საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100121005045308
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №922აპ-25 ქ. თბილისი
ლ–ი ე., 922აპ-25 10 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ–ს, ასევე მსჯავრდებულ რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. რ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. ე. ლ–მა ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი);
1.2. რ. კ–ემ ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდით).
ე. ლ–ისა და რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ის) მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü ე. ლ–მა და რ. ა–ემ (გვარის შეცვლამდე კ–ე) წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 2 ცალი თეთრი ფერის, წრიული ფორმის ტაბლეტი, საერთო წონით – 0,8 გრამი, რომელიც შეიცავდა საერთო წონით − 0,016 გრამ, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომში ე. ლ–მა და რ. ა–ემ (გვარის შეცვლამდე კ–ე) უკანონოდ გაასაღეს, ამოიღეს გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ......., ........–ს პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა, 2021 წლის 19 ივლისს, 17:58 – 18:10 საათამდე პერიოდში, .........ის საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორან „კ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ა. ჯ–ისგან.
ü 2021 წლის 19 ივლისს ე. ლ–მა და რ. ა–ემ (გვარის შეცვლამდე–კ–ე), წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 400 ლარად უკანონოდ გაასაღეს ა. ჯ–ეზე. ე. ლ–ის და რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) მიერ ა. ჯ–ეზე უკანონოდ გასაღებული 2 ცალი თეთრი ფერის, წრიული ფორმის ტაბლეტი საერთო წონა 0,8 გრამი, რომელიც შეიცავდა დიდი ოდენობით, საერთო წონით − 0,016 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, ამოიღეს გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ......., ........–ს პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა, 2021 წლის 19 ივლისს, 17:58 – 18:10 საათამდე პერიოდში, .....ის საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორან „კ–“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ა. ჯ–ისგან.
ü ე. ლ–მა და რ. ა–ემ (გვარის შეცვლამდე კ–ე) წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 2 ცალი თეთრი ფერის, წრიული ფორმის ტაბლეტი საერთო წონით 0,8 გრამი, რომელიც შეიცავდა დიდი ოდენობით, საერთო წონით − 0,016 გრამ, ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომში ე. ლ–მა და რ. ა–ემ (გვარის შეცვლამდე კ–ე) უკანონოდ გაასაღეს, ამოიღეს გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ......., ........–ს პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა, 2021 წლის 29 ივლისს, 14:52 – 15:06 საათამდე პერიოდში, .....ის საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორან „კ–“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ა. ჯ–ისგან.
ü 2021 წლის 29 ივლისს ე. ლ–მა და რ. ა–ემ (გვარის შეცვლამდე კ–ე), წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ გაასაღეს და 400 ლარად მიჰყიდეს ა. ჯ–ეს. ე. ლ–ის და რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) მიერ ა. ჯ–ეზე უკანონოდ გასაღებული 2 ცალი თეთრი ფერის, წრიული ფორმის ტაბლეტი საერთო წონა 0,8 გრამი, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით 0,016 გრამს, ამოიღეს გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ......., ........–ს პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა, 2021 წლის 29 ივლისს, 14:52 – 15:06 საათამდე პერიოდში, .....ის საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორანი „კ–“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ა. ჯ–ისგან.
1.3. რ. ა–ემ (გვარის შეცვლამდე კ–ემ) ასევე ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ის) მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü რ. ა–ემ (გვარის შეცვლამდე კ–ემ) გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და წ–ში, ....ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეინახა, ქარხნული წესით დამზადებულ 9-მმ კალიბრიანი „STALKER 2918-UK” მოდელის, N....... ხმოვანი პისტოლეტი, თავისი მჭიდით, რაც მიეკუთვნება მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და გასროლის წარმოებისათვის ვარგისია. რ. კ–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული მითითებული ხმოვანი პისტოლეტი, თავისი მჭიდით, 2021 წლის 5 აგვისტოს 15:55 – 17:30 საათამდე პერიოდში, წ–ში, ..........სქუჩის №..-ში მდებარე რ. კ–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს ......., ........–ს პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა.
ü ქ. წ–ში, ..........სქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებმა რ. კ–ემ დაუდგენელ გარემოებებში შეიძინა მცენარე კანაფის სათესური მარცვლები და პლასტმასის ჭურჭელი ე.წ. „საყვავილე“, რაც განათავსა სახლის აივანზე, რომელშიც დათესა მცენარე კანაფი და ზრდასრული მცენარის მისაღებად უვლიდა მათ. შედეგად რ. კ–ემ მოიყვანა ერთი ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, რაც წარმოადგენს საერთო წონით - 19,64 გრამ, ნარკოტიკულ მცენარე ,,კანაფს“. აღნიშნული ნარკოტიკული მცენარე 2021 წლის 5 აგვისტოს 15:55 – 17:30 საათამდე პერიოდში, წ–ში, ..........ს ქუჩის №..-ში მდებარე რ. კ–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს ......., ........–ს პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განაჩენით:
2.1. ე. ლ–ი, − დაბადებული 1... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ე. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. ლ–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გაუქმდა ე. ლ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
ე. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2021 წლის 5 აგვისტოდან.
2.2. რ. კ–ე, − დაბადებული 1980 წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით − ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ, რ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რ. კ–ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გაუქმდა რ. კ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
რ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2021 წლის 5 აგვისტოდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ.
ü დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა კობა სირაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ცვლილება სასჯელის ნაწილით და მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდება.
ü მსჯავრდებულ ე. ლ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − თ. ნ–მ და ი. ც–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე. ლ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ü მსჯავრდებულ რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ც–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენის ცვლილება, კერძოდ, რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) შერაცხილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილ ბრალდებებში დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენით: დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კობა სირაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ე. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების − თ. ნ–სა და ი. ც–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ც–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
4.1. ე. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ე. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. ლ–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ე. ლ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ე. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2021 წლის 5 აგვისტოდან.
4.2. რ. ა–ე (გვარის შეცვლამდე კ–ე) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით − ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, რ. ა–ეს (გვარის შეცვლამდე კ–ე) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რ. ა–ეს (გვარის შეცვლამდე კ–ე) 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
რ. ა–ეს (გვარის შეცვლამდე კ–ე) სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2021 წლის 5 აგვისტოდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
ü მსჯავრდებულ ე. ლ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ნ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ე. ლ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ü მსჯავრდებულ რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. რ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენის ცვლილებას, კერძოდ, რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) შერაცხილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) შერაცხილი მსჯავრდების, საქართველოს სსკ-ის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებზე (ორი ეპიზოდი) გადაკვალიფიცირებას, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილ ბრალდებებში დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და, საბოლოოდ, ამნისტიის კანონის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების – ე. ლ–ისა და რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ის) მიმართ წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ა. ჯ–ის ჩვენებით (რომელმაც პირადად მსჯავრდებულებისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები); მოწმე პოლიციელების – მ. მ–ს, გ. მ–ს, ხ. ზ–ს, ლ. მ–სა და სხვათა ჩვენებებით (რომლებმაც დაადასტურეს მოცემულ საქმეზე მათი მონაწილეობითა და მათ მიერ ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე); ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით (რომლებშიც ასახულია: 2021 წლის 19 და 29 ივლისს მოწმე ა. ჯ–ისა და მსჯავრდებულების − ე. ლ–ისა და რ. ა–ის შეხვედრები და საუბრები (მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია), ე. ლ–ისა და რ. ა–ის მიერ ე. ლ–ზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების მისაღების ფაქტები); 2021 წლის 19 და 29 ივლისის ამოღების ოქმებით (რომელთა თანახმად, 2021 წლის 19 ივლისსა და იმავე წლის 29 ივლისს ე. ლ–ისგან ამოღებულ იქნა მომრგვალო ფორმის მოთეთრო ფერის ორ-ორი ცალი აბი); ქიმიური ექსპერტიზის N......, N.... დასკვნებითა და მათი გამცემი ექსპერტების − დ. გ–სა და მ. ჭ–ს ჩვენებებით (რომელთა მიხედვით ე. ლ–ისგან 2021 წლის 19 ივლისს ამოღებული 2 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით – 0,8 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო რაოდენობით − 0,016 გრამს, ხოლო იმავე წლის 29 ივლისს ამოღებული 2 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით – 0,8 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო რაოდენობით – 0,016 გრამს); ჰიბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნით (რომლის თანახმად - ექსპერტიზაზე წარდგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით „Recl_0016“ ამოღებულ ფოტოსურათებზე და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ე. ლ–ის ფოტოსურათზე – დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება; ექსპერტიზაზე წარდგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით „Rec1_0016” და N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით „Rec1_0005” ამოღებულ ფოტოსურათებზე და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ რ. კ–ის ფოტოსურათზე – დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება) და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ე. ლ–ისა და რ. ა–ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, მათ შორის, მოწმე ა. ჯ–ის ჩვენებასთან მიმართებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, არ იკვეთება. მისი ჩვენება თანმიმდევრული და დეტალურია, ამასთან, სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს: ფარულ ვიდეო-აუდიოჩანაწერებს, მოწმეთა ჩვენებებს, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებს.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას: დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ე. ლ–სა და რ. ა–ეს ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებიათ, ისინი ისევე, როგორც ა. ჯ–ე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები არიან და ერთად მოსახმარად ყიდულობდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, სახელდობრ:
12. მოწმე ა. ჯ–ის ჩვენებით დგინდება, რომ ე. ლ–ი გაიცნო 2021 წლის მაისში და მასთან ჩამოუყალიბდა ახლო ურთიერთობა. მოგვიანებით გაიცნო რ. კ–ეც. ე. ლ–მა შესთავაზა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენის სურვილის შემთხვევაში, მისთვის დაერეკა და შეძენა პრობლემა არ იქნებოდა. ასევე განუმარტა, რომ ერთი აბის ღირებულება შეადგენდა – 200 ლარს. 2021 წლის 15 ივლისს, აღნიშნულის თაობაზე საკუთარი სურვილით განცხადებით მიმართა იმერეთის სამხარეო პოლიციას. განცხადების დაწერის შემდეგ, გამომძიებელმა მოწმის სახით გამოკითხა და დაათვალიერა მისი მობილური ტელეფონი, მასა და ე. ლ–ს შორის შემომავალი და გამავალი ზარები. 2021 წლის 19 ივლისს პოლიციის თანამშრომლებმა ვიდეოკამერით აღჭურვეს და გადასცეს ფულადი თანხა, რომლითაც ე. ლ–ისგან ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ უნდა შეეძინა. იმავე დღეს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ე. ლ–ს. ისინი ერთმანეთს წ–ს შესასვლელში მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდნენ. ე. ლ–მა ა–ს თანხის ჩარიცხვა მის მიერ მითითებულ ონლაინ ტოტალიზატორ „კ–ის“ ანგარიშზე შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა, ვინაიდან არ იცოდა თანხის გადარიცხვა. შემდეგ ა–მა ე. ლ–ს გადასცა ორი აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსის“ საფასური − 400 ლარი, რაც ე. ლ–მა თავად გადარიცხა ონლაინ ტოტალიზატორ „კ–ის“ ანგარიშზე. თანხის გადარიცხვის მერე, ისინი ერთად გაემართნენ ქ. წ–ში, ..... N..-ში. როდესაც მითითებულ მისამართზე მივიდნენ, ე. ლ–მა რ. ა–ეს უთხრა, წასულიყო და „წამალი“ მიეტანა. რ.ი წავიდა და, დაახლოებით, 10-15 წუთში მიიტანა ორი აბი „სუბოტექსი“. ა–მა გამოართვა და წამოვიდა. დაახლოებით, 10-15 წუთის შემდეგ, ა–ი დაუკავშირდა გამომძიებელს და რესტორან „კ–“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა მსჯავრდებულებისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.
13. შპს „მ–ს“ ონლაინ ტოტალიზატორ „კ–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ანგარიში, რომელზეც ე. ლ–მა ა. ჯ–ის მიერ მისთვის გადაცემული თანხა ჩარიცხა, ეკუთვნის მომხმარებელ − თ. ბ–ს.
14. თავის მხრივ, მოწმე თ. ბ–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ონლაინ ტოტალიზატორ „კ–ში“ გახსნილ ანგარიშს, დაახლოებით ერთი წელია კლიენტების მხრიდან თანხის ჩარიცხვისათვის იყენებს მისი დედა − ლ. კ–ე, რომელიც დაქორწინებულია რ. ა–ეზე.
15. ამდენად, დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება − 400 ლარი, გადაირიცხა არა უცხო პირის ან ორგანიზაციის, არამედ – რ. კ–ის მეუღლის სარგებლობაში არსებულ ანგარიშზე.
16. შესაბამისად, ბრალდების 2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდში დასტურდება ა. ჯ–ის მიერ ე. ლ–ისათვის 400 ლარის გადაცემისა და მის მიერ ამ თანხის „კ–ის“ ანგარიშზე − თ. ბ–ისათვის ჩარიცხვის, ხოლო შემდეგ, ე. ლ–ის დავალების შესაბამისად, რ. ა–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მიტანისა და ა–ისათვის გადაცემის ფაქტები. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს ე. ლ–ისა და რ. ა–ის ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებებს – მათ მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვასა და ა. ჯ–ეზე ფინანსური სარგებლის, 400 ლარის სანაცვლოდ – მისაღებას.
17. რაც შეეხება ე. ლ–ისა და რ. კ–ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით გასაღების ბრალდების 2021 წლის 29 ივლისის ეპიზოდს:
18. დაცვის მხარე აპელირებს იმ ფაქტზე, რომ მითითებულ დღეს ე. ლ–ი უშუალოდ არ შეხვედრია ა. ჯ–ეს და მისთვის არ გადაუცია ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან ე–ი მოთავსებული იყო საავადმყოფოში და მკურნალობდა. აღნიშნულის გამო, დაცვის მხარის მოსაზრებით, ე. ლ–სა და რ. ა–ეს შორის წინასწარი შეთანხმება არ დასტურდება.
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებულ მოსაზრებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ა. ჯ–ემ განმარტა, რომ 2021 წლის 29 ივლისს, ე. ლ–ისაგან და რ. კ–ისაგან მეორედ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება. ე. ლ–ი იმ დროისათვის საავადმყოფოში იმყოფებოდა, ამიტომ მას ტელეფონზე დაუკავშირდა. ე–მა სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ რ. ა–ეს დაჰკავშირებოდა. რ–მა ა–ი სახლში დაიბარა, სადაც, 400 ლარის სანაცვლოდ, კვლავ გადასცა ორი აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“.
21. მოწმე ა. ჯ–ის ჩვენება სრულად დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი, ე. ლ–ის სარგებლობაში არსებულ (.........) და (..........) სააბონენტო ნომრებზე და ა. ჯ–ის სარგებლობაში არსებულ ( ........) სააბონენტო ნომერზე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ფონოგრამებით, კერძოდ: N........ ფონოგრამით დგინდება, რომ 2021 წლის 27 ივლისს, 16:29:15 საათზე სააბონენტო ნომრიდან ........ ა. ჯ–ე სააბონენტო ნომერზე – ........ ურეკავს ე. ლ–ს და ეუბნება, რომ მან დაურეკოს რ.ს, რადგან თავად მასსავით ახლოს არ არის მასთან. ე–იც ჰპირდება დარეკვას; N....... ფონოგრამით დგინდება, რომ 2021 წლის 27 ივლისს 16:30:21 საათზე სააბონენტო ნომრიდან – ...... – ე. ლ–ი სააბონენტო ნომერზე – ......-54 – ურეკავს რ. ა–ეს და ეუბნება, რომ „ვანელმა“ (ა. ჯ–ე) დაურეკა, რომელმაც უთხრა:,,რაფერაც მაშინო ისე მინდაო...“ და არკვევს როდის ეცლება რ.ს. საუბრისას თანხმდებიან 29 რიცხვზე და რ.ი ეუბნება ე–ს, რომ ,,ვ–ს“ (ა. ჯ–ე) თანხმობა განუცხადოს და უთხრას, რომ არაფერზე არ ექნება პრობლემა, ასევე თანხმდებიან, რომ ა–მა რ.ს დაურეკოს, არ მოერიდოს, პრობლემა არ იქნება; N....... ფონოგრამით დგინდება, რომ 2021 წლის 27 ივლისს, 16:32:14 საათზე, სააბონენტო ნომრიდან – ..... – ე. ლ–ი სააბონენტო ნომერზე ....... ურეკავს ა. ჯ–ეს და ესაუბრება, რომ ორი დღის შემდეგ დაურეკოს ,,რ–ს“ (რ. ა–ე), ზეგისთვის მივიდეს მასთან და ,,ზეგ უეჭველი იქნება“; N ........ ფონოგრამით დგინდება, რომ 2021 წლის 27 ივლისს, 16:53:37 საათზე სააბონენტო ნომრიდან ... ....... ა. ჯ–ე სააბონენტო ნომერზე ....... ურეკავს რ. ა–ეს, უხსნის, რომ არის „ვ–ი“ და ეკითხება, ე–მა დაურეკა თუ არა, რაზეც რ–ი პასუხობს, რომ დაურეკა, ორი დღის შემდეგ იქნება და შეახვედრებს. რ. ა–ე ა. ჯ–ეს უხსნის, რომ „მაყუთი“ უნდა ჩარიცხოს, რაზეც ა. ჯ–ე პასუხობს, რომ იცის ამის შესახებ – ე. ლ–მა უთხრა; N ........ ფონოგრამით დგინდება, რომ 2021 წლის 28 ივლისს, 20:29:14 საათზე სააბონენტო ნომრიდან ....... რ. ა–ე სააბონენტო ნომერზე ...... ურეკავს ა. ჯ–ეს და ეუბნება, რომ მომდევნო დღეს, თორმეტი საათის შემდეგ შეეხმიანოს; N ........ ფონოგრამით დგინდება, რომ 2021 წლის 29 ივლისს, 11:35:25 საათზე სააბონენტო ნომრიდან ........ რ. ა–ე სააბონენტო ნომერზე ........ ურეკავს ა. ჯ–ეს და ეკითხება, რომელი საათისთვის მივა მასთან, რაზეც ა. ჯ–ე პასუხობს, რომ უკვე მიდის. შემდეგ რ.ი ეკითხება ორი ყანწით დალევს თუ არა, რაზეც ა. ჯ–ე ეთანხმება. საბოლოოდ თანხმდებიან, რომ ა. ჯ–ე რ. ა–სთან, დაახლოებით, საღამოს ოთხი საათისთვის მივა.
22. საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 29 ივლისს, 14:30 საათიდან 14:45 საათამდე დროის პერიოდში, წ–ში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩანაწერით და შესაბამისი კრებსით დასტურდება, რომ ერთმანეთს ხვდებიან ა. ჯ–ე და რ. ა–ე. ისინი ერთმანეთს ესალმებიან. ა. ჯ–ე რ.ს აწვდის 400 ლარს და ეუბნება: „აა, 400 მანეთი მითხრა იმან“. რ.ი ა–ს აწვდის პოლიეთილენის პაკეტს, რომელშიც ჩანს აბები. ა. ჯ–ე კითხულობს: „დიდებია ჰო?“; რ.ი პასუხობს: „იგია, ახლა ... ტაბლეტია“. რამდენიმე წუთში ერთმანეთს ემშვიდობებიან და ა. ჯ–ე მიდის.
23. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ ე. ლ–ი და რ. ა–ე, 2021 წლის 19 ივლისის ანალოგიურად, იმავე წლის 29 ივლისსაც მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით და ერთიანი განზრახვით, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის განაწილებული იყო დანაშაულის აღსრულებისათვის აუცილებელი როლები, კერძოდ:
24. 2021 წლის 19 ივლისს მყიდველთან კომუნიკაცია, თანხის მიღება და გარიგების ორგანიზება განახორციელა ე. ლ–მა, ხოლო ნარკოტიკული საშუალების ფიზიკური მიწოდება/გადაცემა − რ. ა–ემ, ე–ის მითითებით; ანალოგიურად, 2021 წლის 29 ივლისს, მიუხედავად ე. ლ–ის უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ადგილზე არყოფნისა, იგი კვლავ მართავს გასაღების პროცესს იმით, რომ სწორედ ის აწარმოებდა სატელეფონო კომუნიკაციას თავდაპირველად ა. ჯ–ესთან, ხოლო შემდეგ − რ. ა–ესთან. ამავდროულად, ე. ლ–ი რ.თან და ა–თან სატელეფონო კომუნიკაციისას, არკვევს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის დროსა და ადგილს, და მისივე მითითებით, ა–ი უკავშირდება რ.ს და თანხმდებიან შეხვედრაზე. დგინდება ისიც, რომ, როგორც ა. ჯ–ის, ისე − რ. ა–ისათვისაც ე. ლ–ისაგან ცნობილი ხდება გადასაცემი თანხის ოდენობა (400 ლარი). საბოლოოდ, შეხვედრისას ა–ი რ. ა–ეს აძლევს 400 ლარს, ხოლო სანაცვლოდ, ის გადასცემს ორ ცალ აბს.
25. ყოველივე აღნიშნული, ადასტურებს რ. ა–ისა და ე. ლ–ის ერთიან შეთანხმებულ მოქმედებას – წინა, 2021 წლის 19 ივლისის ეპიზოდის მსგავსად, იმავე წლის 29 ივლისის ეპიზოდშიც – დანაშაულებრივი სქემის გაგრძელებისა და თანაამსრულებლობის სახით.
26. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება: მოწმე ა. ჯ–ის სავარაუდო უკანონო ქმედება, მსჯავრდებულების ცრუდ დასმენისა და მსჯავრდების ფარული განზრახვა (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, paras. 33,39, ECtHR,24/06/2008); კონკრეტულად მსჯავრდებულების მიმართ ისეთი სახის დაინტერესება, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე ა. ჯ–ის სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. მაგალითად, Lüdi v. Switzerland, no. 12433/86, par. 49, ECtHR, 15/06/1992; Bulfinsky v. Romania, no. 28823/04, par.45, ECtHR,1/06/2010); არ დგინდება დანაშაულის პროვოკაცია (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით (მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, paras. 37,51, ECtHR, 4/11/2010).
27. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენში დეტალურ მსჯელობასა და დასაბუთებას, თუ რატომ არ იკვეთება დანაშაულის პროვოკაცია და რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმის – დიანა სტაროდუბის ჩვენება, რომელსაც დაცვის მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს დანაშაულის პროვოკაციის მადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
28. მსჯავრდებულ ე. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ–ს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, 2025 წლის 3 დეკემბერს წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით (ახალი მტკიცებულების − მოწმე ა. ჯ–ის 2025 წლის 1 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის სისხლის სამართლის საქმეზე დართვისა და მისი საკასაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის შესახებ), საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საკასაციო წარმოებისას „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება“ (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2024 წლის 23 იანვრის №824აპ-23, 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები). სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით მხარის მიერ ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, გათვალისწინებულია სააპელაციო წარმოებისას (საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლი) ან/და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი) განაჩენის გადასინჯვისას.
29. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელთა შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
32. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ–ს, ასევე მსჯავრდებულ რ. ა–ის (გვარის შეცვლამდე კ–ე) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. რ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი