დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.09.2022
საქმის ნომერი
22აგ.-2022
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.09.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020142222700520354

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №22აგ-22 23 სექტემბერი, 2022 წელი

ნ–ე რ., 22აგ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ნ–სის ადვოკატ შ. ხ–სას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განაჩენით რ. ნ–ე (დაბადებული ........ პირადი N..........) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განაჩენი და რ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და და საბოლოოდ, რ. ნ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკევეთა 8 (რვა) წლით;

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ნ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. შ–სის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

1.4. 2022 წლის 1 აპრილს მსჯავრდებულ რ. ნ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ–მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა, მსჯავრდებულ რ. ნ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში; ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან სარფის საბაჟო - გამშვები პუნქტის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომანქანების შესასვლელებთან/გასასვლელებთან დამონტაჟებული კამერების მიერ 2016 წლის 17 მაისის 12:30 სააათიდან - 2016 წლის 18 მაისის 00:40 საათამდე დროის მონაკვეთში გადაღებული ჩანაწერების გამოთხოვა; სს ,,ს–ს“, შპს ,,მ–ს“ და შპს ,,..........ოს“ კომპიუტერული სისტემებიდან - ........, ........., .......... და ........... მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომრებზე 2016 წლის 17 მაისის 21:00 საათიდან - 2016 წლის 18 მაისის 04:00 საათამდე დროის შუალედში შემავალი/გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხა/ამონაწერის გამოთხოვა, ასევე, იმ ანძათა ჩამონათვალის გამოთხოვა, რომელთა მომსახურებითაც განხორციელდა ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონის ნომრიდან შემავალი/გამავალი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მფლობელ პირთა დემოგრაფიული მონაცემების, იმეი კოდების და მომსახურე ანძათა განლაგების ზუსტი მისამართისა და დაფარვის ზონის მითითებით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. ნ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ხ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2.2. 2022 წლის 3 მაისს მსჯავრდებულ რ. ნ–ს ადვოკატმა შ. ხ–მ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რ. ნ–სის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა; ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან სარფის საბაჟო - გამშვები პუნქტის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომანქანების შესასვლელებთან/გასასვლელებთან დამონტაჟებული კამერების 2016 წლის 17 მაისის 12:30 სააათიდან - 2016 წლის 18 მაისის 00:40 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერების გამოთხოვა; სს ,,ს–ს“, შპს ,,მ–ს“ და შპს ,,.......ოს“ კომპიუტერული სისტემებიდან - ..........., ........., .......... და ......... მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომრებზე 2016 წლის 17 მაისის 21:00 საათიდან - 2016 წლის 18 მაისის 04:00 საათამდე დროის შუალედში შემავალი/გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხა/ამონაწერის გამოთხოვა, ასევე, იმ ანძათა ჩამონათვალის გამოთხოვა, რომელთა მომსახურებითაც განხორციელდა ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონის ნომრიდან შემავალი/გამავალი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მფლობელ პირთა დემოგრაფიული მონაცემების, იმეიკოდების და მომსახურე ანძათა განლაგების ზუსტი მისამართისა და დაფარვის ზონის მითითებით.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გათვალისწინებით, განაჩენის გადასინჯვას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შუამდგომლობის ავტორს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გადასასინჯ განაჩენს, ასევე არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანისას არ იყო ცნობილი. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და მხარე არ იყო შეზღუდული თვითონ წარმოედგინა მტკიცებულებები. კასატორის პოზიციით, სააპელაციო პალატის მსჯელობის ეს ნაწილი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, არ შეესაბამება სიმართლეს და კანონს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის და 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებები მიღებულია მას შემდეგ, რაც რ. ნ–ს საქმეზე გამოტანილ იქნა განაჩენი, ხოლო საქმეში მოიპოვება სასამართლოს და პროკურატურის გადაწყვეტილებები, რომლებითაც რ. ნ–ს უარი ეთქვა კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე, რადგანაც იმ პერიოდისათვის მხოლოდ პროკურორს ჰქონდა ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. ამ ნაწილში მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა შეზღუდული იყო, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით გამოასწორა. შესაბამისად, უსამართლო და უკანონოა განაჩენის გადასინჯვის ეტაპზე ადვოკატისათვის ისეთი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დაწესება, რაც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება იქნეს მოპოვებული და თავის დროზე, განმხილველმა სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით არ მოაპოვებინა დაცვის მხარეს. დაცვის მხარე მტკიცებულებათა მოპოვების მოთხოვნის მითითებისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის 1-ლ ნაწილს და 297-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტს ეფუძნებოდა, ვინაიდან ვიდეოჩანაწერებისა და მობილური ოპერატორებიდან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტს, სასამართლომ განმარტა, რომ რ. ნ–სის საქმის განხილვისას საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებების დარღვევა არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაც მოწმობს მტკიცებულების დაუშვებლობას. კასატორის პოზიციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები სწორედ ასეთ დარღვევებს ადასტურებს, შესაბამისად, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მითითებისა, სხვა რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ პასუხობს მთავარ შეკითხვებს: როგორ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება (ჩხრეკის ოქმი და ქიმიური ექსპერტის დასკვნა) იყოს კანონიერი და ასეთი მტკიცებულების პირდაპირი შედეგი იყოს პირის მსჯავრდება?! როგორ შეიძლება სახელმწიფომ დაარღვიოს ძირითადი უფლებები დაცვის მხარისათვის მტკიცებულებათა მოპოვების შეზღუდვითა და საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე პირის მსჯავრდებით?! ამასთან, როგორ შეიძლება სახელმწიფომ თავადვე აღიაროს უფლებათა დამრღვევი ნორმების გამოყენება და არ არსებობდეს გზა ამ უფლებების აღდგენისათვის?! მოწმე პოლიციელების ჩვენებებთან (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი) დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი შეეხება 2021 წლის 1 ივლისის შემდგომ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, როდესაც უკვე განხორციელებული იქნება გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებები. კასატორს მიაჩნია, რომ მსჯელობის ამ ნაწილში სააპელაციო პალატა გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, როდესაც ამგვარად განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. განსახილველ საქმესთან კავშირის მქონე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ საჭიროებს დამატებით განმარტებებს. 2017 წლის 27 იანვრის, 2020 წლის 25 დეკემბრის და 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებები ნათლად და ცხადად მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების შეუსაბამობაზე საქართველოს ძირითად კანონთან, ხოლო 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული ძალაში შესვლის თარიღი, არ ნიშნავს იმას, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შედეგი არის კანონიერი. საქართველოს კონსტიტუციის დებულებების დაძლევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით შეუძლებელია და უკანონოა. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების 2021 წლის 1 ივლისამდე გადავადებისას იგულისხმა ის, რომ ამ ვადამდე მართლმსაჯულების სისტემა უნდა გასცნობოდა არა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ ძალაში შესვლის თარიღს, არამედ - გადაწყვეტილების შინაარსს და მოტივაციას სრული მოცულობით, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ მოქმედებს კონსტიტუცია, როგორც უშუალო კანონი და თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

2. კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას მოითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“, ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, კერძოდ: 1) საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებაზე მითითებით, რაც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; 2) საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მითითებით, რომლებითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რ. ნ–ს საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; 3) საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი მტკიცებულების მოპოვებაზე მითითებით, რომლის მოპოვების შესაძლებლობა დაცვის მხარეს საქმის განხილვის დროს არ გააჩნდა და რომელიც დაამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას.

3. კასატორის პოზიციით, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს ქმნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს (,,კონფიდენტი“, ,,ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავდა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად. სააპელაციო პალატამ შუამდგომლობის ავტორს მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა გადავადდა 2021 წლის 1 ივლისამდე, შესაბამისად, ის შეეხება 2021 წლის 1 ივლისის შემდგომ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, როდესაც უკვე განხორციელებული იქნება გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ძალადაკარგული ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, ძველი სტანდარტით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, მის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებისა და მოწმეთა ჩვენებების დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა საპროცესო კანონის ნორმის უკუძალით გამოყენების საკითხზე და განმარტა: „მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი. მათ შორის მაშინაც, როდესაც კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეიცვალა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თუ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ლოგიკურია, ამ ურთიერთობებზე გავრცელდეს ახალი კოდექსი, ახალი რეგულაციები, ანუ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს მათი განხორციელების მომენტისთვის მოქმედი წესების, პროცედურების მიხედვით. კანონის ასეთი მოქმედება, უმეტესწილად, არ არის კავშირში კანონის უკუძალით გამოყენებასთან, ვინაიდან კანონის გავრცელება ხდება არა დასრულებულ ურთიერთობებზე, რაც უკვე დამდგარი შედეგების შეცვლას გამოიწვევდა, არამედ მიმდინარე ურთიერთობებზე. ამიტომაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით: ,,ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს“ (მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად: „სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს“ (მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას არ შემოიფარგლება საკანონმდებლო დეფინიციებით. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ეს საკანონმდებლო ნორმები მიანიშნებენ კანონის დროში მოქმედების წესების მიზნობრიობაზე. რაც შეეხება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არ გავრცელებას მიმდინარე საპროცესო ღონისძიებებზე (ანუ როდესაც მოქმედი საპროცესო კოდექსის გავრცელება არ ხდება ამ კოდექსის მიღებამდე ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი/ბრალდებული პირების მიმართ, რომელთა სისხლისსამართლებივი დევნა და კონკრეტული საპროცესო ღონისძიებების განხორციელება დროში ემთხვევა ახალი საპროცესო კოდექსის მოქმედებას, რასაც მოცემული დავის ფარგლებშიც აქვს ადგილი), კანონის ასეთ მოქმედებას კავშირი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან პასუხისმგებლობისაგან განმანთავისუფლებელი კანონის უკუძალით არგამოყენებასთან და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით, იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობის და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან. ამიტომ, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, ნორმა გულისხმობს თუ არა დანაშაულებრიობის/დასჯადობის გაუქმებას ან სასჯელის შემსუბუქებას კონსტიტუციის მიზნებისთვის. მხოლოდ ასეთი მკაფიო კავშირის შემთხვევაში შეიძლება ნორმა შეფასდეს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 74-76). როგორც განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, სადავო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და მათ საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა გადაწყვეტილია საქმის გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის დროისათვის მოქმედი საპროცესო კანონის შესაბამისად და დადგენილი წესით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ნორმების კონსტიტუციური შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა არ შეეხება ქმედების დანაშაულებრიობის/ დასჯადობის გაუქმებას ან სასჯელის შემსუბუქებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით სადავოდ გამხდარი ნორმების არაკონსტიტუციური შინაარსი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან და არ უნდა გავრცელდეს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დაკანონებაზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე დაიწყო და დასრულდა, ასევე დაკანონდა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე. გარდა ამისა, სასამართლო რეტროაქტიულად ვერ გამოიყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ძალადაკარგულად ცნობილ საპროცესო ნორმას, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და აღსრულების წესი თავად საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და მიიჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად უზრუნველყონ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა მათთვის მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების მიცემა, რიგ შემთხვევებში კი - საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმება შეაფერხებდა სამართალდამცავთა ლეგიტიმურ ქმედებებს, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამდენად, თავად საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად ხსენებული გადაწყვეტილების უკუძალით გამოყენება წარსულში მიმდინარე და დასრულებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა მიმართ, ხოლო კონსტიტუციასთან შესაბამისი ახალი საპროცესო ნორმის მიმართ მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების შემუშავება საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციას მიაკუთვნა. შესაბამისად, საერთო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უგულებელყოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება და შეცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების წესი, ასევე საკონსტიტუციო კონტროლისა და საპარლამენტო ხელისუფლებისაგან გვერდის ავლით, თავად დაადგინოს როგორი უნდა ყოფილიყო მსჯავრდებულ რ. ნ–ს საქმეში გამოსაყენებელი სადავო საპროცესო ნორმების შინაარსი, რათა უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველეყო სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების დაცვა.

5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში ისეთი ახალი მტკიცებულების წარმოდგენას, რაც მანამდე ობიექტურად არ იყო ცნობილი და მოწმობს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დასაბუთების ტვირთი შუამდგომლობის ავტორს ეკისრება, მანვე უნდა წარმოადგინოს ისეთი ახალი მტკიცებულება, რაც მანამდე ობიექტურად არ იყო ცნობილი და გამოსადეგია მსჯავრდებული პირის უდანაშაულობის სამტკიცებლად. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ისეთი სახის ინფორმაციების გამოთხოვასა და მტკიცებულებების მოპოვებას, რომელთა შესაძლო არსებობა რ. ნ–ს სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ცნობილი იყო როგორც მხარეების, ისე სასამართლოსთვისაც. ამასთან, მართალია, დაცვის მხარემ (ასეთი საპროცესო შესაძლებლობის არარსებობის გამო) ობიექტურად ვერ მოიპოვა ხსენებული ინფორმაცია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენით, აღნიშნული მტკიცებულებების წარმოუდგენლობის მიუხედავად მიიჩნია, რომ არსებობდა წარდგენილ ბრალდებაში რ. ნ–ს მსჯავრდების საკმარისი საფუძველი, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი. კასატორი ვერ ასაბუთებს მსჯავრდებულის შესაძლო უდანაშაულობის დამადასტურებელი ასეთი მტკიცებულების არსებობას ვერც დღეის მდგომარეობით, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო დანაწესი სწორედ შუამდგომლობის ავტორს ავალდებულებს წარმოადგინოს ახალი მტკიცებულება.

6. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით: „საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ კასატორის მიერ მითითებული არცერთი გარემოება არ წარმოშობს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ნ–სის ადვოკატ შ. ხ–სას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: შალვა თადუმაძე

ლევან თევზაძე