დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.11.2020
საქმის ნომერი
36აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700107259

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №36აგ-20 ქ. თბილისი

ვ. (ს.) რ., 36აგ-20 10 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ვ-ს (ს-ს) საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით რ. ვ. (ს.) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 5000 ლარი; ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით რ. ვ-ს (ს-ს) დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნულ საქმეზე საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით რ. ვ. (ს.) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 12 წლით, 3 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით რ. ვ-ს (ს-ს) განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით რ. ვ-ს (ს-ს) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 2 თვითა და 7 დღით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ რ. ს.ს (ვ.ს) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ს-ს (ვ-ს) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ რ. ვ-ს (ს-ს) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება და რ. ვ. (ს.) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „დ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულ სასჯელს - 9 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 10 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა და რ. ვ-ს (ს-ს) საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 11 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

9. 2020 წლის 17 თებერვალს თბილისი სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. ვ-მ (ს-მ), რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ვ-ს (ს-ს) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ვ-მ (ს-მ) და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითება, რომ დაუშვას შუამდგომლობა.

12. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე სააპელაციო სასამართლოში არ უნდა განეხილა იმავე მოსამართლეს, ვინც მსჯავრი დასდო 2010 წლის 24 თებერვალს და ითხოვს ახლად გამოვლნილ გარემოებათა გამო მისი განაჩენის გადასინჯვას და საბოლოო სასჯელის შთანთქმის (ნაწილობრივ ან მთლიანად) გამოყენებით განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, რ. ვ-ს (ს-ს) საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 2013 წლის 8 მაისიდან მოქმედი რედაქციით და, ამდენად, არ არის გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. რაც შეეხება კასატორის მითითებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მან ერთხელ უკვე არსებითად განიხილა მისი სისხლის სამართლის საქმე, საკასაციო პალატა უთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლეს არ აქვს უფლება განიხილოს საქმე არსებითად, თუ მას ეს საქმე განხილული ჰქონდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და არა პირიქით.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ რ. ვ-ს (ს-ს) შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ვ-ს (ს-ს) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება მსჯავრდებულ რ. ვ-ს (ს-ს) შუამდგომლობის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი