დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №231აგ-16 23 მაისი, 2017 წელი
ყ. ხ-ა, 231აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ყ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ხ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2004 წლის 16 სექტემბრიდან.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განაჩენით ხ. ყ., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით; სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, იმავე მუხლის მე–2 ნაწილით – 4 წლით; 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, სსკ-ის 23,363–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლით; სსკ-ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ხ. ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ხ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონით ხ. ყ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 23,363–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ხ. ყ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 23,363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 6 თვე და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე – უვადო თავისუფლების აღკვეთაზე - არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედება და იგი დარჩა უცვლელად. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ხ. ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ხ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ყ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად. ხ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
10. 2016 წლის 24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ხ. ყ-მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შუამდგომლობის ავტორმა დამატებით მიუთითა მისი სისხლის სამართლის საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებზე, რაც, მისი მოსაზრებით, გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველია.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. კასატორი - მსჯავრდებული ხ. ყ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.
5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხ. ყ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო 15,1 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
6. ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ დღეის მდგომარეობით, ზემოხსენებული განაჩენით დანიშნული სასჯელი ხ. ყ-ს მოხდილი აქვს.
7. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქმეში არსებული მტკიცებულებების საეჭვოობასა და საპროცესო დარღვევებზე, პალატა აღნიშნავს, რომ ხ. ყ-ის ბრალდების საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად შეფასდა საქმის არსებითი განხილვისას, ხოლო მათი ხელახლა შეფასების სამართლებრივი საფუძველი - ახლად გამოვლენილი გარემოების სახით - მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.
8. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ხ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე