საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003482610
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1000აპ-21 ქ. თბილისი
ც–ე ზ., 1000აპ-21 21 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ჩ–სა და დ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ც–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 284-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით,2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ზ. ც–ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 381-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, პირობითი მსჯავრი - 4 წლითა და 3 თვით. აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - 4 წელი პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ ზ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, პირობითი მსჯავრი - 4 წლითა და 3 თვით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.2. ზ. ც–ემ 2019 წლის 21 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, უნებართვოდ შეაღწია მ. ლ–ს კუთვნილ სს „...... ბანკის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე - №............ და იქ არსებული თანხა - 4 395 ლარი, რამდენიმე ეტაპად, გადარიცხა თავის სარგებლობაში არსებულ ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე, კერძოდ: „..........ის“ (შპს „მ–ი“) მომხმარებლის სახელი - „Cinco 29“ და „..........ის“ (შპს „.........“) მომხმარებლის სახელი - „......“ ანგარიშებზე, რითაც მ. ლ–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ზ. ც–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა
შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 3 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
ზ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 20 იანვრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ც–ს
ადვოკატმა დ. ჩ–მ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ც–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარემ ასევე, ალტერნატივის სახით ითხოვა ზ. ც–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა.
5. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ც–ს ადვოკატებმა - დ. ჩ–მ და დ. დ–მ, რომლებიც ითხოვენ ზ. ც–ს უდანაშაულოდ ცნობას.
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში ვერ/არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ. ც–ს ბრალეულობას და გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ც–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.
11. დაცვის მხარე ცდილობს დაადასტუროს, რომ მ. ლ–ს საბანკო ანგარიშზე შეაღწია და იქ არსებული თანხა ზ. ც–ს ონლაინ ტოტალიზატორების ანგარიშზე გადარიცხა 13 წლის არასრულწლოვანმა გ. გ–მ (მსჯავრდებულის გერმა), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ მ. ლ–ს, მოწმეების - ლ. გ–ს, გ. ქ–ს ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, საბანკო ამონაწერებით, შპს „......ს“ (,,........“) 2019 წლის 30 აგვისტოს წერილით, შპს „......დან“, შპს „....დან“ (,,........“) გამოთხოვილი ინფორმაციითა და მასზე თანდართული დოკუმენტაციით, რომელთა ერთობლიობითაც უტყუარად დგინდება, რომ ზ. ც–მ 2019 წლის 21 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, უნებართვოდ შეაღწია მ. ლ–ს კუთვნილ, სს „..... ბანკის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე - №........ და იქ არსებული თანხა - 4 395 ლარი რამდენიმე ეტაპად გადარიცხა თავის სარგებლობაში არსებულ ონლაინტოტალიზატორების „........ის“ (შპს „....“) და „.....ის“ (შპს „......“) ანგარიშებზე (მომხმარებლის სახელი - „Cinco 29“).
12. კასატორის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე დაზარალებული დაიკითხა საპროცესო ნორმების დარღვევით და მისი იდენტიფიკაციისათვის არ ჩატარდა საკმარისი საპროცესო მოქმედებები. ამასთან, ის დაიკითხა არა პროგრამა ,,Webex-ის“, არამედ - მობილური ტელეფონის გამოყენებით, უცნობი საკომუნიკაციო პროგრამის საშუალებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველო სსსკ-ის 3325-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი უშვებს შესაძლებლობას, სასამართლო სხდომა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოწმე დაიკითხოს დისტანციურად ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. საპროცესო კოდექსი არ უთითებს/არ ზღუდავს კონკრეტულ ტექნიკურ საშუალებასა ან/და პროგრამას, რომელთა გამოყენებითაც უნდა ჩატარდეს/არ შეიძლება ჩატარდეს დისტანციური სხდომა და დაიკითხოს მოწმე. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული მ. ლ–ე დისტანციურად დაიკითხა სასამართლო სხდომაზე 2020 წლის 24 ივლისს, რა დროსაც დაზარალებულის ვინაობა დაადასტურეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა - დ. ტ–მ და გ. ქ–მ. თავად დაზარალებულმა განმარტა, რომ დ. ტ–ი პირადად გაიცნო მის მიმართ დანაშაულის ჩადენამდე, ხოლო გ. ქ–ი - საქმის ფარგლებში შემდგარი ვიდეოზარით განხორციელებული კომუნიკაციისას (00:23:25); მანვე დაადასტურა, რომ ზ. ც–ს კარგად იცნობს - ,,ერთად ვცხოვრობდით და ერთად ვიყავით დაახლოებით 7-8 წელი მინიმუმ“ (00:21:52); ზ. ც–ე მისი საბანკო ანგარიშიდან უნებართვოდ დაეუფლა მის კუთვნილ ფულს, დაახლოებით 4500 ლარს; თავდაპირველად მეგობრებს, მათ შორის ზ. ც–ს, ჰკითხა ანგარიშიდან მოხსნილი თანხის შესახებ, თუმცა მათ განუცხადეს, რომ არაფერი იცოდნენ; მოგვიანებით, გამოძიების დაწყების შემდეგ, ზ. ც–ს ოჯახის წევრი დაუკავშირდა და შეჰპირდა თანხის დაბრუნებასა და ზიანის ანაზღაურებას - ,,ანგარიშის გასწორებას“ (00:20:50). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თავად ზ. ც–ე ესწრებოდა სასამართლო სხდომას და მას არც კითხვა დაუსვამს დაზარალებულისათვის მისი ვინაობის შესახებ და არც მასთან ნაცნობ-მეგობრობა ან მისი ვინაობა გაუპროტესტებია. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულის ვინაობა დაადასტურა ორმა პირმა, მათ შორის, ერთმა - პირადი ნაცნობობით; დაზარალებულის განმარტებით მას და მსჯავრდებულს აკავშირებთ დიდი ხნის ახლო ურთიერთობა; მოწმე გ. გ–ს (მსჯავრდებულის მეუღლე) ჩვენების თანახმად, დაზარალებული მ. ლ–ე არის ზ. ც–ს ახლობელი, ხოლო მსჯავრდებულმა, რომელიც ესწრებოდა დაზარალებულის დაკითხვას, არ გააპროტესტა დაზარალებულის ვინაობა ან/და ჩვენება მასთან ახლო ნაცნობობა/მეგობრობის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ იდენტიფიცირებული იქნა მ. ლ–ს პიროვნება, შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილ პირის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტსა და საქმის მასალებში მითითებულ - დაზარალებულის დაბადების თარიღებს შორის ცდომილება ვერ გახდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირის - მ. ლ–ს პიროვნებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
13. გარდა ამისა, დაცვის მხარე უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; გამოძიების ეტაპზე არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების საშუალებით არ დადგინდა იმ IP მისამართების მფლობელთა ვინაობა, რომელთა გამოყენებითაც კონკრეტულმა პირმა/პირებმა ისარგებლეს მ. ლ–ს პლასტიკური ბარათის კოდით; არ გამოიკითხა ბ. ც–ი, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, ისარგებლა დაზარალებულის პლასტიკური ბარათის კოდით; არ დადგინდა, ვინ გაიტანა სალაროდან თანხა; არ გამოირიცხა ვერსია, რომ სალაროდან თანხა გაიტანა არა ზ. ც–მ, არამედ - სხვა პირმა ყალბი მინდობილობის წარდგენის ან სხვა გზით; გარდა ამისა, არ ამოღებულა და არ დათვალიერებულა არცერთი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული მოწყობილობა; არ დადგენილმა მათი იმეიკოდები, დაკავშირებული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა გარემოებები, რისი გამოყენებითაც, სავარაუდოდ, შესაძლებელი იყო განსახილველი დანაშაულის ჩადენა; არ დაკითხულა კომპიუტერული ტექნოლოგიების მცოდნე სპეციალისტი, რომლის განმარტებაც არსებითად მნიშვნელოვანი იყო საქმეზე რეალობის დასადგენად; არ გამოირიცხა ზ. ც–ს IP მისამართის, ონლაინტოტალიზატორში გახსნილი ვებგვერდის და მ. ლ–ს ანგარიშის ჰაკერული გამოყენება.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა; საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან დაკავშირებულის შესაძლო მტკიცებულებები და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო სხვა მტკიცებულებების დამატებით მოპოვება და სასამართლოში წარდგენა, აღნიშნული მასალებიც სათანადოდ შეფასდებოდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, თუმცა მათი წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმნიან ზ. ც–ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, 44-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს და მე-3 ნაწილს, რომელიც ადვოკატს ანიჭებს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას - მათ შორის უფლებას ბრალდების უარსაყოფად საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაზე, გამოთხოვასა და წარდგენაზე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება დაცვის მხარისათვის სასურველი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობის არ მიცემის/ხელის შეშლის ფაქტი, მათ შორის - კასატორის მიერ მითითებული კომპიუტერული ტექნოლოგიების მცოდნე სპეციალისტის წარმოდგენის და დაკითხვის ნაწილში, ასევე ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული ეჭვების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი - სასამართლო მოკლებულია კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
16. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მოწმე გ. გ–ს ჩვენებას, რომ სადავო ქმედებები ჩაიდინა 13 წლის გ. გ–მ და არა მსჯავრდებულმა ზ. ც–მ, კერძოდ: მოწმე გ. გ–მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის ივლისში მამინაცვალმა - ზ. ც–მ მისცა მასთან ერთად მყოფი თავისი მეგობრის - მ. ლ–ს საბანკო ბარათი მაღაზიიდან კონკრეტული პროდუქტის შესაძენად, რა დროსაც მან მ. ლ–ს ბარათს გადაუღო სურათი. მოგვიანებით კი, მაშინ, როდესაც ონლაინ აზარტული თამაშების თამაში გადაწყვიტა, მ. ლ–ს ბარათის ნომერი შეიყვანა და გარკვეული თანხა გადაიტანა ონლაინ ტოტალიზატორების ზ. ც–ს სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშებზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამაშობდა, როგორც საკუთარი, ისე დედისა და მამინაცვლის მობილური ტელეფონებით, სხვადასხვა დროს, მათ შორის - ღამეც. ზ. ც–ე ფიქრობდა, რომ გ. გ–ე დედის საბანკო ბარათით თამაშობდა და არა მ. ლ–ს. ხან აგებდა, ხან იგებდა. მოგების შესახებ ეუბნებოდა ზ. ც–ს, მას კი გამოჰქონდა ფული. გამოძიების დაწყების შემდეგ ზ. ც–ს გაუმხილა თავისი ქმედების - მ. ლ–ს ანგარიშიდან თანხის მოხსნის შესახებ. ვინაიდან ზ. ც–ს არ უნდოდა, რომ პასუხისგებაში მიეცათ გ. გ–ე, დანაშაული დაიბრალა თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის შესახებ, ადვოკატს არ უთხრა ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რადგან მამინაცვალს გაფრთხილებული ჰყავდა, არავისთვის მოეყოლა მომხდარის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ დედაც ფიქრობდა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება აეღო საკუთარ თავზე, რასთან დაკავშირებითაც ოჯახში ჰქონდათ კამათიც. პროკურორის კითხვაზე, რაში გამოიხატა დანაშაულის საკუთარ თავზე აღება და ე.წ. დაბრალება, მოწმემ განმარტა, რომ მას არ მისცეს სიმართლის თქმის საშუალება.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე გ. გ–მ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ თავადაც ფიქრობდა დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას, რადგან შესაძლებელი იყო ნაკლები პრობლემები შექმნოდა. მოსამართლის განმარტებაზე, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მსჯავრდებულმა წარმოთქვა რეპლიკა - ,,მე პირობითი მქონდა“ (00:22:30).
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - გ. გ–სა და გ. გ–ს ჩვენებების შეფასების ნაწილში და მიაჩნია, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ისინი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, არ არის დამაჯერებელი და წარმოადგენს ზ. ც–სთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობას.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო კანონმდებლობის ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არ დგინდება არც საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა - საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ჩ–სა და დ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე