საზედამხედველო

სისხლის სამართლის 23.03.2020
საქმის ნომერი
1აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700072308

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე№1აგ-19 ქ. თბილისი

ქ. მ. 1აგ-19 23 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბრალდებო დასკვნით, მ. ქ-ს ბრალი დაედო პირადად და სხვისი მეშვეობით საწარმოს მართვაში მონაწილეობაში კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, რაც დაკავშირებულია მისთვის უკანონო შეღავათისა და უპირატესობის დაწესებასთან; არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პირდაპირ და არაპირდაპირ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მიღებაში გამოძალვით, რათა მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა; მოხელის მიერ არაერთგზის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის (ფულადი სახსრების) მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვაში მის საქმიანობაში ჩარევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებითა და გამოძალვით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მცდელობაში, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულისა და სხვა ქონების მოთხოვნაში თავის სასარგებლოდ, რათა მას თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება, თავი შეეკავებინა რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გამოეყენებინა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით:

მ- ქ-ს ბრალდებიდან, როგორც არასწორად წარდგენილი, ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა.

მ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,338-ემუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 190-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 337-ე მუხლით და მიესაჯა: სსკ-ის 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე ვადით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 190-ე მუხლით - ჯარიმა 10000 ლარი, 337-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარი.

მ. ქ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 23 სექტემბრიდან იმავე წლის 27 ოქტომბრამდე.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე ვადით.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლისა და „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე მ. ქ. გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სასჯელებისაგან.

4. 2017 წლის 16 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტის მტკიცებით, მოწმეებზე განხორციელდა ზეწოლა. მათ შორის, ე. ჩ-ს, ნ. ჟ-ს, ა. კ-ს, ვ. მ-სა და ნ. პ-ს ხელახალი გამოკითხვებით დადგინდა, რომ მათ მიერ პროკურატურაში და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებები არ იყო ნებაყოფლობითი, რადგან ისინი განაპირობა მოწმეებზე განხორციელებულმა ზემოქმედებამ. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მ. ქ-ს მსჯავრდების შესახებ, განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებული მ. ქ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. გ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მ. ქ-ს სრულად გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია რომ მსჯავრდებულ მ. ქ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.

4. საკასაციო წესით საქმის განხილვისას მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მ წარმოადგინა შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და საკასაციო შესაგებლის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მ. ქ-ს მინიჭებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ს-ს რესპუბლიკაში და სააპელაციო წარმოების პროცესში გადიოდა მძიმე დაავადების მკურნალობის კურსს (დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია), რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, სრულფასოვნად მიეღო მონაწილეობა თავისი შუამდგომლობის განხილვაში და წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები და დოკუმენტები, რაც, ადვოკატ ა. გ-ს აზრით, წარმოადგენს საპატიო გარემოებას. აღნიშნული შუამდგომლობა გადაეგზავნა ბრალდების მხარეს. შესაგებელი წარმოდგენილი არ არის.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფის ვალდებულებას, შუამდგომლობაზე დართული გამოკითხვის ოქმებისა და დოკუმენტაციის მნიშვნელობას როგორც კასატორის პოზიციის, ასევე საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებისთვის, საპატიო გარემოების (მ. ქ. სააპელაციო წარმოების პროცესში საზღვარგარეთ გადიოდა მძიმე დაავადების მკურნალობის კურსს, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო მონაწილეობა თავისი შუამდგომლობის განხილვაში და წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები და დოკუმენტები) არსებობას.

6. შუამდგომლობაზე თანდართულია სსიპ ,,ს. მ-დან“ გამოთხოვილი მასალა დისკის სახით (26/09/2004 წლის და 16/03/2006 წლის „მ-ს“ ჩანაწერი), სადაც ასახულია მ. ს-ს ვიზიტი გ-ში, რომელსაც ახლავს მხარის იმჟამინდელი გუბერნატორი მ. ქ. დისკზე ჩანს, რომ რეაბილიტირებულ ე.წ. ,,ა. ბ-ში“ უკვე არის დაყრილი წითელი პემზა.

7. დისკზე აღბეჭდილია ასევე შპს ,,გ. ვ-ს“ წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო აქციები. ჩანაწერებში ასახულია, რომ მოსახლეობა ითხოვს საკრებულოს ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობის გაზრდას. ასევე - დეპუტატ გ. ვ-ს ინტერვიუ, რომელშიც დეპუტატი გამოთქვამს უკმაყოფილებას საწარმოო პროცესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით.

8. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2006 წლის 18 აპრილის N51 სხდომის ოქმი, რომლის თანახმად, კომიტეტმა მოისმინა გ. ვ-ს მოხსენება თავის საარჩევნო რეგიონში ბუნებრივი რესურსებით არამართლზომიერი სარგებლობის შესახებ და კომიტეტის თავმჯდომარის (თ. ხ-ს) წინადადება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ (მ. მ-ს, მ. ბო-ს, ჯ. მ-ს, ი. პ-ს, გ. ბ-სა და გ. ქ-ს შემადგენლობით).

9. გ. ქ-ს (საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2008წლებში) გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის ადასტურებს, რომ რამდენჯერმე, გ. ვ-ს თხოვნით, რომელიც გამოთქვამდა წუხილს მეწარმის მიერ ეკოსისტემის დაზიანებისა და ადგილობრივ ბიუჯეტში დაბალი მოსაკრებლის გადახდის თაობაზე, იმყოფებოდა სოფელ ე-ში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად და მ. ქ-ს იქ არასოდეს შეხვედრია. გ. ქ. ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული ვიზიტებისას არც გ. ვ-სა და არც სხვა პირისგან არ სმენია აღნიშნული საკითხით მხარის იმჟამინდელი გუბერნატორის - მ. ქ-ს დაინტერესების შესახებ.

10. პ. გ-ს (2005-2006 წლებში შ. ქ-სა და ს.-ჯ-ის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი) გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი ერთხელ შეხვდა მეწარმე გ. ჯ-ს, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა იმის თაობაზე, თუ რატომ გააჩერეს მისი კუთვნილი ტვირთი, რაზეც მან განუმარტა, რომ ავტომობილი მოძრაობდა წესების დარღვევით და ამიტომ დააჯარიმეს. რაც შეეხება რაიმე დავალებას მხარის გუბერნატორის მხრიდან გ. ჯ-ს კუთვნილი ტვირთების შეჩერების შესახებ, ასეთი დავალება მას, როგორც საპატრულო პოლიციის უფროსს, არასოდეს მიუღია და კატეგორიულად გამორიცხა რაიმე უკანონო დავალების მიღება ან შესრულების შესაძლებლობა მისი მხრიდან. ასევე გამორიცხა აღნიშნული ავტომობილების ტვირთის დაცლა გუბერნატორის დავალებით გ-ს კულტურისა და დასვენების პარკში ან სამხედრო ნაწილში.

11. რ. ც-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2005 წლის ივნისის მეორე ნახევრიდან 2006 წლის აგვისტომდე მუშაობდა შპს „ა. ბ-ს“ დირექტორად. მისი განცხადებით დანიშნვისთანავე შეუდგა ტერიტორიის დასუფთავებას. ახალ ბაღში უკვე გაშლილი იყო პემზა რომლის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული გახდა, ზედმეტი რაოდენობა გაეტანა სატვირთო მანქანებით (ზედმეტი ნატეხების მოცულობამ შეადგინა სულ 10 სატვირთო ავტომობილი). “ა. ბ.”-ს დირექტორად მუშაობის პერიოდში დამატებით არცერთი სატვირთო მანქანა იმ ტერიტორიაზე არ მისულა და პემზა არ დაუცლია, დირექტორად მისი მუშაობის პერიოდში დამატებით პემზის შემოტანა “ა. ბ.”-ს ტერიტორიაზე არ მომხდარა.

12. საქმეში არსებული და დაცვის მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მსჯავრდებულ მ. ქ-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 190-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 337-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ:

13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მ. ქ-სთვის წარდგენილი ბრალდებები დასტურდება მხოლოდ გ. ჯ-ს ჩვენებებით და მიუთითა რ. ღ-ს, თ. რ-ს, ჯ. ტ-ს, ი. მ-ს, უ. ფ-ს, დ. ს-ს, ა. მ-ს ჩვენებებზე, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2005 წლის 12 სექტემბერს გაცემულ სერია ,,,, ნომერი ,,,, ტიპი II K სარგებლობის ლიცენზიაზე; ერედვის თემის გამგეობის 2005 წლის 20 ოქტომბრის N,,,დადგენილებაზე, შპს „ გ. ვ-ს“ დირექტორის – გ. ჯ-ს 2006 წლის 20 თებერვლის განცხადებასა და მის მიერვე გაცემულ ცნობაზე, სხდომის ოქმებზე N,,,, 18/04/2006 წ., N ,,, 13/06/2006 და 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების ამონაწერებზე (შპს „გ. ვ-ს“ ეპიზოდი). ასევე, დ. გ-ს და ი. გ-ს, გ. ჯ-ს ჩვენებებსა და ი. გ-ს მიერ დაკითხვისას წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2005 წლის 6 ნოემბრერს შპს „ კ-ას“ დირექტორის – ი. გ-ს მიერ ნ. პ-ზე გაცემულია ნებართვა „გ,,“ სისტემის N.. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე, ბრალდების მხარის მიერ პრეიუდიციის სახით წარმოდგენილ, გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის, ნ. პ-ს მიმართ განაჩენზე. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ დ. ჯ-მდეტალურად განმარტა შპს „გ. ვ-ს“ მიმართ განხორციელებული მოქმედებები და მისი განმარტებები იდენტურია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომასა და წინასწარი გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენებებისა.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ აღწერა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები, მათი შეპირისპირება იმავე ეპიზოდში (შპს ,,გ. ვ-ს“ ეპიზოდი) სხვა მოწმეების ჩვენებებთან მიმართებით არ მოუხდენია, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მოწმე გ. ვ-ს ჩვენება, არ განმარტა, რატომ გაიზიარა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მქონე ჩვენებებიდან ერთი და უარყო მეორე. ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2005 წლის 12 სექტემბერს გაცემული სარგებლობის ლიცენზიით ( სერია 19, ნომერი..., ტიპი II K) დასტურდება შპს „გ. ვ-ს“ მიერ 2005 წლის 12 სექტემბრიდან 10 წლის ვადით სოფ. ე-ს ტ-ს საბადოს ნაწილზე ვულკანური წიდის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობით მოპოვების უფლება, რაც ისევე როგორც შპს „ გ. ვ-ს“ დირექტორის – გ. ჯ-ს ცნობა ,,, 01/09/2007წწ საბადოზე 34,019 კუბური მეტრი წიაღისეულის მოპოვების შესახებ, ასევე - სხდომის ოქმები და ამონაწერი არ ადასტურებს მსჯავრდებულის ბრალეულობას მისთვის შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებში. აღნიშნული სხდომის ოქმები მიუთითებს შპს „გ. ვ-ს“ საქმიანობასთან დაკავშირებით თემში არსებულ პრობლემებზე, რაც დასტურდება მათ შორის წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემების საარქივო ვიდეოჩანაწერებით.

15. საქმეზე დაკითხული მოწმეების - თ. რ-ს, ჯ. ტ-ს, ი. მ-ს, უ. ფ-ს, დ. ს-სა და ა. მ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით არ დასტურდება მ. ქ-სათვის შერაცხული ბრალი. თითოეული მათგანი მიუთითებს ან მათ მიერ სხვებისგან მიღებულ ინფორმაციაზე (ირიბი ჩვენება, რომლის პირველწყარო, უმეტეს შემთხვევაში, იდენტიფიცირებული არ არის. მაგალითად, ჯ. ტ. არ ასახელებს ინფორმაციის პირველწყაროს, არ მიუთითებს, ვისგან ან საიდან იყო მისთვის ცნობილი აღნიშნულის შესახებ. ანალოგიურად, ა. მ-ძც მიუთითებს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირება იყო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მოწმეც არ უთითებს ინფორმაციის პირველწყაროს) ან ბრალდების მოწმეებთან - გ.ზ-სთან, გ. ბ-სთან, ნ. ჟ-სა და მ.ქ-სთან მათ კომუნიკაციაზე, რომლებიც თითქოსდა იმჟამინდელი რწმუნებულ-გუბერნატორის დავალებით ახდენდნენ ზეწოლას გ. ჯ-ზე თანხების გამოძალვის მიზნით. ხოლო ს. მ. ადასტურებს, რომ მას ა/მ–ის გაჩერება მოსთხოვა გ. ვ-მ რომელმაც გადაუჭრა გზა და გადააყვანინა მანქანა ტერმინალში. ხოლო სააპელაციო სასამართლოში ზემოაღნიშნულმა პირებმა (უ. ფ., დ. ს., ა. მ.) - ბრალდების მოწმეებმა (გარდა თ. რ-ს, ჯ. ტ-ს, ი. მ-სა) უარყვეს მათ მიერ მიცემული ჩვენება და აღნიშნეს, რომ მათზე ახდენდნენ ზეწოლას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა მტკიცებას (მ. ქ-ს დავალებით საპატრულო პოლიცია განგებ აჩერებდა შპს ,,გ.. ვ-ს“ კუთვნილ ტვირთებს და წითელ პემზას სცლიდნენ გ-ს კულტურისა და დასვენების პარკში ან სამხედრო ნაწილში) ეწინააღმდეგება პ. გ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოთხოვილ და კასატორების მიერ წარმოდგენილ ჩანაწერს, რომელშიც ჩანს, რომ „ა. ბ.“ რეაბილიტირებული იყო 2004 წელს და რ. ც-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ „ა. ბ-ს“ დირექტორად მისი დანიშნვის მომენტისთვის (2005 წლის მეორე ნახევარი) ბაღში უკვე გაშლილი იყო პემზა და დირექტორად მისი მუშაობის პერიოდში დამატებით პემზის შემოტანა მის ტერიტორიაზე არ მომხდარა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ ლიცენზია ( სერია.., ნომერი .., ტიპი IIK) გაცემული იყო 2005 წლის 12 სექტემბერს. შესაბამისად, სადავოა 2005 წელს შპს “გ. ვ-ს“ კუთვნილი ავტომანქანების გაჩერება აღნიშნულ ტერიტორიაზე წითელი პემზის დაცლისთვის.

16. დაზარალებულ გ. ჯ-ს მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებების თანახმად, იგი არის შპს ,,გ. ვ-ს“ დირექტორი. 2005 წლის სექტემბერში, როდესაც მიემგზავრებოდა კარიერზე, სოფელ ტ-სთან შეხვდა გუბერნატორი მ. ქ. , რომელმაც მოულოდნელად მოსთხოვა ერთ კუბურ მეტრ მოპოვებულ წიდაზე, მისთვის პირადად, როგორც მხარის გუბერნატორისათვის, 10 ლარის გადახდა, რაზეც დაუყოვნებლივ უარით უპასუხა. რამდენიმე ხნის შემდეგ, მ. ქ-ს დავალებით, მასთან მივიდნენ ე-ს თემის საკრებულოს გამგებელი ნ. ჟ. და მ. ქ., რომელთაც მოუწოდეს, დათანხმებოდა მ. ქ-ს წინადადებას, რაზეც კვლავ უარი განაცხადა, რადგან წიდის მოპოვება მას უჯდებოდა 16 ლარი და მ. ქ-სთვის შეუძლებელი იყო 10 ლარის გადახდა. მოგვიანებით ვითარება გამწვავდა, მის უარს მოთხოვნილი თანხის გადახდაზე მოჰყვა აგრესია მ. ქ-ს მხრიდან, რომელიც პირადად ან სხვათა მეშვეობით აჩერებდა წიდით დატვირთულ ავტომანქანებს და აიძულებდა მათ, ტვირთი სხვადასხვა ადგილზე დაეცალათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც თითქმის ყოველდღე აჩერებდნენ ა/მანქანებს, შემდეგ მათაც ,,მოსწყინდათ“. ამის შემდეგ ხ-ს მაჟორიტარი დეპუტატი გ. ვ-ც ჩაერთო საქმეში, მაგრამ მასაც არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ, ნორმალური მუშაობის საშუალება რომ მისცემოდა, მიიღო გადაწყვეტილება 2-3 ლარის გადახდის შესახებ, რაც მ. ქ-ს შეუთვალა მთავარი ინჟინრის - რ. ღ-ს მეშვეობით. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება შედგა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მ. ქ-ს მოადგილე - გ. ზ-ს სამუშაო კაბინეტში ამ უკანასკნელსა და რ. ღ-ს შორის, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, რადგან მ. ქ. კატეგორიულად ითხოვდა 10 ლარის გადახდას, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება საერთოდ შეეწყვიტა ამ თემაზე მოლაპარაკება.

17. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ. ჯ-მ განმარტა, რომ მან მოწმე რ. ღ. გააგზავნა მ. ქ-სთან შეხვედრაზე და ეს შეხვედრა შედგა მ. ქ-ს სამუშაო კაბინეტში. გ. ჯ-ს ჩვენებით, რ. ღ-მ დაურეკა მას და უთხრა, რომ მ. ქ. შეთავაზებულ წინადადებას 1 კუბურ მეტრზე ჯერ 2 ლარის, ხოლო შემდეგ – 3 ლარის გადახდის თაობაზე არ თანხმდებოდა, რაზეც გაბრაზდა და უთხრა რ. ღ-ს, რომ წამოსულიყო და მ. ქ. ერთ თეთრსაც ვერ მიიღებდა. ამის შემდეგ დაიძაბა ვითარება.

18. სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ გ. ჯ-ს ჩვენება იდენტურია მის მიერ საქმის წინასწარ გამოძიებასა და გორის რაიონულ სასამართლოში მიცემული ჩვენებებისა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ. ჯ-მ განაცხადა, რომ რ. ღ. გააგზავნა მ. ქ-სთან შეხვედრაზე. შეხვედრა გაიმართა მ. ქ-ს სამუშაო კაბინეტში. რ. ღ-ს მ. ქ-სთან შეხვედრის შესახებ დაზარალებულ გ. ჯ-ს არც გამოძიებასა და არც სასამართლოში მანამდე არაფერი უთქვამს.

19. სააპელაციო სასამართლოში არ დაკითხულა მოწმე რ. ღ. , ხოლო გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში მოწმე აღწერს თავის შეხვედრას მ. ქ-ს იმჟამინდელ მოადგილე - გ. ზ-სთან და არსად მიუთითებს მ. ქ-სთან უშუალო შეხვედრის შესახებ. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც, კერძოდ:

20. მოწმე რ. ღ-ს მიერ გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენების თანახმად, იგი 2004 წლის იანვრიდან მუშაობდა შპს ,,გ. ვ-ში“ მთავარ ინჟინრად. 2004 წლის სექტემბერში განცხადებით მიმართეს ე-ს თემის გამგეობას ვულკანური წიდის საბადოდან ნედლეულის კანონიერი მოპოვებისათვის ნებართვის ასაღებად. საბოლოოდ მიიღო ლიცენზია. ლიცენზიის აღების დღიდან დაიწყო მათზე ზეწოლა. ბ-ს თემის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ქ-სა და გ. ვ-ს წაქეზებით, მოსახლეობის ერთი ნაწილი მტრულად განეწყო მათ მიმართ, თითქოს წიდის მოპოვება უარყოფით გავლენას ახდენდა სოფლის ეკოლოგიაზე, დაშრებოდა წყლები და დაინგრეოდა მთები. ამასთან, მასობრივად ხდებოდა წიდით დატვირთული ავტომანქანების გაჩერება, რომლებიც გ-ს ტერმინალში მიჰყავდათ. შემდგომში გაიგეს, რომ საზოგადოების საქმიანობით დაინტერესებული იყო სამხარეო ადმინისტრაცია, კერძოდ, მ. ქ. 2005 წლის ნოემბერში სამხარეო ადმინისტრაციიდან მ. ქ-ს დავალებით მათთან მივიდა ვინმე ო. რომელმაც გადახედა ფირმის დოკუმენტაციას და განუცხადა, რომ 70 თეთრის ოდენობით გადასახადი იყო ძალიან ცოტა და ერთ კუბურ მეტრ მოპოვებულ წიდაზე 10 ლარის გადახდა მოსთხოვა. გუბერნატორის მხრიდან მუდმივი ზეწოლის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთი ან ორი ლარის გადახდის შესახებ, რის გამოც შედგა მოლაპარაკება მასა და გუბერნატორის მოადგილე გე. ზ-ს შორის ამ უკანასკნელის სამუშაო კაბინეტში, სადაც ასევე იმყოფებოდა ნ. ჟ. ამდენად, რ. ღ-ს მიერ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, სააპელაციო ინსტანციაში გამოკვლეული და დაცვის მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. ღ-ს შეხვედრა მ. ქ-სთან.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დასტურდება რ. ღ-ს შეხვედრა გ. ზ-სთან, ნ. ჟ-ს თანდასწრებით, მაგრამ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები (რაც იმავდროულად არ იქნებოდა ირიბი ჩვენება) და, შესაბამისად, არ დასტურდება აღნიშნულ საკითხზე (1 კუბურ მეტრ წიდაზე 10 ლარის გადახდის მოთხოვნა) არც უშუალოდ მ. ქ-სთან პირადად შეხვედრა და არც მსჯავრდებულის მხრიდან თანხის გადახდის მოთხოვნა.

22. ბრალდების მოწმეები წინასწარ გამოძიებასა და გორის რაიონულ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში მიუთითებდნენ, რომ გი. ჯ-ზე (შპს ,,გ. ვ.“) ზეწოლასა და სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლას ახდენდნენ მ. ქ. და გ.ვ., კერძოდ:

23. მოწმე თ. რ-ს მიერ წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ მუშაობდა გ. ჯ-ს კუთვნილ ფირმაში - შპს „გ. ვ-ში“ კარიერის უფროსად და პირადად შეესწრო მ. ქ-სა და დეპუტატ ვ-ს კარიერზე მისვლის ფაქტს, რომლებიც მოითხოვდნენ მუშაობის შეჩერებას. ანალოგიური მოთხოვნით, 2005 წლის ნოემბერში კარიერზე მივიდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ო. და ე-ს საკრებულოს წარმომადგენელი ნ. ჟ., რომლებმაც პირადად მას უთხრეს, რომ გუბერნატორ მ. ქ-ს დავალებით იყვნენ მისულები და მოსთხოვეს კარიერზე მუშაობის გაჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, რომ არც ერთ მანქანას არ მისცემდნენ მოძრაობის საშუალებას. ამის შემდეგ ნ. ჟ. ხშირად მიდიოდა კარიერზე მუშაობის შეწყვეტის მოთხოვნით, იმავე მიზნით დადიოდნენ დეპუტატი გ.ვ. და ბ-ს საკრებულოს თავმჯდომარე მ. ქ., რომლებიც ასევე მოითხოვდნენ მუშაობის შეწყვეტას და აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო მ. ქ-ს დავალება. მოწმის ჩვენებით აგრეთვე დადასტურებულია, რომ 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მაისამდე კარიერიდან დატვირთულ ავტომანქანებს ხშირად აჩერებდნენ და მ. ქ-ს ბრძანებით, ყოველგვარი ნებართვისა და საზოგადოების დირექტორის თანხმობის გარეშე, მიჰყავდათ სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე. ყოფილა შემთხვევები, რომ გუბერნატორის დავალებით გაგზავნილი მანქანები დაუტვირთავთ. აღნიშნულ პროცედურებს ძირითადად ასრულებდა გუბერნატორის მოადგილე გ. ზ., რომელიც დაუფარავად ამბობდა, რომ ეს იყო მ. ქ-ს მოთხოვნა.

24. მოწმე ჯ. ტ-ს მიერ წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2005-2006 წლებში იგი მუშაობდა ვულკანური წიდის კარიერზე მექანიზატორად. 2006 წლის აპრილში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, იმყოფებოდა კარიერზე ი. მ-სლთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდნენ მ. ქ. და გ. ვ., ამ უკანასკნელის ავტომანქანით, აგრეთვე - მისთვის უცნობი პირები, რომლებიც ისხდნენ მეორე ავტომანქანაში. მ. ქ-მ დაუძახა მას, დაუსახელა თავისი ვინაობა და მოსთხოვა მუშაობის გაჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ა/მანქანების დაცხრილვით. ამავე დროს აგინებდნენ გ. ჯ-ს, მ. ქ-მ ასევე თქვა - „ამას ვერ უნდა გავაგებინოთ, რომ გააჩეროს და დახუროს კარიერიო“. მ. ქ-მ და გ. ვ-მ დაათვალიერეს კარიერი და წასვლის წინ ისევ დაემუქრნენ მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში მანქანების დაცხრილვით. მანვე აჩვენა, რომ მისთვის ცნობილია შპს „გ. ვ-ს“ კუთვნილი დატვირთული ავტომაქანების გაჩერებისა და ტერმინალში წაყვანის შესახებ, რისი მიზეზიც იყო ის, რომ გ. ჯ-ს სთხოვდნენ ფულს.

25. მოწმე ი. მ-ს მიერ წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მუშაობდა გ. ჯ-ს ფირმაში, ავტომანქანა „კამაზის“ მძღოლად და შეესწრო მ. ქ-ს გ. ვ-სთან ერთად კარიერზე მისვლის ფაქტს. მათთან ერთად იმყოფებოდნენ უცნობი პირები „ნივა“-ს მარკის თეთრი ავტომანქანით. მ. ქ-მ კარიერზე მომუშავე პირებს მოსთხოვა მუშაობის შეჩერება, ამავე დროს აგინებდა გი. ჯ-ს. ამის შესახებ შეატყობინა დირექტორ გ. ჯ-ს, რომელმაც უთხრა, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ე.წ. ბ-ს წყაროსთან გ. ვ-მ ოთხ ავტომანქანას, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ი. მ-ს, გადაუჭრა გზა, რის შემდეგაც ეს ავტომანქანები გადაიყვანეს ტერმინალში.

26. მოწმე უ. ფ-ს მიერ წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მუშაობდა „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლად სოფელ ე-ში მდებარე კარიერზე. იყო შემთხვევები, როდესაც მას უკანონოდ აჩერებდნენ, სთხოვდნენ შეეწყვიტა ტვირთის გადაზიდვა. მათ შორის - ერთხელ პირადად ლ-ს საარჩევნო ოლქის დეპუტატმა გ. ვ-მ გააჩერა სოფელ ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. გ. ვ. აგინებდა ფირმის დირექტორ გ. ჯ-ს და მთავარ ინჟინერ რ. ღ-ს. მან განაცხადა, რომ ვერცერთი მანქანა ვერ გავიდოდა კარიერიდან მის გარეშე, რის შემდეგაც მანქანა 18 დღით ტერმინალში წაიყვანეს.

27. მოწმე დ. ს-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ 2005-2007 წლებში იგი მძღოლად მუშაობდა შპს „გ. ვ-ში“. დ. ს. წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში უთითებს პოლიციის თანამშრომლების მიერ მანქანის გაჩერებისა და დაცლის შემთხვევებზე, თუმცა აღნიშნულს უკავშირებს გ. ვ-ს დავალებას, ასევე უთითებს, რომ 2005 წლის დეკემბერში ნ. ჟ-მა გააჩერა მოწმის მანქანა და აიძულებდა ტვირთის დაცლას, რასაც შეესწრო გ. ჯ. მოწმის განმარტებით, ჟ-მ ამ დროს სთხოვა, რომ ეს იყო მ. ქ-ს დავალება. ნ. ჟ-იც თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ ერთხელ მოხდა ა/მანქანის გაჩერება და დაცლა, თუმცა ცალსახად უარყოფს აღნიშნულ მოთხოვნასთან მ. ქ-ს კავშირს და განმარტავს, რომ მანქანა არ გაუჩერებია და არ დაუცლია მ. ქ-ს დავალებით.

28. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა. მ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი 2005-2006 წლებში გ-ს რ-ს სოფელ ე-ს გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. 2005 წლის სექტემბერში სოფელ ე-ში მოსახლეობამ გამართა საპროტესტო აქცია. მოსახლეობის ერთი ნაწილი წინააღმდეგი იყო, რომ შპს „გ. ვ-ს“ ეწარმოებინა კარიერზე სამუშაოები, ნაწილი - არა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი იყო ის, რომ კარიერზე მუშაობის მიმდინარეობისას წყდებოდა წყალი და იყო შემთხვევა, როდესაც საქონელი ჩაიჩეხა. მოწმის განმარტებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შპს „გ. ვ-ს“ დირექტორი გ. ჯ. ადგილობრივ ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით იხდიდა 70 თეთრს და გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით იყო დაპირისპირება.

29. გ. ჯ-სა და რ. ღ-ს ჩვენებების თანახმად, პროტესტი იყო მართული. რ. ღ-ს განმარტებით, მ. ქ-სა და გ. ვ-ს წაქეზებით მოსახლეობის ნაწილი მტრულად განეწყო მათ მიმართ, რომ თითქოს შპს-ს საქმიანობა უარყოფით გავლენას ახდენდა სოფლის ეკოლოგიაზე. გორის რაიონულ სასამართლოში მოწმე გურამ ვ-ს განმარტებით, მას არ სმენია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსახლეობის გამოსვლების უკან იდგნენ მ. ქ. ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან, როგორც ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარლამენტში დააყენა საკითხი კარიერზე მიმდინარე სამუშაოებთან, კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებელის ოდენობასთან და ა.შ. დაკავშირებით. მოგვიანებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნა ექვსკაციანი დროებითი კომისია, რომელსაც დაევალა მათ შორის ვითარების ადგილზე შესწავლა. კომისიამ დაადგინა, რომ არსებობდა ეკოლოგიური პრობლემები, თუმცა კომპანიის (შპს ,,გ. ვ-ს“) დახურვის გადაწყვეტილება კომისიას არ მიუღია ( სხდომის ოქმების N.., 18/04/2006 წ., N .., 13/06/2006 და 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების ამონაწერებით დგინდება, რომ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა საკითხი ე-ს თემის საკრებულოს ტერიტორიაზე პემზა-წიდის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიის შესახებ. სხდომას მოწვეული სტუმრის სახით ესწრებოდა მ. ქ. მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: „ეთხოვოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, როგორც ლიცენზიის გამცემ და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლოს ერედვის თემის ტერიტორიაზე პემზა-წიდის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიის სამართლებრივი საფუძვლები, ლიცენზიის პირობების შესრულება და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება“).

30. ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ ეპიზოდზე, რომელიც შეეხება სს ,,გ-ს“ საკითხს. სასამართლო მოცემულ ეპიზოდში დაეყრდნო დაზარალებულ დ. გ-სა და მოწმე ი. გ-ს მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს.

31. დაზარალებულ დ. გ-ს მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებების თანახმად, იგი არის სს ,,გორკონის“ 7% აქციების მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მისთვის ტელევიზიით გახდა ცნობილი, რომ მ. ქ-მ სხვადასხვა დროს ს-ს დირექტორებს - მის შვილს - ი. გ-სა და ე. ჩ-ს გამოსძალა სხვადასხვა რაოდენობის თანხა.

32. დაზარალებულ დ. გ-ს და მოწმე ი. გ-ს მიერ მიცემული ჩვენებები პირდაპირ არ ადასტურებს მ. ქ-ს რაიმე ფორმით ჩარევას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სამეწარმეო საქმიანობაში, ისევე როგორც არ ადასტურებს მ. ქ-ს მიერ ქრთამის გამოძალვის ან/და მიღების ფაქტს.

33. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თანახმად, დ. გ-სთვის ტელევიზიით გახდა ცნობილი, რომ მ. ქ-მ სხვადასხვა დროს ს-ს დირექტორებს - მის შვილს (ი. გ-ს) და ე. ჩ-ს გამოსძალა სხვადასხვა რაოდენობის თანხა. კერძოდ, როგორც მისთვის ცნობილია ი. გ-სგან, რომელიც ქარხნის დირექტორად მუშაობდა 2005 წლის ივნისიდან 2006 წლის მარტამდე პერიოდში, მიიღო სულ - 35 000 ლარი, ხოლო ე. ჩ-სგან - 20 000 ლარი, რაც წარმოადგენდა სს „გ-ს“ საკუთრებას და ამით ზიანი მიადგა საწარმოს. ამდენად, დ. გ-ს ჩვენება ამ ნაწილში ირიბი ჩვენებაა და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სააპელაციო სასამართლო უთითებს მოწმე დ. გ-ს ჩვენების სუბიექტურობაზე და აღნიშნავს, რომ მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის შეკითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება და შეხედულება ჰქონდა მ. ქ-ზე, უპასუხა, რომ ,,მ. ქ. არის მტაცებელი“. დ. გ-ს ირიბი ჩვენების და მსჯავრდებულის სუბიექტური შეფასების გარდა, სხვა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც მ. ქ-ს ბრალეულობას დაადასტურებდა, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს.

34. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ი. გ-ს ჩვენება არის ირიბი მტკიცებულება. მოწმე ვერ უთითებს ვერცერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც მ. ქ-ს ბრალეულობას დაადასტურებდა. მ. ქ-ს მისთვის უშუალოდ არც არაფერი მოუთხოვია და არც მიუღია.

35. ი. გ-ს წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებების თანახმად, როდესაც გუბერნატორად დაინიშნა მ. ქ., მოწმე მივიდა მასთან და განუცხადა, რომ სურდა საწარმოს დირექტორად დანიშვნა, რადგან იცოდა, რომ ასეთი საკითხები მ. ქ-სთან შეთანხმების გარეშე არ წყდებოდა. აღნიშნულზე მ. ქ-მ მოსთხოვა აქციების მისთვის გადაცემა. როგორც სააპელაციო სასამართლო განაჩენში მიუთითებს, „პატიმრობაში ყოფნის პერიოდში არაერთხელ მოსთხოვეს ი. გ-ს მის მფლობელობაში არსებული აქციების გადაცემა, რაზეც დათანხმდა“. თუმცა სააპელაციო სასამართლოს განაჩენით და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ვერ დგინდება, ვინ მოითხოვდა მისგან ამის გაკეთებას, ვის გადაეცა აქციები და ამ კონტექსტში რა შუაშია მ. ქ-სთვის აქციების 22%-ის გამორთმევა, თუ ი. გ-ს და მის ოჯახს შეძენილი ჰქონდათ 15% აქციები და დაკავების მომენტში იყო მ. ქ-ს მოადგილე და მისგან ითხოვდნენ მის მფლობელობაში არსებული აქციების გადაცემას.

36. ი. გ-ს განმარტებით, განთავისუფების შემდეგ ის შეხვდა ნ. პ-ს, რომელმაც განუცხადა, რომ მ. ქ. და ქალაქის ხელმძღვანელობა თანახმა იყო მისი სააქციო საზოგადოების დირექტორად დანიშვნაზე, თუ შემოსავლების 50%–ს მათ გადასცემდა, რაზედაც დათანხმდა და დაიწყო ქარხანაში მუშაობა. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მას ნ. პ-მ მოსთხოვა 15 000 ლარის ფონდში გადარიცხვა. ი გ. შეეცადა, აეხსნა ნ. პ-სათვის, რომ გადარიცხვები ცუდად აისახებოდა საბანკო სისტემაზე, რადგან ქარხანას ვალი ჰქონდა, მაგრამ ნ. პ. აღნიშნავდა, რომ ეს იყო მ. ქ-ს დავალება და დაჟინებით მოითხოვდა თანხის გადარიცხვას. საბოლოოდ შეღავათი გაუკეთეს და შეთანხმდნენ 12 500 ლარზე, საიდანაც 25 00 ლარი შეიტანა ერთ-ერთ ფონდში, რომლის სახელიც არ ახსოვს, ხოლო დარჩენილი თანხა ხელზე მისცა ნ. პ-ს.

37. საგულისხმოა, რომ საქმის მასალების თანახმად, მ. ქ-ს და მისი თანმხლები პირების ოფიციალური ვიზიტი ჩ-ში გაიმართა 2006 წლის მაისში. მათი ჩ-ში შესაძლო გამგზავრების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 2006 წლის მარტში, როცა მიწვევა მიიღეს და შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულების არ არსებობის პირობებეში ნაკლებ სარწმუნოა მსჯავრდებულის მხრიდან ჩ-ში ვიზიტის მიზნებისთვის დაზარალებულებისთვის თანხების მოთხოვნა 2005 წლის დეკემბერში, როდესაც არ არსებობდა მასპინძელი ქვეყნის მხრიდან ოფიციალური მიწვევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველწყარომ - ნ. პ-მ, რომელიც ი. გ-ს ჩვენებით იყო შუამავალი მ. ქ-სა და ი. გ-ს შორის, სააპელაციო სასამართლოზე სრულად უარყო მისი მეშვეობით რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში მონაწილეობა მ. ქ-ს ინტერესების სასარგებლოდ.

38. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ბრალდების მხარის მიერ პრეიუდიციის სახით წარმოდგენილ, გორის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განაჩენით ნ. პ-ს მიმართ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება „სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის“. შესაბამისად, მითითებული დანაწესი ყურადღებას ამახვილებს პროცესის მონაწილეზე და არა მხარეზე, რაც გულისხმობს, რომ დაუშვებელია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღება მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის განხილვაში მონაწილე მოწმე სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებებს.

39. ბრალდების მხარის მიერ პრეიუდიციის სახით წარმოდგენილი იყო ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილი 3 გარემოება: 1) ნ. პ. მ. ქ-სთან ერთად მოქმედებდა რა ერთიანი განზრახვით, მისი მითითებით წარმართავდა მოლაპარაკებას ი. გ-სთან სააქციო საზოგადოება ,,გ-ს“ მოგებიდან 50%-ის გ-ს რაიონის გამგეობისა და სახელმწიფო რწმუნებულისთვის გადახდის თაობაზე. სანაცვლოდ, თავისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაჰპირდა სრულ მფარველობას; 2) 2005 წლის შემოდგომაზე მ. ქ. და ნ. პ. ამ უკანასკნელის ა/მანქანით მივიდნენ სს „გ-ს“ ტერიტორიაზე, სადაც ნ. პ-მ საზოგადოების დირექტორის- ი. გ-სგან- აიღო ქრთამი- 10 000 ლარი, მისი და მ. ქ-ს საზღვარგარეთ მივლინებაში გასამგზავრებლად ე.წ. ,,ჯ-ს“ ხარჯებისთვის. მითითებული თანხა ნ. პ-მ გადასცა მ. ქ-ს და ეს თანხა მათ გახარჯეს საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნისას; 3) ნ. პ-მ მ. ქ-სათვის საჩუქრად, ი. გ-ს კუთვნილი იარაღის მაღაზიიდან ამ უკანასკნელისგან მიიღო ქრთამი სხვა ქონების, 2 000 ლარად ღირებული იარაღის სახით და 4) ნ. პ-მ, მ. ქ-ს მითითებით, სააქციო საზოგადოება „გ-ს“ დირექტორ ი. გ-საგან სხვადასხვა პერიოდში აიღო ქრთამი 25 000 ლარი, ჯამურად - 35 000 ლარი. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესის არცერთ მონაწილეს საეჭვოდ არ გაუხდია აღნიშნული განაჩენის კანონიერება.

40. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას მოწმე პ-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მ. ქ-ს გუბერნატორად მუშაობის პერიოდში იგი მუშაობდა გ-ს რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ, ასევე – გ-ს რაიონის გამგებლად და მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილედაც. 2007 წლის 11 სექტემბერს დააკავეს, რის შემდეგაც მაშინ, როდესაც იგი იმყოფებოდა პატიმრობაში, მ. ქ-ს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ეტაპზე მისცა იძულებითი ჩვენება. კერძოდ, მას მიუტანეს დაწერილი ჩვენება, რომელიც იძულებით გადაწერა, რა დროსაც მას უნდა დაედასტურებინა მ. ქ-ს მიმართ წარდგენილი დანაშაულები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ მას და მის შვილსაც. ამ დროს საუბარი იყო, რომ თითქოსდა ბიუჯეტიდან მას მოპარული ჰქონდა 14 450 ლარი, ასევე მან და მ. ქ-მა მაღაზიაში ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ წაართვეს იარაღი და რომ მან თითქოსდა მ. ქ-ს მიუტანა გარკვეული თანხა, რომელიც გაატანა პიროვნებამ. მოწმემ სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითა, რომ ე. ჩ. მისი გამგებლობის დროს დანიშნული იყო სს „გ-ს“ დირექტორის თანამდებობაზე. ასევე, მას ი. გ-სთვის მ. ქ-ს დავალებით არანაირი ფულადი თანხა არ მოუთხოვია. მათ შორის, ი. გ-სთვის არ უთქვამს, რომ მ. ქ-ს უნდოდა მისი იარაღის გადაცემა. მოწმე დარწმუნებით აღნიშნავს, რომ მას არასდროს არანაირი თანხა ან სხვა ნივთი არავისგან არ წამოუღია მ. ქ-სთვის გადასაცემად. მან აღნიშნა, რომ ის კატეგორიულად უარყოფს მის მიერ პირველადი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მიცემულ ჩვენებას, რადგან მასში ასახული გარემოებები არ მომხდარა.

41. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმემ „ვერ ახსნა, თუ რატომ მისცა წინასწარ გამოძიებას და სასამართლოს მამხილებელი ჩვენებები“ და ი. გ-სა და ნ. პ-ს ჩვენებების შეფასებისას უპირატესობა მიანიჭა ი. გ-ს ჩვენებას. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აღნიშნული ჩვენებებიდან ე. ჩ-სთან დაკავშირებული ნაწილი (კერძოდ, მოწმის განმარტება, რომ მ. ქ-სთან ერთად იგი ე. ჩ-სთან სს“ გ-ს“ ადმინისტრაციულ შენობაში არასოდეს ყოფილა. უფრო მეტიც, მას მ. ქ-ს დავალებით თანხასთან დაკავშირებით ე. ჩ-სთან არანაირი შეხება არ ჰქონია). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. პ-ს დაკავების დროზეც ( 2007 წლის 11 სექტემბერი), რაც წინ უძღოდა მ. ქ-ს დაკავებას - 2007 წლის 23 სექტემბერს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის „გ--1...“ სისტემის N... შეძენაზე ნებართვა ი. გ-მ გასცა ნ. პ-ზე და არა - ქ-ზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ი. გ. თავის ჩვენებაში ადასტურებს მ. ქ-ს მანქანაში ყოფნას, თუმცა მოწმე არ ადასტურებს და შესაბამისად, არც მისი ჩვენებით და არც საქმეში არსებული სხვა მასალებით არ დასტურდება ნ. პ-ს მიერ მ. ქ-სთვის ფულის ან/და იარაღის გადაცემა, ანდა მ. ქ-ს დავალებით აღნიშნული ქმედების შესრულება.

42. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და კვლავაც აღნიშნავს, რომ მხარეების მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების (გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განაჩენი ნ. პ-ს მიმართ) სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე უდავოდ ცნობა არ ათავისუფლებს სასამართლოს მტკიცებულების სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე შეფასების ვალდებულებისგან.

43. საკასაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მოწმეების - გ. პ-ს და გ. ვ-ს ჩვენებებიდან გამომდინარე, შეამოწმა დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს სსკ-ის 190-ე მუხლის მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის კანონიერების ახლად გამოვლენილი გარემოებების წესით გადასინჯვის თაობაზე. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ ბრალდების მოწმეების - თ. რ-ს, ჯ. ტ-სა და ი. მ-ს მიერ გორის რაიონულ სასამართლოში მიცემული ჩვენებები შეამოწმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებთან შეჯერებით და მათი ერთობლიობაში განხილვის გზით. დასახელებული მოწმეები მ. ქ-ს მიერ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით თავის ჩვენებაში უთითებენ 2006 წლის აპრილში მომხდარ ერთ შემთხვევაზე. მათი განმარტებით, აღნიშნულ დროს ისინი იმყოფებოდნენ შპს ,,გ. ვ-ს“ მფლობელობაში არსებულ ვულკანური წიდის კარიერზე სამუშაოდ, რა დროსაც იქ მივიდნენ მ. ქ. და გ. ვ. მოწმე თ. რ. თავის ჩვენებაში მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ კარიერზე მისული ხსენებული პირები მოითხოვდნენ მუშაობის შეჩერებას. შედარებით უფრო კონკრეტული შინაარსისაა მოწმეების - ჯ. ტ-ს და ი. მ-ს ჩვენებები, რომლებშიც ისინი აღნიშნავენ, რომ კარიერზე მისულმა მ. ქ-მ მათ მოთხოვა მუშაობის გაჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა ავტომანქანების დაცხრილვით, ამასთან, ის იგინებოდა გ. ჯ-ს მისამართით და ამბობდა - ,,ამას ვერ უნდა გავაგებინოთ, რომ გააჩეროს და დახუროს კარიერი“. მათივე ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, მათ გ. ჯ-ს მითითებით ჩვეულებრივად გააგრძელეს კარიერზე მუშაობა და თავიანთი საქმიანობა არ შეუწყვეტიათ.

44. მითითებულ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ჩვენებებს შორის არსებულ უზუსტობას. კერძოდ, მოწმე თ. რ. აღნიშნავს, რომ მ. ქ. მოითხოვდა მათგან მუშაობის შეჩერებას, მაგრამ არაფერს ამბობს მუქარაზე, გინებაზე და სხვა გამონათქვამებზე. მოწმე ი. მ. კი თავის ჩვენებაში აღნიშნავს მხოლოდ მუშაობის შეჩერების მოთხოვნასა და გინების თაობაზე, მაგრამ არაფერს ამბობს მუქარის თაობაზე, განსხვავებით მოწმე ჯ. ტ-ს ჩვენებისგან (აღნიშნულ მოწმეთა მტკიცებით ყველა მათგანი ერთსა და იმავე დროს იმყოფებოდნენ ვულკანური წიდის კარიერზე). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გ. ვ. და გ. პ. კატეგორიულად უარყოფენ აღნიშნულ ფაქტს.

45. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 190-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებებიდან, ნებისმიერი მათგანის ჩადენა მხოლოდ ისეთ შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაულად, თუკი ამ ქმედებამ შედეგის სახით არსებითი ზიანი გამოიწვია. ეს უკანასკნელი აღნიშნული შემადგენლობის აუცილებელი, ნორმატიული ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს ზემოხსენებულ დადგენილებაში, ხოლო სასამართლოს განაჩენში საგანგებოდ უნდა ემსჯელა და გაერკვია მ. ქ-ს ქმედებამ (რომელზეც ბრალდების მოწმეთა ზემოთმოტანილ ჩვენებებშია საუბარი) გამოიწვია თუ არა ზიანი, კონკრეტულად რა სახით დადგა ეს ზიანი (მაგალითად, მატერიალური ზაიანი) და იყო თუ არა ის მნიშვნელოვანი. ზიანის არსებობის დადასტურების შემთხვევაში სასამართლოს განაჩენში უნდა დაესაბუთებინა ასევე მიზეზობრივი კავშირი მ. ქ-ს ქმედებასა და ზიანს შორის. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება არსებით მნიშვნელობას იძენს ვინაიდან ბრალდების მოწმის - ი. მ-ს ჩვენების მიხედვით, მან აცნობა გ. ჯ-ს მათ სამუშაო ადგილზე მ. ქ-ს მისვლისა და მისგან მუშაობის შეჩერების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ გ. ჯ-ს მითითებით ვულკანური წიდის კარიერზე მუშაობა გაგრძელდა და არ შეჩერებულა. ამავე დროს, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მ. ქ-ს აღნიშნული მოქმედებით (თუკი ის ნამდვილად იყო ჩადენილი) გამოწვეული ზიანის ხასიათი და მოცულობა და აღნიშნული არ არის მითითებული არც სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში.

46. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც მასში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანად, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

47. საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისას უნდა შემოწმდეს: მტკიცებულების შემხებლობა მტკიცების საგანთან, მტკიცებულებაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების ასახვის სისწორე, მტკიცებულების წყაროს სანდოობა, მტკიცებულების რელევანტურობა და უტყუარობა, ასევე - რამდენად დასტურდება მტკიცებულებაში მოცემული ინფორმაცია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N626აპ.-17).

48. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

49. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

50. სასამართლო ითვლისწინებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N548-ე გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისთვის. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“( II-52). ამავე გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, სასამართლო მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37;). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია(იხ. ასევე, მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №746აპ-19).

51. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ქ-ს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული ქმედებების ჩადენას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით შპს „გ. ვ-ს“ ეპიზოდი დასტურდება მხოლოდ დაზარალებულ გ. ჯ-ს პირდაპირი ჩვენებითა და შპს „გ. ვ-ს“ დირექტორ გ. ჯ-ს 2006 წლის 20 თებერვლის განცხადებით, რომლითაც იგი საგზაო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოსა და შიდა ქართლის საოლქო პროკურორს სთხოვს რეაგირებას შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის – მ. ქ-ს უკანონო ქმედებებზე საზოგადოების კუთვნილი ავტომანქანების გაჩერებასა და ტვირთების ჩამორთმევასთან დაკავშირებით (ერთი წყაროდან მიღებული ინფორმაციით), ხოლო სს „გ-ს“ ეპიზოდში - დაზარალებული ი. გ-ს ჩვენებით. შესაბამისად, მოცემულ საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობის დამტკიცებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა.

52. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას(იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, § 91, ECtHR, 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, ECtHR,13/07/2017). აღნიშნული არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011), სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR, 21/07/2015).

53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და მ. ქ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 190-ე მუხლითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 337-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსსსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი;

3. მ. ქ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 190-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 337-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;

4. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ. ქ-ს საკუთრებაში არსებულ, გ-ს რაიონის სოფელ ტ-ში მდებარე მიწის ნაკვეთს (ფართი: 2191კვ.მ, საკადასტრო კოდი: ,,,,); გ-ს რაიონის სოფელ ტ-ში მდებარე გ. ქ-სა და ზ.გ-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, ასევე გ. ქ-ს კუთვნილ შპს ,,კ.... ქონებასა და ე. ქ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლს (მდებარე ქ. გ-ში, შ-ს ... მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ოქტომბრისა და ამავე წლის 27 ოქტომბრის ბრძანებებით დადებული ყადაღა;

5. გამართლებულ მ. ქ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე

საქმე # 010141319700072308

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№1აგ-19 10 ივლისი, 2020 წელი

ქ. მ. 1აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2020 წლის 23 მარტს მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტს მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია:

2. ,,4. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ. ქა-ს საკუთრებაში

არსებულ, გ-ს რაიონის სოფელ ტ-ში მდებარე მიწის ნაკვეთს (ფართი: 2191კვ.მ, საკადასტრო კოდი: ....); გორის რაიონის სოფელ ტ-ი მდებარე გ. ქ-სა და ზ. გ-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, ასევე გ. ქ-ს კუთვნილ შპს ,,კ. გ. ბ-ს“ ქონებასა და ე. ქ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლს (მდებარე ქ. გ. , ... მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ოქტომბრისა და ამავე წლის 27 ოქტომბრის ბრძანებებით დადებული ყადაღა“.

3. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას.

4. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

2. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ,,1. მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი;

3. მ. ქ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 190-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 337-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;

4. გამართლებულ მ. ქ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება“.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე