საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 154-კოლ 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და გ. გ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ლ. ჭ-სა და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც გ. გ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის “დ”, “ვ”, “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 372-ე მუხლის მეორე ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და ერთობლივად, სასჯელთა შეკრების წესის გმოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც პირველი ხუთი წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში, ხოლო 20 წელი _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას ჩაეთვალა წინასწარი გამოძიებისას პატიმრობაში გატარებული დრო _ 3 თვე და 15 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 24 წლით, 8 თვითა და 15 დღით, რომლის მოხდა დაეწყო 2002წ. 4 დეკემბრიდან.
გ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 24-ე,109-ე მუხლის “დ”, “ვ”, “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და ერთობლივად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო _ 5 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, თერთმეტი თვითა და 25 დღით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 30 სექტემბრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. გ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ იგი 2001წ. 20 თებერვალს სტუმრად იმყოფებოდა წყალტუბოს რ-ნის სოფ. --- მცხოვრებ თავისი ახლობლის _ ა. ბ-ის ოჯახში, სადაც ასევე სტუმრად იყო ოჯახის ახლობელი, ამავე სოფ.ში მცხოვრები გ. ბ-ძე. მათ აღნიშნულ სახლში ყოფნის დროს, დაახლოებით 14 საათზე, ა. ბ-სთან რუსეთში სარეალიზაციო მწვანილის საყიდლად მივიდა სოფ. --- მცხოვრები ა. რ-ლი მეუღლესთან _ გ. მ-სთან ერთად. ისინი მწვანილს ყიდულობდნენ დიდი ოდენობით, ნაღდ ფულზე ანგარიშსწორებით, რაც გ. ბ-ემ აცნობა გ. გ-ს, რომელმაც განიზრახა მ-ების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის გზით ფულის გატაცება. ამ მიზნით იგი იმავე საღამოს შეხვდა გ. ბ-სა და გამოძიებით დაუდგენელ ერთ პირს.
შეთანხმდნენ რა წინასწარ ერთმანეთთან, გაინაწილეს დანაშაულებრივი როლები და 2001წ. 20 თებერვალს, დაახლოებით 23 საათსა და 15 წუთზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული და სახეზე ნიღაბაფარებული გ. გ-ვა, დანით შეიარაღებულ და სახეზე ნიღაბაფარებულ გ. ბ-სთან ერთად თავს დაესხა ა. მ-ის ოჯახს და მოითხოვა მათთვის ფულის გადაცემა. ოჯახის წევრებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. ჩადიოდა რა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად ყაჩაღობას, გ. გ-ვა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს, რაც გამოიხატებოდა თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით მათ ცემაში.
გ. გ-ამ განიზრახა ანგარებით, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად, გ. ბ-სთან ერთად მოეკლა ღრმად მოხუცებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ლოგინად ჩავარდნილი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა. მ-ძე. გ. გ-ვა და გ. ბ-ძე მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით და სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. გ-ამ თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყა ა. მ-ეს თავში და ამასთან, დაზიანებანი მიაყენა სხეულის სხვადასხვა ადგილას. დანაშაულის ჩადენას მას უადვილებდა გ. ბ-ძე, რომელსაც ხელში მომარჯვებული ჰქონდა ანთებული სანთელი. ვინაიდან ოჯახის წევრებმა მათ გაუწიეს წინააღმდეგობა, ამასთან, ა. რ-ლი მათგან მალულად გადავიდა მეზობლებთან, რათა ისინი მიეხმო მისაშველებლად, გ. გ-ვა ხმაურზე მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო ის გ. ბ-სთან ერთად დაეკავებინათ შემთხვევის ადგილზე, ამიტომ ფულის მოთხოვნას თავი დაანება და ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გ. გ-ას მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახის არაერთხელ თავში ჩარტყმის შედეგად ა. მ-ემ მიიღო ქალა-ტვინის ბლაგვი დახურული ტრავმა, თავის ტვინში სისხლჩაქცევებითა და დაჟეჟილობებით. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ხოლო ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს. გარდა ამისა, ა. მ-ეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები, ექსკორაციები და ნაფლეთოვანი ჭრილობები, რომლებიც ასევე მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და სიკვდილთან რაიმე მიზეზობრივ კავშირში არ არის. ა. მ-ძე გარდაიცვალა საავადმყოფოში 2001წ. 21 თებერვალს.
ლ. ღ-ემ მიიღო შუბლის კომპრესიული მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
ა. რ-ის სხეულზე არსებული დაზიანებანი ჭრილობებისა და ნაჭდევების სახით მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
გ. მ-ის სხეულზე ნაჭდევების სახით არსებული დაზიანებანი მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
გ. გ-ამ, წინათ ჩადენილი ჰქონდა რა აღნიშნული დანაშაული, გადაწყვიტა, აეძულებინა დაზარალებული, რომ ჩვენება შეეცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა შეეცვალა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით, შეხვდა გ. მ-ეს განმარტოებით, დაემუქრა მას ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის ხელყოფით და აიძულა, შეეცვალა გ. ბ-ის მიმართ მიცემული მამხილებელი ჩვენება. შემდეგ, შეატყო რა, რომ დაზარალებული შეშინდა, განაგრძობდა მასთან სისტემატურ შეხვედრებსა და მუქარას.
2002წ. 15 მარტს, დაახლოებით 20 საათზე, მთვრალი გ. გ-ვა შევიდა ქ. ქუთაისში, --- ქუჩის ¹63-ში მდებარე ინდმეწარმე ჯ. ს-ის კუთვნილ შპს სასურსათო მაღაზია „---ში“ და გამყიდველ ნ. გ-ეს უთხრა, მიეცა ერთი კოლოფი სიგარეტი. გამყიდველმა ნ. გ-ემ მოითხოვა ფული, რაზეც უსაფუძლოდ განაწყენებულმა გ. გ-ამ, რომელიც მანამდე მსჯავრდებული იყო ხულიგნობისთვის, განმეორებით ჩაიდინა ხულიგნობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ძალადობითა და ასეთის მუქარით უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ხელის დარტყმით ჩაამსხვრია და დააზიანა 25 ლარად ღირებული სავაჭრო დახლის მინა, შემდეგ გვერდითი დახლიდან გადმოყარა, დააზიანა და გაანადგურა 24 ლარად ღირებული ორი მინის ქილა, მასში არსებული 4 კილოგრამი თაფლით, 12 ლარად და 60 თეთრად ღირებული სამ ფაფხზე არსებული 90 კვერცხი და იმავე სავაჭრო დახლიდან გადმოაგდო და დააზიანა 150 ლარად ღირებული „ოკას“ ფირმის სალარო _ აპარატი, ე.ი. სულ დააზიანა და გაანადგურა 200 ლარისა და 70 თეთრის ღირებულების ფასეულობა, რითაც ინდმეწარმე ჯ. ს-ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
გ. ბ-ეს განაჩენით მსჯავრი დაედო იმაში, რომ იგი 2001წ. 20 თებერვალს სტუმრად იმყოფებოდა თავისი ახლობლის, სოფ. --- მცხოვრები ა. ბ-ს ოჯახში, სადაც ასევე სტუმრად იყო ა. ბ-ის ახლობელი, ქ. ქუთაისში მცხოვრები, --- გ. გ-ვა. მათი სახლში ყოფნის დროს, დაახლოებით 14 საათზე, ა. ბ-სთან მწვანილის საყიდლად, მისი შემდგომში რეალიზაციის მიზნით, მივიდა სოფ. --- მცხოვრები ა. რ-ლი და მისი მეუღლე _ გ. მ-ძე. ისინი მწვანილს ყიდულობდნენ დიდი ოდენობით, ნაღდ ფულზე ანგარიშსწორებით. იცოდა რა აღნიშნულის შესახებ გ. ბ-მ, გ. გ-სთან ერთად მოილაპარაკა, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ა. რ-ის ოჯახს და ძალადობისა და ასეთის გამოყენების მუქარით გაეტაცებინათ ფული. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი იმავე ღამეს შეხვდა გ. გ-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირს. ისინი შეთანხმდნენ წინასწარ, გაინაწილეს დანაშაულებრივი როლები და 2001წ. 20 თებერვალს, დაახლოებით 23 საათსა და 15 წუთზე, სახეზე ნიღაბაფარებული და დანით შეიარაღებული გ. ბ-ძე, ასევე სახეზე ნიღაბაფარებულ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ გ. გ-სთან ერთად, ანგარებით თავს დაესხა ა. მ-ის ოჯახს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და სხვა ფასეულობა. ყაჩაღობის პროცესში დაზარალებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ბოროტმოქმედებს. ჩადიოდა რა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ყაჩაღობას და მოქმედებდა ერთიანი განზრახვით, როგორც დანაშაულის თანამონაწილე, გ. ბ-ძე ხელთ ნაქონი ანთებული სანთლით დანაშაულის ჩადენას უადვილებდა გ. გ-ას, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს. გ. ბ-ემ და გ. გ-ამ, რომლებიც მოქმედებდნენ ანგარებით, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯგუფურად განიზრახეს მოეკლათ ღრმად მოხუცებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ლოგინად ჩავარდნილი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა. მ-ძე. გ. ბ-ძე და გ. გ-ვა მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით და დანაშაულს ჩადიოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა იმაში, რომ გ. გ-ამ თან ნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყა ა. მ-ეს თავში და ამასთან, დაზიანებები მიაყენა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო გ. ბ-ძე, როგორც აღინიშნა, ამ დანაშაულის ჩადენას უადვილებდა გ. გ-ას. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. მ-ემ მიიღო ქალა-ტვინის ბლაგვი დახურული ტრავმა, თავის ტვინში სისხლჩაქცევებითა და დაჟეჟილობებით; ეს დაზიანებანი მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ხოლო ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიყენებულია რამიე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს; გარდა ამისა, მას სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლჩაქცევები, ექსკორაციები და ნაფლეთოვანი ჭრილობები, რომლებიც ასევე მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ა. მ-ძე გარდაიცვალა საავადმყოფოში 2001წ. 21 თებერვალს.
ლ. ღ-ემ მიიღო შუბლის კომპრესიული მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
ა. რ-ის სხეულზე არსებული დაზიანებანი, ჭრილობებისა და ნაჭდევების სახით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
გ. მ-ის სხეულზე ნაჭდევების სახით არსებული დაზიანებანი მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
ჩათვალეს რა თავიანთი განზრახვა ნაწილობრივ სისრულეში მოყვანილად, ისე, რომ ვერ დაეუფლნენ ფულსა და სხვა ფასეულობებს, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ. ბ-ძე კვლავ აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას, რაც გამოიხატა შემდეგში: მან 2001წ. 15 ნოემბერს პირადი მოხმარებისათვის უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება მცირე ოდენობით, რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარდა, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის გ. ბ-ე 2002წ. 25 თებერვალს გაასამართლა წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ და განაჩენით სასჯელის სახით მიესაჯა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
2002წ. 29 სექტემბერს წყალტუბოს რაიონის სოფ. ---, გ. ბ-ის სახლში, გაშლილი იყო ამ უკანასკნელის ბაბუის, უ. ბ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სარიტუალო სუფრა. გ. ბ-მ დაარღვია მასზე შეფარდებული ა/ღონისძიება, პოლიციის ზედამხედველობა და სთხოვა მასთან სტუმრად მყოფ გ. ი-ლს, რომელიც მართავდა „ვაზ-2106“ მოდელის ავტომანქანით წაეყვანა წყალტუბოს რაიონის სოფ. --- ნათესავთან. 2002წ. 30 სექტემბერს, დაახლოებით 1 საათსა და 50 წუთზე, გ. ბ-ძე, გ. ბ-ძე და გ. ი-ლი მოძრაობდნენ წყალტუბოს რ-ნის სოფ. --- ტერიტორიაზე. ამ დროს იქ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ წყალტუბოს შს საქალაქო განყოფილების ოპერატიული ჯგუფის წევრები, პოლიციელები: კ. მ-ძე, ო. ქ-ძე, გ. კ-ნი, გ. ა-ე, გ. მ-ძე და გ. ჩ-ძე. მათ ეცვათ პოლიციის სპეცტანსაცმელი და ასრულებდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას. პოლიციელებმა “ვაზ 2106” მოდელის, მძღოლ გ. ი-ლს მოსთხოვეს გაჩერება. მან არ გააჩერა, რის შედეგადაც ისინი იძულებით გააჩერეს ოპერატიული ჯგუფის წევრებმა. გ. ბ-ემ იცნო პოლიციის მუშაკები და დაუწყო მათ ლანძღვა და გინება. ოპერატიული ჯგუფის წევრებმა გ. ბ-ეს მოუწოდეს წესრიგისაკენ, მაგრამ მან კვლავ გააგრძელა პოლიციელთა ლანძღვა-გინება, რის შემდეგაც პოლიციელი გ. მ-ძე შეეცადა, იძულებით მოეთავსებინა იგი ოპერატიულ ავტომანქანაში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ძალადობის გამოყენებით, ლანძღვა-გინებითა და მუქარით ხელი უბიძგა წყალტუბოს შს საქალაქო განყოფილების ფარცხანაყანევის ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორ გ. მ-ეს და დაუზიანა პოლიციელის პერანგი. აღნიშნულის შემდეგ გ. ბ-ძე პოლიციელებმა წარადგინეს ქ. ქუთაისის --- დისპანსერში, ხოლო შემდეგ _ წყალტუბოს შს საქალაქო განყოფილებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატები _ ლ. ჭ-ლი და ს. ს-ძე ითხოვენ სასამართლო კოლეგიის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. ისინი მიუთითებენ, რომ საქმის სასამართლო განხილვისას დაირღვა განსასჯელთა უფლებები, არ შემოწმდა ყველა წამოჭრილი ვერსია, რაც საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა იქნეს გამოსწორებული, მით უმეტეს, საქმის მასალებით არ არის დადგენილი გ. გ-სა და გ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ლ. ჭ-მა და ს. ს-ემ, მსჯავრდებულებთან შეთანხმებით, ნაწილობრივ შეცვალეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. კერძოდ, მათ იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი გ. გ-სა და გ. ბ-ს მიერ ყაჩაღობისა და მკვლელობის ჩადენის ფაქტი. განაჩენი დამყარებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზე. ეს კი არ უნდა გამხდარიყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
ადვოკატებმა პალატის წინაშე იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. მათ წარმოადგინეს დაზარალებულის საკასაციო საჩივრები, რაც მათ მიერ იქნა გამოქვეყნებული და დაერთო საქმის მასალებს.
ადვოკატების მოსაზრებას დაეთანხმნენ მსჯავრდებულები _ გ. გ-ვა და გ. ბ-ძე. მათ აღნიშნეს, რომ მონაწილეობა არ მიუღიათ ა. მ-ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმასა და მის მკვლელობაში. იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
პროკურორმა ლ. ქ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია მსჯავრდებულების _ გ. გ-სა და გ. ბ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ყაჩაღობის ჩადენის დროს წინასწარი შეთანხმებით გ. გ-ვა და გ. ბ-ძე მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით _ მათ განიზრახეს ჯგუფურად მოეკლათ ღრმად მოხუცებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ლოგინად ჩავარდნილი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა. მ-ძე. გ. გ-ვა და გ. ბ-ძე მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით და დანაშაული ჩაიდინეს განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა იმაში, რომ გ. გ-ამ თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყა ა. მ-ეს თავში და ასევე დაზიანებები მიაყენა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო გ. ბ-ძე მას დანაშაულის ჩადენას უადვილებდა ხელთ ნაქონი ანთებული სანთლით.
პალატა თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ამ და გ. ბ-ემ ჯგუფურად ჩაიდინეს ა. მ-ის განზრახ მკვლელობა. ამასთან, გ. გ-ვა მიჩნეულ იქნა დანაშაულის ამსრულებლად, ხოლო გ. ბ-ძე _ დამხმარედ, მაშინ, როდესაც სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებულად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ის მონაწილეობა ა. მ-ის განზრახ მკვლელობის ჩადენაში საქმის მასალებით არ დასტურდება. მხოლოდ ის გარემოება, რომ მას ანთებული სანთელი ეჭირა, ვერ გახდება მისი მკვლელობაში მონაწილეობის (თუნდაც დამხმარის) საფუძველი. საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ აწ გარდაცვლილ ა. მ-ის მკვლელობა დამოუკიდებლად ჩაიდინა გ. გ-ამ და გ. ბ-ეს მკვლელობაში რაიმე მონაწილეობა არ მიუღია. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამსრულებლის ექსცესს; სსკ-ის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამსრულებლის ექსცესისათვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ გ. გ-ვა და გ. ბ-ძე წინასწარ შეთანხმდნენ ყაჩაღობის ჩადენაში; რაც შეეხება ა. მ-ის მკვლელობას, ადგილი ჰქონდა ამსრულებლის ექსცესს და ამიტომ ამ ნაწილში გ. ბ-ეს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. აქედან გამომდინარე, გ. გ-ს ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს მისი სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ, ხოლო გ. ბ-ს მიმართ კი განაჩენი სსკ-ის 24-ე,109-ე მუხლის “დ”, “ვ”, “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ თითქოს საქმის მასალებით არ იყოს დადგენილი გ. ბ-ისა და გ. გ-ას მიერ ყაჩაღობის ჩადენისა და ამ უკანასკნელის მიერ ა. მ-ის განზრახ მკვლელობის ფაქტი. მოცემულ საქმეზე დაზარალებულის სახით დაკითხულმა გ. მ-ემ ამხილა როგორც გ. გ-ვა, ასევე გ. ბ-ძე. მან ახსნა მის ჩვენებაში არსებული წინააღმდეგობანი. ეს გარემოება სასამართლო კოლეგიამ განაჩენში სათანადოდ შეაფასა.
მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია დაზარალებულების _ ა. რ-სა და გ. რ-ის ჩვენებებით, მათი მსჯავრდებულებთან დაპირისპირების ოქმებით.
სასამართლო კოლეგიის განაჩენში დეტალურადაა მითითებული იმ მტკიცებულებებზე, რომელთა ერთობლიობით დადგენილად იქნა მიჩნეული გ. გ-სა და გ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული. პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მთითებას იმის შესახებ, რომ თითქოს საქმის სასამართლო განხილვისას დაირღვა მსჯავრდებულ გ. გ-ას დაცვის უფლება, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ მიეცა საბოლოო სიტყვის უფლება.
პალატა თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. გ-ას დაცვის უფლება არ დარღვეულა, რადგან ის, სსსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და ამის შემდეგ მას მონაწილეობა აღარ მიუღია საქმის სასამართლო განხილვაში და, შესაბამისად, არც საბოლოო სიტყვა მიეცა. პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც განსასჯელის გაძევება ხდება სასამართლო სხდომის დარბაზიდან, მის მიერ წესრიგის დარღვევისა და სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო, იგი აღარ ესწრება და აღარ მონაწილეობს საქმის განხილვაში; ასეთ შემთხვევაში განსასჯელისათვის საბოლოო სიტყვის მიუცემლობა ან პროცესში მონაწილეობის მიუღებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი უფლების დარღვევად.
პალატა თვლის: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ას მიმართ დადგენილი განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მისი სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ, ამავე მუხლის სხვა ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებისა და ამ ეპიზოდში საქმის შეწყვეტის გამო, მას მოსახდელად უნდა დარჩეს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილითა და სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში მსჯავრდებულების საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: გ. გ-ას მიმართ განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება მისი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ და, შესაბამისად, სსკ-ის 109-ე მუხლის “დ”, “ვ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 4 წლით და ამ მუხლით განესაზღვროს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით გ. გ-ას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სხვა ნაწილში განაჩენი გ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
იგივე განაჩენი გ. ბ-ის მიმართ შეიცვალოს, კერძოდ: განაჩენი სსკ-ის 24-ე,109-ე მუხლის “დ”, “ვ”, “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გაუქმდეს და ამ ნაწილში მის მიმართ საქმე შეწყდეს.
საბოლოოდ გ. ბ-ეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მოსახდელად დარჩეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი გ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.