დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-557-02 25 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 2 მაისს ჯ. ხ-იამ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის ...ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სოხუმის საქალაქო და რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 3 მაისს, სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დროს, სიტყვაში გამოსულმა დირექტორმა ეჭვქვეშ დააყენა მისი დოცენტობის საკითხი. ამ გარემოებამ უარყოფითად იმოქმედა არჩევნების შედეგებზე, რის გამოც იგი არ იქნა არჩეული. მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ დირექტორის მხრივ ასეთი მოქმედება წინასწარ იყო გამიზნული, რისი უფლებაც არჩევნების დროს დირექტორს არ ჰქონდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა პროცედურული წესების დარღვევით, რის გამოც მოითხოვა არჩევნების შედეგების გაუქმება და მორალური ზიანისათვის მოპასუხისათვის 1 ლარის დაკისრება.
საქმის განხილვის პროცესში ჯ. ხ-იამ გაზარდა მოთხოვნა და მორალური ზიანისათვის მოითხოვა 20000 ლარის ანაზღაურება.
გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2002 წლის 6 თებერვალს მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მიმართა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოს. აპელანტმა მოითხოვა რაიონული და საქალაქო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
უმაღლესი სასამართლოს 2002 წლის 12 თებერვლის განჩინებით იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ იყო სახელმწიფო ბაჟი, აპელანტს ამ ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა 25 თებერვლამდე. განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 13 თებერვალს.
ხარვეზის შესავსებად მიცემულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო (არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი), რის გამოც უმაღლესი სასამართლოს 2002 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 6 მარტს.
2002 წლის 18 მარტის თარიღით შედგენილი კერძო საჩივრით ჯ. ხ-იამ მიმართა იმავე სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მის მიერ სარჩელის საგნის ღირებულების გადიდება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოპასუხემ ერთლარიანი მოთხოვნა მისთვის მორალური ტკივილის მისაყენებლად, მისი პიროვნების ღირსების ეკვივალენტურად გამოაცხადა.
მისთვის უფრო მისაღებია მორალური ზიანისათვის ერთი ლარის ანაზღაურების მოთხოვნა, რის გამოც ცვლის მოთხოვნას და 20000 ლარის ნაცვლად მოითხოვს 1 ლარს.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თითქოს უმაღლესმა სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 32-ე, 84-ე და მე-13 მუხლების მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი აშკარად უსაფუძვლოა და უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა სარჩელი 20000 ლარის ანაზღაურების შესახებ, ხოლო სააპელაციო საჩივარი მოითხოვდა ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, ცხადია, აპელაციის ღირებულებაც 20000 ლარს შეადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა რა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უმაღლესმა სასამართლომ მას მისცა გარკვეული დრო ამ ხარვეზის შესავსებად, რადგან მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 47-ე, 48-ე და 49-ე მუხლების შესაბამისად სასამართლო ხარჯებისაგან აპელანტის განთავისუფლების, სასამართლო ხარჯების გადადების, განაწილვადების და შემცირების საფუძველი. როცა ხარვეზის შესავსებად მიცემულ ვადაში აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა, უმაღლესმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს და მხოლოდ, მაშინ, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. ანუ მას შემდეგ, როცა სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნება ცნობილი და მიღებული იქნება განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ კერძო საჩივრით დავის საგნის შემცირება დაუშვებელია. დავის საგნის ამგვარი გზით შემცირება, ცხადია, ვერ იმოქმედებს აპელაციის ღირებულებაზე, ვინაიდან აპელაციის ღირებულება განისაზღვრება არა კერძო საჩივრით, არამედ იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
არასწორია კერძო საჩივრის ავტორის მითითება აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს მხრივ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე, 84-ე და მე-13 მუხლების დარღვევის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მიერ დარღვეულად მიჩნეული ნორმები ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება, კერძოდ, მითითებული ნორმები ეხება საქართველოს მოქალაქის მფარველობას, მოქალაქეობის ჩამორთმევის, საქართველოდან გაძევების და უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის დაუშვებლობას ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფას, შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას და ცენზურის დაუშვებლობას, შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღების და გავრცელების აკრძალვას; ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, მაგრამ უმაღლეს სასამართლოს მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებით ზემოთ მითითებული ნორმები არ დაურღვევია. გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა აპელანტის მხრივ სამოქალაქო საპროცესო ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კერძო საჩივარში მთითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ხ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 1 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.