დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.11.2013
საქმის ნომერი
647აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№647აგ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი

ღ-ი ზ, 647აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით ზ. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 24–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, 25–ე მუხლის მე–3 ნაწილით, 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 78–ე მუხლით (1997 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელის ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ზ. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 24–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, 25–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 78–ე მუხლით (1997 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელის ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 12 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ღ-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 24–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, 25–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით მოსახდელად დარჩენილი სასჯელი - 5 წლითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას განესაზღვრა 11 წლით, 9 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ღ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 12 ივლისიდან.

2013 წლის 6 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. ღ-ა (ნასამართლევი) და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ძირითად სასჯელებში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელიდან: საქართველოს სსკ–ის 24–ე მუხლის პირველი ნაწილით, 25–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 წლისა და 9 თვის ვადით დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ზ. ღ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 12 ივლისიდან. წინა განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ზ. ღ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ზ. ღ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ღ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი