შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 12.07.2010
საქმის ნომერი
2კ-81აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

81აპ-10 ქ. თბილისი

12 ივლისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირ ი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ჩ-ას, გ. გ-ის და თ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ა. გ-მა თბილისში, ქ-ის ქუჩაზე მდებარე ბარ „----ში» გაიცნო ა. ხ-ა და იმ დღიდან მათ შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. მოგვიანებით ა. გ-მა მას სიყვარული აუხსნა. აღნიშნულის შემდეგ ა. გ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ა. ხ-ას ადრე ჰყავდა შეყვარებული გ. ჩ-ი, რომელიც მას აყენებდა შეურაცხყოფას და უვრცელებდა სხვადასხვა ჭორს. ამით გაღიზიანებულმა ა. გ-მა გადაწყვიტა შურისძიება და გ. ჩ-ის მოკვლა. დასახული მიზნის განსახორციელებლად მან ა. ხ-ას გამოართვა გ. ჩ-ის მობილური ტელეფონის ნომერი, ხოლო გოგონას უთხრა, რომ სურდა ურთიერთობის გარკვევა და გასაუბრება. ამის შემდეგ ა. გ-მა დაურეკა გ. ჩ-ს, უთხრა, რომ იყო ა. ხ-ას საქმრო და ურთიერთობის გასარკვევად სურდა მასთან შეხვედრა, რაზედაც გ. ჩ-ი დასთანხმდა და შეთანხმდნენ შეხვედრაზე 2008 წლის 28 მარტს, 20 საათზე, თბილისის ¹ საჯარო სკოლასთან. ა. გ-მა მას ასევე უთხრა, რომ შეხვდებოდა თავის ერთ-ერთ მეგობართან ერთად და შესთავაზა, მასაც ვინმე წამოეყვანა.

2008 წლის 28 მარტს ა. გ-ი დაუდგენელ პირთან ერთად შეიარაღდა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღებით, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ და ატარებდნენ. მათ ჯგუფურად გადაწყვიტეს, შური ეძიათ გ. ჩ-ზე. ამ მიზნით ისინი დაიმალნენ თბილისში, ბ-ის ქ. ¹3-ის სადარბაზოში. შეთანხმებისამებრ, ტელეფონის გამოყენებით ა. გ-მა შეიტყუა გ. ჩ-ი და მისი თანმხლები პირები ზემოაღნიშნულ ადგილზე, კერძოდ: 2008 წლის 28 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, გ. ჩ-თან სატელეფონო საუბრისას, ა. გ-მა შეიტყო, რომ გ. ჩ-ი მეგობრებთან ერთად უკვე ელოდა დათქმულ ადგილზე. ა. გ-მა მას უთხრა, რომ თითქოს მოდიოდა სამარშრუტო ტაქსით და სთხოვა, დალოდებოდნენ ფ-ის ¹31-ში არსებულ „არკაში», სადაც მართლაც მივიდნენ გ. ჩ-ი, გ. რ-ი და კ. მ-ე. ა. გ-მა ისინი შეიტყუა ბ-ის ქუჩის ¹3-თან და თანმხლებ პირთან ერთად, განზრახ მოკვლის მიზნით, მათი მიმართულებით გაისროლეს. მათ გ. ჩ-სა და კ. მ-ეს არაახლო მანძილიდან მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო გ. რ-ს, მიუხედავად მცდელობისა, დაზიანება ვერ მიაყენეს, რადგან მან სროლისას შეძლო მიმალვა. სროლების შედეგად ა. გ-მა და მისმა თანმხლებმა პირმა ეზოში მდგარ, ი. ნ-ის კუთვნილ „შკოდა ოქტავიას» მარკის ავტომანქანას მიაყენეს დაზიანებები, რითიც დაზარალებულ ი. ნ-ეს მიადგა 250 ლარის მატერიალური ზიანი. განზრახვის განხორციელების შემდეგ ბოროტმოქმედები მიიმალნენ, ხოლო დაჭრილები გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად სიკვდილს გადარჩნენ.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 ლარი, რომლის მოხდისაგან იგი გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე; მას სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე» და მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 9 თვე და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 აპრილიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა _ ნ. ჩ-ამ და გ. გ-მა. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და ა. გ-ის გამართლება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ნ. ჩ-ა და გ. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე და საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები ა. გ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად; საქმეში არ არის პირდაპირი მოწმე _ უშუალო თვითმხილველი და ა. გ-ის დანაშაულებრივი ქმედების შემსწრე; არ არსებობს დანაშაულის იარაღი, როგორც ნივთმტკიცება.

კასატორთა განმარტებით, სასამართლომ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებს შორის მიიჩნია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიც, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ფაქტს, რომ იმ ადგილზე მოხდა დანაშაული და ვერაფრით ვერ ადასტურებს ა. გ-ის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას, რადგან შემთხვევის ადგილზე ვერც ერთი მტკიცებულება _ თითის ანაბეჭდი, სისხლის კვალი, რაიმე საგანი _ ვერ ამოიღეს; დაზარალებულებმა ვერ ამოიცნეს ა. გ-ი; გ. ჩ-ის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც მათ ესროდნენ, იყვნენ ტანდაბლები, მსჯავრდებული კი ლამის ორი მეტრი სიმაღლისაა და საკმაოდ ჩაფსკვნილიც. ა. გ-მა მხოლოდ ა. ხ-ასთან (და არა _ მეგობრებთან) აიღო თავის თავზე გ. ჩ-ის დაჭრა და დაიბრალა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რადგან არასრულწლოვნობის ასაკის დამახასიათებელია „თავის გამოჩენის სინდრომი».

რაც შეეხება სატელეფონო საუბრების კრებსებს, მათ მტკიცებულებითი ხასიათის დამადასტურებელი _ სპეციალისტის ან თანამდებობის პირის ხელმოწერა არა აქვს; გამოძიებას, სპეციალისტთან ერთად, საქართველოს სსსკ-ის 333-ე, 338-ე და 339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ მოუხდენია ფონოგრამის დათვალიერება, მოსმენა, მისი ტექსტობრივი გაშიფრვა და არ შეუდგენია სათანადო ოქმი; გამოძიებას არ დაუდასტურებია აღნიშნული მიყურადების შედეგად მიღებული ტექსტის ჭეშმარიტება ფირზე არსებულის იდენტიფიკაციის სახით, ანუ მასზე არ ჩატარებულა ფონოტოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა ა. გ-ის საუბარს; ფარული მიყურადების ფურცლებზე მოსაუბრეთა ვინაობა გამოძიებას დადგენილი აქვს თავიანთი შეხედულებით, სინამდვილეში კი მოცემული ტელეფონებით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ მათ მფლობელებს, არამედ _ პირთა ფართო წრეს, ვისაც კი ხელი მიუწვდება ამ ტელეფონზე, რეალურ მფლობელთან ნათესაური, მეგობრული თუ სხვა კავშირებიდან გამომდინარე; მსჯავრდებულის ჩვენებით, დანაშაულის დღეს მისი ტელეფონი ჰქონდა მეგობარს _ ი. კ-ეს, ხოლო ნომერი, რომლითაც სარგებლობდა ა. გ-ი, გაფორმებულია ვინმე მ. გ-ზე, მსჯავრდებულის მამიდაზე და გარკვეულ პერიოდში მისი ოჯახის წევრებიც სარგებლობდნენ ამ ნომრით; სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა უარყოფითი პასუხი გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ა. გ-ის ხმა სატელეფონო საუბრებისას მათ მიერ მოსმენილი ხმის იდენტური. გამოძიებას თავიდანვე უნდა ჩაეტარებინა ფონოსკოპიური ექსპერტიზა. საქმეს არ ახლავს თითქოსდა ა. გ-ის საუბრის ჩანაწერი ფონოგრამის დისკის სახით, რომელიც დაცვას მისცემდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას, რადგან აღნიშნული მტკიცებულება უკანონოდ და უსაფუძვლოდ განადგურდა და ამით მოგებულნი დარჩნენ რეალური დამნაშავეები, რომელთა მიმართ დაიკარგა სამხილი; ყოველივე ეს იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარდა მიკერძოებულად, ცალმხრივად და მტკიცებულება შეგნებულად განადგურდა; სსსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ» და „დ» ქვეპუნქტებით, ყოველივე დაუშვებლად უნდა იყოს მიჩნეული, ვინაიდან მტკიცებულება მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით და პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი.

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ბრალდებას მტკიცებულების სახით მითითებული აქვს ბალისტიკური ექსპერტიზა, მაშინ, როდესაც იარაღი არ ამოღებულა, სახეზე არა გვაქვს ნივთმტკიცება, გაურკვეველია, რომელი იარაღიდანაა ნასროლი ტყვიები, ვისი იყო იარაღი, რომელ თავდამსხმელს ეჭირა, რომელი იარაღი იხმარა ა. გ-მა (თუ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე), ვის მიერაა თითოეული დაზარალებული დაჭრილი. ვარაუდითაც კი არ მოიაზრება, ა. გ-ის გასროლილი ტყვია გ. ჩ-ს მოხვდა თუ _ კ. მ-ეს. მსჯავრდებულს არც იარაღი ჰქონია და არც გამოუყენებია; ბრალდება ვერ უთითებს, თუ რა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად მსჯავრდებულს; მისი ბინის ჩხრეკისას ვერ ამოიღეს ვერანაირი სამხილი; თუ არ არსებობს ა. გ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება, გამორიცხულია მის მიერ სსკ-ის 188-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის არსებობაც.

გარდა აღნიშნულისა, საქმეშია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებიც, კერძოდ: საქმე აღიძრა 2008 წლის 28 მარტს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს 1-ელ განყოფილებაში; 2008 წლის 23 აპრილს ეს საქმე აღმოჩნდა თბილისის შს მთავარი სამმართველოს წარმოებაში, რითიც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნები ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ; საქმეში კი არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა მიზეზითა და მიზნით გადაეცა საქმე ერთი უწყებიდან მეორეს; ვინაიდან არასრულწლოვან ა. გ-ს ბრალდება წარედგინა სსსკ-ის 281-ე მუხლის მოთხოვნათა აშკარა დარღვევით, რადგან ბრალდების წასაყენებლად არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, დაცვამ დააყენა შუამდგომლობა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ, რომლის პასუხადაც მოვიდა თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების დეტექტივის თანაშემწის, გამომძიებელ მ. ჩ-ის 2008 წლის 29 აპრილით დათარიღებული დადგენილება ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ა. გ-ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით; საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ» ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა განეკუთვნება პროკურორის კომპეტენციას და პოლიციის გამომძიებელს ასეთ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნია; გარდა ამისა, გამომძიებელი თავისი მსჯელობით, სასამართლო გამოძიების გარეშე, წინასწარ აცხადებს ა. გ-ს დამნაშავედ, რითიც დარღვეულია სსსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნა უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ.

დაზარალებულ გ. ჩ-ის ჩვენებით, 2008 წლის 28 მარტს მას დაუკავშირდა ვინმე „ი.», რომელსაც შეუთანხმდა ფ-ის ქუჩაზე შეხვედრაზე; აღნიშნული ემთხვევა ა. გ-ის ჩვენებას, რომ დანაშაულის დროს იგი სიცხიანი სახლში იწვა, ხოლო მისი მობილური ტელეფონი დროებით წაღებული ჰქონდა თავის მეგობარ ი. კ-ეს; გამოძიებას არ სურს დაიჯეროს ი. კ-ის არსებობა და ა. გ-ის გარდა, არც არავის დადგენა და დანაშაულში მხილება აინტერესებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ასეთი პირები პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდებიან. სს საქმის მე-3 ტომში არსებულ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს უფროსის _ გ. ხ-ის წერილებში აღნიშნულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გ. ჩ-ისა და სხვათა მკვლელობის მცდელობა ა. გ-მა ჩაიდინა გ. ჟ-ასა და ვინმე „პ-სთან» ერთად, თუმცა გამომძიებლებს მათ პასუხისგებაში მისაცემად არაფერი გაუკეთებიათ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ა. გ-ი თურმე დანაშაულის ჩადენამდეც ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რაც დადასტურებული ყოფილა არასრულწლოვანი მოწმეების _ ა. და ნ. ბ-ეების ჩვენებებით; ეს ჩვენებები არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს, რადგან სასამართლო გამოძიებისას დადასტურდა, რომ წინასწარ გამოძიებაში მათზე განხორციელდა ზეწოლა, რის შესახებაც სასამართლოს წერილობითი განცხადებით მიმართა ა. და ნ. ბ-ეების კანონიერმა წარმომადგენელმა _ დედამ; მაგრამ, თუ ვირწმუნებთ, რომ იარაღი ნამდვილი იყო, მაშინ ბიწაძეები მის ტარებაში ამხელენ არა ა. გ-ს, არამედ _ მათ საერთო ნაცნობ „ი-ს», რომელმაც სახლიდან ჩაიტანა იარაღი და რომლის ვინაობითაც გამოძიება საერთოდ არ დაინტერესებულა, ე.ი. გამოძიება შეგნებულად არ ეძებს რეალურ დამნაშავეს.

კასატორთა განცხადებით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული; ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი, ასევე _ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები; გულდასმით უნდა შემოწმდეს ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატები _ ნ. ჩ-ა და გ. გ-ი ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ა. გ-ის გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ი» ქვეპუნქტის შესაბამისად, პროკურორი უფლებამოსილია ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. მოცემულ შემთხვევაში საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოს (ტ. 4, ს.ფ. 1) და უსაფუძვლოა კასატორთა მითითება ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე.

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა გასაჩივრებული განაჩენი, მოპოვებული და გამოკვლეულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული ა. გ-ის მიერ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» და მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

მსჯავრდებული არ უარყოფს, რომ მომხდარის წინა დღეს ტელეფონით ესაუბრა გ. ჩ-ს, გაეცნო როგორც ა. ხ-ას მეგობარი და სთხოვა, გოგონასათვის თავი დაენებებინა, თუმცა მეორე დღეს გ. ჩ-ს არ შეხვედრია.

გ. ჩ-ის განმარტებით, სატელეფონო საუბრისას უცნობმა პირმა უთხრა, რომ იყო ა. ხ-ას საქმრო და უნდა ვისაუბროთო. შეთანხმდნენ შეხვედრაზე. მეორე დღეს გ. ჩ-ი ტელეფონის იმავე ნომერზე რამდენჯერმე დაუკავშირდა უცნობს, რადგან ეს უკანასკნელი დათქმულ ადგილზე არ დახვდა. შემდეგ უცნობმა უთხრა, რომ ¹ სკოლასთან შესულიყვნენ არკაში. იქ მისვლისას სადარბაზოდან გაისმა სროლის ხმები და ტყვია მოხვდა ფეხში, მუხლთან. მოგვიანებით იმავე პიროვნებამ, ტელეფონის იმავე ნომრიდან დაურეკა და მოიკითხა _ ფეხი როგორ გაქვს, შევრიგდეთო.

ანალოგიური ჩვენება მისცა დაზარალებულმა კ. მ-ემ და ასევე მიუთითა, რომ ტყვიები მოხვდა ხელ-ფეხში.

მოწმე ა. ხ-ა მიუთითებს, რომ ა. გ-მა უამბო მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ კონკრეტული დეტალების მითითებით, რაც ემთხვევა დაზარალებულთა ჩვენებებს და უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და რაც შეიძლებოდა სცოდნოდა მხოლოდ დამნაშავეს. მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის გადმოცემით, იგი და მისი თანამზრახველი იდგნენ სადარბაზოში, სიბნელეში, სადარბაზოს ორი გასასვლელი ჰქონდა და ისე რომ არც უსაუბრიათ, ესროლეს გ. ჩ-ს და მის მეგობრებს. საგულისხმოა, რომ ა. ხ-ა ჩვენებით მომხდარი ფაქტისთანავე, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე დაუკავშირდა ა. გ-ი და უამბო ჩადენილი დანაშაულის თაობაზე, ხოლო პოლიციას დანაშაულის შესახებ შეატყობინეს 23 საათსა და 51 წუთზე. ამასთან, ა. გ-მა ა. ხ-ას სთხოვა გაერკვია, რამდენი პირი იყო დაჭრილი.

ა. ხ-ას ჩვენებების ობიექტურობა დასტურდება მოწმეების _ ნ. და ა. ბ-ეების განმარტებებით. რაც შეეხება მათზე ზეწოლას, რაზეც აპელირებენ კასატორები, ამგვარი საქმეზე დაკითხულმა ყველა პირმა უარყო.

სატელეფონო საუბრების კრებსების ობიექტურობა დასტურდება არაერთი მოწმის, მათ შორის ნაწილობრივ თავად მსჯავრდებულის ჩვენებებითაც. ეს უკანასკნელი არ უარყოფს, რომ დანაშაულის შესახებ ა. ხ-ას უყვებოდა ტელეფონით, ხოლო საქმის წინასწარი გამოძიებისას მას ამოუღეს ტელეფონის ის ნომერი, რომელსაც იყენებდა და რომელიდანაც თავდაპირველად დაუკავშირდა გ. ჩ-ს. დაკითხული სხვა პირებიც ადასტურებენ მომხდართან დაკავშირებით ა. ხ-ასა და ა. გ-ს შორის ხშირ სატელეფონო საუბრებს.

ის, რომ საქმის გამოძიებისას ვერ იქნა ამოღებული დანაშაულის იარაღები მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს, რადგან აშკარაა დანაშაულის ჩასადენად ორი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება (ტ. 1, ს.ფ. 117-120).

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს გაუფრთხილებელი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი, ა. გ-ის თუ მისი თანამზრახველის მიერ ნასროლი ტყვიით დაზიანდა ავტომანქანა, შესაბამისად, დაუდგენელია მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულის ქმედებასა და შედეგს შორის. ამის გამო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ა. გ-ის სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ა. გ-ის ნასამართლობის შესახებ, რადგან მის მიმართ განაჩენი გამოტანილია 2008 წლის 23 აპრილს _ ბოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ. შესაბამისად, ა. გ-ს დანაშაული არ ჩაუდენია გამოსაცდელ ვადაში და სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, გაეუქმებინა პირობითი მსჯავრი. აღსანიშნავია, რომ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში ა. გ-ს მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 13 თებერვლიდან იმავე წლის 16 თებერვლამდე (ტ. 4, ს.ფ. 67-70) და მას მოსახდელი ჰქონდა 3 წელი, 8 თვე და 27 დღე, ნაცვლად განაჩენში მითითებული 3 წლის და 9 თვისა.

აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვან ა. გ-ისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მას მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» და მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით დანიშნული აქვს სასჯელი მინიმუმი, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 8 თვით, ხოლო მე-2 ნაწილით _ 3 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საბოლოო სასჯელი განსაზღვრულია განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით და მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

გასაჩივრებული განაჩენით არასწორად გადაწყდა ცალკეულ ნივთმტკიცებათა საკითხი, კერძოდ, საქმის წინასწარი გამოძიებისას ამოღებული 9 მასრა და 4 ტყვიის გულა, რომლებიც ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, უნდა ინახებოდეს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვიამასროთეკაში, რადგან დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღები ვერ იქნა აღმოჩენილი, ხოლო მსჯავრდებულის თანამონაწილე დაუდგენელი პირის მიმართ საქმე გამოყოფილია ცალკე წარმოებად.

განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ჩ-ას, გ. გ-ის და თ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ა. გ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად დანაშაულის გამოსაცდელ ვადაში ჩადენის შესახებ;

ა. გ-ს განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე _ 3 (სამი) წლით, 8 (რვა) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ა. გ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

ნივთმტკიცებები _ 9 მასრა და 4 ტყვიის გულა ინახებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვიამასროთეკაში;

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.