საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #120100118002729172
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №446აპ-20 ქ. თბილისი
დ–ე ა., 446აპ-20 16 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. დ–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით ა. დ–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. დ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 20 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან იმავე წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. დ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა ......ის რაიონის სოფელ .......ის მიმდებარედ, გაზ გასამართი სადგურ „.....“ ტერიტორიაზე, რა დროსაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა. დ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მოყავისფრო ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 0,0891გრამი.
2018 წლის 2 ოქტომბერს დაახლოებით 08:00 საათიდან 12 საათის შუალედში ქ. ............ში ...........ის ქ. N..-ში მცხოვრებმა ა. დ–მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია ქ. ...........ში ............ ქ. N..-ში მცხოვრებ ზ. ნ–ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებს, სხვადასხვა სახის ბიჟუტერიას, ფანარს და თმის საკრეჭ ელექტრო მანქანას, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზ. ნ–ს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. დ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არ არის უტყუარად დადგენილი და დადასტურებული, რომ ა. დ–მ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. დ–ის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული მსჯავრდებულის ბრალეულობა განაჩენით მისთვის შერაცხულ ქმედებაში. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, პირის ამოცნობის ოქმით, დ. გ–ის ჩვენებითდა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას, რომ ბინიდან აღებული სუნის ნიმუშების რაოდენობა არ შეესაბამება იმ რაოდენობას, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტებთან ერთად და საძინებლიდან და მისაღები ოთახიდან აღებულ იქნა სამი ცალი სუნის ნიმუში,რაც დალუქული იქნა სამ პაკეტად ლუქებით: ....., ........., ...... (ტ.1.ს.ფ.9), ხოლო ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ა. დ–სგან აღებული სუნის ნიმუში დაილუქა 1 პაკეტად (ტ.1.ს.ფ.132-135). აღნიშნული დასტურდება ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნითაც და ექსპერტიზის დასკვნის დანართი ფოტოცხრილითაც (ტ.1.ს.ფ. 147, 149, ფოტო 1-2; 3-4), რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, რომლებიც მოთავსებული იყო ცალ-ცალკე 3 ცალ 0.5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში და ა. დ–საგან აღებული სუნი კვალის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იყო მინის ქილაში 1 ცალ პაკეტში. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია რომ აღებული ნიმუშების რაოდენობა და იმ ნიმუშების რაოდენობა, რომელზეც ჩატარებული იყო საექსპერტო კვლევა სხვადასხვა რაოდენობის იყო არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
10. ა. დ–ის უდანაშაულობის მტკიცების მიზნით კასატორი საეჭვოდ მიიჩნევს, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის მიუხედავად რომლითაც დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე ( ბინაში) აღმოჩენილი თითის კვლები ეკუთვნოდა ა. დ–ს, ა. დ–ე 17 ოქტომბერს პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო 20 ოქტომბერს ისევ დააპატიმრეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. დ–ის მიმართ 2018 წლის 9 ოქტომბერს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო. მოგვიანებით, ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ 22 ოქტომბერს, სასამართლომ უკვე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალის ფარგლებში იმსჯელა ა. დ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე და შეუფარდა პატიმრობა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და სახის განსაზღვრა უკავშირდება სსსკ-ის 198-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევას, რაც არ ნიშნავს არც პირის უდანაშაულობას (წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი) და არ გამორიცხავს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას.
11. კასატორი მიუთითებს, რომ დაზარალებულის ოჯახის წევრების მითითების მიუხედავად ექსპერტმა არ აიღო ძირს დაგდებული იმ პლასტმასის ყუთიდან თითის ანაბეჭდები, რომელშიც მოპარული ოქროს ნაკეთობები ინახებოდა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემისას ა. ა–მ ადვოკატის კითხვაზე დაადასტურა რომ თუ დაზარალებულები მიუთითებდნენ კონკრეტულ ყუთზე რომელშიც ედოთ მოპარული ოქროს ნაკეთობები, მას ეს ყუთი უნდა დაემუშავებინა (2019 წლის 21 მაისის სხდომის ოქმი 16:09:20-16:09:29).
12. კასატორი ასევე მიუთითებს რომ მას არ მიეცა დ. ნ–ის და ლ. ა–ის დაკითხვის შესაძლებლობა, რის თაობაზეც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. დ–ის ინტერესების დაცვას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ახორციელებდნენ ადვოკატები, დ. ნ–ის და ლ. ა–ის შესახებ (ვინაობა, საკონტაქტო მონაცემები) ცნობილი იყო ა. დ–სთვის თავიდანვე და დაცვის მხარეს ჰქონდა აღნიშნულ პირთა გამოკითხვის და გამოსაკითხ პირთა სიაში მათი შეყვანის შესაძლებლობა სსსკ-ის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით, რითაც მან არ ისარგებლა. ამიტომ მოგვიანებით ამ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებების წარდგენა ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნებს. იმავდროულად, როგორც კასატორი აღნიშნავს (ასევე ა. დ–ეც - არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითებდა) აღნიშნული პირები არ წარმოადგენდნენ ე.წ. ალიბის მოწმეებს, და მათი დაკითხვისას მათგან სავარაუდოდ მოსაპოვებელი ინფორმაცია ეხებოდა 4 ოქტომბერს და არა უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დღეს, ვითარებას, ჩამდენ პირს და ა.შ.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ .........ის ქ. N..-ში მცხოვრებ ზ. ნ–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია თითის ანაბეჭდები, სუნის კვალი და ამასთან, არ არსებობს მსჯავრდებულ ა. ნ–ის ამ ბინაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი რაიმე გარემოება.
14. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. დ–ის ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ა. დ–ის მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). ხოლო თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).
16. ა. დ–ის მიერ ჩვენებაში მითითებული პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ქმედების და ჩვენებაში მითითებული გარემოებების გადამოწმების კომპეტენცია ეკუთვნის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სასამართლო მოკლებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საკუთარი ინიციატივით საქმის მასალების გადაგზავნის შესაძლებლობას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე