დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.01.2021
საქმის ნომერი
ბს-1344(3კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1344(3კ-19) 27 იანვარი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. ს-ე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ს-ემ 2016 წლის 20 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის №35547 ბრძანებისა და 24 სექტემბრის №006-528 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის №47079 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების (საჩივარი №12141/2/16) ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ი. ს-ის სასარგებლოდ ზიანის სახით - 12780 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის №35547 ბრძანება და 24 სექტემბრის №006-528 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის №47079 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №12141/2/16 საჩივარზე; სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ზიანის სახით - 12780 ლარის დაკისრების თაობაზე ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ი. ს-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 480 ლარისა და 20 თეთრის გადახდა; ი. ს-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე 2019 წლის 4 მარტს გადახდილი სახელწიფო ბაჟი - 30 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. აღნიშნული განჩინება ი. ს-ემ და საგადასახადო ორგანოებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი ი. ს-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის მის სასარგებლოდ ზიანის - 12780 ლარის გადახდის დაკისრებას. კასატორი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების არასწორად განსაზღვრის გამო, 2013 წლიდან იძულებული იყო, ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი 300-დან 1000 ლარამდე. ამასთან, იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის შემთხვევაში, მოსარჩელე თანხას დროულად გადაიხდიდა და არ დაზარალდებოდა. კასატორის განმარტებით, მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს 2019 წლის 24 ივნისის აუდიტორული დასკვნა, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №7439 ბრძანება, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.

კასატორი ი. ს-ე, ასევე, პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, მის შემოსავალს მხოლოდ პენსია წარმოადგენს, გააჩნია ფინანსური ვალდებულებები და პროკურატურის მიერ ცნობილია დაზარალებულად. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მას სახელმწიფო ბაჟი არ უნდა დაკისრებოდა.

კასატორი საგადასახადო ორგანოები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. საკასაციო საჩივრების მიხედვით, მოსარჩელის მიერ აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის ხარჯებში გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ სესხი აიღო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მანვე ინტერნეტაუქციონის საშუალებით შეიძინა 10400 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, აღნიშნული თანხის ნაწილი (1000 ლარი) 2011 წლის 23 აგვისტოს გადაიხადა საგარანტიო თანხის სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილი (9400 ლარი) - 2011 წლის 2 სექტემბერს. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2011 წლის 6 სექტემბერს ი. ს-ეს ჩაურიცხა 9914 ლარი. შესაბამისად, შემმოწმებლის მიერ, წარდგენილი საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, 2011 წლის 23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე - 1000 ლარზე და 2011 წლის 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით - 10400 ლარზე გაანგარიშდა სესხის პროცენტი, რამაც ჯამში შეადგინა 107 ლარი და გათვალისწინებულ იქნა 2011 წლის გამოქვითვებში.

კასატორი ადმინისტრაციული ორგანოები მიუთითებენ, რომ ი. ს-ეს შემოწმების შედეგად 2011 წელს დამატებით დარიცხულ ძირითად გადასახადად განესაზღვრა 396 ლარი, დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა 2010 წლის 8 ივნისს ი. ს-ესა და რ. ს-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ი. ს-ემ წარადგინა მოვალეების - თ. ს-ა და ც. ს-ის მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა 3000 აშშ დოლარი. ვინაიდან ი. ს-ეს თამაზ სიმონიშვილსა და ც. ს-თან ცალკე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია, გადასახადის გადამხდელს სრულად შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ძირითადი თანხა - 396 ლარი.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს თანხების ერთობლივ შემოსავალში ჩართვის საკითხს, საგადასახადო ორგანოთა განმარტებით, ი. ს-ეს არაერთხელ მიეცა საშუალება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა სესხის მიმღები პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები მისთვის გადახდილი თანხების დანიშნულებისა და ოდენობის შესახებ, თუმცა გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებები არ იძლეოდა შესაძლებლობას, დადგენილიყო, კონკრეტულად რა თანხები მიიღო მან მოვალეებისგან. ი. ს-ის მიერ დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პირობა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო. გადამხდელმა ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების წარდგენა, რომ პირგასამტეხლო არ მიუღია, ასევე, ვერ იქნა წარდგენილი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოთა მიერ ი. ს-ისთვის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის კანონიერება, პირგასამტეხლოს დაბეგვრისა და ხარჯის გამოქვითვის სისწორის თვალსაზრისით. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის. იმავე კოდექსის 137-ე და 140-ე მუხლებით განსაზღვრულია, როგორ უნდა მოხდეს შემოსავლის აღრიცხვა ან ხარჯის გამოქვითვა საკასო და დარიცხვის მეთოდების მიხედვით. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა: ა) შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან; ბ) ხარჯები უნდა გამოქვითოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს). ამავე კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად კი, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ დათქმებს შეიცავდა 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე, მე-200, 203-ე მუხლები.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადების სწორად გაანგარიშება პირდაპირ არის დაკავშირებული შემოსავლის აღრიცხვისა და ხარჯის გამოქვითვის სისწორესთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადასახადის გადამხდელმა უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის სათანადოდ წარმოება, რასაც უკავშირდება შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის მეთოდის შერჩევაც. კერძოდ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრული აღრიცხვისთვის გამოყენებული მეთოდის შესაბამისად იყენებს შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად საკასო ან დარიცხვის მეთოდს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება შემოსავლების აღრიცხვის/ხარჯების გამოქვითვის მომენტით. კერძოდ, დარიცხვის მეთოდი შემოსავლის აღრიცხვის მომენტს უკავშირებს უფლების მოპოვების მომენტს მაშინ, როდესაც საკასო მეთოდით შემოსავლის აღრიცხვის მომენტი უკავშირდება ნაღდი ფულის მიღების, ან უნაღდო ანგარიშსწორებისას - ფულადი სახსრების ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტებს. საკასო და დარიცხვის მეთოდთა აღნიშნულმა სხვაობამ განაპირობა, რომ კანონმდებლობით შემოსავლების/ხარჯების ცალკეული ტიპების მიმართ პირდაპირ არის განსაზღვრული აღრიცხვის მეთოდი. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით. ამრიგად, პირგასამტეხლოს, როგორც შემოსავლის, აღრიცხვისას მნიშვნელოვანია მისი რეალურად მიღების მომენტის დადგენა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრამდე საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს აღრიცხვას მხოლოდ საკასო მეთოდით, კანონში განხორციელებულ ცვლილებამდე პირგასამტეხლოს მიმართ შესაძლებელი იყო დარიცხვის მეთოდის გამოყენებაც.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ს-ე ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას - გასცემდა თანხებს სესხად, სარგებლის მიღების მიზნით. ასევე დადგენილია, რომ ი. ს-ის მიერ დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებში გათვალისწინებული იყო პირობა, რომლის თანახმად, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო. ხელშეკრულებებში, ასევე, გათვალისწინებული იყო პირობა, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი შეთანხმებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოწმებისთვის სესხის ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი დოკუმენტები წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ი. ს-ის მიერ პირგასამტეხლოს მიღების ფაქტი. მიუხედავად ამისა, საგადასახადო შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შეყვანილ იქნა მოსარჩელის ერთობლივ შემოსავალში. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოთა მიერ პირგასამტეხლო მიღებულად ჩაითვალა იპოთეკის გაუქმების (შეწყვეტის) დღეს და პირგასამტეხლოს სრული თანხის დარიცხვა მოხდა ამავე მომენტიდან. ამდენად, საგადასახადო ორგანოთა მიერ პირგასამტეხლოს აღსარიცხად და დასაბეგრად გამოყენებულ იქნა დარიცხვის მეთოდი, რადგან შემოსავლის მიღების რეალური მომენტი არ დგინდება და დარიცხვა თანხის მიღების ვარაუდს ეფუძნება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებამდე არსებული რეგულაციისა და მას შემდეგ განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ პირგასამტეხლოს სწორად და სათანადოდ აღრიცხვა, რაც პირველ ყოვლისა, გულისხმობს თანხის მიღების საკითხის სრულად და დეტალურად შესწავლას, შემდეგ კი - პირგასამტეხლოს აღრიცხვის კანონით დადგენილი მეთოდის გამოყენებას. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სადავო საკითხი ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დამატებით შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს.

რაც შეეხება ერთობლივი შემოსავლის დანარჩენი ნაწილის გაანგარიშებასა და ერთობლივი შემოსავლებიდან ხარჯის გამოქვითვას, მათ შორის, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მდებარე უძრავი ქონების აუქციონის წესით შეძენის მიზნით აღებული სესხის პროცენტის გამოქვითვის საკითხს, 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. იმავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენდა, რომ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან. ამრიგად, საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის აუცილებელია როგორც ერთობლივი შემოსავლის, ისე ხარჯის ზუსტად გაანგარიშება. ხარჯი კი გამოქვითვას ექვემდებარება, თუკი მისი გაწევა დადასტურებულია დოკუმენტურად და უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას.

განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად განისაზღვრა ი. ს-ის ერთობლივი შემოსავალი და მოხდა ხარჯის გამოქვითვა, თუმცა სადავო აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებასა და სიცხადეს გაანგარიშების სისწორის დასადგენად. თავად გადასახადის გადამხდელი შემმოწმებლის მიერ მითითებული თანხების მიღებას სადავოდ ხდის. ამრიგად, მოცემული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შეფასებასა და დასაბუთებული აქტის გამოცემას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა აუდიტორიული კომპანია „აუდიტისა და სამართლის“ 2019 წლის 24 ივნისის აუდიტორული დასკვნა, რომელიც, ასევე, უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული წარმოების ფაგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარიცხვის საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საგადასახადო ორგანომ, როგორც გადასახადის ადმინისტრირების განმახორციელებელმა პირმა, თავად უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: 1. სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; 2. პირისთვის ზიანის მიყენება; 3. მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. მითითებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. თუმცა, „თუკი მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მანვე უნდა წარმოადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნის ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განჩინება საქმე №ას-406-383-2014).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მიუხედავად, არ დასტურდება, რომ საგადასახადო ორგანოთა ქმედებამ მოსარჩელეს მატერიალური ზიანი მიაყენა. ი. ს-ის წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს ფაქტობრივი ზიანის მიყენების ან შემოსავლის მიუღებლობის ფაქტს, ასეთი ზიანის გამოწვევას საგადასახადო ორგანოთა ქმედებებით. ამდენად, მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.

რაც შეეხება კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. იმავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამრიგად, კანონმდებლობით, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების გარანტირებულობისთვის, გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობა, თუკი მხარე, სათანადო მტკიცებულებებით, უტყუარად ადასტურებს ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გადაუვადა ი. ს-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, შესაბამისად, მოსარჩელის უფლებები, დავის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაგრძელების თვალსაზრისით, დაცულ იქნა. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლიდან გამომდინარე, ი. ს-ეს მართებულად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 480,2 ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობისა (დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი) და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილის პროპორციულად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 აპრილის განჩინებით, კასატორს, ასევე, გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 589 (ხუთას ოთხმოცდაცხრა) ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ვინაიდან ი. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეს გადავადებული ჰქონდა, მასვე უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 589 ლარის 30%-ის - 176,7 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს-ის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ი. ს-ეს (პ/ნ ...) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 589 ლარის 30%-ის - 176,7 ლარის (ას სამოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ოდენობით შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე