საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100117001824605
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №158აპ-20 ქ. თბილისი
მ–ი მ., 158აპ-20 28 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ნიკოლაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლითა და 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განაჩენით:
მ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (დაზარალებულ ა. მ–ის ეპიზოდი).
მ. მ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 1 იანვარს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა: სსკ-ის 111,120-ე მუხლით (დაზარალებულ მ. მ–ის ეპიზოდი) -1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ა. მ–ის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, მას მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. მ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 25 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 18 იანვრის ჩათვლით.
მ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ........ ქუჩა №...-ში, თავის საცხოვრებელ ადგილას, მ. მ–მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბიძას - მ. მ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ. მ–მა განიცადა ტკივილი, გულმკერდში დარტყმის შედეგად წაიქცა და მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის ზედაპირული ჭრილობა, კეფის არეში - მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა, მარცხნივ, თხემის ქსოვილებში - სისხლნაჟღენთი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2017 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, ქ. თ......ში, .... ქუჩა №...-ში, თავის საცხოვრებელ ადგილას, მ. მ–მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბებიას - ა. მ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება (მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით, მე-7 ნეკნის მოტეხილობა - ცდომის გარეშე, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა - მარცხენა იდაყვის სახსრის (მოტეხილობის) არეში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის გარდა, მსჯავრდებულ მ. მ–ის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო დაცვის მხარე - გამართლებას ან სასჯელის შემსუბუქებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. მ–ს დაზარალებულ მ. მ–ის ეპიზოდში ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე.
მ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (დაზარალებულ ასე მამეიანის ეპიზოდი).
მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 1 იანვარს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (დაზარალებულ მ. მ–ის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ა. მ–ის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, მას მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჰქონდა ჩათვლილი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. მ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 25 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 18 იანვრის ჩათვლით.
ცნობად იქნა მიღებული, რომ მ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. კასატორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით უარი უთხრა დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა.
8. საქმეში არსებული ინფორმაციის გაცვლის თაობაზე ოქმების, სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ განცხადებისა და წინასასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა დაცვის მხარეს არ გადასცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა 2017 წლის 21 მარტს პროკურორის შუამდგომლობით წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 21 მარტის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის აღნიშნული მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
9. სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისას, მიუხედავად იმისა, რომ წინასასამართლო სხდომაზე ექსპერტის დასკვნა დასაშვებად იქნა ცნობილი, უარი ეთქვა ბრალდების მხარეს ექსპერტის დაკითხვაზე იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა არ გადასცა სრული ინფორმაცია მტკიცებულებების თაობაზე, რომელთა წარდგენასაც სასამართლოში აპირებდა, კერძოდ, სასამართლოში დასაკითხ პირთა ნუსხა. ამასთან, აღნიშნა, რომ მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის გადაცემა მოწინააღმდეგე მხარისათვის თავისთავად არ ნიშნავს, რომ მხარე ექსპერტის დაკითხვას ითხოვს საქმის არსებითად განხილვისას.
10. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპერტის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ და იმავდროულად მიუთითა სსსკ-ის 243-ე მუხლზე.
11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ მტკიცებულების მეორე მხარისათვის გადაცემასა და სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად დასაკითხ პირთა სიის (ნუსხის) წარდგენის დაკისრება, არ გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის ან სხვა ნორმების მოთხოვნებიდან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N562აპ-14 და N652აპ-15). სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასმართლოს მსჯელობას რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები საქმეებზე: N 652აპ-15 და 526აპ-14) გაათავისუფლა მხარე დასაკითხ პირთა ნუსხის წარდგენის მოვალეობისგან მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მხარის მიერ წარდგენილი გამოკითხვის ოქმები.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს რომ მოცემულ შემთხვევაში ისევე როგორც ზოგადად სსსკ-ის 83-ე მუხლთან მიმართებით შეფასებადია რამდენად იყო უზრუნველყოფილი მოწინააღმდეგე მხარისათვის სსსკ-ის 83-ე მუხლით გარანტირებული წინასწარი ინფორმირების უფლება. სააპელაციო სასამართლო სწორად მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის შუამდგომლობის განხილვისას “სასამართლომ უნდა შეაფასოს დოკუმენტის გადაცემა დაცვის მხარისათვის შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მის სრულყოფილ ინფორმირებად, რომ ბრალდების მხარე აპირებს დოკუმენტის შემდგენი პირის დაკითხვას და ხომ არ აქვს ადგილი სსსკ 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 78-ე მუხლების დარღვევას. ამასთან, სააპელაციო სასამართლო არასწორად აღნიშნავს, რომ სსსკ 78-ე მუხლიდან გამომდინარე დოკუმენტის დასაშვებობასთან დაკავშირებით აუცილებელია მხარემ მიუთითოს მოწმის დაკითხვის შესაძლებლობის თაობაზე, რაც შეიძლება განხორციელდეს ორი გზით: შესაბამისი პირის დაკითხვა-გამოკითხვის და ოქმის მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლოსთვის გადაცემით, რაც ჩაითვლება სრულ ინფორმირებად და მხარეს ექნება შესაძლებლობა დაკითხოს პირი სასამართლოში ან მერე გზა - ეს არის სასამართლოში დასაკითხ პირთა ნუსხის წარდგენა.“ სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტის ირგვლივ არ არის დაკითხულ-გამოკითხული მოწმე (ამ შემთხვევაში ექსპერტი) და მოწინააღმდეგე მხარისათვის არ არის გადაცემული გამოკითხვის ოქმი და არც დასაკითხ პირთა სიაშია მითითებული, მხოლოდ დოკუმენტის წერილობითი მტკიცებულების გადაცემა მოწინააღმდეგე მხარისათვის არ შეიძლება ჩაითვალოს მის სრულყოფილ ინფორმირებად. ამ შემთხვევაში მოწმემ უნდა ივარაუდოს, ვის დაკითხვას აპირებს მხარე სასამართლოში.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს რომ ექსპერტის დასკვნის შემთხვევაში სსსკ 83-ე მუხლის მიზნებისთვის მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნებისთვის საექსპერტო დასკვნაში ამომწურავად არის მითითებული ის ინფორმაცია რომელიც შეიძლება ყოფილიყო მითითებული მოწმის სახით ექსპერტის გამოკითხვის ოქმში; საექსპერტო დასკვნის გაცნობით მოწინააღმდეგე მხარეს აქვს სრული ინფორმაცია, როგორც ჩატარებული საექსპერტო კვლევის სახის, ასევე საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოების (მათ შორის მაგალითად, საექსპერტო კვლევისათვის გადაცემული ობიექტების რაოდენობის, მდგომარეობის, ჩატარებული საექსპერტო კვლევისას გამოყენებული კვლევის მეთოდიკის, ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვების, საექსპერტო კვლევის ფარგლებში ექსპერტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კვლევის შედეგად დარჩენილი მასალის რაოდენობის და ა.შ. შესახებ), ექსპერტის ვინაობის და საექსპერტო დაწესებულების შესახებ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლებლობა აქვს სადავო გახადოს როგორც ექსპერტის კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობა, გამოყენებული მეთოდის სარწმუნოობა, ასევე ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტების შეუნაცვლებადობა და ობიექტის ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლა თუ ობიექტზე არსებული კვალის დაცულობა და ა.შ. ამ მოცემულობაში მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემა, ამ დოკუმენტის გაცვლის თაობაზე ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა იმ პირობებში როდესაც სსსკ-ი არ ითვალისწინებს მხარეებს შორის დასაკითხ პირთა ნუსხის გაცვლის ვალდებულებას, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ მხარეს ამ ეტაპზე სურს აღნიშნული ექსპერტის მოწმის სახით დაკითხვა, ვინაიდან ექსპერტის დასკვნას, დამოუკიდებლად აღებულს, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია(სსსკ-ის 78-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით) და მხარის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ყველა საპროცესო მოქმედება ამ შემთხვევაში ყოველგვარ აზრს დაკარგავს.
14. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს რომ სსსკ-ის 83-ე მუხლისგან განსხვავებით სსსკ-ის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითად განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას...“, ხოლო ამავე მუხლის „ბ)“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს“. შესაბამისად, თუ სსსკ-ის 83-ე მუხლი უზრუნველყოფს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის და სასამართლოს ინფორმირებას მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ იმ პირობებში, როდესაც მხარის უფლებაა წარდგენილი მტკიცებულებებიდან თავად განსაზღვროს რომელი მტკიცებულებების გამოკვლევა სურს არსებითი განხილვის სხდომაზე, მაშინ (სსსკ-ის 83-ე მუხლის დანაწესისგან განსხვავებით) წინასასამართლო სხდომაზე მხარემ მკაფიოდ უნდა მიუთითოს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დასაბარებელ პირთა და გამოსაკვლევ მტკიცებულებათა - მათ შორის ექსპერტიზის განმახორციელებელი პირის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
15. საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალდების კვალიფიკაციის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, შპს ...... სახელობის კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №....-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ა. მ–ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 04.01.2017წ., 18:20 სთ-ზე (გაეწერა 07.01.2017წ., 13:00 სთზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით, მე-7 ნეკნის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია ჰემატომა მარცხენა იდაყვის სახსრის (მოტეხილობის) არეში, სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია სახეზე (ზუსტი ლოკალიზაციის მითითების გარეშე), მარცხენა საფეთქლის ქიცვის კორტიკალური შრის ხაზოვანი რღვევა. წარმოდგენილი CD დისკების შესწავლის შედეგად დადგინდა: მარცხნივ VII ნეკნის მოტეხილობა ბეჭის ხაზზე, მარცხენა იდაყვის ძვლის ოლეკრანონის სახსარშიდა მოტეხილობა, მარცხნივ, საფეთქლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. თავის ტვინის შერყევა და მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობა ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების თარიღს - 01.01.2017წ-ს. მარცხნივ მე-7 ნეკნის მოტეხილობა და მარცხენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა (ჰემატომით იდაყვის მოტეხილობის არეში) იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 01.01.2017წ-ს. სახეზე არსებული სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია (ზუსტი ლოკალიზაციის მითითების გარეშე)იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული დაზიანებების მორფოლოგიური აღწერილობის არარსებობის გამო.
16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიაში არ შეუყვანია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი და აღნიშნული პირი (ექსპერტი ნ. ჯ–ე) არ დაკითხულა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, ზემოხსენებული წერილობითი დოკუმენტი ვერ იქნება მიჩნეული დაზარალებულ ა. მ–ის ეპიზოდში მ. მ–ის ბრალეულობის დამადასტურებელ (ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელ) მტკიცებულებად.
17. რაც შეეხება კასატორის აპელირებას საქართველოს სსკ-ის მე-11 პრიმა მუხლზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-11 პრიმა მუხლის (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) შენიშვნაში მითითებული არიან პირები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ითვლებიან ოჯახის წევრებად და ამ ჩამონათვალში ბიძა და ძმისშვილი (დისშვილი) მითითებული არ არიან. ამდენად, მ. მ–ი და მ. მ–ი არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული მუხლის შენიშვნაში მითითებულ, ერთიან საოჯახო მეურნეობის მწარმოებელ პირებს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ, მართალია, მ. მ–ი და მ. მ–ი ცხოვრობენ ერთ ეზოში, ერთ საცხოვრებელ სახლში (მისამართზე - ქ. თბილისი, .... ქუჩა №....), მაგრამ ისინი ამ სახლში თავიანთი ოჯახებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ სხვადასხვა ოთახში, ოთახ-ნახევარში ცხოვრობს მ. მ–ი, ხოლო 2 ოთახსა და დერეფანში - მ. მ–ი (მ. მ–ის ჩვენება). საქმის მასალებით არ დგინდება ასევე აღნიშნული პირების მიერ ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების ფაქტიც.
18. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებსაც, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე