დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-887(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 26 იანვარს შპს „ჯ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ, მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 დეკემბრის №53869 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 აპრილის №14318 და 2016 წლის 30 მაისის №15037 ბრძანებების და №13031/2/16 და №10230/2/15 საჩივრებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელე უსაფუძვლოდ მიიჩნევდა საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და აღნიშნავდა, რომ არამართებულად მოხდა მისთვის დასარიცხი გადასახადის გაანგარიშება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით შპს „ჯ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 4 ივნისის №28696 ბრძანებით დაინიშნა შპს „ჯ...ის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 6 მაისის №23698 ბრძანებით დაინიშნა შპს „ჯ...ის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემოწმების შედეგებზე შედგა 2014 წლის 22 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც ასევე მოიცავდა ინვენტარიზაციის შედეგებს და გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 დეკემბრის №53869 ბრძანება და №... საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, შპს „ჯ...ს“ დაერიცხა სულ 970 560.2 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 611 001 ლარი, ჯარიმა 233 550 ლარი, საურავი 126 009.2 ლარი. ასევე დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 30 აპრილის №14318 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა არც აღნიშნულს დაეთანხმა მოსარჩელე და 2015 წლის 13 მაისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
არაერთი წარმოების ჩატარების შედეგად სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა 2016 წლის 16 მარტის №6768 ბრძანება და №... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შემცირებული იქნა მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხა, კერძოდ, შპს „ჯ...ს“ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 399 293 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 293 875 ლარი და ჯარიმა 105 418 ლარი, თუმცა აპელანტი კვლავ არ დაეთანხმა მითითებულ დარიცხვებს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 30 მაისის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც გამოიცა 2016 წლის 29 ივლისის დასკვნა და განხორციელდა დარიცხული თანხის გადაანგარიშება. გადაანგარიშების შედეგად, დანაკლისმა შეადგინა საბაზრო ღირებულებით 867 559 ლარი, თუმცა ვინაიდან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივანს საგადასახადო ვალდებულებების უმძიმდებოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელისთვის დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. შპს „ჯ...მა“ 2016 წლის 22 ივლისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმებოდა რეალიზაციის განსაზღვრას 2014 წლის იანვარი-მარტის პერიოდის საშუალო დღიური რეალიზაციების გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული არ ასახავდა რეალობას. მომჩივნის მოსაზრებით, რეალიზაციაში ჩათვლილი უნდა ყოფილიყო სრულად 2014 წლის 1-6 მაისის ჩათვლით საკონტროლო-სალარო აპარატით განხორციელებული რეალიზაცია და ამის საფუძველზე განხორციელებულიყო ხელახალი გადაანგარიშება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო გარემოება, როდესაც გადასახადის გადამხდელი არათუ არამართებულად აწარმოებდა საბუღალტრო დოკუმენტაციას, არამედ არსებული დოკუმენტაციით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საერთოდ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და ბუღალტერიის სათანადო წესით წარმოების არარსებობის გამო, შემოწმებით ვერ მოხერხდა დადგენილიყო თითოეული საქონლის მიმართ არსებული ფასნამატი, რის გამოც განხორციელდა საშუალო ფასნამატის განსაზღვრა. ამასთან, შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იყო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის, რის გამოც ჩეკებში არსებული ინფორმაცია ვერ იქნებოდა სრულად და სანდოდ მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვის. გარდა ამისა, ფასნამატის განსაზღვრისთვისაც არ გამოდგებოდა სალარო-აპარატის ჩეკის მონაცემები, ვინაიდან არ იგი იძლეოდა საქონლის სახეობის და რაოდენობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელმა ვერ მოახერხა ისეთი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრას შესაძლებელს გახდიდა. ამდენად, სადავო შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ დარღვეული იყო შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ზოგადი პრინციპები, არ არსებობდა ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე, შესაძლებელს გახდიდა დარიცხვის ობიექტის განსაზღვრასა და იდენტიფიცირებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის პოზიციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. იმ შემთხვევაში, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე. შესაბამისად, მოსარჩელე სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან თავისუფალია, ხოლო მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე მომზადება და გამოცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით შპს „ჯ...ის“ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და აღნიშნული გზით განხორციელებული დარიცხვების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 4 ივნისის №28696 ბრძანებით დაინიშნა შპს „ჯ...ის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2008 წლის 18 აპრილიდან 2014 წლის პირველ აპრილამდე, მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში - 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია. 1) გადამხდელთან, 2006 წლის 6 მაისს, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ვერ მოხდა საბუღალტრო დოკუმენტებში არსებული ნაშთების დროულად მიწოდება, რის გამოც ინვენტარიზაციის შედეგები აისახა წინამდებარე აქტში. ამასთან, 2014 წლის აპრილში გადამხდელმა ჩაატარა შიდა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა დიდი ოდენობით დანაკლისი. აღნიშნული განიხილა მიწოდებად და 2014 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახა დასაბეგრ ბრუნვაში 258 028 ლარის ოდენობით; 2) გადამხდელმა განმარტა, რომ მარაგების აღრიცხვისათვის იყენებდა საშუალო-შეწონილ მეთოდს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ფაქტის დაფიქსირება საბუღალტრო პროგრამაში ხდებოდა დროულად, ხოლო ჩამოწერა ხორციელდებოდა მხოლოდ წლის ბოლოს, გადამხდელის მიერ არ იყო აღრიცხული ყოველდღიურად გაყიდული საქონელი სახეობების, რაოდენობის და სარეალიზაციო ფასის მიხედვით, ყოველთვიური საქონლის რეალიზაცია და ჩამოწერა სახეობის მიხედვით წარმოდგენილ იქნა ექსელის ფაილში; 3) გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა/გადმოტანისათვის; 4) გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე (139) მუხლის პირველი ნაწილით; 5) გადამხდელთან 2014 წლის 6 მაისს საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის შედეგადაც შეძენილ იქნა გარკვეული ოდენობის საქონელი. შემოწმებით შეძენილი საქონლის, გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამისა და შეძენის პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა შეძენილი საქონლის თვითღირებულება და გადაანგარიშდა საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა პომიდორის შემთხვევაში 197%, ხოლო ლობიოს შემთხვევაში 261%, წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის მიხედვით აღნიშნული პერიოდის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 15%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და გადამხდელის შემოსავალი დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებისათვის არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. შემოწმებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაზე და პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, წლის ჭრილში გაიმიჯნა დოკუმენტურად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, თითოეული დასახელების საქონელზე ინდივიდუალურად. ასევე, გაანალიზდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო ფასი თითოეული დასახელების საქონლის მიხედვით. აღნიშნული ანალიზის შედეგად, დოკუმენტურად რეალიზებულ საქონლის ფასნამატი გავრცელდა იმავე დასახელების ჩეკით რეალიზებულ საქონელზე, ხოლო მხოლოდ ჩეკით რეალიზებულ საქონელზე, რომელზეც არ არსებობდა მსგავსი საქონლის დოკუმენტით რეალიზაციის ფაქტი, გავრცელდა დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო ფასნამატი. აღნიშნულის გადაანგარიშების შედეგად მიღებული შემოსავალი ყოველთვიური ჩამოწერილი საქონლის პროპორციულად გადანაწილდა შესაბამის თვეებზე. აღნიშნული ქმედების შედეგად, განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი და სხვაობა შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის დაიბეგრა მოგებისა და დღგ-ით, ასევე გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა გადასახადის დეკლარაციებში თანხის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2014 წლის 22 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 დეკემბრის №53869 ბრძანება და №... საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, შპს „ჯ...ს“ დაერიცხა სულ 970 560.2 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 611 001 ლარი, ჯარიმა 233 550 ლარი, საურავი 126 009.2 ლარი.
შპს „ჯ...მა“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 დეკემბრის №... საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების 2015 წლის 30 აპრილის №14318 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, საქონლის მოძრაობის შესახებ, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით ახლად წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე (მათ შორის, საქონლის მოძრაობის შესახებ) დაყრდნობით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საკითხის დამატებით შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შპს „ჯ...მა“ 2015 წლის 13 მაისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს სსიპ შემოსავლების 2015 წლის 30 აპრილის №14318 ბრძანებასთან დაკავშირებით. დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 აპრილის №14318 ბრძანების საფუძველზე შედგა 2015 წლის 26 აგვისტოს დასკვნა და გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 სექტემბრის №33063 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნულის საფუძველზე შპს „ჯ...ის“ საგადასახადო ვალდებულება შემცირდა ძირითად გადასახადში 317 126 ლარით, ხოლო ჯარიმა 106 854 ლარით.
შპს „ჯ...მა“ 2015 წლის 29 სექტემბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2 სექტემბრის №... კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი დეკემბრის №45256 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დავალებოდა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით განხორციელებული გადაანგარიშების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმებით დარიცხული თანხების დამატებითი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი დეკემბრის №45256 ბრძანების საფუძველზე შედგა 2016 წლის 29 თებერვლის დასკვნა და გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის №6768 ბრძანება და №... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „ჯ...ს“ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 399 293 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 293 875 ლარი და ჯარიმა 105 418 ლარი.
შპს „ჯ...მა“ 2016 წლის 14 აპრილს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის №... საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 30 მაისის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დავალებოდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული საქონლის მოძრაობის გათვალისწინება 2014 წლის 1-6 მაისის პერიოდზე შემდეგი პრინციპის მიხედვით - აუდიტის დეპარტამენტს 2014 წლის 1-6 მაისის პერიოდზე რეალიზაციების განსაზღვრისას უნდა გაეთვალისწინებინა 2014 წლის იანვარი-მარტის პერიოდის საშუალო დღიური რეალიზაციები და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ 2015 წლის 2 სექტემბრის №33063 ბრძანებით შემცირდა 2013 წლის მოგების გადასახადი 49 912 ლარით თუმცა, მიუხედავად შემცირებული თანხისა, 2014 წლის მიმდინარე გადასახდელები, რომელიც დაირიცხა 2014 წლის 24 დეკემბრის №53869 ბრძანებით 144 348 ლარის ოდენობით არ იქნა შემცირებული, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დავალებოდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უნდა მოეხდინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 30 მაისის ბრძანების საფუძველზე შედგა 2016 წლის 29 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმად, გადაანგარიშების შედეგად დანაკლისმა შეადგინა საბაზრო ღირებულებით 867 559 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 86 756 ლარი, საგადასახადო შემოწმებით გადაანგარიშებული და დარიცხულია ჯარიმა 38 040 ლარი, ჯარიმა გაიზარდა 55 915 ლარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივანს საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ასევე კორექტირებას არ დაექვემდებარა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 30 მაისის ბრძანებით განსაზღვრული მე-2 საკითხი. 2016 წლის 29 ივლისის დასკვნის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 აგვისტოს №23282 ბრძანება.
შპს „ჯ...მა“ 2016 წლის 22 ივლისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე კოდექსის 267-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა)ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი; ბ)საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას; გ)გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი. 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრული იყო 2008 წლის 18 აპრილიდან 2014 წლის პირველ აპრილამდე, მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში - 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდი. ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნებისთვის გამოყენებული უნდა იქნას გადასახადებით დაბეგვრისათვის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა (2.2 მუხლი).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები, ხარჯები და გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები; კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები და ბუღალტრული ანგარიშგება იმ გადასახადებზე, რომელთა მიმართაც იგი ითვლება გადასახადის გადამხდელად; საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
სადავო პერიოდებში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და შემდგომში განხორციელებული ცვლილებებით დამატებულ ქვეპუნქტების მიხედვით, თუ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ან საერთოდ არ ახორციელებს მას, ან სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან/და განადგურებულია, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს არსებული მასალების საფუძველზე შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე). აღნიშნული მეთოდების გამოყენება დასაშვებია, თუ სახეზეა ერთზე მეტი ნებისმიერი პირობა: ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით; ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია; გ) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; დ) პირის დასაბეგრი შემოსავალი ან/და ოპერაციის მოცულობა ან/და ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით; ე) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ვ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა ან/და არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და ამ ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ვინაიდან საგადასახადო შემოწმების პერიოდი ასევე მოიცავდა 2008 წლის აპრილიდან არსებულ პერიოდს, მნიშვნელოვანია, რომ 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენდა, რომ თუ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ან არ ახორციელებს მას საერთოდ, ან სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგული ან/და განადგურებულია, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მაშინ საგადასახადო ორგანოს გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს არსებული მასალების საფუძველზე შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დაფიქსირება საბუღალტრო პროგრამაში ხდება დროულად, თუმცა ჩამოწერა ხორციელდება მხოლოდ წლის ბოლოს, გადამხდელის მიერ არ არის აღრიცხული ყოველდღიურად გაყიდული საქონელი სახეობების, რაოდენობის და სარეალიზაციო ფასის მიხედვით. ამასთან, გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა/გადმოტანისათვის და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე (139) მუხლის პირველი ნაწილით. გარდა ამისა, შპს „ჯ...თან“ 2014 წლის 6 მაისს საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირდა ფასნამატი: პომიდორზე 197%, ლობიოზე 261%, მაშინ როდესაც გადამხდელის მიერ წარდგენილი საქონლის მოძრაობის მიხედვით აღნიშნულ პერიოდში ფასნამატი შეადგენდა 15%-ს.
ამდენად, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ არსებული, გადამხდელის მიერ აღრიცხული დოკუმენტაციითა და მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრა. შემოწმების შედეგად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კი ქმნიდა საკმარის საფუძველს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისათვის.
საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ შემოწმებით ვერ მოხერხდა ფასნამატის დადგენა თითოეული საქონლის მიმართ, რის გამოც განხორციელდა საშუალო ფასნამატის განსაზღვრა. ამასთან, მართალია, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები ადასტურებდნენ საქონლის შესყიდვის ფაქტს, თუმცა მათში გათვალისწინებული ინფორმაციის გამოყენების შეუძლებლობას განაპირობებდა და მის არასრულ სახეზე მიუთითებდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იყო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის, რის გამოც ჩეკებში არსებული ინფორმაცია ვერ იქნებოდა სრულად და სანდოდ მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვის. ამასთან ჩეკში მითითებული მონაცემები არ იძლეოდა სრულ ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისთვის.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საქმის განმხილველ სასამართლოთა შეფასებას, რომ შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელმა ვერ მოახერხა ისეთი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრას შესაძლებელს გახდიდა. ამდენად, სადავო შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ დარღვეული იყო შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ზოგადი პრინციპები, შეუძლებელი იყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე, არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე დარიცხვის ობიექტის განსაზღვრა და იდენტიფიცირება, რის გამოც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მართებულად იქნა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი და გაანგარიშებულ იქნა მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლოს 19.10.2018წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ჯ...ის“ შუამდგომლობა და დავის დასრულებამდე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 8000 ლარის ოდენობით. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, სსსკ-ის 401.4 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოში გადასახდელი ბაჟის, 8000 ლარის 70%, რაც 2400 ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება;
3. კასატორს - შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2400 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა