყოფილდა სს „ს.-ს“ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.

საკასაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ გენერალური პროკურატურის 1999წ. 4 აგვისტოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ჯერ საქმის წარმოების განახლებას, შემდეგ კი _ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის დადგენილებით. ამჟამად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

საქმის წარმოების განახლების თაობაზე სს „ს.-ს“ განცხადების ხელახალი განხილვისას სასამართლო კოლეგიას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა სს „ბ.-ის“ წარმომადგენელმა, ადვოკატმა გ. ს.-მ; მან შუამდგომლობაში მიუთითა, ახლად აღმოჩენილად მიჩნეულ იქნა ის გარემოება, რომ გაუქმებული გადაწყვეტილების დასაბუთების საფუძველი იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის 1999წ. 4 აგვისტოს დადგენილება, რომელიც რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მან მოითხოვა, ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მის განხილვას აბრკოლებს ამ ეტაპზე პარალელურად წარმოებული სისხლის სამართლის საქმის იურიდიული შედეგის არარსებობა. ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შეიძლება დადგენილი იქნეს ისეთი გარემოებები, რომელთაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მოცემული სამოქალაქო საქმის სწორად გადაწყვეტაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 მარტის განჩინებით შეჩერდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე ¹2\ა-44-2004 წ. სს „ს.-ს“ სარჩელის გამო სს „ბ.-ის“ მიმართ თანხის გადახდევინების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე _ ყალბი დოკუმენტის გაკეთება მისი გამოყენების მიზნით და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით ნ. ა.-ისა და ი. ბ.-ის მიმართ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სასამართლო კოლეგიამ მოცემული საქმის წარმოება შეაჩერა იმ საფუძვლით, რომ „ს.-ს“ პრეზიდენტის ნ. ა.-ისა და „ბ.-ს“ დირექტორის ი. ბ.-ის მიერ ყალბი დოკუმენტის (სესხის ხელშეკრულება) გაკეთება მისი გამოყენების მიზნით და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, ხოლო განსახილველ საქმეში მოთხოვნის საფუძველია სს „ი.-ა“ „ს.-ს“ გამგობის თავმჯდომარე ნ. ა.-ისა და ი. ბ.-ს შორის 1993წ. 31 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულება, ამიტომ სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების სიყალბის ფაქტის დადგენისათვის აუცილებელია შეჩერდეს მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სს „ს.-ს“ დირექტორმა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 9 მარტის განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვა სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმება. მისი კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლოს მოპასუხის შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან ეს საკითხი განხილულია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2003წ. 17 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 მარტის განჩინება და საქმე დაბრუნდა ხელახალი განხილვისათვის იმავე კოლეგიაში. სასამართლო კოლეგიამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 1999წ. 4 აგვისტოს დადგენილება გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის დადგენილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 16 იანვრის განჩინებით. უზენაესმა სასამართლომ საქმე ძიებაში დააბრუნა შემდეგი გარემოებების დასადგენად: იყო თუ არა „ა.-ი“ კერძო სამართლის სუბიექტი. ა. გ.-ე, ნ. ა.-ი და ი. ბ.-ი თანამდებობის პირები იყვნენ თუ არა. სასამართლოს მოცემული საქმე ძიებაში არ დაუბრუნებია „ს.-ს“ ანგარიშიდან “კ.-ის“ ანგარიშზე ფულის გადარიცხვის ფაქტის დასადგენად. ყოველივე ეს ძიებით უტყუარადაა დადგენილი და სისხლის სამართლის საქმის მასალებშია მოცემული (ამაზე არსებობს ავიზოს დედანი, სადაც ჩანს ფულის მოძრაობის ფაქტი). კერძო საჩივარში მითითებულია, რომ ამ საკითხში სამოქალაქო დავის განხილვასა და მის წარმოებას არანაირად არ აბრკოლებს პარალელურად სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

მოპასუხეს საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობა უნდა დაეყენებინა მოსამზადებელ სხდომაზე, რაც მან არ გააკეთა და დაარღვია სსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნა. არ მიუთითა იმ საპატიო მიზეზზე, თუ რატომ წარადგინა ეს შუამდგომლობა მთავარ სხდომაზე. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, მოპასუხეს ამისათვის საპატიო მიზეზი გააჩნდა თუ არა. სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსკ-ის 285-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან განჩინებაში საერთოდ არ მიუთითა სხდომის მ.-ის გვარი და სახელი. დაირღვა ასევე სსკ-ის 238-ე, 289-ე მუხლების მოთხოვნები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 მარტის განჩინებით სს „ს.-ს“ წარმომადგენლის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სს „ს.-ს“ აქციონერის ნ. კ.-ის სახელზე სააქციო საზოგადოების დირექტორის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული და გაფორმებული მინდობილობა. ამიტომ ნ. კ.-ე არ იყო უფლებამოსილი სს „ს.-ს“ სახელით გაესაჩივრებინა განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. სასამართლო კოლეგიამ ასევე ვერ იმსჯელა არაუფლებამოსილი პირის შუამდგომლობაზე კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. სასამართლო კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია. სასამართლო კოლეგიამ მოპასუხის შუამდგომლობა განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის გამოც განჩინებაში მ.-ის ვინაობა ვერ იქნებოდა მითითებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 16 იანვრის განჩინებით საქმე ძიებაში დააბრუნა მხოლოდ იმის დასადგენად, იყო თუ არა „ა.-ი“ კერძო სამართლის სუბიექტი, ა. გ.-ე, ნ. ა.-ი და ი. ბ.-ი თანამდებობის პირები იყვნენ თუ არა.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 16 იანვრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ „საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლოს დადგენილების მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ გამოძიების განახლებისას სრულყოფილად უნდა შემოწმდეს 1993წ. 27 აგვისტოს მდგომარეობით იყო თუ არა „ა.-ი“ კერძო სამართლის სუბიექტი. იყვნენ თუ არა ა. გ.-ე, ნ. ა.-ი, ი. ბ.-ი თანამდებობის პირები, სწორი სამართლებრივი შეფასებები უნდა მიეცეს მათ ქმედებებს, უნდა შესრულდეს სასამართლოს დადგენილების სხვა მითითებებიც, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

სსკ-ის 279-ე მუხლში მოცემულია საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო საფუძვლები. ამ მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამდენად, სასამართლოს მხარეთა განცხადების გარეშეც, მხოლოდ თავისი ინიციატივით შეეძლო მოცემული საქმის წარმოების შეჩერება. მაგრამ, სანამ სასამართლო საქმის წარმოებას შეაჩერებდეს, ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო კოლეგიამ 2004წ. 9 მარტის განჩინებაში მიუთითა, რომ სასამართლოების მიერ წინასწარ გამოძიებაში დაბრუნებული სისხლის სამართლის საქმე ეხება სს „ს.-ს“ პრეზიდენტის ნ. ა.-ისა და „ბ.-ს“ დირექტორის ი. ბ.-ის მიერ ყალბი დოკუმენტის (სესხის ხელშეკრულების) გაკეთებას მისი გამოყენების მიზნით და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტის დადგენას, განსახილველ სამოქალაქო საქმეში კი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სს „ი.-ა“ „ს.-ს“ გამგეობის თავმჯდომარე ნ. ა.-ისა და ი. ბ.-ს შორის 1993წ. 31 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულება. სწორედ ამ სესხის ხელშეკრულების სიყალბის ფაქტის დადგენისათვის მიიჩნია სასამართლო კოლეგიამ მიზანშეწონილად სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად გამოიყენა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიას არ ჰქონდა უფლება საქმის წარმოების შეჩერების საკითხი გადაეწყვიტა სასამართლო სხდომის გარეშე და უნდა შეედგინა სასამართლო სხდომის ოქმი. სსკ-ის 279-283-ე მუხლები არეგულირებენ საქმის წარმოების შეჩერების წესს და პირობებს. ზემოაღნიშნულ მუხლებში არსად არ არის მითითებული, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება საქმის წარმოების შეჩერების საკითხი გადაწყვიტოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

სსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო ოქმის შედგენის სავალდებულობა. ამ ნორმის თანახმად სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ, აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები, ოქმის შედგენა სავალდებულოა. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერების საკითხი განიხილა მხარეთა მონაწილეობის გარეშე.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კოლეგიას საქმის წარმოების შეჩერებისას კანონი არ დაურღვევია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს.-ს“ აქციონერი ნ. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 მარტის და 29 მარტის განჩინებები.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.