საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001145520
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №310აპ-23 ქ. თბილისი
შ-ე თ., 310აპ-23 27 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძისა და მსჯავრდებულ თ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ღ–ს და ნ. თ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. თ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2. გ. შ–ს (ძებნილი), - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.2.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
1.2.2. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
1.2.3. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
1.3. გ. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობაში დახმარება, ე.ი. დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით თ. შ–ს, გ. შ–სა და გ. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე, 180-ე და 19,180-ე მუხლებით ნასამართლევმა გ. შ–სემ თ. შ–სთან ერთად განიზრახა ნ. კ–ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე უფლების მოტყუებით მიღება. აღნიშნულის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. კ–ს აღუთქვეს დახმარება მისი კუთვნილი, ქ. თ–ში, ც–ს ქ. N..-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული, ვალის - 33 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით აუქციონზე გატანილი ბინის შენარჩუნებაში. თ. შ–მ და გ. შ–მ, ბოროტად გამოიყენეს მისი ნდობა, მოტყუებით დაარწმუნეს ნ. კ–ი, რომ თ. შ–ე აუქციონზე საკუთარი სახსრებით შეიძენდა ბინას და გადააფორმებდა ნ. კ–ს სახელზე, შემდეგ აღნიშნული ბინის უზრუნველყოფით, ნ. კ–სა და თ. შ–ს შორის გაფორმდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ნ. კ–ი შესაბამის ვადაში მოახდენდა თ. შ–სთვის დახარჯული თანხის გადახდას. 2011 წლის 13 ივნისს აუქციონზე თ. შ–სემ 81 000 აშშ დოლარად შეიძინა ნ. კ–ს კუთვნილი, ქ. თ–ში, ც–ს ქ. N..-ში მდებარე, 215 050 ლარის ღირებულების ბინა, რა თანხიდანაც ნ. კ–ს ბინის გადაფორმების შემდეგ მისთვის, საპროცენტო სარგებელთან ერთად ერთობლიობაში, სამი თვის განმავლობაში უნდა გადაეცა 42 000 აშშ დოლარი, თუმცა თ. შ–ს გ. შ–სთან ერთად წინასწარვე ჰქონდა გადაწყვეტილი ქონების მოტყუებით ხელში ჩაგდება, ბინა აღარ გადააფორმა ნ. კ–ს სახელზე. შესაბამისად, არც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა 42 000 აშშ დოლარზე. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ისინი დროის გაყვანისა და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დადგენილი საპროცენტო სარგებლის გაზრდის მიზნით, მოტყუებით, სხვადასხვა მიზეზით არ აძლევდნენ ნ. კ–ს ბინის და მიწის ნაკვეთის გაყიდვის საშუალებას. უფრო მეტიც, თითქოსდა ნ. კ–სთვის ვალის დაფარვის მიზნით უძრავი ქონებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ ბანკიდან კრედიტის გარანტირებულად მიღებისთვის, თ. შ–მ 2012 წლის 23 მაისს, ნ. კ–ს თავის სახელზე ფიქტიურად - ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოტყუებით გადააფორმებინა ამავე მისამართზე - ქ. თ–ში, ც–ს ქ. N..-ში მდებარე ნ. კ–ს კუთვნილი, 137 000 ლარის ღირებულების 209 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა ამის შემდეგ არანაირი სესხი ბანკიდან მიწისა და ბინის უზრუნველყოფით არ აუღია. საბოლოოდ, 2012 წლის 9 სექტემბერს, თ. შ–მ და გ. შ–მ ნ. კ–სგან მალულად მოახდინეს თაღლითურად დაუფლებული, 352 000 ლარის ღირებულების ბინისა და მიწის ნაკვეთის ერთობლივად რეალიზაცია, საიდანაც ნ. კ–სთვის თანხა არ გადაუციათ. გ. შ–ს და თ. შ–ს თაღლითობის შედეგად ნ. კ–ს მიადგა 352 000 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე, 180-ე და 19,180-ე მუხლებით ნასამართლევმა გ. შ–მ, ისარგებლა თ. ფ–ს ნდობით და შესაბამისი მოგების სანაცვლოდ თანხის ტურისტულ ბიზნესში წილის სახით ჩადების, ასევე შესაბამისი მოგების მიღების სანაცვლოდ, 2010 წლის 21 იანვრიდან მოყოლებული, 2010 წლის განმავლობაში, პერიოდულად, ერთობლიობაში გამოართვა 30 000 აშშ დოლარი, მაშინ, როცა მას არანაირი ტურისტული ბიზნესი არ გააჩნდა და არც შემდგომში წამოუწყია. თანხის გადაცემის დაფიქსირების მიზნით აღნიშნულთან დაკავშირებით თ. ფ–სა და გ. შ–ს მეუღლეს რ. ა–სეს შორის ოფიციალურად, 2010 წლის განმავლობაში ქ. თ–ში, ...........ის ქ. ..-ში მდებარე ნ. უ–ს სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც, თ. ფ–სმა რ. ა–ს, თითქოსდა შესაბამისი ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მიღების სანაცვლოდ სესხის სახით გადასცა ერთობლიობაში 30 000 აშშ დოლარი. ვინაიდან რამდენიმე თვეში თ. ფ–მა მოსთხოვა შეპირებული ბიზნესის წილის და მოგების გადაცემა ან გადაცემული თანხის უკან დაბრუნება, გ. შ–ს მითითებით გ. პ–მა მისთვის თაღლითობაში დახმარების გაწევის მიზნით, თ. ფ–ი შეიყვანა შეცდომაში, თითქოსდა გ. შ–მ ფული გადასცა გ. პ–ს კუთვნილ ფირმას - შპს „რ–ს“, ქ. თ–ში, ქ–ს ქ. N..-ში სამშენებლო საქმიანობის საწარმოებლად და თ. ფ–ს პირადად, როგორც მშენებლობის მწარმოებელმა, აღუთქვა 30 000 აშშ დოლარის და საპროცენტო სარგებლის გადახდა ზემოაღნიშნულ მშენებლობაზე მოზიდული თანხებიდან. ამის დასტურად კი გაუფორმა 2011 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული შეთანხმება/შეტყობინება, ასევე 2011 წლის 12 ოქტომბრის საგარანტიო ხელშეკრულება, მაშინ, როცა რეალურად მითითებულ პერიოდში შპს „რ–ა“ აღარ აწარმოებდა ხსენებულ მისამართზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოებს და უფრო მეტიც, 2011 წლის 26 იანვრიდან, მათ შორის შეთანხმების გაფორმების ეტაპზეც, შპს „რ–ს“ დირექტორს წარმოადგენდა თავად გ. შ–ე. საბოლოოდ, გ. შ–ს და გ. პ–ს თ. ფ–სთვის არც ბიზნესში წილი და არც შესაბამისი მოგება გადაუციათ, არც ძირითადი თანხა დაუბრუნებიათ და 2014 წლის სექტემბრის თვიდან, არც საპროცენტო სარგებელი გადაუხდიათ. გ. შ–ს ზემოაღნიშნული თაღლითობის შედეგად, რაშიც დახმარება გაუწია გ. პ–მა, თ. ფ–ს მიადგა დაახლოებით 68 400 ლარის (30 000 აშშ დოლარი) დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე, 180-ე და 19,180-ე მუხლებით ნასამართლევმა გ. შ–მ, სურდა რა გ. ფ–ს ფულის თაღლითურად დაუფლება, გამოიყენა მისი ნდობა, აღუთქვა დახმარება იპოთეკით დატვირთული ბინის შენარჩუნების მიზნით ახალი იპოთეკარის მოძიებაში. გ. შ–მ მოიძია მ. პ–ს წარმომადგენელი გ. ე–აა, თუმცა გ. ფ–ი მოატყუა და დაიყოლია სესხის სახით მისთვის საჭირო თანხაზე მეტი - 50 000 აშშ დოლარის აღებაზე იმ მოტივით, თითქოს მ. პ–სა და მისი წარმომადგენელი გ. ე–ა თანახმა არ იყვნენ 50 000 აშშ დოლარზე ნაკლები თანხის სესხის სახით გაცემაზე. შესაბამისად, გ. ფ–ი იძულებული გახდა დათანხმებოდა გ. შ–ს შეთავაზებას. სესხის სახით 50 000 აშშ დოლარის აღების შემდეგ გ. შ–მ, იცოდა რა, რომ გ. ფ–ს ვალის გასტუმრების შემდეგ რჩებოდა 12 000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხა სხვადასხვა პირადი მიზეზით, ვითომდა სესხის სახით გამოართვა 2 ეტაპად, კერძოდ: 2010 წლის 16 მარტს ქ. თ–ში, ...........ის ქ. N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოართვა 6000 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 18 მარტს დარჩენილი - 6000 აშშ დოლარი. გ. შ–ს ზემოაღნიშნული ქმედებით გ. ფ–ის მიადგა დაახლოებით 20 760 ლარის (12 000 აშშ დოლარი) დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:
3.1. გ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. კ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.1.5. გ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო -2015 წლის 25 ივლისიდან - 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით;
3.1.6. გ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
3.2. თ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 60 000 ლარი;
3.3. გ. პ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 24, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.3.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გ. პ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
4.1. პროკურორმა გიორგი ნადირაძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გამართლებულ გ. პ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო მსჯავრდებულების - თ. შ–ს და გ. შ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება.
4.2. მსჯავრდებულ გ. შ–ს ადვოკატმა კ. მ–მ (მსჯავრდებულის თანხმობით) და თ. შ–ს ადვოკატებმა - მ. ღ–მ და ნ. თ–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. შ–სისა და თ. შ–სის უდანაშაულოდ ცნობა.
4.3. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თ. შ–ს ადვოკატმა მ. ღ–მ და მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
4.4. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ასევე გამართლებულ გ. პ–სა და მსჯავრდებულ გ. შ–ს ადვოკატმა კ. მ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გ. პ–ს მიმართ უცვლელად დატოვება, ხოლო გ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ და მსჯავრდებულ თ. შ–ს ადვოკატებმა მ. ღ–მ და ნ. თ–მა, კერძოდ:
6.1. პროკურორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას: გამართლებულ გ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, ხოლო მსჯავრდებულების - თ. შ–ს და გ. შ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
6.2. ადვოკატები მ. ღ–მ და ნ. თ–ი ითხოვენ თ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
6.3. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თ. შ–ს ადვოკატმა მ. ღ–მ და მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2023 წლის 4 აპრილს საქმეზე დასართავად შემოვიდა გამართლებულ გ. პ–სა და მსჯავრდებულ გ. შ–სის ადვოკატის - კ. მ–ს განცხადება და პროკურორის საკასაციო საჩივარზე პოზიცია, რომელიც, თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესულია - 2023 წლის 28 მარტს; აღნიშნული დოკუმენტაციის თანახმად, ადვოკატი, ერთი მხრივ, ითხოვს - არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი გ. პ–ს ნაწილში დარჩეს უცვლელი, ხოლო, მეორე მხრივ - ითხოვს მსჯავრდებულ გ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ გ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობის მოთხოვნით, მითითებული დოკუმენტი (პოზიცია პროკურორის საჩივარზე) სასამართლოში წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დარღვევით - საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე, როგორც საკასაციო საჩივარზე;
7.1.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატის მითითებული განცხადება/პოზიცია, თავისი შინაარსით არის შესაგებელი, ხოლო მსჯავრდებულ გ. შ–სთან მიმართებით მოთხოვნა გამართლების შესახებ (მითუფრო იმ პირობებში, როდესაც იმავდროულად არ არის წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი) ცდება შესაგებლის მოთხოვნის ფარგლებს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი გ. შ–ს წერილობითი მოთხოვნა მინი მონაწილეობის გარეშე განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
7.2. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, მსჯავრდებულ გ. შ–ს, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული მოითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
7.3. აღნიშნულის გამო სასამართლო ადვოკატ კ. მ–ს შესაგებელს ითვალისწინებს მხოლოდ გ. პ–ს მიმართ პროკურორის საკასაციო საჩივრის ნაწილში.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს: პროკურორმა, რომელიც ითხოვს გამართლებულ გ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, ხოლო მსჯავრდებულების - თ. შ–ს და გ. შ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას; ადვოკატებმა - მ. ღ–მ და ნ. თ–მა, რომლებიც ითხოვენ თ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობას; იმავდროულად, ადვოკატი მ. ღ–მ შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, ხოლო გამართლებულ გ. პ–ს ადვოკატი კ. მ–ე ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი.
9.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: მსჯავრდებულმა თ. შ–მ და გამართლებულმა გ. პ–მა ჩაიდინეს თუ არა დანაშაულები, ასევე კანონიერია თუ არა გ. შ–ს (პროკურორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში) და თ. შ–ს მიმართ დანიშნული სასჯელები.
10. ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ გ. პ–ს გამართლების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და ამ ნაწილში დასაბუთების გარეშე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ასევე გასაჩივრებული განაჩენი თ. შ–ს და გ. შ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილში არ არის კანონიერი, ვინაიდან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულების ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
11. ადვოკატების - მ. ღ–სა და ნ. თ–ს მტკიცებით თ. შ–ე არის უდანაშაულო და სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო დაზარალებულად ცნობილი ნ. კ–ს არათანმიმდევრულ და აბსურდულ ჩვენებას; ადვოკატებმა საკასაციო საჩივარში მიმოიხილეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიუთითეს, რომ მსჯავრდებულს არ მოუტყუებია ნ. კ–ი და მართლსაწინააღმდეგოდ არ დაუფლებულა სადავო უძრავ ქონებას, რაც ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი კომპონენტებია; მსჯავრდებულს არაფერი უყიდია ან/და გამოურთმევია დაზარალებულისათვის, მან სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აუქციონის ფარგლებში იყიდა სადავო უძრავი ქონება. იმავდროულად, შეეძლო დამოუკიდებლად შეეძინა აღნიშნული ქონება, ისე, რომ დაზარალებულისათვის არცკი ეთქვა; საბოლოოდ თ. შ–მ დაზარალებულთან ურთიერთობის შედეგად, მის მიერ გაწეული ხარჯებით, ბევრად მეტი ზიანი ნახა, ვიდრე სარგებელი, კერძოდ, უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ქონების გასხვისებით მიიღო; დაზარალებულს არათუ შეთანხმებულ - 3 თვის ვადაში, არამედ 1 წლისა და 2 თვის ვადაშიც არ მიუტანია თანხა - ვალი; ნ. კ–სთან შეთანხმდა აუქციონის შემდგომ სახლის გამოსყიდვაზე და მათ შორის იპოთეკაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას თ. შ–ს უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ მას ნ. კ–ი არ მოუტყუებია და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულის ჩვენებით, იპოთეკარმა ი. ვ–მ მოითხოვა ნ. კ–ს ქონების იძულებით აუქციონზე გატანა და სწორედ ამ აუქციონში მონაწილეობის გზით გახდა თ. შ–ე ქონების მესაკუთრე, სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ გ. შ–მ თ. შ–სთან ერთად გამოიყენეს ნ. კ–ს ნდობა, მოტყუებით დაარწმუნეს, რომ თ. შ–სე აუქციონზე საკუთარი სახსრებით შეიძენდა ნ. კ–ს კუთვნილ ბინას და გადაუფორმებდა ნ. კ–ს, რის შემდეგაც აღნიშნული ბინის უზრუნველყოფით ნ. კ–სა და თ. შ–ს შორის გაფორმდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ნ. კ–ი შესაბამის ვადაში გადაუხდიდა თ. შ–ს დახარჯულ თანხას.
12.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ თ. შ–ე ნ. კ–სთან შეუთანხმდა აუქციონის შემდგომ სახლის გამოსყიდვაზე და მათ შორის იპოთეკაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან მხარეებს შორის აღნიშნული შეთანხმება დასტურდება არამხოლოდ დაზარალებულ - ნ. კ–ს ჩვენებით, არამედ მოწმეების - ე. კ–ს, რ. ძ–ს, მ.ლ–ს, ა. ჟ–ს, ს. კ–სა და მ. ც–ს ჩვენებებით. მათ შორის - გ. შ–ს ადვოკატის რ. ძ–ის განმარტებით, ბინა აუქციონზე შეძენის შემდეგ უნდა გადაფორმებულიყო ნ. კ–ს სახელზე და უნდა დატვირთულიყო იპოთეკით თ. შ–ს სასარგებლოდ, ხოლო ნ. კ–სს თ. შ–სთვის უნდა გადაეხადა პროცენტი; მოწმე ბ. ჭ–ს განმარტებით, აუქციონის დასრულებისას ოფისში დამსწრე პირებს შორის შედგა საუბარი, რომ აუქციონის თანხის ჩარიცხვის შემდეგ სახლი ნ. კ–ს სახელზე გადაფორმდებოდა და დაიტვირთებოდა იპოთეკით. ასევე, მოწმეები ა. ჟ–ა, ს. კ–ე და მ. ც–ი აუქციონის დასრულების შემდეგაც ესწრებოდნენ გ. შ–ს, თ. შ–ს და ნ. კ–ს შეხვედრებს, რა დროსაც ნ. კ–ი გ. და თ. შ–ებს სთხოვდა სახლის გადაფორმებას. ისინი კი პასუხობდნენ, რომ არ ენერვიულა, აუცილებლად გადაუფორმებდნენ.
12.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გ. შ–სე ნდობაში შევიდა ნ. კ–სთან და თ. შ–სთან ერთად აღუთქვა დახმარება მისი კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული, აუქციონზე გატანილი ბინის შენარჩუნებაში. კერძოდ, მსჯავრდებულებმა ნ. კ–ი დაარწმუნეს, რომ თ. შ–ე აუქციონზე საკუთარი სახსრებით შეიძენდა ბინას და გადააფორმებდა ნ. კ–ს სახელზე. აღნიშნულის შემდეგ, ხსენებული ბინის უზრუნველყოფით, ნ. კ–სა და თ. შ–ს შორის გაფორმდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ნ. კ–ი შესაბამის ვადაში თ. შ–ს გადაუხდიდა დახარჯულ თანხას, თუმცა თ. შ–მ და გ. შ–მ, წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს დაზარალებული და 2011 წლის 13 ივნისს აუქციონზე შეძენილი ბინა აღარ გადაუფორმეს ნ. კ–ს (შესაბამისად, მათ შორის ვერც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 42 000 აშშ დოლარზე, რომელიც დაზარალებულს 3 თვის განმავლობაში უნდა გადაეცა თ. შ–სათის, ბინის მისთვის გადაფორმების შემდეგ) და დროის გაყვანით ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დადგენილი საპროცენტო სარგებლის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მიზეზით არ მისცეს ნ. კ–ს ბინისა და მიწის ნაკვეთის გაყიდვის საშუალება. საბოლოოდ, 2012 წლის 9 სექტემბერს, თაღლითურად დაუფლებული ბინა და მიწის ნაკვეთი ნ. კ–სგან მალულად გაიყიდა.
12.3. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ. შ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
13. რაც შეეხება ნ. კ–ს ქონების ღირებულებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 8 სექტემბრის დასკვნით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ნ. კ–ს კუთვნილი სახლისა და მიწის ნაკვეთის ღირებულება, მათ შორის, იმ გარემოების გამო, რომ ნ. კ–ს სახლის შეფასება მოხდა 2015 წლის მდგომარეობით, ხოლო განსახილველი დანაშაული ჩადენილია 2011-2012 წლების პერიოდში. ექსპერტმა მ. გ–მ დაადასტურა, რომ 2012 წლის მდგომარეობით სახლის ღირებულების დასადგენად საჭიროა კვლევის ახლიდან ჩატარება. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა, მათ შორის - აუქციონში მონაწილე პირთა ჩვენებებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ქონების სახეობისა და ოდენობის გათვალისწინებით, ეჭვს არ იწვევს, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსით დიდი ოდენობის დადგენისათვის განსაზღვრულ 10 000 ლარს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის №1001აპ-21 განაჩენი).
14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და გ. პ–ს მიმართ დასაბუთების გარეშე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარე გამართლებულს ედავება დაზარალებულ თ. ფ–ს კუთვნილი დიდ ოდენობით ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში გ. შ–სათვის დახმარებას.
14.1. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში არ მსჯელობს ძებნილ გ. შ–ს მსჯავრდების შესახებ, თუმცა, გ. პ–ს გამართლების ნაწილში ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოტყუება, როგორც თაღლითობის ჩადენის ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს დანაშაულს, დაზარალებულის მიერ ქონების გადაცემამდე უნდა მოხდეს მისთვის რეალობის დამახინჯება და ამ გზით დანაშაულის ჩადენის გამარტივება. მოცემულ შემთხვევაში ტურისტული ბიზნესიდან მოგების მიღების სურვილით დაზარალებულმა თ. ფ–მა გ. შ–ს საკუთარი ნებით გადასცა საერთო ჯამში 30 000 აშშ დოლარი 2010 წლის 21 იანვრიდან 2010 წლის 23 ივნისის ჩათვლით პერიოდში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი ირიბადაც არ მიუთითებს ამ პერიოდში გ. პ–სა და გ. შ–ს შეთანხმებულად მოქმედებაზე, რომ მსჯავრდებულს გაადვილებოდა დაზარალებულის კუთვნილი ქონების მისაკუთრება; საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ამ დროისათვის გ. პ–ი მსჯავრდებულს დაეხმარა ან აღუთქვა დახმარება დანაშაულის ჩადენაში; გ. შ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გ. პ–ს მიერ დაზარალებულ თ. ფ–ს წინაშე ვალის აღიარება და ამ ვალის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გარკვეული ხელშეკრულებების გაფორმება, არ წარმოადგენს თაღლითობაში დახმარებას.
14.2. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ. პ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
15. რაც შეეხება კასატორი ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის დამძიმების ნაწილში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
15.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ინდივიდუალური მახასიათებლები და განსაზღვრა სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
15.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - ჯარიმის - განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სასჯელის დამძიმება.
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძისა და მსჯავრდებულ თ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ღ–ს და ნ. თ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე