დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
37აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700089173

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №37აგ-19 19 მარტი, 2020 წელი

ზ. მ., 37აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენით მ. ზ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედ.) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ. ზ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 1996 წლის 20 დეკემბრიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით მ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით, 108-ე მუხლით – 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 6 ივნისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაკმაყოფილდა და მ. ზ.ს მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან - 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან - დაემატა ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 (ერთი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული 3 (სამი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16

ივნისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენი მ. ზ.ს მიმართ დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ზ.ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

10. 2019 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ზ-მა, რომელმაც ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შემდეგი საფუძვლით: საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისგან იგი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა 2003 წლის 4 ივლისს. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის საფუძველზე კი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა ქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ. შესაბამისად, 2009 წელს მას გაუქარწყლდა პირველი ნასამართლობა და 2013 წლის განაჩენის გამოტანის დროს ის ნასამართლევი არ იყო, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს საბოლოო სასჯელის დადგენისას უნდა გამოეყენებინა არა სასჯელთა შეკრების, არამედ - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ზ.ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

12. კასატორი - მსჯავრდებული მ. ზ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულმა მ. ზ-მ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სააპელაციო პალატას არაერთხელ მიმართა. 2013 წლის 17 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით მ. ზ.სთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, როგორც თბილისის სააპელაციო პალატას 2013 წლის 1 ივლისის განაჩენში, ისე საკასაციო პალატას 2014 წლის 14 მარტის განაჩენში (რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენი) უკვე ნამსჯელი და მიღებული აქვთ შესაბამისი გადაწყვეტილება. მოგვიანებით, ისევ ამავე საფუძვლით, მსჯავრდებულ მ. ზ.ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

3. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ უკვე არაერთხელ იმსჯელა მსჯავრდებულ მ. ზ-ს შუამდგომლობაში მითითებულ საკითხზე, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს შემდეგს:

4. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.

5. მსჯავრდებული მ. ზ. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა 2003 წლის 4 ივლისს, ხოლო ბრალად შერაცხული დანაშაულისთვის (მძიმე კატეგორიის დანაშაული) ნასამართლობა გაუქარწყლდა - 2009 წლის 4 ივლისს. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულმა ახალი, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა 2007-2008 წლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა არ იყო გასული, რის შესაბამისადაც, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება პირის ნასამართლობა არა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ან/და განაჩენის დადგენის, არამედ - დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის.

6. აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან ახალი დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებული მ. ზ. იყო ნასამართლობის მქონე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით (დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება), მ. ზ.სთვის დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი (სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება) საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

7. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ. ზ.ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ზ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი