საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.03.2024
საქმის ნომერი
2კ-890აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006050352

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №890აპ-23 ქ. თბილისი

ქ. გ. 890აპ-23 5 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. თ–სის, თ. ს–ს, გ. ლ–სა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ქ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

1.2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.3. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. გ. ქ–ს თავის საცხოვრებელ ბინაში, ქ. თ–ში, ......ს გამზირზე, №..-ის №.. ბინაში, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა ,,ARCUS 94’’ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი 25 ცალი ვაზნა. 2022 წლის 2 აპრილს გ. ქ–მა თავისი საცხოვრებელი ბინიდან ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა ქ. თ–ში, კ–ს ...ი შესახვევის №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ ოფისში. ხსენებული ქმედებით გ. ქ–ი 2022 წლის 2 აპრილს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

2.2. 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, კ–ს ..... შესახვევის №..-ში მდებარე, სს “........ კომპანია ......“ ოფისის მე.. სართულზე არსებულ ოთახში, საზოგადოების დირექტორ გ. ქ–ს მეგობარ კ. ქ–სთან სასაუბროდ მივიდნენ მისი ნაცნობები: მ. მ–ე, ო. რ–ე, ხ. ც–ა, დ. მ–ე, ვ. მ–ე, გ. გ–ე, გ. ა–ი, ო. ბ–ა და გ. გ–ი, ასევე, მათი მეგობრები – ა. ბ–ე, ლ. კ–ი, ნ. მ–ი და შ. გ–ი. შეხვედრის დროს მ. მ–ს ახლდნენ პირადი დაცვის წევრები – კ. მ–ი და გ. ა–ი, ო. რ–ს – ლ. გ–ე და დ. ც–ი, დ. და ვ. მ–ების კი – გ. პ–ო. ამავე საუბარს ესწრებოდნენ კ. ქ–ს მეგობარი ვ. გ–ე და გ. ქ–ი. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებს შორის მოხდა შეკამათება და ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნული დაპირისპირების დროს გ. ქ–მა ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით ო. ბ–ას მარჯვენა ბარძაყის ზედა და შუა მესამედების ზღვარზე, წინა ზედაპირსა და მარცხენა ტერფის მედიალურ და ლატერალურ ზედაპირზე მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხოლო დ. ც–ს მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში, წინა ზედაპირზე და მარჯვენა წვივის ქვედა მესამედში, წვივის მედიალურ და ლატერალურ ზედაპირზე, წვივის რბილი ქსოვილების და საშუალო კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებით მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენით გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

3.1. გ. ქ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

3.2. გ. ქ–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.3. გ. ქ–სს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 3 აპრილიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ქ–სს თავის საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: ქ. თ–ში, ..........ის გამზირზე, №..-ის №.. ბინაში, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა ,,ARCUS 94’’ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი 25 ცალი ვაზნა, რასაც 2022 წლის 2 აპრილს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. თ–ში, კ–ს ....... შესახვევის №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისში. ასევე, გ. ქ–მა ქ. თ–ში, ........ის გამზირის №..-ის №.. ბინიდან ქ. თ–ში, კ–ს ......... შესახვევის №..-დე უკანონოდ ატარა – მიიტანა საბრძოლო მასალა – ,,ARCUS 94’’ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი 25 ცალი ვაზნა.

4.1. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ქ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

5.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის დამძიმება.

5.2. მსჯავრდებულ გ. ქ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. თ–მა მოითხოვა გ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობა.

5.3. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა, არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენში გ. ქ–ს მიმართ შევიდა ცვლილება: გ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხილი მსჯავრიდან ამოერიცხა ცეცხლსასროლ იარაღზე მითითება;

6.1. გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

6.2. გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

6.3. გ. ქ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ქალაქ თ–ი, ...........ის გამზირის №..-ის №.. ბინიდან ქალაქ თ–ში კ–ს ...... შესახვევის N..-მდე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

6.4. გ. ქ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 3 აპრილიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

7.1. მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ნ. თ–ი, თ. ს–ე და გ. ლ–ე ითხოვენ გ. ქ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას;

7.2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი გია შაიშმელაშვილი ითხოვს გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საბრძოლო მასალის ტარება ქ. თ–ში, ი. ჭ–ს გამზირის №..-ის №.. ბინიდან ქ. თ–ში, კ–ს .. შესახვევის №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისამდე და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარება ქ. თ–ში, კ–ს .. შესახვევის №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისში) და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

7.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ადვოკატმა ნ. თ–სმა და მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო მისი დაშვების შემთხვევაში, მისი არ დაკმაყოფილება.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, ბრალდების მხარე ითხოვს თავდაპირველი – ბრალადწარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით) კვალიფიკაციით მსჯავრდებას და სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საბრძოლო მასალის ქალაქ თ–ში, .....ის გამზირის №..-ის №.. ბინიდან ქალაქ თ–ში, კ–ს .... შესახვევის N..-მდე მართლსაწინააღმდეგო ტარების ეპიზოდში) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში გამართლებას.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, აღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ქ–ს მიერ ო. ბ–ასთვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების, ასევე, დ. ც–სთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულების – ო. ბ–ს და დ. ც–ს მიმართ გ. ქ–ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას.

11. მოწმეთა ჩვენებებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ დაზარალებულებმა – ო. ბ–მ და დ. ც–მა – შემთხვევის დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიიღეს დაზიანებები, კერძოდ: ო. ბ–მ – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო დ. ც–მა – ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

12. სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში ფიგურირებდა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი (იხ.: შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2022 წლის 2 აპრილის ოქმი, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის 2022 წლის 27 მაისის N....დასკვნა, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის 2022 წლის 3 მაისის N......... დასკვნა).

13. გ. ქ–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაადასტურა კონფლიქტის დროს მისი მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის განხორციელების ფაქტი და განმარტა, რომ მას ო. ბ–ასთვის და დ. ც–სთვის არ უსვრია და არც დაზიანებები მიუყენებია ვინმესთვის; ისროლა მხოლოდ ჭერში და კარების მიმართულებით. იარაღი დაშლილ მდგომარეობაში ედო უჯრაში, ააწყო და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა თავდაცვის მიზნით, რადგან საშიშროება იგრძნო მის ოფისში მისული შეიარაღებული პირების მხრიდან.

14. ო. ბ–ს ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის 2022 წლის 10 ივნისის №... დასკვნით დგინდება, რომ ო. ბ–ას სხეულიდან ამოღებული ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან გასაიგივებლად და იდენტურია მაკაროვის კონსტრუქციის №.......... პისტოლეტიდან გასროლილი ექსპერიმენტული ტყვიების.

14.1. პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე გ. ქ–სს არ ედავება დანაშაულის მაკაროვის კონსტრუქციის №........... პისტოლეტიდან ჩადენას; სს საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება აღნიშნული იარაღის არც მსჯავრდებულისადმი კუთვნილება და არც აღნიშნულ იარაღთან მსჯავრდებულის შემხებლობა;

14.2. დაზარალებული ო. ბ–ც ჩვენებაში კატეგორიულად უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გ. ქ–ი იარაღით დაინახა გვერდზე ფანჯარაში, მას არ უსვრია; ხოლო ოთახში (სადაც თავდაპირველად შევიდნენ) გ. ქ–სათვის იარაღი არ დაუნახავს; გ. ქ–ს ხელში იარაღი დაინახა, როდესაც გვერდზე ოთახში იყო. იმ ოთახში, სადაც ლაპარაკობდნენ იარაღი არ დაუნახავს.

15. დ. ც-ს ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 23 მაისის N.......... დასკვნით დგინდება, რომ დ. ც–ის აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში, წინა ზედაპირზე (არხის მიმართულებით ,,შიგნიდან-გარეთ, წინიდან-უკან და პირდაპირ, დაახლოებით 5სმ. კუნთთა მასივში’’) ბარძაყის ოთხთავა კუნთის დაზიანებით და რენტგენოლოგიურად მარცხენა ბარძაყის ძვლის თავის დონეზე რბილ ქსოვილში უცხო სხეულით; სამედიცინო ექსპერტ ნ. ჯ–ს ჩვენების თანახმად, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერებით მარცხენა ბარძაყის ძვლის თავის დონეზე, რბილ ქსოვილებში ისახება უცხო სხეულის ჩრდილი, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული უცხო სხეული მისთვის უცნობია.

15.1. დაზარალებულ დ. ც–ითან 2022 წლის 27 ივლისს განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, დგინდება, რომ მან არ იცის ვინ დაჭრა, მაგრამ დაინახა, რომ გ. ქ–ს იარაღი ჰქონდა მიშვერილი ო. რ–ეისკენ, მან (დ. ც–მა) მოიმარჯვა გ. ქ–ს მიმართულებით იარაღი და უთხრა, რომ არ ესროლა და არც თვითონ ისროდა, რის შემდეგაც გ. ქ–მა არ ისროლა და გაეცალა იმ ადგილს.

16. ,,ჯ–ის’’ გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, ასევე მოწმეების: შ. გ–იის, ხ. ც–ას და დ. გ–ს ჩვენებები ირელევანტურია, ვინაიდან მოწმე შ. გ–ის ჩვენების თანახმად, მას გ. ქ–სი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ დაუნახავს, მოწმე ხ. ც–ას ჩვენების თანახმად, გ. ქ–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნა არ ახსოვს, ხოლო მოწმე დ. გ–ს ჩვენების თანახმად, ოფისში გ. ქ–სთან ერთად ყოფნისას სხვა ვინმე არ დაუნახავს.

17. დ. ც–იმა (დაზარალებული), ა. ბ-მ, ნ. მ–იმა, გ. ა–მა, გ. ა–მა, გ. პ–მ, ლ. გ–მ, გ. გ–მა, ო. რ–მ, გ. გ–მ, ლ. კ–იმა, დ. მ–მ, ვ. მ–მ და კ. მ–მა, რომელთა მიმართაც ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმეები, ასევე მ. მ–მ, ისარგებლეს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

18. მოცემულ შემთხვევაში, იმის მხედველობაში მიღებით, რომ სს „ს.... კომპანია ........ს“ ოფისში სასაუბროდ შეკრებილ პირებს შორის მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება, რა დროსაც მსჯავრდებულის განმარტებით, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა მხოლოდ ჭერისა და კარის მიმართულებით და მას დაზარალებულებისათვის არ უსვრია; დაკითხულმა დაზარალებულებმა/მოწმეებმა არ დაადასტურეს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულების მიმართულებით სროლის ფაქტი; ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, გ. ქ–ს მხრიდან ო. ბ–სა და დ. ც–ს მიმართულებით სროლას, ვერ დგინდება, რომ გ. ქ–ს ამოძრავებდა დაზარალებულებისათვის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა და სწორედ მის მიერ განხორციელებული გასროლების შედეგად მიიღეს დაზარალებულებმა დაზიანებები.

19. ამდენად, კონფლიქტში მონაწილე პირთა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღების რაოდენობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ) და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის (მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ) გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო გ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი ვერცერთი (პირდაპირი ან/და ირიბი) მტკიცებულების წარმოდგენა, პროკურორის მტკიცება, რომ გ. ქ–მა ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, არის მხოლოდ ვარაუდი. საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

20. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ გ. ქ–ს საბრძოლო მასალის ქ. თ–ი, ..........ის გამზირის №..-ის №.. ბინიდან ქ. თ–ში, კ–ს ........ შესახვევის №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისამდე ტარების გარდა, მსჯავრი უნდა დაედოს ასევე ქ. თ–ში, კ–ს ....... შესახვევის №..-ში მდებარე, სს “........ კომპანია ......“ოფისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარებისათვის.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსის წერილით დადგენილია, რომ ,,ARCUS 94’’ მოდელის, №.......... ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ. ქ–სის (პირადი №...........) სახელზე. იარაღის შენახვის ადგილად მითითებულია: თ–ი, .... გამზირის №..-ის ბინა №... აღნიშნული იარაღის რეგისტრაციის თარიღიდან, 2022 წლის 2 აპრილის ჩათვლით, გ. ქ–სის სახელზე არ გაცემულა იარაღის დროებითი მოწმობა (შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით ან შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით).

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №230აპ–13 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22 განჩინება; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22 განჩინება).

22.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ,,დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გ. ქ–სი 2022 წლის 2 აპრილს ქ. თ–ში, კ–ს ....... შესახვევის №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას“. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ბრალდება გ. ქ–სს ედავებოდა 2022 წლის 2 აპრილს გ. ქ–ს მიერ თავისი საცხოვრებელი ბინიდან ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიტანას ქ. თ–ში, კ–ს ........ შესახვევის №..-ში მდებარე, სს “........ კომპანია ......“ოფისში, რითაც გ. ქ–სმა 2022 წლის 2 აპრილს განახორციელა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება.

22.2. ამდენად, ბრალდების მხარე გ. ქ–სს ედავებოდა ,,ბინიდან“ (თ–ი, .........ის გამზირის №..-ის ბინა №..-დან) კონკრეტულ ადგილზე – თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისამდე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიტანას, ამასთან, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება არ უთითებს უშუალოდ ,,ოფისში“ (თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისში) იარაღის ტარების უკანონობაზე (საერთოდ არ ეხება აღნიშნულ გარემოებას/ეპიზოდს). იმავდროულად, სახელმწიფო ბრალდება, საკასაციო სასამართლოში ითხოვს გ. ქ–სათვის მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთან ერთად (თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე, სს ,... კომპანია ..ის“ ოფისამდე საბრძოლო მასალის ტარება) მსჯავრი დაედოს ასევე ქ. თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე, სს ,,........ კომპანია ........ის“ ოფისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარებისათვის.

23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენში სასამართლომ მიუთითა, რომ განიხილა ყველა მტკიცებულება და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გ. ქ–სის მიერ მხოლოდ ქ. თ–ი, ........ გამზირის №..-ის №..ბინიდან თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-მდე საბრძოლო მასალის და ქ. თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ნაწილში.

23.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გ. ქ–სს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება ქალაქ თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე ოფისის ტერიტორიაზე, გამოძიების ეტაპზე, ბრალად არ ჰქონია წარდგენილი; ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დადგენილ ფაქტად არ მიიჩნია ცეცხლსასროლი იარაღის ქ. თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ოფისში მიტანა (რითაც ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მსჯავრდებულმა ჩაიდინა, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია.

23.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს, ერთი მხრივ, გ. ქ–სათვის ბრალი არ წარუდგენია თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე ოფისის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი ცეცხლსასროლი იარაღის ქ. თ–ში, ..........ს გამზირის №..-ის №.. ბინიდან ქ. თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-მდე ტარების ნაწილში (რაც სასამართლომ დადგენილ ფაქტად არ მიიჩნია), სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გ. ქ–სის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის მსჯავრდების სამართლებრივ შესაძლებლობას.

23.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).

24. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში, ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის დანაშაულის დროს მოქმედი რედაქციის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე (საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ნებართვას არ საჭიროებს: რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის 50 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

24.1. ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

24.2. იარაღი და საბრძოლო მასალა არ წარმოადგენს თავისუფალ ბრუნვას მიკუთვნებულ ობიექტთა კატეგორიას. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი); საქართველოს კანონმდებლობა სამოქალაქო პირებს საბრძოლო მასალის შეძენის უფლებას ანიჭებს (მათ შორის) მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი); იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს, მათ შორის, ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი); იარაღის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს, მათ შორის, საბრძოლო მასალის დაცვა (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი; 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი); საბრძოლო მასალის ისეთ მდგომარეობასა და პირობებში შენახვა, რომლებშიც უზრუნველყოფილი იქნება, მათ შორის, როგორც საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე არ მოხდება საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი).

24.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი დანაშაულად აცხადებს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, ხოლო ტარება მართლსაწინააღმდეგოა, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველად. მოცემულ შემთხვევაში ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) მკაცრად არის რეგლამენტირებული სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები კი არ ითვალისწინებს შემთხვევას, რომელიც პირს ანიჭებს საბრძოლო მასალის ნებისმიერი მიზნით, ხანგრძლივობითა და მიმართულებით, საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს და პირობებში, ტარების უფლებას. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ქ–ს არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების უფლება.

24.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №... ბრძანებით (დანაშაულის დროს მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული ,,სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი“ იარაღის გადატანის შესაძლებლობას უშვებს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნობრიობით (მაგ.: იარაღი, შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით; იარაღი, შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი, სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარდგენის მიზნით), რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი, ამდენად, სახლიდან ოფისში საბრძოლო მასალის მიტანა, გადატანად ვერ შეფასდება და ვერ მოექცევა ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში.

24.5. მოცემულ შემთხვევაში ქ. თ–ში, კ–ს ... შესახვევი №..-ში მდებარე სს “........ კომპანია ......“ ოფისი არ წარმოადგენდა გ. ქ–სზე რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილს და არც იმ ობიექტს, სადაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული იყო საბრძოლო მასალის შენახვა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. ქ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ქ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

26. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ გ. ქ–ს დაკავებიდან 2022 წლის 3 აპრილიდან 2022 წლის 29 ივლისამდე ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო 2022 წლის 29 ივლისს წაყენებული ახალი ბრალდების პირობებში, რომლითაც ბრალი დაედო, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, დაცვის მხარეს მხოლოდ 6 დღე ჰქონდა მტკიცებულების მოსაპოვებლად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

26.1. ,,სისხლისსამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურორს აქვს დისკრეცია, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შეარჩიოს დრო, როდესაც, მისი აზრით, ყველაზე ხელსაყრელია ბრალის წარდგენა თუ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ერთი შეხედვით, სსსკ-ში არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების ამკრძალავი ნორმა (სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-9 ნაწილი), რომლის თანახმად, დევნის გაჭიანურების დადასტურება იწვევს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბერის გადაწყვეტილება №3/2/646, „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).

26.2. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ქ–ს ადვოკატმა ნ. თ–მა 2022 წლის 2 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2022 წლის 11 აგვისტოს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება 50 დღით.

26.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა. მხარეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზეც უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარე უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს სასამართლოს შუამდგომლობის წარდგენიდან სამი დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე) და საქართველოს სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის (შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან) დანაწესების გათვალისწინებით ადვოკატის ნ. თ–ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, მართალია, ადვოკატი შუამდგომლობაში წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე დაზუსტებული ბრალი წარუდგინა გ. ქ–ს და აღნიშნულიდან გამომდინარე ჩასატარებელი ჰქონდათ საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დაცვის მხარის მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მასალა სასამართლოში წარდგენილი არ იქნა, ასევე შუამდგომლობას არ ერთვოდა მისი განხილვისათვის საჭირო სს საქმის სხვა მასალები (ტ. N20; ს.ფ. 454-456).

26.4. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2022 წლის 11 აგვისტოს (ტ. 20; ს.ფ. 441-448), აღნიშნული სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის სხდომა დაინიშნა 2022 წლის 23 აგვისტოს (ტ. 20; ს.ფ. 458).

26.5. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ; ხოლო საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე. ამდენად, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე წარედგინა მტკიცებულებები.

27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020);

28. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

31. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. თ–ს, თ. ს–ს, გ. ლ–სა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი