დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.05.2022
საქმის ნომერი
ბს-1282(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1282(კ-20) 17 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ო“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის გაჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 15 მარტს შპს „...ომ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის №27880 ბრძანების, №002-141 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 31 აგვისტოს №32927 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ომ“ რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ომ“, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 24 ივლისის №35040 ბრძანებით ჩატარდა შპს ,,...ოს’’ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რის საფუძველზეც შპს ,,...ოს’’ დამატებით დაერიცხა 269850 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 179900 ლარი, ჯარიმა - 89950 ლარი, დარიცხვა განხორციელდა მოგების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 2015 წლის 16 მარტის №17 სხდომის ოქმით და სსიპ შემოსავლების სამსახურის №8007 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,...ოს’’ საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინა დარიცხული თანხის კორექტირება. კასატორის მითითებით, მათ მიერ დამატებით წარდგენილ იქნა ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა აუდიტმა სრულყოფილად არ შეისწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გაითვალისწინა ისეთი ხარჯი, როგორიცაა ფირმის ეკონომიკური საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯები, კერძოდ: ელექტროენერგიის, შეძენილი საწვავისა და რეკლამის დასამზადებლად საჭირო მასალის შეძენის და სხვა ხარჯი, რაც ცალსახად გასათვალისწინებელი იყო ფირმის საქმიანობიდან გამომდინარე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის №27880 ბრძანებისა და №002-141 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 31 აგვისტოს №32927 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების კანონირების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 მაისის №20593 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „...ოს“ საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად კომპანიის მიერ დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის საფუძვლით, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და კომპანიას წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა 522 411,46 ლარის გადახდის თაობაზე (მათ შორის, გადასახადის ძირითადი თანხა -179900 ლარი, ჯარიმა-89950 ლარი და საურავი - 252561,46 ლარი). მითითებული საგადასახადო მოთხოვნა შპს ,,...ომ“ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8007 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობისას განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 ივლისს მიღებულ იქნა №27880 ბრძანება და №002-141 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „...ოს“ გადასახდელად დაერიცხა 522 411,46 ლარი, მათ შორის, გადასახადის ძირითადი თანხა- 179900 ლარი, ჯარიმა - 89950 ლარი და საურავი-252 561,46 ლარი. მითითებული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა შპს ,,...ომ“ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 31 აგვისტოს №32927 ბრძანებით შპს ,,...ოს“ საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. თავის მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 31 აგვისტოს ბრძანება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8007 ბრძანების აღსრულების კანონიერების შესწავლა, რაც გულისხმობს იმ გარემოების დადგენას, რომ შპს ,,...ომ“ აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახლა შესწავლისას წარუდგინა თუ არა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რამდენად სწორად შეისწავლა აუდიტის დეპარტამენტმა წარდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები და იძლეოდა თუ არა წარდგენილი ინფორმაცია დარიცხული თანხის შემცირების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, ხოლო 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე (კამერალური საგადასახდო შემოწმების პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვითაც, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა: ა) ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა, როდესაც არ არსებობს ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები; ბ) იმ ხარჯებისა, რომლებიც, ამ კოდექსის 178-ე მუხლისა და ამ თავის სხვა დებულებათა თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე სადავო არ არის, რომ შპს ,,...ომ“ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები და დაქირავებულ პირებთან ხელფასის ნაწილში არსებული დავალიანების (სულ დავალიანებამ, რომელიც საზოგადოებას მართებს გასაცემი ხელფასის ნაწილში, შეადგინა 347 027 ლარი) ნოტარიულად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები. მითითებული ხარჯები გათვალისწინებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის შედეგად ცვლილება განიცადა კომპანიის მოგების გადასახადის ოდენობამ და ის შემცირდა 107 692 ლარით (მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 71 795 ლარით, ხოლო ჯარიმა - 35 897 ლარით).

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ საგადასახადო შემოწმების პერიოდში არსებული გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას, მითითებული კი, როგორც აღინიშნა, საჭიროებდა დოკუმენტურად დადასტურებას, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ვერ იქნა. საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ შპს ,,...ო-მ“ ვერ მიუთითა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8007 ბრძანების აღსრულების მიზნით წარდგენილი რომელი მტკიცებულება არ იქნა გათვალისწინებული ხარჯების ოდენობის გამოანგარიშებისას. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა ის ხარჯი, რომელიც ფიქსირდებოდა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, მათ შორის, ელექტროენერგიისა და საწვავის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8007 ბრძანების საფუძველზე გამოცემული აქტების - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის №27880 ბრძანებისა და №002-141 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობისას წარმოშობილ დავათა გასაჩივრებისა და გადაწყვეტის წესს არეგულირებს საგადასახადო კოდექსის XLII თავი. ამავე კოდექსის 300.1 მუხლში ჩამოთვლილია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დავის განმხილველ ორგანოში წარდგენილი საჩივარი, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს მითითებული მუხლით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებს ადმინისტრაციული ორგანო საჩივარზე დაადგენს ხარვეზს, რომლის აღმოფხვრის შემთხვევაშიც განიხილავს მას. ზემოაღნიშნული თავის ნორმებით ასევე მოწესრიგებულია საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, 301-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (,,თ“ ქვეპუნქტი), საჩივარი დარჩება განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 ივლისის №27880 ბრძანება და ამავე თარიღის №002-141 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულ იქნა იმავე პირის შპს ,,...ოს“ მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8007 ბრძანების აღსრულების შედეგად, აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,...ოს“ მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, შპს „...ოს“ საკასაციო საჩივარზე ბ. ჯ-ეს 21.12.2020წ. საგადახდო დავალებით N10256295702 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. ჯ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „...ო-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. ბ. ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს, შპს „...ო"-ს საკასაციო საჩივარზე 21.12.2020წ. საგადახდო დავალებით N10256295702 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე