შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№124აპ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი
ჯ-ე ზ.- 124აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ზ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 338–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 18 წელი, 5 თვე და განაჩენთა ერთობლიობით ზ. ჯ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 25 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2012 წლის 9 ოქტომბრიდან.
(თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით ზ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით; 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით; სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ზ. ჯ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან – 5 წელი, სსკ-ის 236-ე მუხლით შეფარდებული სასჯელიდან – 1 წელი, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან – 2 წელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ზ. ჯ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად).
ზ. ჯ-ეს მსჯავრი დაედო მოხელის მიერ პირდაპირ ფულის, ქონებრივი სარგებლის მოთხოვნასა და მიღებაში თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება–მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზ. ჯ-ე 2006 წლის 17 თებერვლიდან მუშაობდა თბილისის ვაკე–საბურთალოს შს სამმართველოს პოლიციის მე–5 განყოფილების გამომძიებლად, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო მოხელეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებდა გამოძიებას ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
2007 წლის 15 ივნისს ზ. ჯ-ემ ი. ი-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება №... სისხლის სამართლის საქმეზე, ი. ი-ის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2007 წლის 19 ივლისს ზ. ჯ-ემ გამოიტანა დადგენილება ო. შ-ას ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, გააცნო ეს დადგენილება და ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხა იგი იმავე დღეს.
ზ. ჯ-ემ, იმის მაგივრად, რომ კანონით დადგენილ ვადაში გადაეწყვიტა ო. შ-ას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხი, განიზრახა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის აღება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაუკავშირდა ო. შ-ას, რომელსაც მისი თავისუფლებაში ყოფნის უზრუნველსაყოფად მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა დაპატიმრებით.
ო. შ-ა იძულებული გახდა დათანხმებოდა ზ. ჯ-ის წინადადებას და იმავე დღეს მის სამუშაო ოთახში ქრთამის სახით გადასცა 300 აშშ დოლარი. ზ. ჯ-ე აგრძელებდა ო. შ-ასათვის ქრთამის სახით ფულის გამოძალვას, დედის ავადმყოფობის მიზეზით კვლავ დაუკავშირდა მას და დაპატიმრების მუქარით ისევ მოსთხოვა 400 აშშ დოლარი. ო. შ-ა, შეთანხმებისამებრ, მივიდა ონკოლოგიურ საავადმყოფოში და ზ. ჯ-ეს გადასცა 350 აშშ დოლარი და 71 ლარი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იმავე მოთხოვნის საფუძველზე, ო. შ-ამ მისცა 500 ლარი ქრთამის სახით, ხოლო 2008 წლის 2 მაისს საქართველოს ბანკში ზ. ჯ-ის დაჟინებული მოთხოვნითა და მუქარით იძულებულმა ო. შ-ამ, იმის შიშით, რომ არ მიეცა მსვლელობა საქმისათვის, ზ. ჯ-ის ანგარიშზე სესხის პროცენტის დასაფარად გადარიცხა 120 ლარი.
სისხლის სამართლის №... საქმე გადაეცა სხვა გამომძიებელს, ხოლო ო. შ-ა 2011 წლის 25 ივლისს დააკავეს ბრალდებულის სახით ი. ი-ის ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე და სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჯ-ემ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ზ. ჯ-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან;
მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლითა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა;
მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ჯ-ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა – 1 წლითა და 6 თვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
ზ. ჯ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ზ. ჯ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.
ამასთან მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ზ. ჯ-ე მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც იგი არ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ზ. ჯ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ჯ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორებმა ითხოვეს უკანონო, დაუსაბუთებელი, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. შ-ემ შესაგებლით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის სსკ-ის 180- ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (120 ლარის ეპიზოდი) მსჯავრდების შესახებ.
საქართველოს სსსკ–ის მე–13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლო განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან ერთად, საქართველოს სსსკ–ის მე–5 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. რაც შეეხება ო. შ-ას მიერ 2008 წლის 2 მაისს სესხის პროცენტის დასაფარად 120 ლარის ზ. ჯ-ის საბანკო ანგარიშზე საქართველოს ბანკში შეტანას, პალატა აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისათვის ო. შ-ას სისხლის სამართლის საქმე ზ. ჯ-ის წარმოებაში იყო, მის უფლება-მოვალეობას არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება და აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. ზ. ჯ-ემ მოატყუა ო. შ-ა, რომ თუ საქართველოს ბანკში სესხის პროცენტის დავალიანებას არ გადაუხდიდა – დაიჭერდა. დაზარალებულის მიერ 120 ლარის გადარიცხვა ზ. ჯ-ის პირად ანგარიშზე, გარდა ო. შ-ას ჩვენებისა, დასტურდება საბანკო ჩანაწერებით, ასევე საქართველოს ბანკის იურიდიული დეპარტამენტის იურისტ მ. ც-ის ჩვენებით, ო. შ-ასა და ზ. ჯ-ის პირადი ანგარიშების ამონაწერების ოქმებით.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ზ. ჯ-ემ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, დაზარალებულ ო. შ-ას თანხმობის გამო, მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე.
ამდენად, კასატორთა საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე ობიექტურად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ წარმოადგენს საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, რის გამოც საკასაციო პალატა მათ ვერ გაიზიარებს.
ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლო 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით არ იყო უფლებამოსილი, ხოლო სააპელაციო პალატა - ვალდებული იყო, ემსჯელა ამნისტიის გავრცელების შესახებ. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამნისტია გაავრცელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე მაშინ, როცა ამ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო ადრე - 2012 წლის 9 ოქტომბერს - დაემატა ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სამართლებრივად უშედეგოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ზ. ჯ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, მის მიმართ ამნისტია უნდა გავრცელდეს საკასაციო პალატის განაჩენით. გარდა ამისა, ზ. ჯ-ეს, როგორც ნასამართლობის არმქონეს, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ–ის 303–ე მუხლის მე–6 ნაწილით, 307–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ჯ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების სხვა ნაწილში უცვლელად დატოვების შესახებ;
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ზ. ჯ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;
ზ. ჯ-ეს გაუნახევრდეს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა - 3 წელი, რის შედეგადაც განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას 1 წლითა და 6 თვით;
ზ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 12 წელი და განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ზ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 5 წელი და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზ. ჯ-ის მიმართ ამ განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელები, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ზ. ჯ-ეს საბოლოოდ მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
ზ. ჯ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2011 წლის 9 მარტიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი