დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.12.2013
საქმის ნომერი
2კ-1959-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№19591-13 26 დეკემბერი, 2013 წელი

რ. ი., 19591-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ქ. პ-ს

ადვოკატ - ა. ჩ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. რ-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენით (დაუსწრებლად) ი. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. რ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

2013 წლის 12 თებერვალს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. რ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. რ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ი. რ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ამავე კანონის მე–12 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. რ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად: ,,შპს ,,-“ გადასახელებულ იქნა სამშენებლო კომპანია ,,ა. პ.“ და მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით 2012 წლის 24 სექტემბერს ამოღებულ იქნა იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან, როგორც საზოგადოება, რომელმაც ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა, 2001 წლის 8 აგვისტოს ფედერალური კანონის 21.1,129 მუხლების საფუძველზე“.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი არასაკმარისად უნდა ჩაითვალოს შპს ,,-“ ლიკვიდაციის ფაქტის დასადგენად, რადგან ცალსახად არ ჩანს შპს ,,-“ ლიკვიდაცია მოხდა თუ რეორგანიზაცია, ხოლო 2012 წლის 24 სექტემბერს რომელმა საზოგადოებამ შეწყვიტა ფაქტობრივად საქმიანობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. რ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი