დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.07.2015
საქმის ნომერი
28აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №28აგ-15 29 ივლისი, 2015 წელი

ფ-ი ი., 28აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ჩ-სა და შ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით ი. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 11 თებერვლიდან; მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

ამავე განაჩენით კ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ი. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კ. წ-ს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ივნისის განაჩენი შეიცვალა: დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და კ. წ-ს შორის, რომლის თანახმად, კ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

2015 წლის 25 თებერვალს მსჯავრდებულმა ი. ფ-მა და მისმა ადვოკატმა კ. ჩ-მ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრისა და 7 დეკემბრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ-სა და ადვოკატ კ. ჩ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

კასატორები – მსჯავრდებული ი. ფ-ი და ადვოკატები – კ. ჩ-ა და შ. ხ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2010 წლის 12 აგვისტოს შემუშავებული სიტუაციური სახელმძღვანელო, 2010 წლის 12 აგვისტოს შემუშავებული №-- ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №-- ბრძანება წარმოადგენს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ახალ მტკიცებულებებს, მაგრამ მიუთითა, რომ ამ მტკიცებულებებით არ დადგენილა რაიმე ისეთი ახალი გარემოება, რომელიც თავისთავად ან სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად დაადასტურებდა ი. ფ-ს უდანაშაულობას; სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში განეხილა.

კასატორთა აზრით, შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება; ამავე კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლება, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვოს განაჩენის გადასინჯვა; ასევე დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-19, 59-ე და 313-ე მუხლები; არასწორად განიმარტა 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №-- ბრძანება; ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 თებერვლის №-- ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 12 აგვისტოს №-- სიტუაციური სახელმძღვანელო; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 14 ნოემბრის წერილი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №-- ბრძანება შპს „--ის“ საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ – ეს ახალი მტკიცებულებები პირდაპირ კავშირშია 2009 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან, ასევე – ი. ფ-სა და მოწმეების ჩვენებებით სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებებთან და მათთან ერთობლიობაში ამტკიცებენ მსჯავრდებულ ი. ფ-ს უდანაშაულობას.

ი. ფ-ს, რომელიც მოქმედებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.03.2008 წლის №-- ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან თითქოსდა დაარღვია შემოსავლების სამსახურში დადგენილი პრაქტიკა; კასატორების აზრით, შემოსავლების სამსახურს სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოცემამდე ერთიანი და სავალდებულო პრაქტიკული მიდგომა, ასევე – შესაბამისი პრაქტიკული სახელმძღვანელო არ გააჩნდა, ხოლო ასეთ შემთხვევაში ადამიანის დადანაშაულება პრაქტიკის დარღვევაში ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და უკანონოა; სიტუაციური სახელმძღვანელო №---ის გამოქვეყნებით დადასტურდა, რომ სახელმწიფოსა და ი. ფ-ს პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, მას ე.წ. „დადგენილი პრაქტიკა“ არ დაურღვევია და მის მოქმედებას სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანი არ მიუყენებია.

სიტუაციური სახელმძღვანელო გამოიცა იმ პერიოდში, როდესაც ი. ფ-ს სისხლის სამართლის საქმე განსახილველად იყო სააპელაციო სასამართლოში; ამ სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებული პრაქტიკული მიდგომები სრულად ეწინააღმდეგება სასამართლოს დასკვნებს, ამიტომ ეს სახელმძღვანელო, ზემოჩამოთვლილ მასალებთან ერთად, წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან საქმეში არსებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ობიექტურ მხარეს – საჯარო მოხელის მიერ თავისი ქმედებით (გადაწყვეტილებით) სახელმწიფო ინტერესისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.

კასატორთა განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მოთხოვნით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც არ გამოკვლეულა კანონით დადგენილი წესით და გადაწყვეტილება გამოსცეს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

2010 წლის თემატური საგადასახადო შემოწმების აქტის საპირისპიროდ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებებთან ერთობლიობაში ამტკიცებენ ი. ფ-ს მოქმედების მართლზომიერებას; სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ბუნდოვანი განმარტებებით ი. ფ-ს ფაქტობრივად წაართვა გასაჩივრების უფლება, რითიც დაირღვა ევროკონვენციის მე-6 და მე-13 მუხლები, მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 და მე-3 მუხლები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი; სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა არ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენი; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრების უფლება არ არის ვალდებულება და სასამართლოს მიერ დაცვასთან პოლემიკის გამართვა მოწმობს მის მიკერძოებულობას შუამდგომლობის განხილვის დროს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე გ. ჩ-ს აცილების თაობაზე, რომლის 2010 წლის 17 სექტემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას; ფაქტობრივად, მოსამართლე გ. ჩ-მ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, ფაქტები და მტკიცებულებები შეაფასა თავის მიერ გამოტანილი განაჩენის საწინააღმდეგოდ შეტანილ საკასაციო საჩივართან ერთობლიობაში, მან შეაფასა მისსავე საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივარი; სასამართლომ არც კი განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აცილების თაობაზე, რასაც ადასტურებს მოსამართლე გ. ჩ-ს თანაშემწე მ. მ-ს 2015 წლის 6 მარტის წერილი, რითიც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

კასატორთა აზრით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევაა ისიც, რომ სასამართლომ არ შეასრულა სსსკ-ის 313-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლის შესახებ; საქმის მოცულობიდან გამომდინარე, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებების შესწავლა, სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად, ფაქტობრივად მხოლოდ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში შეუძლებელი იყო; მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუცია მისთვის შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაცემები 2015 წლის 2 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების – გ. ჩ-ს, მ. ხ-სა და მ. ლ-ს სასამართლოს შენობაში შემოსვლისა და გასვლის ზუსტი დროის შესახებ; რა პრინციპით ხორციელდება შემოსული საქმეების განაწილება მოსამართლეებს შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში; რომელი ნორმატიული თუ საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული საქმეების განაწილებას (შესაბამისი აქტის დამოწმებული ასლის წარმოდგენით); საჯარო ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული საქმეების სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებს შორის განაწილების შესახებ ბოლო 6 თვის განმავლობაში – 2015 წლის 2 მარტამდე არსებულ პერიოდში.

აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვნით უნდა დადასტურდეს, რომ საქმეები მოსამართლეებს შორის არ ნაწილდება შემთხვევითი პრინციპის გამოყენებით; ერთ შემადგენლობაში მოსამართლეები – გ. ჩ-ა და მ. ხ-ი სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ი. ფ-ს სისხლის სამართლის საქმის განხილვაში; ეს ინფორმაცია ასევე დაადასტურებდა, რომ მოსამართლეებს ერთ სამუშაო დღეზე მეტი არ ჰქონდათ შუამდგომლობის შესასწავლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ი. ფ-ი და ადვოკატები – კ. ჩ-ა და შ. ხ-ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას და საქმის არსებითად განხილვას, ასევე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

პალატა მიუთითებს, რომ საჩივრის მოტივებიდან გამომდინარე, კასატორები ფაქტობრივად ითხოვენ საქმის ხელახლა არსებითად განხილვას, რისი კანონით გათვალისწინებული საფუძველიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს და არ არის შემხებლობაში ი. ფ-ს მსჯავრდების საკითხთან.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლე გ. ჩ-ა არ იყო უფლებამოსილი განეხილა მისი შუამდგომლობა და მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ი. ფ-სა და ადვოკატ კ. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ჩ-სა და შ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ი. ფ-სა და ადვოკატ კ. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე