დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-1103-1258-08 2 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია სხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ მ. და ე. ჩ-ძეები
წარმომადგენელი _ გ.გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. კ-ძე, კ. მ-შვილი, ს. თ-შვილი, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს საპასპორტო განყოფილება
წარმომადგენელი _ ალ.ბ-ძე, ი.ყ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, პირადობის მოწმობების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ. და ე. ჩ-ძეებმა სარჩელი აღძრეს გ. კ-ძის, კ. მ-შვილის, ს. თ-შვილისა და მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს საპასპორტო განყოფილების მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹9/2-ში მდებარე ბინიდან მოპასუხეებისა და თანმხლები პირების გამოსახლება, ასევე ს. მ-შვილის, თ. ლ-შვილისა და კ. მ-შვილის სახელზე ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს საპასპორტო განყოფილების მიერ გაცემული პირადობის მოწმობების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები არიან ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹9/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები. აღნიშნული ბინა 1957 წლის 5 სექტემბერს ნაჩუქრობის ხელშეკრულებით ტ. ა-ძისაგან მიიღეს დ. და ა. ჩ-ძეებმა, რაც დარეგისტრირდა თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. დ. და ა. ჩ-ძეები ნაჩუქარ ქონებას ფლობდნენ და განაგებდნენ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, მოპასუხეები კი ამ სახლში ცხოვრობდნენ მდგმურის უფლებით. ისინი წლების მანძილზე არ იხდიან არც ბინის ქირას და არც სხვა გადასახადებს. მათ არაერთხელ იდავეს სასამართლოში ჩ-ძეების წინააღმდეგ, თუმცა მათი მოთხოვნები არც ერთხელ დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები და მათი ოჯახის წევრები სადავო ბინაში ჩაწერილები არ არიან, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს საპასპორტო სამსახურმა, ბინის მესაკუთრის ნებართვის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გასცა კ.მ-შვილის, ს.მ-შვილისა და თ.ლ-შვილის სახელზე, სადაც მათ საცხოვრებელ მისამართად მიუთითეს მოსარჩელეთა კუთვნილი ბინა. ამასთან, მდგმურად ყოფნის პერიოდში ყველა მოპასუხემ მიიღო ბინა თბილისის სხვადასხვა უბნებში და ისინი ჩაეწერნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, კერძოდ, კ. და ს. მ-შვილებმა დედასთან, ნ.ბ-შვილთან ერთად იზოლირებული ოროთახიანი ბინა მიიღეს დიდ დიღომში. ბინა, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობდა, აღრიცხულია ე.ჩ-ძის საკუთრებად. მიუხედავად ამისა, მდგმურმა ნ.ბ-შვილმა ბინის გასაღები გადასცა ვინმე შ-ძეს, რომელიც სადავო ქონებას არ ათავისუფლებს. აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელე მ.ჩ-ძის საკუთრებად აღრიცხულ ბინაში მდგმურის უფლებით ცხოვრობს მოპასუხე გ.კ-ძე, მისი მეუღლე რ. ლ-შვილი და შვილი დ. ლ-შვილი. მათ ბინა მიღებული აქვთ და ჩაწერილები არიან ... ქუჩაზე ¹8-ში, მაგრამ სადავო ბინას არ ათავისუფლებენ. ა.ჩ-ძის საკუთრებად აღრიცხულ ბინაში ცხოვრობდნენ მდგმურები ს.თ-შვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად, მათ ბინა მიიღეს დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსში, ამოეწერენ სადავო ბინიდან, იმყოფებიან საზღვარგარეთ, თუმცა სადავო ფართი არ გამოათავისუფლეს.
მოპასუხეებმა კ. მ-შვილმა და გ. კ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მ. და ე. ჩ-ძეების წინააღმდეგ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელად ცნობის, ასევე მოპასუხეთა მიერ მოშლილი წყალსადენის მილისა და სადარბაზო შესასვლელის აღდგენის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ქ.თბილისში, ... ქუჩაზე არსებული ¹9/2 სახლის ორი ოთახი, სულ 21,78 კვ.მ, 1969 წელს მესაკუთრე დ.ჩ-ძისაგან 5 800 მანეთად შეისყიდა კ. მ-შვილის ბაბუამ კ. მ-შვილმა. 1969 წლიდან ხსენებულ ბინაში ცხოვრობდა მათი ოჯახი, აღნიშნული მისამართი მითითებულია მხარის საპასპორტო მონაცემებში და მას სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. 1966 წელს ამავე ბინის 8,7 კვ.მ ერთი ოთახი მესაკუთრე დ. ჩ-ძისაგან 3000 მანეთად შეისყიდა გ. კ-ძის მამამ – გ. კ-ძემ. შესყიდვისა და ფულის გადახდის დღიდან ისინი ცხოვრობენ ამ ოთახში და ეს ფართი მათი საკუთრებაა, იხდიან გადასახადებს და საკუთარი სახსრებით უვლიან მას. დ. ჩ-ძეს მათ მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგრამ 1999 წლიდან გამოჩნდნენ მემკვიდრეები-მოსარჩელეები, მ. მ. და ე. ჩ-ძეები და ცდილობენ მათ შევიწროებას, ამოქოლეს სადარბაზოში შესასვლელი, ჩაჭრეს ელექტრო და წყალგაყვანილობა. შეგებებული სარჩელის ავტორები სადავო უძრავ ნივთს ფლობენ კანონიერად.
ქ.თბილისის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ. და ე. ჩ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. კ-ძე, კ. მ-შვილი, ს. თ-შვილი და მათთან მყოფი პირები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან, შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაც გ.კ-ძემ და კ.მ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტთა საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, გ.კ-ძისა და კ.მ-შვილის, ასევე მათთან მყოფი პირების სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ მ. და ე. ჩ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ.კ-ძისა და კ.მ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გ.კ-ძე ცნობილ იქნა მის მიერ დაკავებული ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹9/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹6-8,7 კვ.მ და მის წინ მდებარე 8,74 კვ.მ შემინული შუშაბანდის მართლზომიერ მფლობელად – მოსარგებლედ, კ.მ-შვილი ცნობილ იქნა მის მიერ დაკავებული ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹4-13,62 კვ.მ და ¹41-8,16 კვ.მ ფართის მართლზომიერ მფლობელად _ მოსარგებლედ, მ. და ე. ჩ-ძეებს დაევალათ ქ.თბილისში, ... ქ.¹9/2-ში მდებარე გ. კ-ძისა და კ. მ-შვილის მიერ დაკავებული ბინების მიმართულებით ჩაკეტილი წყლის სადინარების აღდგენა და ჩაკეტილი სადარბაზო კარის გახსნა შემდეგ გარემოებათა გამო: მ. და ე. ჩ-ძეები არიან ანდერძში მოხსენიებული დ. ჩ-ძის კანონისმიერი მემკვიდრეები და ... ¹9/2 მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად აღირიცხნენ 1999 წლიდან. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, რომ მოცემული დავა არ უნდა განხილულიყო „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობით წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იმის გამო, რომ ზემოხსენებული კანონით რეგულირდებოდა ის ურთიერთობები, რომელიც წარმოიშვა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1996 წლის 27 ივნისამდე. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ გ. კ-ძე და კ. მ-შვილი მათ მიერ დაკავებული ფართის უკანონო მფლობელად ვერ ჩაითვლებიან და დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს ზემოხსენებულ მისამართზე არსებულ საცხოვრებელ სახლში მათ მიერ დაკავებული ფართის მართლზომიერად ფლობისა და სარგებლობის, აგრეთვე, მოსარჩელე პირების მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებათა დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები. პალატამ მიიჩნია, რომ ამჟამად გ. კ-ძის მიერ დაკავებული ფართის ფლობა შეესაბამება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტის დანაწესს, რომლითაც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ დადებული გარიგება დადასტურებულად ჩაითვლება, თუ დადგინდება პირის საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა, ანდა მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა. ზემოჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება დადებულად ჩაითვალოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ფორმა ¹1-ით დგინდება, რომ გ. კ-ძე რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ... ქ.¹9/2-შე მდებარე მის მიერ დაკავებულ სადავო ფართში, რასაც არც აპელანტები უარყოფენ, ასევე კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა გარიგება, რომელიც ზემოხსენებული კანონის დანაწესის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლომ კ. მ-შვილის შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ მხარეთა შორის დადებული გარიგების არსებობა დადასტურებულად მიიჩნია ორი გარემოებით, როგორც სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით, ისე მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით, კერძოდ, აპელანტის სადავო ბინაში 1978 წლიდან რეგისტრირებით, კომუნალური გადასახადების გადახდით, აგრეთვე იმ გარემოებით, რომ 1989 წლის 13 დეკემბრიდან დღემდე მ-შვილების სახელზეა რეგისტრირებული ქ.თბილისში, ... 9/2-ში მოწინააღმდეგე მხარის მამკვიდრებლის მიერ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობით კ. მ-შვილზე (ბაბუა), რომელიც განხორციელდა გარკვეული საფასურის გადახდის საფუძველზე, რაც, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის შესაბამისად, განხორციელდა გარკვეული საფასურის გადახდის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელწერილით მესაკუთრისაგან უშუალოდ ბინის შეძენა ნასყიდობის საფუძველზე ვერ დგინდება და ირკვევა, რომ კ. მ-შვილის ბაბუამ ე. ი-იდისაგან 5800 მანეთად შეისყიდა დ. ჩ-ძის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ... ქ.¹9/2-ში მდებარე ფართის ნაწილი. სააპელაციო პალატის მითითებით, 2005 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომაზე კ. მ-შვილის წარმომადგენელმა წარმოადგინა შინაურული ნასყიდობის ხელწერილის დედანი, რაც აისახა სხდომის ოქმში და დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა მხარეს. აღნიშნულის შესახებ მითითებულია მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შენიშვნებშიც 2005 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმთან დაკავშირებით, სადაც შენიშვნების ავტორი არ უარყოფს, რომ მოპასუხეებმა (კ. მ-შვილმა) წარმოადგინეს დ. ჩ-ძესა და ზ. მ-შვილს (უნდა იყოს კ. მ-შვილს) შორის დადებული, 1969 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული ხელწერილის «თითქოსდა» დედანი ფართის ნაწილის შესყიდვის თაობაზე, რასაც ადვოკატმა ვ.თ-ძემ ვიზუალურად გადახედა. ამდენად, პალატამ ზემოხსენებული ხელწერილი მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ წერილობით მტკიცებულებად, რომელიც გახდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადების ერთ-ერთი საფუძველი. პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ მოცემულ საქმეზე დართული ¹2/405-01 და ¹2/239-03 სამოქალაქო საქმეების მასალებით დგინდება გ.კ-ძის, კ.მ-შვილისა და ს.თ-შვილის აღიარება სადავო საცხოვრებელ სახლში მათი დამქირავებლის სტატუსით ცხოვრების შესახებ. პალატას მიიჩნია, რომ ზემოხსენებული სამოქალაქო საქმეებით დადგენილი გარემოებები ხელს ვერ შეუშლის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონში 2005 წლის 30 ივნისს შეტანილი ცვლილების შემდეგ აპელანტების მიერ ახალი საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის აღძვრას. ¹2/405-01 და ¹2/239-03 სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანისას დადგენილ ფაქტებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მოცემული დავის მიმართ პრეიუდიციული ძალა ვერ მიენიჭება, რადგან აღნიშნულ საქმეებზე გ. კ-ძე და კ. მ-შვილი მოდავე მხარეებს არ წარმოადგენენ, კერძოდ, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ტ. ა-ძის სარჩელი მოპასუხე ალექსანდრე კინწურაშვილის, ა. მ. მ. ე. ჩ-ძეებისა და თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიმართ ქ.თბილისში, ... ქ.¹9/2-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის დ. და ა. ჩ-ძეების საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, თბილისის ტექბიუროს 1958 წლის 10 ივნისის ჩანაწერების გაუქმების, ა. ა-ძის სახელზე ნაგებობის კვლავ აღრიცხვისა და მემკვიდრე ტ. ა-ძისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, სადაც თავდაპირველად მოსარჩელეებად მითითებული იყვნენ გ.კ-ძე, მ.ც-შვილი, კ.მ-შვილი და ს.თ-შვილიც, თუმცა, 2001 წლის 15 იანვრის დაზუსტებულ სარჩელში წარდგენილი მოთხოვნით, სასამართლოს 2001 წლის 22 იანვრის განჩინებით ამოირიცხნენ მოსარჩელეთა სიიდან და საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად. ქ.თბილისის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება კი გამოტანილია საქმეზე _ ტ. ა-ძის სარჩელის გამო მოპასუხე ა. მ. მ. და ე. ჩ-ძეების მიმართ სანოტარო პალატის, როგორც მესამე პირის მონაწილეობით, ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იმ ფაქტებს აქვს სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას პრეიუდიციული ძალა, რომელსაც უშუალოდ ემყარება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ტ. ა-ძის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული ფაქტები ვერ ჩაითვლება განსახილველ, ფაქტობრივად, სხვა მხარეებს შორის არსებული დავისათვის დამამტკიცებელ, პრეიდიციული ძალის მქონე გარემოებად. სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მოთხოვნა ქ.თბილისში, ... ქ.¹9/2-ში მდებარე მათ მიერ დაკავებული ბინების მომმარაგებელი წყლის დაზიანებული სადინარების აღდგენისა და ჩაკეტილი სადარბაზო კარის გახსნის შესახებ, რადგან წყლის სადინრებისა და სადარბაზოს კარის ჩაკეტვის ფაქტი არც მოწინააღმდეგე მხარემ უარყო. ამდენად, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით და ჩათვალა, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოების არსებობის ან არარსებობის მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადასტურება საკმარის მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს მოთხოვნის ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, რადგან აღნიშნული მოთხოვნა კანონიერია სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლისა და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. და ე. ჩ-ძეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გააჭიანურა საქმის განხილვა 2004 წლის ნოემბრიდან 2008 წლის 7 ოქტომბრამდე, კასატორების მიმართ იყო ტენდენციური და მიკერძოებული, კერძოდ, წარმოებაში მიიღო ხარვეზიანი სააპელაციო საჩივარი. 2005 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ყალბი ხელწერილის საფუძველზე პალატამ უკანონოდ შეაჩერა საქმის წარმოება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანამდე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო აღნიშნული დოკუმენტი ასლის სახით წარმოდგენის გამო, იგი არ გამოკვლეულა, სააპელაციო პალატამ კი დაუსაბუთებლად უარი უთხრა მხარეს ხელწერილზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მტკიცებულების ძალა მიანიჭა მას და თავისი გადაწყვეტილებაც დააფუძნა. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე, 135-ე, 137-ე, 162-163-ე, 215-ე, 219-ე, 225-ე, 380-ე და 382-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა კასატორებს, თავისი მოსაზრება გამოეთქვათ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ ხელწერილთან, ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საქალაქო მეურნეობის რაიონული განყოფილების სამსახურის უფროს ზ.დიხამიძის მიერ კ. და ს. მ-შვილების სახელზე 2004 წლის 15 აპრილის გაცემულ ¹მ-269 და გ. კ-ძის სახელზე გაცემულ ¹კ-256 ცნობებთან დაკავშირებით, რომლებიც სიყალბის მოტივით გაუქმდა მათი გამცემი ორგანოს მიერ. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 135-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც აპელანტებს არ დაავალა ხელწერილის დედნის წარმოდგენა. ხელწერილის დედნის წარდგენა აპელანტებს ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაავალა, თუმცა მათ ეს ვერ შეასრულეს. სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 იანვრის სხდომაზე აპელანტთა წარმომადგენელმა მ.ბ-შვილმა წარადგინა, მისივე განმარტებით, სადავო ხელწერილის დედანი, რომელიც საქმის განმხილველმა მოსამართლემ მცირედი ხნით აჩვენა ჩ-ძეების წარმომადგენელ ვ.თ-ძეს. კასატორთა ადვოკატმა მოითხოვა, აღნიშნული დოკუმენტი მისი მარწმუნებლებისათვისაც ეჩვენებინათ, თუმცა სასამართლომ უარი განაცხადა და დოკუმენტი მოწინააღმდეგე მხარეს დაუბრუნა. პალატამ უგულებელყო სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი, როდესაც უკანონოდ უარი უთხრათ კასატორებს სადავო ხელწერილის სიყალბის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნა სავალდებულო იყო, რადგან აპელანტები თავის მოთხოვნებს მხოლოდ ამ ერთადერთ მტკიცებულებაზე ამყარებდნენ. კასატორთა კატეგორიული მოთხოვნით სასამართლომ დანიშნა ზემოხსენებული ხელწერილის ნამდვილობის დასადგენად ექსპერტიზა მხოლოდ რვა თვის შემდეგ. პალატამ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად კ.მ-შვილმა ხელწერილის დედანი ვერ წარადგინა სასამართლოში იმ მოტივით, რომ დოკუმენტი იმყოფებოდა მის ადვოკატ მ. მ-ძესთან, რომლის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს სხვა ნივთებთან ერთად ხელწერილის დედანიც დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ გლდანი-ნაძალადევის საგამოძიებო სამსახურის მიერ 2005 წლის 5 აპრილს გაცემულ ცნობაში მ.მ-ძისაგან გატაცებულ ნივთებში სადავო ხელწერილი დაფიქსირებული არ არის. პალატამ ასევე არ გაიზიარა კასატორთა შუამდგომლობა ხელწერილის დედნის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით მ.მ-ძის მოწმედ დაკითხვის შესახებ. აპელანტებმა დოკუმენტის დედნის დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია შეგნებულად დროულად არ მიაწოდეს სასამართლოს, რაც საეჭვოს ხდის დედნის დაკარგვას. პალატამ არაერთხელ უკანონოდ უთხრა უარი კასატორებს საქმის განხილვისაგან მოსამართლე ზ. კ-ს აცილების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მან პროცესის მიმდინარეობისას აშკარა მიკერძოება გამოიჩინა. სასამართლომ უკანონოდ არ განიხილა კასატორების მიერ 2008 წლის 3 ოქტომბერს წარდგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო პალატა დაეყრდნო აპელანტთა მიერ წარდგენილ გაყალბებულ შპს «ფ-ის» მიერ გაცემულ ე.წ. «ოტსტუპნიკების სიას», ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საქალაქო მეურნეობის რაიონული განყოფილების სამსახურის მიერ 2004 წლის 15 აპრილს გაცემულ ცნობებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ კ.მ-შვილსა და დ.ჩ-ძეს შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება დასტურდება სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით, სადავო ბინაში მ-შვილების სახელზე ტელეფონის რეგისტრაციითა და კ. მ-შვილისათვის (ბაბუისათვის) კასატორთა მამკვიდრებლის მიერ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ხელწერილით მესაკუთრისაგან უშუალოდ ბინის შეძენა ნასყიდობის საფუძველზე ვერ დგინდება და ადგენს, რომ კ.მ-შვილის ბაბუამ დ. ჩ-ძის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი 5800 მანეთად შეისყიდა ელპიდა ი-იდისაგან. გაურკვეველია, დ.ჩ-ძისაგან ნასყიდობის საფუძველზე სადავო ფართის შეძენის ფაქტის დადგენის შემთხვევაში რა კავშირი აქვს ყოველივესთან ე.ი-იდს და, თუ მან გაასხვისა ფართი, მაშინ რატომ ედავებოდნენ აღნიშნულ უძრავ ნივთზე მოპასუხეები ჩ-ძეებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ე. ჩ-ძეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას მოდავე მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სავსებით მართებულად იქნა გამოყენებული „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესები.
მ. და ე. ჩ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობისას საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა კასაცია საცხოვრებელ სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადგენის კანონიერების თაობაზე (კანონის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტი) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის გათვალისწინებულ საფუძვლებთან მიმართებით, მიიჩნია, რომ საკასაციო პრეტენზია ამ საფუძვლით დასაშვები დასაშვები არ არის. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში და ეფუძნება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტით საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დასადგენად გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და კასატორებს სადავოდ არ მიუჩნევიათ ის გარემოებები, რომ გ. კ-ძე 1966 წლიდან რეგისტრირებულია მის მიერ დაკავებულ სადავო ფართში და იხდის კომუნალურ გადასახადებს, ხოლო კ. მ-შვილი 1978 წლიდან არის რეგისტრირებული და იხდის სადავო ფართის კომუნალურ გადასახადებს. ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით კი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება შეიძლება დადასტურდეს სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტების გამოყენების ფარგლებთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნია წერილობითი დოკუმენტის ასლის მტკიცებულებად შეფასების ნაწილში, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის გამოყენებისა და განმარტების საკითხს მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის.
უპირველესად, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობისას ამ ურთიერთობის სუბიექტებისთვის სულ სხვა თანამდევი იურიდიული შედეგებია დადგენილი, ვიდრე საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების კანონით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურებისას. შესაბამისად, ამ კანონის ფარგლებში ფართზე მოსარგებლედ პირის ცნობის საფუძველს არსებითი მნიშვნელობა აქვს მესაკუთრისა და მოსარგებლის ვალდებულების ოდენობის განსასაზღვრად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
კანონის ეს დანაწესი გამორიცხავს მტკიცებულების გაყალბების საშიშროებას, ვინაიდან ტექნიკის განვითარებამ ამგვარი შესაძლებლობები გაამარტივა და იმპერატიულად ადგენს, რომ წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, დედნის სახით უნდა წარედგინოს. ამასთან, იგივე კანონი იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ სასამართლოს დასაბუთებული მოსაზრებით დოკუმენტის ასლსაც მტკიცებულებითი ძალა მიენიჭოს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის გარემოება ცალსახად დადგენილია და მტკიცებულებაში მითითებული ცნობები არ საჭიროებს შეფასებას. კანონის ეს დანაწესი იძლევა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ წერილობითი საბუთის ასლიც მტკიცებულებითი ძალის მქონედ იქნეს მიჩნეული. დოკუმენტის ასლისათვის ამგვარი სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე, რომელიც უეჭველად უნდა ემყარებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. კანონის ეს დანაწესი არ გულისხმობს მტკიცებულების შეფასებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულებათა ერთპიროვნულ, ინტუიციურ შეფასებას, არამედ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლიობაში განხილვას. ცალკეული მტკიცებულებების გამოკვლევისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი საეჭვოობა და დიდი ალბათობით უნდა დადგინდეს მისი უტყუარობა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ხელწერილის ასლს სააპელაციო სასამართლომ იურიდიული ძალა მიანიჭა იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2005 წლის 11 იანვარს მოწინააღმდეგე მხარის _ კ. მ-შვილის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა შინაურული ნასყიდობის ხელწერილის დედანი, რაც აისახა სხდომის ოქმში და დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა მხარეს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოების არსებობის შესახებ მითითებულია სხდომის ოქმთან დაკავშირებით მოსარჩელეების შენიშვნაში. აღსანიშნავია, რომ კასატორებისა და მათი ადვოკატის მიერ წარდგენილ 2005 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმთან დაკავშირებულ 2005 წლის 17 იანვარს წარდგენილ შენიშვნებში დაფიქსირებულია რა ხელწერილის დედნის სასამართლო სხდომაზე წარდგენისა და დათვალიერების ფაქტი, მოსარჩელეთა მოსაზრებით, ხელწერილი ყალბია და საჭიროებს გამოკვლევას (ტ. 4, ს.ფ. 300-302). 2005 წლის 7 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე კი მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს ხელწერილზე ხელმოწერის საეჭვოობის გამო კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა, რაც სასამართლო განჩინებით დაკმაყოფილდა და მხარეს დაევალა დედნის წარმოდგენა. 2005 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე კ.მ-შვილის წარმომადგენლის განცხადებით დედანი ვერ იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან იგი ინახებოდა ადვოკატ მ. მ-ძესთან და ყაჩაღური თავდასხმის (ხელჩანთის წართმევის) გამო დაიკარგა. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგამოძიებო სამსახურის 2005 წლის 5 აპრილის ¹39/4-23-678 ცნობა, რომლითაც დადასტურებულია ხელჩანთის გატაცების ფაქტი. ამავე ცნობით ზუსტად არის ჩამოთვლილი ხელჩანთაში არსებული ნივთები, მათ შორის, დოკუმენტები, რომელთა შორის სადავო ხელწერილი მითითებული არ არის.
ამდენად, მხარე მითითებული ცნობით უტყუარად ვერ ამტკიცებს დედანი საბუთის წარუდგენლობის საპატიოობას. აქვე საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ კანონი არ გამორიცხავს წერილობითი დოკუმენტის დედნის წარდგენის შეუძლებლობას, თუმცა ეს გარემოება მხარემ დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს და იგი შეიძლება გამოწვეული იყოს მხარისაგან დამოუკიდებელი სხვადასხვა ყოფითი მიზეზის (სტიქიური მოვლენებით და სხვ.) რეალურად არსებობით. მოპასუხე მხარის მიერ მ.მ-ძეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე წარმოდგენილი ცნობით კი არ დგინდება სადავო ხელწერილის დაკარგვის ფაქტიც.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე სადავო წერილობითი დოკუმენტის დათვალიერებას, აღნიშნული საკმარისს არ წარმოადგენს დასკვნისათვის, რომ შინაურული ნასყიდობის ხელწერილი ნამდვილად არსებობდა და, შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე წერილობითი შეთანხმებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელწერილის ნამდვილობა მხარემ უარყო მისი წარდგენისთანავე. ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელწერილის ნამდვილობის დასადგენად სასამართლომაც თავისი განჩინებით მიზანშეწონილად ჩათვალა ექსპერტიზის დანიშვნა, რაც ვერ განხორციელდა ზემოაღწერილ მიზეზთა გამო. სადავო ხელწერილის ასლში ასახული საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დგინდება. ჩამოთვლილ გარემოებათა ერთობლიობა კი არ ქმნის საკმარის საფუძველს, რომ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის ასლს მტკიცებულებითი ძალა მიენიჭოს და მით უფრო, მასში აღწერილი გარემოება დადგენილ ფაქტად იქნეს მიჩნეული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-შვილის სადავო ფართის მოსარგებლეობა დადასტურებულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის შედეგად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. და ე. ჩ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.