დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.02.2006
საქმის ნომერი
ას-999-1250-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-999-1250-05 10 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: ბინის ქირის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 10 აგვისტოს ე. ტ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ა. გ-ანის, ნ. ხ-შვილისა და თ. ფ-ძის მიმართ ბინის ქირის გადახდევინების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 1995წ. მარტში, მასსა და მის შვილს, ნ. ტ-შვილს, თხოვნით მიმართა ე.გ-ანმა, რომ თვითონ და მისი ოჯახის წევრები (დედა _ ა.გ-ანი, ქალიშვილი _ ნ.ხ-შვილი და არარეგისტრირებული მეუღლე _ თ.ფ-ძე) ქირით შეეშვა ქ.თბილისში, ... ¹105-ში მდებარე ¹5 ბინაში.

მოპასუხეებმა ე.ტ-შვილს აჩვენეს ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო მათ ოჯახსა და სამშენებლო კოოპერატივ «ვ.-90-ს» შორის, რომლის თანახმად, ქ.თბილისში .... მე-2 შესახვევი ¹5-ში მდებარე სახლში სამოთახიანი ბინა ირიცხებოდა ა. გ-ანის სახელზე, რომელიც საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „ვ.-90-ის“ მიერ აღებულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

საბინაო ამხანაგობამ „ვ.-90“-მა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, რომ ა. გ-ანის ოჯახს მშენებარე სახლში დააკმაყოფილებდა ოთხოთახიანი ბინით, ხოლო მშენებლობის დამთავრებამდე ქალაქის ცენტრში დაუქირავებდა სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინას.

ერთიწ. განმავლობაში ამხანაგობა „ვ.-90-ის“ თავმჯდომარე ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, შემდგომში კი ა.გ-ანს შეუწყვიტა ბინის ქირის გადახდა.

1995წ. აპრილიდან 1999წ. ივლისამდე ა. გ-ანი, მისი ქალიშვილი ე. გ-ანი, შვილიშვილი ნ.ხ-შვილი და ე. გ-ანთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფი თ. ფ-ძე ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ... ¹105-ში ე. ტ-შვილის კუთვნილ ბინაში.

ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ანის სარჩელი ამხანაგობა „ვ.-90-ის“ მიმართ ბინის ქირის გადახდევინების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9040 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა.

1998წ. დეკემბერში ა. გ-ანმა კვლავ შეიტანა სარჩელი ამხანაგობა „ვ.-90-ის“ მიმართ მის სახელზე მშენებარე ოთხოთახიანი ბინის თ. წ-ირზე გასხვისების ნებართვის მიცემისა და 1998წ. 1 აპრილიდან ბინის ქირის _ თვეში 400 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ.

მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა წ-ირზე ბინის გასხვისების ნებართვის მიცემის ნაწილში, ხოლო ბინის ქირის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „ვ.-90-მა“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 25 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმად ა. გ-ანმა უარი განაცხადა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „ვ.-90-ზე“ დაკისრებული 9040 აშშ დოლარის და შემდგომი პერიოდის ბინის ქირის მიღებაზე. ა. გ-ანს ნება დაერთო, რომ მშენებარე ბინა გაესხვისებინა თ.წ-ირზე. ამხანაგობა „ვ.-90-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა.

1997 წელს გარდაიცვალა ე. გ-ანი.

1999წ. აგვისტოში ე. ტ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა. გ-ანის, ნ. ხ-შვილისა და თ. ფ-ძის მიმართ ბინის ქირის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „ვ. 90-ისაგან“ თანხების მიღების შემდეგ ბინის ქირის დავალიანების დაფარვის თაობაზე მიცემული დაპირება.

მოსარჩელემ მოითხოვა 14000 აშშ დოლარის გადახდევინება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ბინაში შესახლდნენ ე. ტ-შვილის _ ვაჟიშვილის ნ. ტ-შვილის თხოვნით, სანაცვლოდ მათ იკისრეს ვალდებულება, რომ მოუვლიდნენ ე. ტ-შვილს და ნ. ტ-შვილის შვილს უფასოდ ჩაუტარებდნენ მუსიკის გაკვეთილებს.

სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე გარდაიცვალა ა. გ-ანი, რის შემდეგ მოპასუხეებად დარჩნენ ნ. ხ-შვილი და თ. ფ-ძე.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 11000 აშშ დოლარი ეკვივალენტის ლარის გადახდა.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს ეთქვა უარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის საოქმო განჩინებით, სსკ-ის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, ნ.ტ-შვილის სარჩელზე თ.ფ-ძის მიმართ ბინის ქირის გადახდის თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1995წ. აპრილის ბოლოს ა. გ-ანი, მისი ქალიშვილი ე. გ-ანი და შვილიშვილი ნ. ხ-შვილი (ამჟამად გ-ანი), აგრეთვე, ე. გ-ანის არარეგისტრირებული მეუღლე თ. ფ-ძე შესახლდნენ ნ. ტ-შვილის დედის _ ე. ტ-შვილის სახელზე რიცხულ ქ.თბილისში, ... ¹105-ში მდებარე ¹5-ში ბინაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს 1964წ. სამოქალაქო კოდექსი, რადგან მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1995 წელს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 270-ე მუხლის მეორე ნაწილით და არ გაიზიარა ნ.ტ-შვილის განმარტება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ჩაკერებული იყო დღეისათვის დაკარგულ საქმეში ¹2/117. ვინაიდან, აღნიშნული სამოქალაქო საქმე შესწავლილ იქნა რაიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1995წ. 5 ივლისის ხელწერილს, რომლის თანახმად ნ.ტურიაშვილმა ნ.ხ-შვილისაგან მიიღო 1500 აშშ დოლარი ... ¹105-ში მდებარე ¹5-ში ბინაში ცხოვრების საფასურად, ხელს არ აწერს არც ნ.ტურიაშვილი და არც ნ.გ-ანი. აღნიშნული ხელწერილით არ დგინდება, რომ ნ.გ-ანსა და ე.ტურიაშვილს შორის არსებობდა გარიგება ბინის ქირავნობის თაობაზე, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელესა და ნ.გ-ანს შორის ქირავნობის ურთიერთობის არსებობას, მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 102-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ნ.ტ-შვილის მოთხოვნა ნ.გ-ანზე ბინის ქირის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნ.გ-ანსა და მოსარჩელეს შორის გარიგება ბინით სარგებლობაზე იყო სასყიდლიანი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ქირის თანხა უნდა დაეკისროს ნ.გ-ანს, როგორც ა. გ-ანის უფლებამონაცვლეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან არ დგინდება, მიიღო თუ არა ნ. გ-ანმა გაყიდული ბინის საფასური, ასევე‚ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ა.გ-ანს დარჩა სამკვიდრო და იგი მიიღო ნ. გ-ნმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.ხ-შვილს ვერ დაეკისრება გარდაცვლილი ა.გ-ანის ვალების გასტუმრება აღნიშნულის არსებობის შემთხვევაშიც კი.

ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.ტ-შვილის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ქირის თანხა დაეკისროს ნ.გ-ანს, როგორც ა.გ-ანის უფლებამონაცვლეს, უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2005წ. 21 აპრილს ნ. ტ-შვილმა წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს შენიშვნები 2005წ. 14 აპრილის სხდომის ოქმზე, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინებით დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. ასევე 2005წ. 21 აპრილს ნ.ტ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც ამავე სასამართლოს 2005წ. 3 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ტ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილია უამრავი მტკიცებულება და ახსნა-განმარტება, რაზედაც სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოუტანია შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ტ-შვილმა და მოთხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ძველი 1964წ. სამოქალაქო კოდექსი, რადგან დავა მხარეებს შორის წარმოიშვა 1999წ. 5 ივლისს.

ნ.ტ-შვილის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაარღვია სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის, 109-ე მუხლის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 112-ე, 134-ე, 135-ე, 140-ე, 266-ე მუხლების მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1995წ. აპრილის ბოლოს ა. გ-ანი, მისი ქალიშვილი ე. გ-ანი, შვილიშვილი ნ. გ-ანი (ხ-შვილი), აგრეთვე, ე. გ-ანის არარეგისტრირებული მეუღლე თ. ფ-ძე შესახლდნენ ნ. ტ-შვილის დედის – ე. ტ-შვილის სახელზე რიცხულ სახლში, მდებარე თბილისში, ... ¹105-ში. ურთიერთობა მხარეთა შორის წარმოიშვა 1995 წელს. 1997 წელს გარდაიცვალა ე. გ-ანი, ხოლო სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე გარდაიცვალა ა. გ-ანი. ნ. გ-ანსა და ე.ტ-შვილს შორის გარიგება ქირავნობის თაობაზე არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ნ. გ-ანს სამკვიდრო არ მიუღია. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს.

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1995 წელს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი, ვერ იქნება გაზიარებული.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქონების ქირავნობის ხელშეკრულება მოქალაქეთა შორის ერთ წელზე მეტი ვადით უნდა დაიდოს წერილობით. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, კანონით დაწესებული გარიგების მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა უსპობს მხარეებს უფლებას, რომ დავის შემთხვევაში გარიგების დასადასტურებლად დაეყრდნონ მოწმეთა ჩვენებებს, მაგრამ არ უსპობს მათ უფლებას წარმოადგინონ წერილობითი მტკიცებულებები.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

განსახილველ საქმეზე რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე.ტ-შვილსა და ნ. გ-ანს შორის ქირავნობის ურთიერთობის არსებობას, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც ჩაკერებული იყო დღეისათვის დაკარგულ საქმეში, ვინაიდან აღნიშნული დაკარგული საქმე შესწავლილი იყო რაიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა ქირავნობის წერილობითი ხელშეკრულება.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომ ქირის თანხა უნდა დაეკისროს ნ. გ-ანს, როგორც ა. გ-ანის უფლებამონაცვლეს, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეული წილის პროპორციულად. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ა. გ-ანს დარჩა სამკვიდრო და იგი მიიღო ნ. გ-ანმა. ამდენად, ნ. გ-ანს ვერ დაეკისრება გარდაცვლილი ა. გ-ანის ვალების გასტუმრება.

არასწორია კასატორის მტკიცება, რომ მას უარი არ უთქვამს სარჩელზე თ. ფ-ძის მიმართ, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ თანხა უნდა დაეკისროს ნ. გ-ანს და არა თ. ფ-ძეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ტ-შვილი სასარჩელო განცხადებით მოპასუხეებისაგან მოითხოვდა თანხის გადახდევინებას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ძეს დაეკისრა 10 800 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-შვილმა, რომელიც საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ ქირავნობის თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ნ.გ-ანს და არა თ.ფ-ძეს. საკასაციო სასამართლოს 2004წ. 30 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქმის ხელახლა განხილვის დროს. ნ. ტ-შვილმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა, რომ ქირის თანხა დაეკისროს ნ. გ-ანს და არა ფ-ძეს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან განსახილველ საქმეზე სარჩელის საგანია ქირის თანხის გადახდევინება, მოსარჩელემ კი უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე თ.ფ-ძისათვის ქირის თანხის დაკისრებაზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება. ამასთან, 2005წ. 14 აპრილის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ნ. ტ-შვილს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია.

რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებს, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაშიც, ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე ნ. ტ-შვილის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 3 ივნისის განჩინებაზე. ნ. ტ-შვილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და არ გამოუტანია შესაბამისი გადაწყვეტილება. ნ. ტ-შვილი განმარტავდა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს თანხის გადახდა ნ. გ-ანისაგან, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალკე ნ. გ-ნზე თანხის დაკისრება დაუშვებელია, მაშინ არსებობს სოლიდარული ვალდებულება.

სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებს, კერძოდ, დამატებითი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოტანილი, თუ ამ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს მხარის ისეთი მოთხოვნის მიმართ, რომელიც, მართალია, იყო განხილვის საგანი, მაგრამ გადაწყვეტილება არ გამოტანილა. განსახილველ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება შეიცავს პასუხს მხარის მოთხოვნაზე (ნ. გ-ანზე თანხის დაკისრება), ნ. ტ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნაზე თ. ფ-ძის მიმართ, საქმის წარმოება შეწყდა ნ.ტ-შვილის მიერ მასზე უარის თქმის გამო. სხვა სასარჩელო მოთხოვნა ნ.ტ-შვილს არ ჰქონია. ამდენად, არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველიც.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ტ-შვილის კერძო საჩივარი და საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება და 3 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.