დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.06.2015
საქმის ნომერი
2კ-265აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №265აპ-15 ქ. თბილისი

მ-ე კ 265აპ-15 29 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ზ. ჭ-ს

მსჯავრდებულ - კ. მ-ს

ადვოკატ - კ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:

გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2012 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. გ. ჯ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 5 ნოემბრიდან 2012 წლის 6 ნოემბრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 24 იანვრიდან.

3. კ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. კ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 24 იანვრიდან 2013 წლის 8 თებერვლამდე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

5. კ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს - დ. მ-ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5000 ლარის ოდენობით.

6. განაჩენით მსჯავრდებულების - კ. მ-ა და გ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 24 იანვარს, ღამის საათებში, ქ-ი ც-ს ქუჩის №-ის მიმდებარედ განთავსებულ, ვ. შ-ს კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან გ. ჯ-ე და კ. მ-ე ცდილობდნენ ფულადი თანხის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას.

7. 2012 წლის 5 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ-ი, ფ-ს ქუჩის №-ში განთავსებული შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე, სს „ნ-ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან გ. ჯ-ე, კ. ჯ-ე და ნ. კ-ე ფარულად დაეუფლნენ 955,50 ლარს.

8. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება კ. მ-ს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის შესახებ.

9. კ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10. კ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 24 იანვრიდან 2013 წლის 8 თებერვლამდე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

11. კ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს - დ. მ-ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5000 ლარის ოდენობით.

12. გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2012 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 5 ნოემბრიდან.

13. გ. ჯ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 5 ნოემბრიდან 2012 წლის 6 ნოემბრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 24 იანვრიდან.

14. ნივთმტკიცება - რკინის ძალაყინი, რომელიც ინახება შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

15. ნივთმტკიცება - ხურდისა და ქაღალდის ფულის მოსათავსებელი 4 კასეტა, აგრეთვე ფულადი თანხა - 955,50 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

16. მსჯავრდებული კ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას სასჯელის დანიშვნის ნაწილში.

17. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ კ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული კ. მ-ე.

18. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ზ. ჭ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტებსა და მოტივაციას იმის თაობაზე, რომ, მართალია, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ არასრულწლოვან ბრალდებულს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა თვრამეტი წელი, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიმართ გამოიყენოს პირობითი მსჯავრი, მაგრამ აღნიშნული მუხლის მოთხოვნა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და აქტებით დადგენილ სტანდარტებთან, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, სავალდებულოა გათვალისწინებულ იქნეს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ საქმის განხილვისას.

3. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, კ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 24 იანვარს, ღამის საათებში, ქ-ი, ც-ს ქუჩის №-ის მიმდებარედ განთავსებულ ვ. შ-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან სრულწლოვანი გ. ჯ-ე და არასრულწლოვანი კ. მ-ე ცდილობდნენ ფულადი თანხის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას.

4. მსჯავრდებული კ, მ-ე 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ, ის უარყოფდა ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას. საქმის სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულში.

5. კ, მ-ს ბრალდების საქმე გამოძიებიდან სასამართლოში შევიდა 2013 წლის 6 მარტს. კ, მ-ე ამ დროს იყო 17 წლისა და 9 თვის. წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2013 წლის 11 მარტს, საქმის არსებითი განხილვის სხდომა დაიწყო 2013 წლის 22 მარტს, იგი 2013 წლის 2 ივნისს გახდა სრულწლოვანი, ესე იგი საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან 3 თვის შემდეგ, ჩატარდა სულ 11 სხდომა, ხოლო განაჩენი გამოვიდა 2013 წლის 9 სექტემბერს. 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მას სასჯელად დაუნიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. სასამართლომ სრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ, რომელმაც არასრულწლოვანების დროს ჩაიდინა დანაშაული, ისე გამოიყენა პირობითი მსჯავრი, რომ არ იმსჯელა სსკ-ის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვის შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.

6. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძველზე ისე გააუქმა აღნიშნული მუხლის მოთხოვნის საფუძველზე კ, მ-ს მიმართ რეალურად დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და საბოლოო სასჯელად დაუნიშნა რეალური სასჯელი - 3 წელი, რომ საერთოდ არ იმსჯელა, თუ რამდენად იყო დაცული სსკ-ის 316-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ: 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, არასრულწლოვან კ, მ-ს პროცესს მოექცნენ თუ არა განსაკუთრებული ყურადღებით როგორც ბრალდების მხარე, ასევე სასამართლო; მხედველობაში იქნა თუ არა მიღებული მისი ასაკი და რესოციალიზაციის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, ასევე მისი ხელახალი აღზრდისათვის ხელის შეწყობის აუცილებლობლობა, რათა განაჩენით სწორად ყოფილიყო დაცული მისი ჭეშმარიტი ინტერესი და არ მომხდარიყო პიროვნებისა და მისი ჩადენილი დანაშაულის შეუსაბამო, არაადეკვატური შედეგის დადგომა, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგა კ, მ-ს მიმართ რეალური სასჯელის სახით. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა კ, მ-ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი არა იმ საფუძვლით, რომ მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ იყო მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, არამედ - სსკ-ის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, რომ თუ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი და მან პირველად ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით, თუ მას ჩადენილი არა აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 316-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, დაიცვას არასრულწლოვნის უფლებათა საერთაშორისო გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის დაცვის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, რითაც ირღვევა არასრულწლოვნის უფლებები და მისი რესოციალიზაციისათვის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, სწორედ საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმებისათვის უპირატესი ძალის მინიჭებით, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით უნდა გადავწყვიტოთ არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი, რისი სამართლებრივი საფუძველიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ: საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ, მ-ს გააჩნია სამართლიანი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილი ბრალდების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში არ იქნა მიღებული. სისხლის სამართლის საქმის მოკლე ვადაში განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის საკითხი მით უფრო თვალსაჩინოა, როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია და სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი არასრულწლოვნის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივ რეგულაციას ზღუდავს განაჩენის გამოტანის მომენტში მისი სრულწლოვანი ასაკის დადგომით.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–8 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომ ბრალდებულს აქვს სამართლიანი პროცესისა და სწრაფი მართლმსაჯულების უფლება, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ პრინციპებთან. სისხლის სამართლის საქმის დაჩქარებული განხილვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარეობს, რომელიც ასახულია საერთაშორისო აქტებში. კერძოდ: ადამიანის უფლებათა კომიტეტი აცხადებს, რომ ნებისმიერი გაუმართლებელი გაჭიანურება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მიხედვით, სასამართლო განხილვა უნდა ჩატარდეს ,,გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე“. ადამიანის უფლებათა კომიტეტი აცხადებს, რომ ნებისმიერი გაუმართლებელი გაჭიანურება ეწინააღმდეგება უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე. ეს ეხება როგორც პირველი ინსტანციის, ისე გასაჩივრების სამართალწარმოებას (ადამიანის უფლებათა კომიტეტის 1984 წლის ზოგადი კომენტარი no. 13, პუნქტი 10).

10. „ადამიანის უფლებათა და ძირითად დაცვის კონვენციის“ (შემდგომში „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“) მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის განხილვის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ და დამაჯერებლად ჩამოაყალიბა გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების დანიშნულება: სისხლის სამართლის საქმეებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (რომელიც ითვალისწინებს გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლებას) მიზანია, უზრუნველყოს, რომ პირი არ იყოს ბრალდებული ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში და რომ მისი ბრალეულობის საკითხი დროულად გადაწყდეს (ვემჰოფი გერმანიის წინააღმდეგ (Wemhoff v. Germany), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1968 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 18; კარტი თურქეთის წინააღმდეგ (Kart v. Turkey) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების დანიშნულებაა, დაიცვას პირები „გადამეტებული ვადის განმავლობაში თავიანთი ბედის თაობაზე გაურკვევლობის მდგომარეობაში ყოფნისგან“ (შტიოგმიულერი ავსტრიის წინააღმდეგ (Stögmüller v. Austria), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1969 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 5; პეტრენკო რუსეთის წინააღმდეგ (Petrenko v. Russia), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტი 47.) ხანგრძლივ სამართალწარმოებას შეუძლია მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ მოაქციოს ბრალდებულები და გაამძაფროს ბუნდოვან მომავალთან, მსჯავრდების შიშსა და სასჯელის გაურკვეველ სიმძიმესთან დაკავშირებული განცდები. მით უმეტეს, ეს უფრო მკაფიოა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე.

11. ცხადია, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება შეიძლება ეფექტიანად განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება გამოტანილი. გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების მნიშვნელობა, როგორც აღვნიშნეთ, კიდევ უფრო თვალსაჩინოა არასრულწლოვანთა საქმეების განხილვისას.

12. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის განხილვის უფლება. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცალკეული დებულებებით უზრუნველყოფილია სისხლის სამართლის საქმის მოკლე ვადებში განხილვა.

13. ამასთანავე, სასამართლო განხილვა, საქართველოს სსსკ–ის 185–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უნდა განხორციელდეს უწყვეტად. საქმის სასამართლოში განხილვის პროცესი წარმოადგენს ერთიან და უწყვეტ პროცესს მაშინაც კი, როდესაც იგი რამდენიმე დღე გრძელდება. საქმის განხილვა უნდა გადაიდეოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, რათა სასამართლო პროცესმა არ დაკარგოს უწყვეტი ხასიათი.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს კონვენცია აკისრებს ვალდებულებას, მოახდინონ თავიანთი სამართლებრივი სისტემის ისეთი ორგანიზება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოების მიერ მე–6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მათ შორის - სასამართლო განხილვის ჩატარებას ,,გონივრულ ვადაში“ (ვლადი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Vlad and others v. Romania) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 85). სახელმწიფოს შეუძლია თავიდან აიცილოს კონვენციის მე–6 მუხლის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ბრალდებულისათვის სამართალწარმოების გაჭიანურების კომპენსაციის გზით, რაც გამოიხატება სასჯელის სახისა და ზომის ადეკვატურ შემცირებაში.

15. ამას გარდა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, 2003 წლის 24 სექტემბერს, წევრი სახელმწიფოების მიმართ მიიღო რეკომენდაცია Rec(2003)20 „არასრულწლოვანთა დამნაშავეობასთან მიმართებაში ახალი მეთოდების გამოყენებასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დანიშნულებაზე“. რეკომენდაციის მიღების მიზანი იყო ის, რომ შესაძლოა, მხოლოდ ტრადიციული სისხლის სამართლის სისტემები აღარ იძლეოდეს არასრულწლოვან დამნაშავეებთან მიმართებაში ადეკვატური გადაწყვეტილების გზებს (იხ. რეკომენდაციის პრეამბულა). რეკომენდაცია, inter alia, სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ სამართალწარმოების თითოეული ეტაპი მაქსიმალურად შემჭიდროებული იყოს და შეძლებისდაგვარად უსწრაფეს ვადებში ჩატარდეს. მართლმსაჯულების დაჩქარების და ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებები თანაბარზომიერ წონასწორობაში უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის მოთხოვნებთან (რეკომენდაციის მე-14 პუნქტი). ანალოგიური მოთხოვნებია გათვალისწინებული „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სახელმძღვანელო პრინციპებში“, რომლებიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2010 წლის 17 ნოემბერს იქნა მიღებული.

16. კ. მ-ს ბრალდების საქმის განხილვა აშკარად გასცდა გონივრულ ვადებს. მარტო სასამართლოში საქმის განხილვა გაჭიანურდა თითქმის 6 თვეს, რაც გამოწვეული იყო გარკვეულწილად მეორე სრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ არსებული სხვა ბრალდების ეპიზოდის განხილვით. არ მოხდა არასრულწლოვნის საქმის გამოყოფა სრულწლოვანი ბრალდებულის საქმისგან, რათა ეფექტურად განხორციელებულიყო სამართლიანი მართლმსაჯულება არასრულწლოვნის მიმართ და სასამართლო არ შეზღუდულიყო პირობითი მსჯავრის გამოყენებით, თუ მიზანშეწონილად მიიჩნევდა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას, რათა არ მომხდარიყო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირება. აღნიშნულმა კი ცალსახად განაპირობა არასრულწლოვნის სისხლის სამართლის საქმის განხილვის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული პრინციპების დარღვევა.

17. ბრალდების მხარის განმარტებით, სხდომა რამდენჯერმე გადაიდო იმის გამო, რომ მიმდინარეობდა მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმების დადებაზე მოლაპარაკება, რასაც ხელი შეუშალა ბრალდებულმა იმით, რომ სრულად არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი არ დაადო მეორე მსჯავრდებულს, უარყოფდა მასთან ერთად დაკავებული მეორე პირის მონაწილეობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გამოვიყენოთ პირის საზიანოდ.

18. ევროსასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არ შეიძლება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ იქნეს მიჩნეული ის ფაქტი, რომ იგი აქტიურად არ უწყობს ხელს საქმის დაჩქარებულად განხილვას, რომელზეც შესაძლოა გამოვიდეს მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება; კონვენციის მე–6 მუხლის დაცვა პირდაპირ არის სახელმწიფოს ვალდებულება. საქმეში ციმერმანი და შტაინერი შვეიცარიის წინააღმდეგ (Zimmermann and Steiner v. Switzerland) სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ისე ააწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ მისცეს სასამართლოებს შესაძლებლობა, იმოქმედონ 6.1 მუხლის მოთხოვნების დაცვით, მათ შორის „გონივრულ ვადაში“ საქმის განხილვის მოთხოვნის დაცვით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1983 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 29).

19. სახელმწიფოებისადმი მოთხოვნები ბევრად უფრო მკაცრია, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტებია „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი“. კონვენცია ადგენს იმ ძირითად პრინციპებს და სპეციფიკურ საპროცესო გარანტიებს, რომლებსაც უნდა ითვალისწინებდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა და სავალდებულოა ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის. „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ საქართველოსთვის ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან. „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი“ საქართველოსთვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან.

20. აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების გარდა, არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელი სხვა დოკუმენტები: „გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ (პეკინის წესები); „გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის შესახებ“ (ერ-რიადის პრინციპები); „სახელმძღვანელო პრინციპები სისხლის სამართლის სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებით მოქმედების შესახებ“ (ვენის პრინციპები); ამასთან, მნიშვნელოვანია რეგიონული დოკუმენტები: „აფრიკული ქარტია ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ („ბანჯულის ქარტია“) და „ადამიანის უფლებათა ამერიკის კონვენცია“, რომლებიც მოითხოვენ, რომ ინდივიდი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უნდა იქნეს წარდგენილი სასამართლოს წინაშე „გონივრული“ ვადის განმავლობაში და შეფერხება/დაყოვნება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

21. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პირველი მუხლის თანახმად, „წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი“. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, “ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უწინარესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ პუნქტის მე–3 ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც მინიმალურ სტანდარტს ადგენს: „ყოველ ბავშვს, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ან ბრალი ედება მის დარღვევაში, უნდა ჰქონდეს, სულ ცოტა, კომპეტენტური, დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლო ორგანოს მიერ სამართლიანი განხილვის შედეგად განსახილველ საკითხზე დაუყოვნებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება“. კონვენციის 490–ე მუხლის მე–2 პუნქტი განსაზღვრავს ყველა იმ უფლებასა და გარანტიას, რომლებიც სამართლიან სასამართლოს ყველა იმ ბავშვისთვის უზრუნველყოფს, ვინც, სავარაუდოდ, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა, ან აღიარებულია მის დამრღვევად. ზემოხსენებული გარანტიები განსაზღვრულია აგრეთვე „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით. ამ შეთანხმების მე-14 მუხლს (რომელიც სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიებს ეხება) მიეძღვნა ადამიანის უფლებათა კომიტეტის 1984 წლის ზოგადი კომენტარი no. 13. ბავშვებთან დაკავშირებით ეს გარანტიები წინამდებარე ნაწილში განხილულ სპეციფიკურ ასპექტებს იძენს. კომიტეტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ უფლებებისა და გარანტიების დაცვაში განსაკუთრებული როლი ენიჭება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩართულ სპეციალისტებსა და მოხელეებს (კომენტარის პუნქტი 16).

22. აგრეთვე, ბავშვის უფლებათა კომიტეტი no. 10 ზოგად კომენტარში განმარტავს: “მაგალითისათვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი ტრადიციული მიზნები, როგორიცაა დამნაშავის დასჯა, დანაშაულის ჩამდენი ბავშვებისათვის უნდა შეიცვალოს რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიზნებით. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილების პარალელურად” (ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2007 წლის ზოგადი კომენტარი no. 10, პუნქტი 10).

23. „გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ (ცნობილია, როგორც “პეკინის წესები”) მიღებული იქნა 1985 წლის 29 ნოემბერს, გენერალური ასამბლეის რეზოლუციით და ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემამ აქცენტი უნდა გააკეთოს არასრულწლოვანის კეთილდღეობაზე. კერძოდ, პეკინის წესების უმნიშვნელოვანესი მე-5 წესის თანახმად, რომელიც ადგენს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების მიზნებს, „მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ უნდა იქნეს მიმართული, პირველ რიგში, არასრულწლოვნის კეთილდღეობის და იმის უზრუნველყოფისაკენ, რათა არასრულწლოვან სამართალდამრღვევზე ზემოქმედების ზომები ყოველთვის იყოს თანაბარზომიერი როგორც სამართალდამრღვევის პიროვნების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებებთან.“

24. პეკინის წესების მე–20 მუხლის (გაუმართლებელი დაყოვნების თავიდან აცილება) პირველი პუნქტის თანახმად: „ყველა საქმე დასაწყისიდანვე უნდა განიხილებოდეს დაჩქარებულად, ყოველგვარი გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე“.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე იქნა მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, რომელიც ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან. ამ კოდექსს სრულიად განსხვავებული და ახალი მიდგომა აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კოდექსის 74–ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანს, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობით მსჯავრად. ამდენად, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის რედაქციისაგან განსხვავებით, არასრუწლოვნის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების დროს მნიშვნელობა ექნება არასრულწლოვანების დროს დანაშაულის ჩადენის ფაქტს და არა იმას, განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ხომ არ შეუსრულდა მას თვრამეტი წელი. ამასთან, კოდექსში შემავალ დებულებებს მიეცემა უკუძალა მსჯავრდებულის მდგომარეობის სასარგებლოდ.

26. საკასაციო პალატა განმარტავს: ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულება, რომ თუ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა 18 წელი, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობით, წინააღმდეგობაშია ზემომითითებულ საერთაშორისო აქტებსა და კონვენციებთან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი ამ დროს უპირატესი ძალა უნდა მივანიჭოთ საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია, უპირატესი ძალა მიანიჭოს საერთაშორისო სტანდარტებს და იმსჯელოს კ. მ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საკითხზე.

27. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს კ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას. კ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

28. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს, რომ ჩადენილია დაუმთავრებელი დანაშაული - ქურდობის მცდელობა და მიაჩნია, რომ კ. მ-ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და ბოლოს, სასჯელმა უნდა შეამციროს მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

29. პალატის შეფასებით, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რათა სასჯელი იყოს სამართლიანი. დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების დაცვის აუცილებლობიდან და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. მ-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი, კერძოდ მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს ¼-ით და შეეფარდოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

30. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენში კ. მ-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, 316-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ კ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. მსჯავრდებულ კ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და შეეფარდოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. კ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 24 იანვრიდან 2013 წლის 8 თებერვლამდე და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 31 იანვრიდან.

5. მსჯავრდებული კ. მ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე კ. მ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კ. მ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი