საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003828235
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №951აპ-21 ქ. თბილისი
ა. თ. 951აპ-21 18 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ა–ს, - დაბადებულს ... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1.ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2.ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე, ქ. თ–ში, .....ში, ჯ–სა და კ–ს ქუჩების კვეთაზე მდებარე ინდ.მეწარმე გ. გ–ის კუთვნილ ტექნიკის მაღაზიაში, თ. ა–ი დანის გამოყენებით სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ამავე მაღაზიის ოპერატორ ლ. ტ–ს, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ინდ.მეწარმე გ. გ–ს კუთვნილი თანხა - 4 800 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სისხლის სამართლის N004040620017 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ივლისის N11085 განჩინების თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომლებს მიეცათ ნებართვა - თ. ა–საგან, საექსპერტო კვლევისათვის, აეღოთ ნერწყვის, სუნისა და ხელის კვლების ნიმუშები. 2020 წლის 22 ივლისს ქ. თ–ში, N.. პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის თანდასწრებით, 2020 წლის 11 ივლისის განჩინება სათანადო წესით გააცნეს ბრალდებულ თ. ა–ს, თუმცა მან ნერწყვის, სუნისა და ხელის კვლების ნიმუშების აღებაზე უარი განუცხადა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით თ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თ. ა–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 წლით;
თ. ა–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან;
მასვე აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
თ. ა–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
თ. ა–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 15 ივნისიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ა–ს ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და თ. ა–ს გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ა–ს ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და თ. ა–ს გამართლებას.
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მტკიცებით სისხლისსამართალწარმოებისას ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, კასატორის მტკიცებით, არ არსებობდა თ. ა–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კანონისმიერი საფუძველი, რადგან ბრალდებულს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ წარმოებულ გამოძიებაში.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).
9. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით ისჯება განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის საგანს კი წარმოადგენს სასამართლოს განაჩენი, განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება.
10. ზოგადად, იმის დასადგენად, დაირღვა თუ არა თვითინკრიმინირებისგან დაცვის პრივილეგია სასამართლომ უნდა შეამოწმოს მტკიცებულების მოსაპოვებლად გამოყენებული იძულების ბუნება და ხარისხი; საზოგადოებრივი ინტერესის - ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და დამნაშავის დასჯა - წონა; შესაბამისი პროცედურული გარანტიების არსებობა და ამ გზით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენების ხარისხი ( იხ. Jalloh v. Germany, no. 54810/00, §117, ECtHR, 11/07/2006).
11. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. შესაბამისად, დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით მოპოვება მაშინაც, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად (მაგალითისთვის იხ. Jalloh v. Germany, no. 54810/00, §114 (პირველი წინადადება), ECtHR, 11/07/2006). მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება არ უკავშირდებოდა ძლიერი ტკივილის მიყენებას და ნებადართული იყო სასამართლოს განჩინებით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს გამომძიებლებს და სპეციალური ცოდნის მქონე პირს მიეცეთ ნებართვა, თ. ა–სგან შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის აიღონ თითის კვალის, სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშები. საპროცესო მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე (ტ. 1; ს.ფ.151-152). განჩინების აღსრულება დაევალა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს გამომძიებლებს (ტ.1; ს.ფ.151-152).
13. 2020 წლის 22 ივლისის ოქმის თანახმად, შსს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-.. სამმართველოს გამომძიებელმა ი. ჯ–მა ექსპერტების - გ. მ–ს, გ. ნ–ს, ლ. ქ–ს და ადვოკატ გ. ბ–ს მონაწილეობით თ. ა–ს გააცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ივლისის განჩინება მისგან თითის კვალის, სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშების აღების თაობაზე, რაზეც თ. ა–მა უარი განაცხადა (თ. ა–მა უარი განაცხადა საპროცესო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე. ოქმი ხელმოწერილია საპროცესო მოქმედებაში მონაწილე დანარჩენ პირთა მიერ. იხ.ტ.1; ს.ფ.153).
14. პროკურორმა თამარ კერესელიძემ 2020 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით თ. ა–სგან თითის კვალის, სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშების აღების შესახებ (ტ.1; ს.ფ.154-155). აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ თ. ა–საგან შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის თითის კვალის, სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშის აღების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 11 ივლისის განჩინებით საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა - 30 დღე - არ იყო ამოწურული (ტ.1; ს.ფ.156-157).
15. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი. ჯ–მა დაადასტურა, რომ თ. ა–ს გააცნო მოსამართლის განჩინება ნიმუშების აღების თაობაზე, თუმცა ბრალდებულმა განაცხადა უარი, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ასევე, მოწმეებმა - გ. მ–მ, ლ. ქ–მა და გ. ნ–მ დაადასტურეს, რომ თ. ა–საგან ნიმუშების აღება ვერ შეძლეს, რადგან ბრალდებულმა განაცხადა უარი, რაზედაც გამომძიებლის მიერ შედგა შესაბამისი ოქმი, რომელიც დაადასტურეს ხელმოწერით.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია „სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდების მხარემ ბრალდებულის ბრალეულობა უნდა ამტკიცოს მისი ნების წინააღმდეგ იძულების გზით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების გარეშე (Saunders v the United Kingdom, no. 19187/91, §68, ECtHR, 17/12/1996; Bykov v Russia [GC], no. 4378/02, §92, ECtHR,10/03/2009) და საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად ბრალდებული უფლებამოსილია მონაწილეობა არ მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში; მაგრამ თვითინკრიმინირებისგან დაცვის პრივილეგია არ ვრცელდება სისხლის სამართალწარმოების პროცესში ისეთი მასალების გამოყენებაზე - ბიოლოგიური, ანატომიური, გენეტიკური და სხვა ნიმუშების აღებაზე - რომლებიც მოპოვებული იყო ბრალდებულისგან მისი ნების წინააღმდეგ სასამართლოს განჩინებით (კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის და უფლებაში ჩარევის თანაზომიერების შემოწმების შემდეგ) მიუხედავად იმისა, რომ [სუნთქვის ტესტის ან სისხლის ნიმუშის აღების] ტიპის პროცედურები თავისი არსით „არის ერთგვარი ჩარევა ეჭვმიტანილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, მათი გამოყენება ზოგადად მაინც გამართლებულია მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, რადგან აუცილებელია სისხლის სამართლის დანაშაულის თავიდან ასაცილებლად“ ( Jalloh v. Germany, no. 54810/00, §115, ECtHR, 11/07/2006); არ არღვევს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ თვითინკრიმინირებისგან დაცვის პრივილეგიას, რადგან ის პირველ რიგში ეხება ბრალდებულის ნების პატივისცემას - გამოიყენოს დუმილის უფლება - არ ვრცელდება სისხლის სამართალწარმოებაში იმ მასალის გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება მიღებული იქნეს ბრალდებულისგან ნების საწინააღმდეგოდ - იძულებითი ღონისძიებების განხორციელების გზით, მაგრამ რომლებიც არსებობს ბრალდებულის ნებისგან დამოუკიდებლად (იხ. Detlef-Harro Schmidt v Germany, no. 32352/02, Decision on admissibility,ECtHR, 05/01/2006) როგორიცაა, inter alia, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე მოპოვებული დოკუმენტები, სუნთქვის, სისხლის, შარდის ნიმუშები და სხეულის ქსოვილი დნმ-ის ანალიზისთვის (Saunderds v. the United Kindgom, No. №19187/91, §69, ECtHR, 17/12/1996; O'Halloran and Francis v. the United Kingdom, nos. 15809/02; 25624/02, [GC] § 47, ECtHR, 29/06/2007; Jalloh v. Germany, no. 54810/00, §§112, 114, ECtHR, 11/07/2006).
17. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესს, ასევე იმ გარემოებას, რომ „ხელშემკვრელ სახელმწიფოებსა და სხვა ქვეყნებში, საყოველთაო გაგებით, თვითინკრიმინირებისგან დაცვის პრივილეგია ნიშნავს ბრალდებულის ნების პატივისცემას შეინარჩუნოს დუმილი დაკითხვისას და მისცეს ჩვენება იძულების გარეშე“ (იხ. Jalloh v. Germany, no. 54810/00, §110, ECtHR, 11/07/2006); და „არ არის აუცილებელი ყველა პირდაპირმა იძულებამ დაარღვიოს ბრალდებულის უფლების არსი - არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ - და გამოიწვიოს მე-6 მუხლის დარღვევა (იხ.O'Halloran and Francis v. the United Kingdom, nos. 15809/02; 25624/02, [GC] § 53, ECtHR, 29/06/2007). ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება იძულებითი წესით მიღებული მტკიცებულება გამოყენებული სასამართლოზე (Ibrahim and Others v. the United Kingdom, nos. 50541/08, 50571/08, 50573/08, 40351/09, §269, ECHR, 13/09/2016).
18. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამედიცინო პერსონალის მიერ, არ უკავშირდებოდა თ. ა–ს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას, ან გადამეტებული ძალის გამოყენებას ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს - ბრალდებულის ბრალეულობის საკითხის განსაზღვრას მისთვის შერაცხულ ბრალდებაში (იხ. Detlef-Harro Schmidt v Germany, no. 32352/02, Decision on admissibility,ECtHR, 05/01/2006); ამასთან არ წარმოადგენს თ. ა–ს ბრალდების ერთადერთ ან/და გადამწყვეტ მამხილებელ მტკიცებულებას.
19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ „...ბრალდებულს მოეთხოვება მშვიდად მიიღოს უმნიშვნელო ჩარევა მის ფიზიკურ ხელშეუხებლობაში (მაგ.: სისხლის, თმის ან ორგანული ქსოვილის ნიმუშის აღებისას) მაშინაც კი, როდესაც საჭიროა ბრალდებულის აქტიური მონაწილეობა. ეს ეხება ორგანიზმის ჩვეულებრივი ფუნქციონირებით წარმოშობილ მასალებს (როგორიცაა: სუნთქვის, შარდის ან ხმის ნიმუშები)“ (Jalloh v. Germany, no. 54810/00, §114, ECtHR, 11/07/2006). შესაბამისად, კასატორის მითითება საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილზე ირელევანტურია.
20. რაც შეეხება თ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009) და ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების - ლ. ტ–სა და გ. გ–ს, მოწმეების - ვ. ჩ–ს, ქ. თ–ს ჩვენებებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს (რომლითაც დათვალიერდა ინდ.მეწარმე „.....ის“ კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, პაციენტის სამედიცინო ბარათს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას - რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ. ა–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, არ დასტურდება მოწმეთა მიკერძოებული დამოკიდებულების არსებობა თ. ა–ს მიმართ, რაც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს მიერ მათი ჩვენებების არ გაზიარების საფუძველი.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა ჩვენებების გარდა ინდ.მეწარმე „.........ის“ კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი ინფორმაციის და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ დღეს თ. ა–ი ნამდვილად იმყოფებოდა (შევიდა) ტექნიკის მაღაზიაში. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას არ იქნეს გაზიარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, იმ მოტივით, რომ საკვლევი ნიმუში - სუნი შესაძლებელია გადავიდეს ჰაერწვეთოვანი გზით.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ყაჩაღობა ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმის მომენტიდან - ნივთის დაუფლების, მისი ოდენობის ან ღირებულების მიუხედავად. შესაბამისად, თ. ა–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისთვის დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ირელევანტურია.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება.
26. შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 120-ე მუხლების დანაწესებს (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №229აპ-21; უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56), ასევე იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების, მათ შორის ამოცნობის ან/და ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების (აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის) შესაძლებლობა ან ეთქვა დაუსაბუთებელი უარი შესაბამის შუამდგომლობებზე. სასამართლო ითვალისწინებს რომ შეჯიბრებითი მოდელის ფარგლებში სამართალწარმოების „მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56; 2022 წლის 20 აპრილის №1037აპ-21 განჩინება).
27. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს. სასამართლო ითვალისწინებს რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44), „თუმცა მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან” (Dvalishvili v. Georgia, no. 19634/07, §39, ECtHR, 18/03/2013).
28. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა მით უფრო არ ადგენს რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §69, ECtHR, 18/06/2021; იხ. ასევე Lisica v. Croatia, no. 20100/06, §49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany ([GC], no. 22978/05, §162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, § 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§56-58, ECtHR, 14/09/2019). მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს რომ თ. ა–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიღმაც) სხვა მტკიცებულებებთან ერთად დასტურდება მათ შორის დაზარალებულ ლ. ტ–ს და მოწმე ვ. ჩ–ს ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
29. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თ. ა–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა - მსჯავრდებულ თ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
30. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
32. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე