დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.11.2024
საქმის ნომერი
ბს-783(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-783(კ-24) 13 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №04/5809 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №2-2-00144 გადაწყვეტილება. გ) დაევალოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2021 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელეს დაენიშნება კანონით გათვალისწინებული ოდენობის კომპენსაცია - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის სტაჟის ნამრავლი; დ) დაევალოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეს აუნაზღაუროს განსხვავებული თანხა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დღიდან (01.01.2021წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №04/5809 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №2-2-00144 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც 2021 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელეს დაენიშნება კანონით გათვალისწინებული ოდენობის კომპენსაცია - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის სტაჟის ნამრავლი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელეს აუნაზღაუროს განსხვავებული თანხა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დღიდან (01.01.2021წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და გაეთვალისწინებინა ამავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი ყოველთვიურად გასაცემლის ოდენობა, რომელიც 560 ლარს შეადგენს. მოსარჩელეს 2021 წლის 01 იანვრიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს, სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, ასევე დანიშნული აქვს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობებით“ განსაზღვრული სოციალური პაკეტი. ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/უფლებამოსილებაშეწყვეტილი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა სპეციალური და ზოგადი ხასიათის ნორმებზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-12 მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია, კერძოდ, კანონის მე-7 მუხლში საუბარი არ არის ამავე კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, შესაბამისად, მათზე უნდა გავრცელდეს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი პირობა. ამასთანავე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი განმარტავს კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მე-7 მუხლი ადგენს ზღვარს, ანუ დანიშნული კომპენსაციის გასაცემ მაქსიმალურ ოდენობას, რაც არსებითად და ადმინისტრირების მნიშვნელობით არის ურთიერთდამოკიდებული პირობა. შესაბამისად, თანხების მოცულობაში არსებული სხვაობის პირობა არ შეიძლება შეფასდეს ნორმათა შორის კოლიზიად, რომელიც განხილულ უნდა იქნეს უპირატესი მნიშვნელობით, ორი ნორმის სპეციალურ და ზოგადი შინაარსის ნორმის ბუნების პრინციპით. ამ ორის ნორმის რეგულირების სფეროები განსხვავებულია იმდენად, რამდენადაც კანონის მე-12 მუხლი აწესრიგებს მხოლოდ დანიშვნის საფუძვლებს, ხოლო მე-7 მუხლი უზრუნველყოფს ადმინისტრირების პირობას. ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვართან მიმართებაში გამონაკლისს უშვებს მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე, რომელთა შორის საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეები, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომელთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საფუძვლებს და ოდენობას ადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, არ არიან გათვალისწინებული. შესაბამისად, მითითებულ ნორმებში არსებულ ტერმინებს („დანიშვნა“ -„გაცემა“) გააჩნია სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვა და მოქმედი კანონმდებლობის მიზნების გათვალისწინებით, ამ ტერმინების სწორად გამოყენება წარმოშობს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს. ამდენად, სახეზე გვაქვს ორი პირობა, რომ მოსარჩელე - თ. ს-ე წარმოადგენს ბენეფიციარს, რომელსაც ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა დადგენილი აქვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის წესითა და ოდენობით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი გულისხმობს კომპენსაციის მიმღებ პირს, ანუ ადგენს სუბიექტს, რომელსაც ამავე კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშნული აქვს კომპენსაცია, მასზე გასაცემი თანხის ოდენობას, რაც ნორმათა ერთობლიობაში გულისხმობს ამ კანონით დადგენილ კომპენსაციაზე, ამავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი გასაცემი ოდენობის შეზღუდვის პირობის ლეგიტიმურობას.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით მოსარგებლე სხვა კატეგორიის მიმართ (მაგალითად: კანონის მე-8, მე-9, მე-13, მე-14, მე-15, მე-151 და ა.შ. განსაზღვრული პირები) და კანონის მე-7 მუხლის სამართლებრივი რეგულირების სფეროს მიღმა განვიხილავთ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შემთხვევას, მაშინ, გაუგებარია კანონით განსაზღვრულ რომელ კატეგორიაზე უნდა გავრცელდეს მე-7 მუხლით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი. ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი გარკვევით და ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, იმპერატიულად და არაორაზროვნად აზუსტებს ამ კანონით მოსარგებლე იმ სუბიექტებს, რომლებზეც არ ვრცელდება კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი (560 ლარი), შესაბამისად, მითითებული ნორმების სხვაგვარად განმარტება დაუშვებელია.

კასატორის განმარტებით, საყურადღებოა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433), 2024 წლის 3 აპრილს განხორციელებულ ცვლილება, კერძოდ, კანონს დაემატა 41 პრიმა მუხლი, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა 2024 წლის 1 მაისამდე შეადგენს 560 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე 1000 ლარს. მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თ. ს-ე 2006-2010 წლებში იყო ... სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012 წლებში დაკისრებული ჰქონდა ... სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება; 2012-2016 წლებში იყო ... სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლიდან ... სასამართლოს მოსამართლე. თ. ს-ე 2020 წლის 29 დეკემბერს, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა (ს.ფ. 41); ბ) თ. ს-ემ, 2020 წლის 31 დეკემბერს, კომპენსაციის დანიშვნის მიზნით №135170 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №2-00114 გადაწყვეტილებით 2021 წლის 01 იანვრიდან თ. ს-ეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. ასევე, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს დაენიშნა სოციალური პაკეტი (ს.ფ. 36, 83); გ) თ. ს-ემ, 2021 წლის 29 ნოემბერს განცხადება/საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №2-00114 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თ. ს-ემ საჩივარში მიუთითა, რომ სააგენტოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, არამედ, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან მითითებული ნორმატიული აქტის აღნიშნული მუხლი იმპერატიულად ადგენდა კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სწორედ სპეციალური და არა ზოგადი ნორმა (ს.ფ. 38-39); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის №04/12593 გადაწყვეტილებით, თ. ს-ის საჩივარი დარჩა განუხილველი, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო (ს.ფ. 40); დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის №3/677-21 გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის №04/12593 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა თ. ს-ის 2021 წლის 29 ნოემბრის (რეგ. 30.11.2021წ. №117243) საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში (ს.ფ. 17-28); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №04/5809 გადაწყვეტილებით, თ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №2-00114 გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-32).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს მოსარჩელისათვის, როგორც ყოფილი მოსამართლისათვის, დანიშნული კომპენსაციის ოდენობის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს, უფრო კონკრეტულად იმის განსაზღვრა, რამდენად სწორი სამართლებრივი საფუძვლითა და ოდენობით დაენიშნა კომპენსაცია. ამ მხრივ შესაფასებელია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმათაგან რომელს ჰქონდა უპირატესი მოქმედების ძალა, რომლითაც მოსარჩელეს შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიეღო.

საკასაციო პალატა საქმეში დადგენილი გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, ყურადღებას მიაქცევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლს, რომლითაც საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს ადგენს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლით განმტკიცებულია კანონის ძირითადი პრინციპები, კერძოდ, სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაცია არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, რომლის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი - 65 წლის ასაკს მიღწევაა (5.1.ბ. მუხლი). აღნიშნული კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (5.2.დ).

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის კომპენსაციის ოდენობა არის სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №2-00114 გადაწყვეტილებით 2021 წლის 01 იანვრიდან თ. ს-ეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე და მიაჩნია, რომ მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა უნდა მომხდარიყო ამავე კანონის მე-12 მუხლიდან გამომდინარე საფუძვლით.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო; გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს.

ამასთან, აღნიშნული ნორმა მე-7 მუხლისაგან განსხვავებულ კომპენსაციის გამოთვლის წესს ითვალისწინებს, კერძოდ, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობა უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის არის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული კომპენსაციის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ 560 ლარიან ზღვარს. ზემოხსენებულ ნორმათა გამოყენებით განსხვავებული სამართლებრივი შედეგები მიიღწევა, რის გამოც აუცილებელია შეფასდეს, რომელს აქვს მოცემულ შემთხვევაში უპირატესი იურიდიული ძალა და რომლის საფუძველზე უნდა დაენიშნოს მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია.

ამ მიზნით საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიმოიხილავს ზემოდასახელებულ საკანონმდებლო ნორმებში განხორციელებულ ცვლილებებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 24 აპრილის ცვლილების განხორციელებამდე, აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შეადგენდა მოქმედი მოსამართლისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%–ის ნამრავლს საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშობის სტაჟზე. 2012 წლის 24 აპრილს განხორციელებული ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 2012 წლის 1 სექტემბრიდან), შეიცვალა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია და სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%–ის ნამრავლით საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე. 2015 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა კვლავ შეიტანა ცვლილება ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ, განახორციელა ცვლილება, რომლის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა გამოანგარიშდება უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლისთვის სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%–60%–ის (დამოკიდებულია მოსამართლის მიერ დაკავებულ პოზიციაზე) საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშობის სტაჟზე ნამრავლით. ცხადია, რომ ასეთი ცვლილების განხორციელების მიზანს წარმოადგენდა, მათ შორის, მოსამართლეთა კომპენსაციის გაცემის ისეთი წესის შემუშავება, რომელიც იქნებოდა სამართლიანი (იხ. განმარტებითი ბარათი - კანონპროექტის მიზანია შეიქმნას კომპენსაციის გაანგარიშების იმგვარი წესი, რომელიც იქნება სამართლიანი და აღმოფხვრის კანონით განსაზღვრულ ბენეფიციართა სხვადასხვა კატეგორიებს შორის ამჟამად არსებულ უთანასწორობას).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლე ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიულ საქმიანობას - მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება №3/1/659 საქმეზე საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, 65 წლის ასაკს მიღწევისას, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს წარმოეშობათ კომპენსაციის მიღების უფლება. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოს მიერ მოსამართლის ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა არ ემსახურება საკუთრივ, მოსამართლის პირადი კეთილდღეობის შექმნას. ამ მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი, უწინარეს ყოვლისა, სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაა, მოსამართლის მაღალი სტატუსის დაცვაა, ანუ სასამართლო სისტემის ინსტიტუციური ფუნქციონირების გარანტიაა. სახელმწიფო კომპენსაცია ემსახურება მოსამართლეთა კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველმყოფ გარანტიას. შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გულისხმობს მისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნას, როგორც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, ისე სამოსამართლო უფლებამოსილების დასრულების შემდეგაც.

მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპის ქარტიის მიხედვით, მოსამართლეებს, რომლებსაც მათთვის დაკისრებული სამოსამართლო ფუნქციების განხორციელება დაასრულეს განსაზღვრულ ვადაში და მიაღწიეს მოსამართლეებისთვის კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს, უნდა მიეცეთ პენსია, რომლის ოდენობაც მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს მოსამართლედ მუშაობის ბოლო ხელფასის ოდენობასთან (მუხლი 6.4); მოსამართლეთა ადეკვატური პენსია კანონით უნდა იყოს დაცული (,,ძირითადი პრინციპები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ’’ მიღებულია გაეროს დანაშაულის საწინააღმდეგო და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ მეშვიდე კონგრესის მიერ, მილანი, 1985 წლის 26 აგვისტო -- 6 სექტემბერი, ძალაშია გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის 40/32 და 13 დეკემბრის 40/146 რეზოლუციებით). მოსამართლეთა ხელფასი და პენსია უნდა იყოს ადეკვატური, მოსამართლის სტატუსის, ღირსებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი და პერიოდულად უნდა გადაიხედოს იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ინფლაციის შედეგი (მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტი („სინგვის დეკლარაცია“)). პენსია უნდა იყოს გონივრულ თანაფარდობაში მოსამართლედ მუშაობის დროს არსებულ ანაზღაურებასთან და მოსამართლეთა ანაზღაურების შემცირებისგან დაცვის სპეციალური სამართლებრივი დებულებები უნდა არსებობდეს (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოთა მიმართ CM/Rec (2010)12 მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და მოვალეობების შესახებ).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით დეკლარირებული მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად, მოსამართლე მისი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მატერიალური და სოციალური გარანტიებით სარგებლობს. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, მოსამართლისათვის სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა არის მისი ქვეყნისათვის გაწეული სამსახურის საჯარო აღიარება (იხ. ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ no.17767/08, §77, 19.11.2012 ). მოსამართლისათვის კანონმდებლობით ან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული საპენსიო კომპენსაციის მიღება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლებით (იხ. Carson and Others v. the United Kingdom[GC], no. 42184/05, § 64, ECHR 2010). პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრების შეუფერხებელ სარგებლობაში ჩარევას, რომელიც უნდა იქნეს სამართლებრივად განმარტებული. (იხ. Rasmussen v. Poland, no. 38886/05, § 71, 28 April 2009). I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობაში უნდა იყოს კანონიერი და ის უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს „შედიოდეს საზოგადოებრივ ინტერესებში“. ნებისმიერ ჩარევა უნდა იყოს პროპორციული რეალიზებად მიზანთან. სხვა სიტყვებით, ,,სამართლიანობის ბალანსი“ უნდა იქნეს დაცული საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნასა და პირის ფუნდამენტურ უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის (იხ. The Former King of Greece and Others v. Greece [GC], no. 25701/94, §§ 79 and 82, ECHR 2000-XII). მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ამცირებს მოსახლეობის შესაბამისი ნაწილისთვის ანაზღაურებად პენსიის ოდენობას, უნდა იქნეს გატარებული არადისკრეციული გზით (იხ. Lakićević and Others v. Montenegro and Serbia, nos. 27458/06, 37205/06, 37207/06 and 33604/07, § 59, 13 December 2011).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, ,,მოსარჩელის“ კომპენსაცია, ,,კანონის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაახლოებით იქნება 2300 ლარი, ამ პირობებში, ,,კანონის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული მაქსიმუმი - 560 ლარი - იმდენად ალოგიკური და არაადეკვატურია, რომ არარად, ილუზორულად აქცევს ,,კანონის“ მე-12 მუხლით განსაზღვრულ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება ,,კანონის“ 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ ძირითად მიზანს - სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოს იმ მოქალაქის სოციალური დაცვის გარანტია, რომელმაც სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახური გაიარა, ასევე - ,,კანონის“ მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დეკლარირებულ ერთ-ერთ ძირითად პრინციპს - სამართლიანობას. შესაბამისად, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე 2006 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებდა, რომელიც 2020 წლის 29 დეკემბერს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო შეუწყდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მასზე უნდა გავრცელდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომელიც მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნის და მისი ოდენობის დაანგარიშების სპეციალურ წესს ითვალისწინებს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სუსგ №ბს-849 (კ-20) (04.03.2021წ.) საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის პოზიცია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლის შესაბამისად, რადგან ხსენებული ნორმა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული, სადავო საკითხის მოწესრიგებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლის ზოგადი პრინციპის თანახმად, ერთსა და იმავე იერარქიულ საფეხურზე მდგომ სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის არსებობისას, გამოიყენება სპეციალური ნორმა, კონკრეტულ შემთხვევაში - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი’’.

განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მოსამართლეთა პოზიციების გათვალისწინებით, კომპენსაციის გამოთვლის ინდივიდუალურ წესს გვთავაზობს, რომელიც, ზოგად ნორმასთან შედარებით, უპირატესი ძალის მქონეა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საკითხი მოწესრიგებულია სპეციალური ნორმით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ზოგადი ნორმის, კერძოდ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლის გამოყენება ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურად, რადგან აღნიშნული დანაწესით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრა გამოიყენება მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული სადავო საკითხის მოწესრიგებას. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე და გონივრული განსჯის შედეგად შეუძლებელია მსგავსი შინაარსის დასკვნის გაკეთება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მიერ შემოთავაზებული მსჯელობა ფაქტობრივად აქარწყლებს კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით შემოღებულ სოციალური დაცვის გარანტიას, ილუზორულს ხდის საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილ საშეღავათო სოციალურ უფლებას და ეწინააღმდეგება თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზანს, რაც დაუშვებელია (შეად. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება საქმეზე ბს-719(კ-22)).

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (2024 წლის პირველი მაისიდან მოქმედი რედაქცია), ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა 2024 წლის 1 მაისამდე შეადგენს 560 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 1 000 ლარს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12−153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა.

ამავე კანონის მე-7 მუხლის დღეის მდგომარეობით არსებულ რედაქციის თანახმად, (1) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. (2) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით. (3) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12–153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა. (4) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლი პრაქტიკულად იმეორებს ამავე კანონის მე-7 მუხლის დღეის მდგომარეობით არსებულ მოცემულობას. შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის დანაწესი ვერ შეცვლის ამავე კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნის და მისი ოდენობის დაანგარიშების სპეციალურ წესს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე