დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.07.2014
საქმის ნომერი
55აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№55აგ-14 21 ივლისი, 2014 წელი

ბ-ი გ, 55აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 171–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილებით საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენით კვალიფიკაციის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ბ-ი საქართველოს სსკ–ის 177– ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ “ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მისი ქმედება სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის კანონი) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 171–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363–ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილით საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განაჩენით კვალიფიკაციის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულებს – გ. ბ-ა და უ. ძ-ს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და იმავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 363–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს განაჩენის აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილიდან ამოერიცხა ნ. დ-ს ქურდობის ეპიზოდი;

განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვების თაობაზე;

მსჯავრდებულებს – გ. ბ-ა და უ. ძ-ს ე. აბრამიანის დაყაჩაღების ეპიზოდში ამოერიცხათ 1570 ლარი;

მსჯავრდებულებს – გ. ბ-ა და უ. ძ-ს ი. ტ-ს დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ –1570 ლარი;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს მ. გ-ს დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1570 ლარის გადახდა;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს დანიშნული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 1 თვით და მოსახდელად განესაზღვრა 17 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,339-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან - 15 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, წინა განაჩენით დანიშნული (მოსახდელად დამატებული) სასჯელიდან – 15 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – 6 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა – 5 წლით, 7 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 171–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რადაქცია) შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. შემცირებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ბ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ს აღნიშნული ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ბ-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ბ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

2014 წლის 7 აპრილს მსჯავრდებულმა გ. ბ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ არსებული გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ:

შუამდგომლობაში მან მიუთითა რამდენიმე მოთხოვნაზე – მსჯავრდებული განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება მას წარედგინა მხოლოდ სასჯელის დამძიმების მიზნით, რის გამოც ითხოვს ბრალდების ამ ნაწილის ამორიცხვას. გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენი) გათვალისწინებული ბრალდება მას უნდა მოეხსნას, ვინაიდან დაზარალებული ლ. ე-ი ამჟამად გარდაცვლილია (გარდაიცვალა 2009 წელს), რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების დროს იგი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო დაზარალებულის ოჯახის წევრები საქართველოში არ ცხოვრობენ. ამასთანავე, მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მოითხოვა, რომ სასჯელი დაენიშნოს საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე და მეხუთე ნაწილებით (იხ. შუამდგომლობა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული გ. ბ-ი საკასაციო საჩივრით არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განჩინებას და ითხოვს განაჩენის გადასინჯვას შუამდგომლობაში მითითებული მოტივების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საქმის მასალები სამართლებრივად სწორად შეაფასა.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი