დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.09.2016
საქმის ნომერი
79აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.09.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №79აგ-16 თბილისი

ხ-ი ა. 79აგ-16 16 სექტემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის განაჩენით ა. ხ-ი, - დაბადებული 19.. წლის ..... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 9 თებერვლის განაჩენით ა-ე ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 31 აგვისტოდან.

3. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 29 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 19 მაისის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის განაჩენი შეიცვალა: ა. ხ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებიდან (კანონის ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (კანონის ახალი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა განაჩენით დადგენილი პირობითი სასჯელიდან - 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ამავე პალატის 2004 წლის 29 აპრილის განჩინება შეიცვალა: ა. ხ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (კანონის ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (კანონის ახალი რედაქცია). განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე, 19 დღე და საბოლოოდ ა. ხ-ს განესაზღვრა 15 წლით, 5 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ა. ხ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე.

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ს გაუნახევრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 19 მაისის განჩინებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გამოაკლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 12 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ ა. ხ-ს განესაზღვრა 11 წლით, 9 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 31 ოქტომბრიდან.

10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ა. ხ-ი გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელისაგან. მასვე ¼-ით შეუმცირდა: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა (კანონის ძველი რედაქცია) და „ბ“ ქვეპუნქტით (კანონის ახალი რედაქცია) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი სასჯელი და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილებით დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა (კანონის ძველი რედაქცია) და „ბ“ ქვეპუნქტით (კანონის ახალი რედაქცია) დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2008 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით - 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. ხ-ს განესაზღვრა 9 წლით, 7 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 11 სექტემბრიდან.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ამავე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ხ-ს განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განჩინებით ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა (კანონის ძველი რედაქცია) და „ბ“ ქვეპუნქტით (კანონის ახალი რედაქცია) დადგენილი და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. ხ-ს განესაზღვრა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 11 სექტემბრიდან.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

14. 2016 წლის 11 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ხ-მ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ხ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა (კანონის ძველი რედაქცია) და „ბ“ ქვეპუნქტით (კანონის ახალი რედაქცია) დადგენილი სასჯელი შეეცვალა და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან აღნიშნული სასჯელი ა. ხ-ს უკვე მოხდილი აქვს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელისაგან გათავისუფლებულია, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი არ დაენიშნა და მოსახდელად დარჩა ამავე კოდექსის 378-ე მუხლით დადგენილი სასჯელი, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ამავე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. ხ-ს განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 11 სექტემბრიდან.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ხ-მ და მოითხოვა გამართლება ან სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა 1/3-ით, ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.. წლის ..... მაისს დაბადებულმა ა-ე ხ-მ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2003 წლის მარტში - არასრულწლოვანმა, 14 წლის ასაკში, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 9 თებერვლის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2003 წლის 31 აგვისტოს - არასრულწლოვანმა, 15 წლის ასაკში.

6. იმის გათვალისწინებით, რომ ა. ხ-ი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის განაჩენით დადგენილი სასჯელისაგან გათავისუფლებული იყო, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 9 თებერვლის განაჩენით მის მიმართ დადგენილი სასჯელის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ და ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ა. ხ-ს სასჯელი შეუმცირა 1/3-ით.

7. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და ა. ხ-ს მიმართ გაავრცელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი.

8. რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს, 19.. წლის ..... მაისს დაბადებულმა ა. ხ-მ იგი ჩაიდინა 2008 წლის 18 თებერვალს - სრულწლოვანმა, 20 წლის ასაკში.

9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე ვრცელდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მას შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები, რომლებიც ეხება 18-დან 21 წლამდე ასაკის პირს, მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ საქმეში მას მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და საქმეზე სამართალწარმოება დამთავრებულია. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ა. ხ-ი საქმის არსებითი განხილვის დროს სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით.

11. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მოთხოვნებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი