დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.09.2025
საქმის ნომერი
ბს-499(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-499(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ვ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები (ასკ 16.2) – 1. ნ. გ-ი; 2. ო. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 11 აპრილს ვ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ნაწილი, მესაკუთრის თანხმობისა და ინფორმირების გარეშე, გასხვისდა მესამე პირზე. კერძოდ, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების წარმოშობა (შემდგომ გაცვლა) განხორციელდა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინის არაიდენტიფიცირებად ნაწილზე (1/2), საჯარო რეესტრის ამონაწერში „თანამესაკუთრის“ ჩანაწერის აღნიშვნით.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ მიღებული, მრავალწლიანი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილებები ადგენს კონსტიტუციური უფლების დარღვევის მავნე პრაქტიკას, რამდენადაც სათანადო წესით (აზომვითი ნახაზით) დაზუსტებული საკადასტრო ერთეულის - ბინის (მთლიანი ქონების) „იდეალურ“, ანუ არაიდენტიფიცირებად ნაწილებად რეგისტრაცია შეუძლებელს ხდის „წილობრივი“, ანუ არაიდენტიფიცირებად ნაწილებად გამიჯნული საკუთრების თავისუფლად მართვა-განკარგვას თანამესაკუთრეთა მიერ.

მოსარჩელე თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული აქტები კანონსაწინააღმდეგო და საჯარო რეესტრის მრავალწლიანი პრაქტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს წარმოადგენს, რადგან განხორციელდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის არაიდენტიფიცირებადი ნაწილის განკარგვა სხვა პირზე, მოსარჩელის, როგორც თანამესაკუთრის თანხმობის, სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტისა და აზომვითი ნახაზის გარეშე. გარდა ამისა, მეორე სადავო აქტის (ო. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) უკანონობის განმაპირობებელია ის გარემოება, რომ მისი მეშვეობით განხორციელდა არარელევანტურ ქონებათა ფორმალური ჩანაცვლება მესამე პირებს (მამა-შვილი) შორის თვალთმაქცური გარიგებით, რადგან მეორე ბინაც რეალურად ეკუთვნოდა ნ. გ-ს და არა მის პენსიონერ მამას.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა:

1. ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის გადაწყვეტილების (№2/15191-17; 13.02.2019წ.) საფუძველზე, განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №44-ში არსებული №11 ბინის (ს.კ. ...) ½ ნაწილზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობა;

2. ო. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №44-ში არსებული №11 ბინის (ს.კ. ...) ½ ნაწილზე თანასაკუთრების ცვლილების რეგისტრაცია.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოპასუხისათვის უძრავ ნივთზე (ქალაქი თბილისი, ...ს ქ. №44, პირველი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა №11, ფართობი - 113 კვ.მ, ს.კ. ...), კერძოდ, ო. გ-ის კუთვნილ ½ ნაწილზე, ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით ვ. ჭ-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ო. გ-ი და ნ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით ვ. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-3, მე-8, მე-9, 27-ე მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი, 26-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლები) არც ერთი ნორმა ავალდებულებს სააგენტოს, უძრავი ნივთის იდეალურ წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე განახორციელოს იმავე უძრავი ნივთის აზომვა და ამგვარად მისი ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა. პალატის შეფასებით, აპელანტის (მოსარჩელის) ამგვარი მტკიცება უშუალოდ დავის საგანთან მიმართებით არარელევანტური იყო და შეიძლება მნიშვნელობა შეეძინა მხოლოდ თანამესაკუთრეთა შორის საზიარო უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი) საკითხის გადაწყვეტისას, რაც, ამ საქმის ფარგლებში, გადასაწყვეტი არ იყო.

პალატამ, ასევე, უსაფუძლვოდ მიიჩნია აპელანტის (მოსარჩელის) შეფასებები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილების რევიზიის მცდელობას წარმოადგენდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტოს ევალებოდა მისი უპირობო აღსრულება და ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც კანონიერად განახორციელა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

რაც შეეხებოდა ო. გ-სა და ნ. გ-ს შორის დადებული გარიგების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გაცვლის ხელშეკრულების, როგორც სამოქალაქო გარიგების, ბათილობის საკითხი სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში უნდა გადაწყვეტილიყო. მოსარჩელეს მითითებული სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგად არ მიუღწევია აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობისათვის. შესაბამისად, ასეთ პირობებში, გაცვლის ხელშეკრულება წარმოადგენდა სრულფასოვან სარეგისტრაციო დოკუმენტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის მოსამართლეს არ უნდა განეხილა საქმე, რადგანაც არსებობდა მისი აცილების საფუძველი. კერძოდ, მოსამართლე დ. გ-ი იხილავდა სადავო გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული დოკუმენტის - კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის - გ. მ-ის მიმართ წარდგენილ მის დისციპლინურ საჩივარს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, იგი ვერ აკმაყოფილებდა ნეიტრალურობის სტანდარტს, რადგან მას წინსწრებით შექმნილი განწყობით საქმეზე უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა პოზიცია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომ:

- საჯარო რეესტრისათვის არ მოუთხოვია წერილობითი პოზიცია;

- არ დაინტერესებულა ო. გ-ის საქმეში სათანადო წესით წარმოდგენის თაობაზე;

- არ გადმოუცია მოსამართლე ნ. ჭ-ის 06.08.2023წ. განჩინება;

- სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა სავარაუდო დანაშაულის შესახებ პროცესზე გაჟღერებული არაერთი ინფორმაცია.

კასატორი სადავოდ ხდის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ფაქტს, რაც მოსამართლემ მხოლოდ პროცესზე ჟურნალისტების შემჩნევის შემდგომ გადაწყვიტა.

კასატორის შეფასებით, სასამართლოს არასწორმა განმარტებებმა შექმნა მიწასა და შენობა-ნაგებობაზე იდეალური წილის უფლებაზე რეგისტრაციის განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, ბინაზე მესამე პირის ½ წილის უფლების რეგისტრაცია მოპასუხემ დასაშვებად მიიჩნია, ხოლო მიწაზე ½ წილის უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას, საკადასტრო ნახაზის გარეშე, პრაქტიკა არ ითვალისწინებს.

კასატორის შეფასებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდიდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც მის მიერ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არაერთი ზეპირი თუ წერილობითი პოზიცია იქნა წარდგენილი.

კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში ასახული ძირითადი დარღვევები ემსახურება დამდგარი უკანონო შედეგის ლეგიტიმაციას სხვადასხვა გზებით, დავის ფაქტობრივი გარემოებების უზუსტოდ გადმოცემას.

კასატორის მითითებით, იგი არ მალავდა იმ გარემოებას, რომ მოსამართლე მაისურაძემ მესამე პირს უკანონოდ მიაკუთვნა ყოფილი მეუღლის ქორწინებამდელი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით შეძენილი ბინის ½ ნაწილი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მიუხედავად). კასატორისათვის, ასევე, ნათელია გაცვლის ხელშეკრულების თვალთმაქცურობის მტკიცების სამოქალაქო-სამართლებრივი ბუნება, რასთან დაკავშირებითაც იგი ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ შინაგანი რწმენისათვის.

თუმცა კასატორი თვლის, რომ მოცემულ საქმეს გააჩნია ცალკე, დამოუკიდებელი ობიექტური და სამართლებრივი საფუძვლები ადმინისტრაციული დავის ინიცირებისათვის. კასატორი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ნ. გ-ზე ბინის ½ წილის გადაცემით, ხელოვნურად „დატყვევებულ“ იქნა მისი კუთვნილი წილი ამავე ბინიდან. შესაბამისად, ბოლო 6 წლის განმავლობაში იგი ვერ ახერხებს კუთვნილი ნივთის დამოუკიდებელ მართვა-განკარგვას, სწორედ იმ ობიექტური მიზეზების გამო, რომ სადავო გადაწყვეტილებებით იდენტიფიცირებადი სარეგისტრაციო ობიექტი გარდაიქმნა არაიდენტიფიცირებად, ანუ სამოქალაქო ბრუნვაში გამოუსადეგარ ნივთად.

კასატორის შეფასებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფართობის იყო 2-სართულიანი მანსარდის ბინა თავდაპირველად, რამდენჯერ შეიცვალა, ბინის საკადასტრო ფართობი გაიზარდა თუ შემცირდა. ასევე, არ წარმოდგენილა აღნიშნული გარემოების ცვლილების დოკუმენტური საფუძვლები.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ნებისმიერი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურებს, რომ დავის საგანი, ანუ ...ს ქ. №44-ში მდებარე მანსარდის ბინა №11, დღემდე წარმოადგენს „მშენებარე“ სტატუსის მქონე ქონებას, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო „ფართის დაუზუსტებლობის“ გამო მასზე ½ წილის რეგისტრაციის პროცესში. კასატორის მოსაზრებით, იდენტიფიცირების პრობლემა გააჩნია არა მხოლოდ წილს, არამედ თავად ბინას მშენებარე სტატუსის გათვალისწინებით. შესაბამისად, სადავო აქტებით განხორციელდა დაუზუსტებელ მონაცემზე დაუზუსტებელი ფართის - იდეალური წილის რეგისტრაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და ო. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს კასატორის მოსაზრებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს არ ჰქონდა საქმის განხილვის უფლებამოსილება, რამდენადაც იგი მონაწილეობდა სადავო გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული დოკუმენტის - კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის - გ. მ-ის მიმართ წარდგენილი დისციპლინური საჩივრის განხილვაში. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა ნეიტრალურობის სტანდარტს, რადგან მას წინსწრებით საქმეზე უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა პოზიცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII1 თავით განსაზღვრულია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობასა და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მითითებული კანონის 751 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა (სახდელი) დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დადგინდება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ობიექტურად შეეძლო დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად სათანადო ქმედების განხორციელება, მაგრამ არ განუხორციელებია ის.

ამავე მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს, თუ რა ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად, მათ შორის, (1) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, (2) ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, (3) ქმედება, რომელიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, (4) ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, (5) ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, (6) ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, (7) მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი სასამართლოში ან მის გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა, უპირველესად, განმარტავს, რომ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში მოწმდება მოსამართლის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც არ გულისხმობს მოსამართლის მხრიდან მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული კანონის ინტერპრეტაციის ან/და გამოყენების მართებულობის შემოწმებას, ანუ საქმის შინაარსობრივი ასპექტების შესწავლას იმ მიზნით, რომ განხორციელდეს მოსამართლის, როგორც ნორმაშემფარდებლის, მიერ საკუთარ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების რევიზირება. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განმხილველი მოსამართლე - დ. გ-ი მოსამართლე გ. მ-ის მიმართ მიმდინარე დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში ვერ შეიქმნიდა წინასწარგანწყობას ვერც გ. მ-ის მიერ განხილული სამოქალაქო საქმის და მით უფრო, ვერც მოცემული ადმინისტრაციული საქმის დეტალებსა თუ შედეგზე.

ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლე გ. მ-ის მონაწილეობით სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვას, დაექვემდებარა ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას და მისი კანონიერების სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში გადამოწმებას. სწორედ უფლების დაცვის ეროვნულ სამართლებრივ საშუალებათა სრულად ამოწურვის შემდგომ შევიდა იგი კანონიერ ძალაში და იქცა აღსასრულებელ გადაწყვეტილებად.

აღნიშნული გარემოება დამატებით ცხადყოფს, რომ მოსამართლე გ. მ-ის შემადგენლობით სასამართლოს მიერ განხილული სამოქალაქო საქმის გარემოებათა მიმართ დ. გ-ს სუბიექტური დამოკიდებულება ვერ შეექმნებოდა მარტოოდენ ამ მოსამართლის მიმართ მიმდინარე დისციპლინურ სამართალწარმოებაში მონაწილეობით, რამდენადაც სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა დადასტურდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით.

საკასაციო სასამართლო, ასევე, განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე სადავოდ არის გამხდარი მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ, რომელსაც, მართალია, საფუძვლად დაედო სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერება. შესაბამისად, ადმინისტრაციული დავა წარმოშობილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით, რაც არ გულისხმობს მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში ერთხელ უკვე განხილული და გადაწყვეტილი სადავო საკითხის ხელახალ შესწავლას.

ამასთან, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი თავადვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი არ ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზიას და მიუთითებს, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეს გააჩნია ინიცირების ცალკე, დამოუკიდებელი ობიექტური და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, ურთიერთსაწინააღმდეგოა, ერთი მხრივ, კასატორის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ დავას გააჩნია ინიცირების სამოქალაქო დავისაგან დამოუკიდებელი წინაპირობები, ხოლო, მეორე მხრივ, მითითება იმ გარემოებაზე, რომ, არა თუ აღნიშნულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში, არამედ ამ სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ მიმდინარე დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში მონაწილეობით დ. გ-ს განსახილველ ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით გარკვეული წინასწარგანწყობა ჰქონდა შექმნილი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ნათლად და გარკვევით იკითხება, რომ კასატორი კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე მიუთითებს მხოლოდ სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის. მისივე მტკიცებით, მას სრულად აქვს გააზრებული სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების ამ დავის ფარგლებში ცვლილების შეუძლებლობა. თუმცა იგი ცდილობს მიუთითოს იმ დამატებით გარემოებებზე, რომელიც უშუალოდ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისა და მის საფუძველზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში. შესაბამისად, აღნიშნულით კასატორმა თავადვე დაადასტურა, რომ მოცემული საქმის მიზნებისათვის სასამართლოს უწევს იკვლიოს და შეაფასოს მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებათა კანონიერება და არა უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. სამოქალაქო საქმისაგან განცალკევებით დავის წარმოშობის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა კი კიდევ ერთხელ გამორიცხავს მოსამართლე დ. გ-ის მიერ სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლის - გ. მ-ის მიმართ მიმდინარე დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში მონაწილეობის შედეგად განსახილველ საქმესთან მიმართებით რაიმე წინასწარგანწყობის შექმნის ან/და რაიმე პოზიციის წინასწარ ჩამოყალიბების ობიექტურ შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ამავე კოდექსის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა ვერ შეძლო დაედასტურებინა მოსამართლე დ. გ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვის დაუშვებლობა. უფრო კონკრეტულად, ერთი მხრივ, მან ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რომელიც დაამსხვრევდა მოსამართლის სუბიექტური მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრეზუმფციას და ცხადყოფდა მოსამართლის საქმის კონკრეტული შედეგით დასრულებისადმი დაინტერესებას (სუბიექტური ტესტი). მეორე მხრივ, ვ. ჭ-ის მიერ მითითებული გარემოებების ერთობლიობა ვერ უზრუნველყოფს ობიექტური დამკვირვებლის თვალში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ობიექტური ეჭვების წარმოშობას (ობიექტური ტესტი).

შესაბამისად, საკასაციო პალატის თვლის, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ) გათვალისწინებული სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლის არსებობა.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის შეფასებაზე, რომლის თანახმად, სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მართალია, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიღმა კასატორი მთელი სამართალწარმოების მანძილზე უთითებდა არაერთ სხვა ფაქტზეც, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ხსენებულ გარემოებებს არ აქვთ რაიმე შემხებლობა განსახილველი საქმისადმი. ამავდროულად, მთელ რიგ შემთხვევებში, კასატორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მის მიერ დასახელებული ამა თუ იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე, პრაქტიკულად, სადავოდ არ ხდიდა საქმისათვის რეალურად მნიშვნელობის მქონე, ანუ საქმესთან შემხებლობაში მყოფ ფაქტებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროების შესახებ და მის საწინააღმდეგოდ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავე ნორმის მიხედვით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერგზის განუმარტავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული „საქვეყნოდ განხილვის“ უფლება გულისხმობს საქმის „ზეპირი მოსმენით“ განხილვის უფლებას. თუმცა კონვენციით განმტკიცებული ზეპირი მოსმენის გამართვის ვალდებულება არ არის აბსოლუტური. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა შესაძლებელია იყოს თავსებადი კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებთან მაშინ, როდესაც განსახილველი საკითხი არ წარმოშობს კითხვებს ფაქტებთან ან კანონთან დაკავშირებით, რაც ვერ იქნება ადეკვატურად გადაწყვეტილი საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა წერილობითი პოზიციების საფუძველზე (იხ. ფრედინი შვედეთის წინააღმდეგ (Fredin v. Sweden) (no. 2), 23.02.1994წ. გადაწყვეტილება, სერია A no. 283-A, გვ. 10-11, §§ 21-22; ფიშერი ავსტრიის წინააღმდეგ (Fischer v. Austria), 26.04.1995წ. გადაწყვეტილება, სერია A no. 312, გვ. 20-21, § 44).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ასევე, არაერთ საქმეში განუმარტავს, რომ ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლება, ჩვეულებისამებრ, არსებობს მხოლოდ პირველი და ერთადერთი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების ფარგლებში. (იხ. ჰაკანსონი და სტურესონი შვედეთის წინააღმდეგ (Håkansson and Sturesson v. Sweden), 21.02.1990წ., სერია A no. 171‑A, გვ. 20, § 64). თუმცა მეორე და მესამე ინსტანციებში ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა შესაძლებელია გამართლდეს სამართალწარმოების სპეციალური მახასიათებლებით, იმ პირობით, რომ პირველ ინსტანციაში გამართულ იქნა ზეპირი მოსმენა (იხ. მაგალითად, ჰელმერსი შვედეთის წინააღმდეგ (Helmers v. Sweden), 29.10.1991წ. გადაწყვეტილება, სერია A no. 212-A, გვ. 16, § 36).

საქმეზე დორი შვედეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი არ არსებობს საგამონაკლისო გარემოებები, რომლებიც ამართლებს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვას, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული საქმის საქვეყნოდ განხილვის უფლება გულისხმობს უფლებას ზეპირ მოსმენაზე, სულ მცირე, ერთი ინსტანციის სასამართლოში (Döry v. Sweden, no. 28394/95, § 39, 12.11.2002წ. გადაწყვეტილება).

ამდენად, კასატორის მოსაზრებათა საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, ასევე, მოსარჩელეს, პრაქტიკულად, სადავოდ არ გაუხდია საქმისათვის რეალურად მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სააპელაციო სასამართლოში დამატებით არ წარუდგენია საქმესთან არსებით კავშირში მყოფი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველი ნაწილით და საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში, თავდაპირველად, საქმე იხილებოდა ზეპირი მოსმენით, თუმცა მოგვიანებით, მისი განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც სავსებით ლოგიკურად უნდა იქნეს მიჩნეული იმის გათვალისწინებით, რომ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ და დავისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მოსარჩელეს არ გააჩნდა ხელშესახები პრეტენზია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი ცდილობს სააპელაციო პალატის მიერ სხვადასხვა პროცესუალური ხარვეზის დაშვების მტკიცებასაც, კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ საჯარო რეესტრს არ მოსთხოვა წერილობითი პოზიციის წარმოდგენა, ასევე, არ გამოიკვლია ო. გ-ის საქმეში სათანადო წესით წარმოდგენის საკითხი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კასატორის მიერ დასახელებულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს მიეცემა პროცესუალური დარღვევის კვალიფიკაცია და დადასტურდება მათი არსებობა, გაურკვეველია, რა სამართლებრივ გავლენას ახდენს ასეთი პროცესუალური ხარვეზები უშუალოდ ვ. ჭ-ის სამართლებრივ მდგომარეობაზე. კასატორი მიუთითებს ისეთი პროცესუალური ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელებაზე, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც კი, დარღვევებიდან მომდინარე უარყოფითი პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგები სწორედ მოპასუხესა და მესამე პირზე უნდა ასახულიყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინების უკანონობის ამგვარ დარღვევებზე მითითებით მტკიცებას არ აქვს ობიექტური, გონივრული ახსნა, რამდენადაც, ასეთი დარღვევების დადასტურებაც კი ვერ უზრუნველყოფს საქმის შედეგის ცვლილებას და ვერ გამოიწვევს მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.

რაც შეეხება უშუალოდ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებულობას, საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, 2017 წლის 21 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებით მ. ჭ-ემ აჩუქა და ვ. ჭ-ემ მიიღო მჩუქებლის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №44-ში, სადარბაზო №1-ში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №11 (მშენებარე) (ფართი 113.00 კვ.მ, ს.კ. ...).

2017 წლის 21 აპრილს ვ. ჭ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, მ. ჭ-ის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. ასევე, მომზადდა 2017 წლის 27 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №44-ში, სადარბაზო №1-ში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №11 (მშენებარე) (ფართი 113.00 კვ.მ, ს.კ. №...) რეგისტრირებულია ვ. ჭ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ჩუქების 2017 წლის 21 აპრილის ხელშეკრულება.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/15191-17), ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მ. ჭ-ესა და ვ. ჭ-ეს შორის 2017 წლის 27 აპრილს დადებული ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ... №44, ს.კ. ... – ½ ნაწილში. ნ. გ-ი ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ... №44, ს.კ. ... – ½ ნაწილის მესაკუთრედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით (საქმე №2/15191-17), გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და (პუნქტი 1.1.) ჩუქების ხელშეკრულების თარიღად, ნაცვლად 2017 წლის 27 აპრილისა, მიეთითა 2017 წლის 21 აპრილი.

2023 წლის 4 იანვარს ნ. გ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №44-ში, სადარბაზო №1-ში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №11-ზე (მშენებარე) (ს.კ. №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ნ. გ-ის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. ასევე, მომზადდა 2023 წლის 10 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №44-ში, სადარბაზო №1-ში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №11-ის (მშენებარე) (ს.კ. №...) 1/2 ნაწილი რეგისტრირებულია ნ. გ-ის საკუთრებად. ამავე ამონაწერით, 1/2 ნაწილი რეგისტრირებულია ვ. ჭ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2/15191-17), უძრავი ნივთის ჩუქების 2017 წლის 21 აპრილის ხელშეკრულება.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2023 წლის 21 თებერვლის გაცვლის ხელშეკრულებით ნ. გ-მა და ო. გ-მა გაცვალეს მხარეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ობიექტი №1, მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა №44, სადარბაზო №1, სართული №7, ბინა №11, საკადასტრო კოდი №..., სრული ფართი 113.00 კვ.მ., ½ წილის მესაკუთრე - ნ. გ-ი და ობიექტი №2, მდებარე - ქალაქი თბილისი, ..., მესამე კვარტალი, კორპუსი №12, სადარბაზო №3, სართული №6, ბინა №65, საკადასტრო კოდი №..., 35.10 კვ.მ (უძრავი ნივთი დატვირთულია იპოთეკით), მესაკუთრე ო. გ-ი.

გაცვლის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ნივთი - ობიექტი №1, მისამართი - ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა №44, სადარბაზო №1, სართული №7, ბინა №11, საკადასტრო კოდი №..., სრული ფართი 113.00 კვ.მ, ½ წილის მესაკუთრე ნ. გ-ი, რეგისტრირდება ო. გ-ის საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ნივთი - ობიექტი №2, ქალაქი თბილისი, ..., მესამე კვარტალი, კორპუსი №12, სადარბაზო №3, სართული №6, ბინა №65, საკადასტრო კოდი №..., 35.10 კვ.მ. (უძრავი ნივთი დატვირთულია იპოთეკით), მესაკუთრე - ო. გ-ი, რეგისტრირდება ნ. გ-ის საკუთრების უფლებით.

2023 წლის 21 თებერვალს ო. გ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №44-ში, სადარბაზო №1-ში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №11-ზე (მშენებარე) (ფართი 113.00 კვ.მ, ს.კ. №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 თებერვლის №...- 03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ო. გ-ის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. ასევე, მომზადდა 2023 წლის 23 თებერვლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №44-ში, სადარბაზო №1-ში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №11-ის (მშენებარე) (ფართი 113.00 კვ.მ, ს.კ. №...) 1/2 ნაწილი რეგისტრირებულია ო. გ-ის საკუთრებად. ამავე ამონაწერით, 1/2 ნაწილი რეგისტრირებულია ვ. ჭ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2017 წლის 21 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2/15191-17); 2023 წლის 21 თებერვლის გაცვლის ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის, სისტემური და სპორადული რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო წარმოებისას სანოტარო მედიაციის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

მითითებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კანონმდებლობა სააგენტოს არ ავალდებულებდა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სადავო უძრავ ნივთზე მესამე პირის - ნ. გ-ის იდეალური წილის რეგისტრაციამდე დაედგინა უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა და განესაზღვრა თითოეული თანამესაკუთრის კუთვნილი რეალური წილი საზიარო ქონებაში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე იდეალური წილის რეგისტრაციის პროცესში, მარეგისტრირებელ ორგანოს არ ევალება აღნიშნული უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა და ამ მიზნით, იდეალური წილის მქონე თითოეული თანამესაკუთრის კუთვნილი რეალური წილის, ასევე, ამ წილების შესატყვისი ინდივიდუალური ფართის იდენტიფიცირება. აღნიშნული გამომდინარეობს სწორედ იდეალური წილის არსიდან, რამდენადაც თანაზიარ ქონებაზე იდეალური წილის ქონა იმთავითვე გულისხმობს უძრავი ქონების არაიდენტიფიცირებად ნაწილზე თანასაკუთრების გავრცელებას. სხვა შემთხვევაში, ანუ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთ კონკრეტულად განსაზღვრულ, სხვა ნაწილებისაგან გამოყოფილ ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, განაპირობებდა აღნიშნულ ნაწილზე თანამესაკუთრის არა იდეალური, არამედ რეალური წილის წარმოშობას.

შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც კანონმდებლობა საჯარო რეესტრს არ უდგენდა დაინტერესებული პირისათვის უძრავი ქონების რეალური მდგომარეობის ამსახველი აზომვითი ნახაზის მოთხოვნისა და ფართის იდენტიფიცირების ვალდებულებას, აღნიშნული მოთხოვნის თვითნებურად დაწესება შექმნიდა ხელოვნურ, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუთავსებელ ბარიერს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა და მის საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე დაინტერესებული პირის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. აღნიშნული მოთხოვნის საჯარო რეესტრის მხრიდან დაწესება, მით უფრო, პრობლემური იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2/15191-17) მესამე პირი - ნ. გ-ი ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის, როგორც იდეალური წილის, მესაკუთრედ. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობდა სწორედ იდეალურ წილზე მისი საკუთრების უფლების აღრიცხვას, რაც არ ქმნიდა დამატებით მისი კუთვნილი ფართის იდენტიფიცირების საჭიროებას და ამ მხრივ, საჯარო რეესტრის მხრიდან განმცხადებლისათვის ფართის მაიდენტიფიცირებელი ნახაზის წარდგენის დავალების საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის გათვალისწინებით, ვალდებული იყო აღესრულებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე დაერეგისტრირებინა ნ. გ-ის საკუთრების უფლება.

ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენამ შესაძლოა მნიშვნელობა შეიძინოს მხოლოდ თანამესაკუთრეთა შორის საზიარო უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი) საკითხის გადაწყვეტისას, რაც, ამ საქმის ფარგლებში, გადასაწყვეტი არ არის.

რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი მესამე პირებს შორის 2023 წლის 21 თებერვალს დადებული გაცვლის ხელშეკრულების თვალთმაქცურობაზე მხოლოდ გარიგებასთან მიმართებით სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით მიუთითებდა, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაცვლის ხელშეკრულების, როგორც სამოქალაქო გარიგების, თვალთმაქცურობა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შეიძლება იქნეს დადგენილი. გაცვლის ხელშეკრულება, როგორც სადავო უძრავი ქონების ½ წილზე ო. გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, წარმოადგენს იმ უფლებადამდგენ დოკუმენტს, რომელიც საფუძვლად უდევს სადავო რეგისტრაციას. გაცვლის ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, ნამდვილია მანამ, სანამ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ დადასტურდება მისი უკანონობა (ამ შემთხვევაში, თვალთმაქცურობა). ადმინისტრაციულ დავაზე სამოქალაქო გარიგების ნამდვილობის მხოლოდ შინაგანი რწმენით შეფასება, უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლის შინაგან რწმენაზე დაფუძნებით მისი თვალთმაქცურად აღიარება განაპირობებს სამოქალაქო გარიგების ირიბად ბათილად გამოცხადებას, რაც, ცხადია, გამოიწვევს განსჯადობის წესების დარღვევას, კერძოდ, ადმინისტრაციული დავების განმხილველი სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განმხილველი სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაცვლის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების უარყოფა, მისი თვალთმაქცურობის გამო, დაუშვებელია გარიგების ნამდვილობის შეფასების გარეშე, რისი დადგენაც მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, გარიგება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, რომლის მხოლოდ მოსამართლის შინაგან რწმენაზე დაფუძნებით უგულებელყოფა დაუშვებელია. საქმე იმაშია, რომ შინაგანი რწმენით ფასდება მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა და არა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლენილი ნების ნამდვილობა. იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების უარყოფა თვალთმაქცურობის გამო, აუცილებელია მისი უკანონობის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადასტურება.

ზემოაღნიშნული შეფასებები განსაკუთრებით ნიშანდობლივია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების კანონიერების დადგენა გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე ო. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც განსჯადობის წესების გათვალისწინებით, სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების თვალთმაქცურობის დადგენა ექსკლუზიურად სამოქალაქო წესით განმხილველ სასამართლოს შეეძლო, საჯარო რეესტრს არ ჰქონდა ხელშეკრულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანისა და მისი თვალთმაქცურობის მოტივით ო. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მოხმობილ კიდევ ერთ არგუმენტზე, რომ თითქოს მარეგისტრირებელი ორგანო არ იყო უფლებამოსილი, მისი, როგორც თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე, ნ. გ-სა და ო. გ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, დაერეგისტრირებინა ო. გ-ის საკუთრების უფლება სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტს და მის საწინააღმდეგოდ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 959-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად.

ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლითაც განიმარტა, რომ „საზიარო საგნის მთლიანად განკარგვისათვის საჭიროა ყველა მოწილის თანხმობა, ხოლო წილის განკარგვისას სხვა მოწილეთა თანხმობა საჭირო არაა. საზიარო საგნის მთლიანად განკარგვისას, ყველა მოწილის თანხმობის დაწესება მიზნად ისახავს საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, ვინაიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე მოწილის მიერ საზიარო საგნის მთლიანად განკარგვა იწვევს იმ მოწილეთა წილების განკარგვასაც, რომელთაც ამის თანხმობა არ მიუციათ“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.05.2025წ. ას-1389-2024 განჩინება; ასევე, 27.11.2015წ. №ას-148-138-2015 განჩინება).

შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. გ-ს სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული მისი კუთვნილი იდეალური წილის განკარგვისათვის არ ესაჭიროებოდა ამ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ რეგისტრირებული ვ. ჭ-ის თანხმობის მოპოვება. თავის მხრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონმდებლობა არ ავალდებულებდა, ო. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირისათვის მოეთხოვა სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული მეორე თანამესაკუთრის თანხმობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე 18.03.2025წ. №26409461153 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება;

3. მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე 18.03.2025წ. №26409461153 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა