დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.12.2020
საქმის ნომერი
2კ-53-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330802220004179171

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელი

№53I-20 ქ. თბილისი

თ–ი ი., 53I-20 28 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. თ–ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2012 წლის 18 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა) და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 4 თვის და 3 წლის და 9 თვის ვადით (10-ჯერ; 10 დაზარალებულის მიმართ). სასჯელთა შეკრების შედეგად, ი. თ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლის და 94 თვის ვადით.

2013 წლის 8 მაისს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-14 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2013 წლის 19 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ი. თ–ის დაკავების შესახებ ბრძანება.

2014 წლის 12 მაისს ი. თ–ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ი. თ–ის მიმართ ...........ში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2014 წლის 20 მაისს ი. თ–ი, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2014 წლის 22 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. თ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2014 წლის 11 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. თ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2014 წლის 22 მაისის განჩინების შეცვლის თაობაზე.

2014 წლის 20 ივნისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა ი. თ–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2014 წლის 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. თ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვის ვადით 6 თვემდე - 2014 წლის 20 ნოემბრამდე.

2014 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. თ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით 9 თვემდე - 2015 წლის 20 თებერვლამდე.

2015 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. თ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეცვლილ იქნა გირაოთი 5000 ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში: ი. თ–მა დააარსა და ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც ............ის რესპუბლიკის ქ. .....ში 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის ივლისამდე დროის მონაკვეთში ორგანიზებას უწევდა ........ის რესპუბლიკაში უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეების პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით ჩაყვანას, მათთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევასა და ი. თ–ის კუთვნილ სასტუმრო ,,.......”-ში მიყვანას. სასტუმროში განთავსების შემდეგ, მითითებულ პირებს ეკრძალებოდათ სასტუმროდან გასვლა და მისი ტერიტორიის დატოვების ნებართვა ეძლეოდათ მხოლოდ პროსტიტუციის განხორციელების მიზნით. ამდენად, დროის მითითებულ პერიოდში, ი. თ–მა, ნ. ქ–მა, ჯ. ქ–მა და დანაშაულებრივი დაჯგუფის სხვა წევრებმა ორგანიზება გაუწიეს ათ დაზარალებულს დაკავებულიყვნენ პროსტიტუციით, ხოლო პროსტიტუციდან მიღებული შემოსავლიდან კი იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს. ამასთანავე, დროის მითითებულ პერიოდში, ი. თ–ი უზრუნველოყფდა ზემოხსენებული პირებისათვის კლიენტთა მოძიებას და საერთო კოორდინაციას უწევდა პროსტიტუციის საქმიანობას.

4. 2020 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ დაითხოვა ი. თ–ის .........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მოცემული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ......ის რესპუბლიკიდან მოწოდებულ მასალებში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის დემეტრე ჯინჯოლიასშუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ი. თ–ის ..........ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, .......ის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა) და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის -ი. თ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და ი. თ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. თ–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2014 წლის 20 მაისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ი. თ–ი არ ითვლება ............ს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე ........ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ი. თ–ი არის .........ის რესპუბლიკის მოქალაქე.

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ი. თ–ს უარი ეთქვა ..........ში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. 2017 წლის 11 დეკემბერს ი. თ–მა განმეორებით მიმართა აღნიშნულ სამინისტროს საერთაშორისო დაცვაზე, მაგრამ 2017 წლის 15 დეკემბერს მას უარი ეთქვა საქმის ხელახლა განხილვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2018 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით, ი. თ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოცემული გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2020 წლის 18 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის განჩინებით ი. თ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, ი. თ–ი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად, შესაბამისად, არ არსებობს ზემომითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

6. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ი. თ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.

7. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურადდარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.

8. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას.კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011). ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, § 41, ECtHR, 29/04/1997), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, no. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011).

9. დაცვის მხარის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. თ–ი შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და მისი შვილების მხრიდან მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქროს საფრთხე, ვინაიდან საქართველოში მან შეიცვალა სარწმუნოება და გახდა ქრისტიანი. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად დაცვის მხარემ წარმოადგინა 2020 წლის 18 ივნისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც, მისი მტკიცებით, წარმოადგენს .......ის რესპუბლიკის სოფელ ............ის (ი. თ–ის განმარტებით ადგილი, სადაც მუდმივად ცხოვრობენ მისი შვილები) გამგებლის მიერ გაცემულ ცნობას, რომელშიც მითითებულია, რომ ი. თ–ის თურქეთის რესპუბლიკაში დაბრუნება არის საფრთხის შემცველი და შვილები მას მოკლავენ.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს მტკიცებითი ხარისხი ან საერთოდ არ აქვს ან იმდენად დაბალია, რომ არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. კერძოდ, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ არ არის ცნობილი აღნიშნული დოკუმენტის წარმომავლობა, არ არის წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმენტის გამცემი პირის პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის ასლი მისი ვინაობის გადასამოწმებლად, არ დასტურდება ხელმომწერი პირის მიერ ცნობაში მითითებული პოზიციის დაკავება( სესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო); დოკუმენტი ეყრდნობა არა ფაქტებს, არამედ ვარაუდებს ან/და შეფასებებს კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას.

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, .............ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა ი. თ–ის სიცოცხლის დაცვის მიზნით და იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

12. ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188).

13. ი. თ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ასევე ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის ი. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 4 თვის და 3 წლის და 9 თვის ვადით (10-ჯერ; 10 დაზარალებულის მიმართ).

14. ი. თ–ის ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით, ან სულ მცირე, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 1431-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის და თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ......ის რესპუბლიკაში ი. თ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიღებულ იქნა 2012 წლის 18 ივნისს, ხოლო 2013 წლის 19 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ი. თ–ის დაკავების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, იმისდა მიუხედავად თუ რომელი შემოთავაზებული ალტერნატივით განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადობა. ამასთან, .......ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი. თ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 24 წლის ვადით და იგი გასული არ არის.

16. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - ი. თ–მა პროკურორთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ ..........ში ცხოვრობს მისი პარტნიორი ა.მ. (.....), რომელიც არის .....ს მოქალაქე. მისივე განმარტებით, მათ არ ჰყავთ შვილი და არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, პარტნიორს აქვს .............ის რესპუბლიკაში ცხოვრების გამოცდილება, სადაც ცხოვრობდა 2008-2011 წლებში. გარდა ამისა, ი. თ-ს მითითებით, ა.მ. წარსულში იმყოფებოდა ქორწინებაში და ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი. ი. თ–მა ასევე აღნიშნა, რომ .....ის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი მეუღლე, რომელთანაც ..... წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ხუთი შვილი.

17. იმის გათვალისწინებით, რომ ..........ის რესპუბლიკა არის ...............ს მოსაზღვრე სახელმწიფო და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ი. თ–ის პარტნიორს შესაძლებლობა ექნება ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე იმოგზაუროს ..........ის რესპუბლიკაში ი. თ–ის მოსანახულებლად. უფრო მეტიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ა.მ.-მ ...........სა და .....ის რესპუბლიკის საზღვარი 4-ჯერ გადაკვეთა, რაც კიდევ უფრო ამყარებს რწმენას, რომ მას ........ის რესპუბლიკაში მოგზაურობისათვის დაბრკოლებები არ ექმნება.

18. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ი. თ–ის ......ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას, ეს შეზღუდვა თანაზომიერია (პროპორციულია) დასახული ლეგიტიმური მიზნისა. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები იმ დანაშაულთა ხასიათი, რომელთა ჩადენაშიც ი. თ–ი მსჯავრდებულია .....ის რესპუბლიკაში, მან სასჯელის მოხდას თავი აარიდა და შესაბამისად, მის მიმართ არსებობს სასჯელის აღსრულების ლეგიტიმური ინტერესი. მოცემულ პირობებში და აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ .........ის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი ოჯახის სხვა წევრები, ი. თ–ის ექსტრადიცია .........ის რესპუბლიკაში სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ................ს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.

19. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ............ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი–ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლები.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. თ–ის ...........ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, .........ის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა) და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე