გაუქმდა და შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1110-1263-08 14 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია სხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ რ.დ-ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ჯ.ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობა (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ.ჭ-ძე, რ.ბ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ კოოპერატივის წევრად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლე ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობის მიმართ შემდეგი საფუძვლებით: 1995 წელს, ბინის შეძენის მიზნით, მოსარჩელემ მიმართა ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარე დ. ზ-ძეს, რომლისაგანაც შეიტყო, რომ კოოპერატივის წევრი ა.ს-იანი აპირებდა კუთვნილი წილის გასხვისებას, რისი შეძენის შემთხვევაში მოსარჩელე მოიპოვებდა უფლებას, მიეღო კოოპერატიულ სახლში ¹16 ბინა. აღნიშნულის საფუძველზე რ.დ-ძესა და ა.ს-იანს შორის დაიდო კოოპერატივში ამ უკანასკნელის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის სანაცვლოდაც მოსარჩელემ ა.ს-იანს გადაუხადა 3000 აშშ დოლარი. ამასთან, ხელშეკრულება ეხებოდა რა კოოპერატივის წილის ნასყიდობას, იგი სანოტარო წესით დამოწმობას არ საჭიროებდა. დ.ზ-ძემ გადასცა რ.დ-ძეს კოოპერატივის 2006 წლის 12 ნოემბრის კრების ოქმი, რომელსაც ესწრებოდა 37 წევრი. კრებამ დაადგინა, რომ ა. ს-იანის წევრობიდან გასვლის შედეგად გამოთავისუფლებულ ოროთახიან ¹16 ბინაზე ამხანაგობის წევრად მიღებულ იქნა რ. დ-ძე. მითითებული ოქმის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებული იყო, მიემართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის კრების ოქმის დასამტკიცებლად და აღნიშნული გახდებოდა საჯარო რეესტრში ¹16 ბინის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის საფუძველი. დ.ზ-ძეს მითითებული ვალდებულება არ შეუსრულებლია. მოპასუხის განმარტებით, რ.დ-ძის კოოპერატივის წევრად აღრიცხვა ვერ მოხდა, რადგან სახლი არ იყო აღრიცხული მერიის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, თუმცა ამჟამად მშენებლობა დასრულებულია და იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრშიც. სადავო ¹16 ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხულია ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახელზე.
მოპასუხე ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლე ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობის თავმჯდომარე დ.ზ-ძემ სარჩელი ცნო და დაადასტურა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ 1995 წელს ამხანაგობის წევრმა ა.ტ-იანმა თავისი წილი კოოპერატივში დაუთმო რ. დ-ძეს, რომელმაც აუნაზღაურა აღნიშნული წილის ღირებულება. მოპასუხე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას რ.დ-ძის კოოპერატივის წევრად ცნობისა და ¹16 ბინის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით რ.დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღიარებულ იქნა ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სამართალმემკვიდრე ბინის ¹46 ამხანაგობის სრულუფლებიან წევრად, მოპასუხეს დაევალა მისთვის ¹46 ამხანაგობიდან ა. ს-იანის კუთვნილი წილის, კერძოდ, ქ.ბათუმში, ... ქ.¹101-ში მდებარე ოროთახიანი 62,45 კვ.მ (საცხოვრებელი _ 32 კვ.მ, ხოლო დამხმარე _ 30,45 კვ.მ ფართის მქონე) ¹16 ბინის განსაზღვრა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სამსახურს დაევალა აღნიშნული ბინის რ.დ-ძის სახელზე აღრიცხვა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლე ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და რ.დ-ძის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 5 ნოემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ.¹101-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ¹46-ის (ყოფილი ¹46 კოოპერატივის) საკუთრებას. ¹46 ამხანაგობის კუთვნილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აღმასკომის 1986 წლის 12 თებერვლის ¹77 გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო და დასრულდა 1992 წელს. აღნიშნული ამხანაგობა წარმოადგენდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს, რომელიც შეიქმნა საბინაო კოდექსით გათვალისწინებული წესებით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 1995 წელს მოქმედი საბინაო კოდექსის მე-12 და 128-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ, ამ ნორმების თანახმად, საცხოვრებელი ფართი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლში ეძლეოდა მხოლოდ და მხოლოდ მეპაიე კოოპერატივის წევრებს, რა დროსაც მხედველობაში მიიღებოდა კოოპერატივის წევრთან ერთად აღრიცხვაზე მყოფი მეპაიეს ოჯახის წევრების რაოდენობა, ხოლო მეპაიეთა შორის საცხოვრებელი სადგომების განაწილება საერთო კრების განსაკუთრებულ პრეროგატივას წარმოადგენდა. სასამართლომ დაადგინა, რომ 1995 წლამდე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი იყო ა. ს-იანი. საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, რ. დ-ძე სადავო ფართს არასოდეს დაუფლებია. 2006 წლის 12 თებერვალს, ამხანაგობის საერთო კრებაზე მიღებულ იქნა ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობის დებულება. ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობის წევრთა საერთო კრების ¹12 ოქმით ირკვევა, რომ დებულების დამტკიცების შემდეგ, 2006 წლის 7 აპრილს, ამხანაგობის წევრებს შორის ბინები კენჭისყრით გადანაწილდა და დამტკიცდა ოჯახების სრული შემადგენლობით ამხანაგობის წევრთა საბოლოო სია, რომლის თანახმად ქ.ბათუმში, ... ქ. ¹101-ში მდებარე ¹16 ოროთახიანი ბინა, 62,45 კვ.მ საერთო, 32 კვ.მ საცხოვრებელი და 30,45 კვ.მ დამხმარე ფართით, გადაეცა ზ. ს-ძეს მის ოთხსულიან ოჯახთან ერთად, (მეუღლე – ო. ს-ძე, შვილი – ი. ს-ძე, სიმამრი – რ. დ-ძე). მითითებული ოქმი თანდართული სიით ხელმოწერილ იქნა კრებისა და ¹46 ამხანაგობის თავმჯდომარე დ.ზ-ძის მიერ. ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ 2005 წლის 27 ნოემბერს გაცემული ცნობის შესაბამისად, ქ.ბათუმში, ... ქ.¹101-ში მდებარე ¹16 ოროთახიან ბინაში 1995 წლიდან ცხოვრობენ ზ., ო. და ი. ს-ძეები, მათ ბინა ყოფილი მეპატრონის _ ს-იანისაგან შეისყიდეს და სანაცვლოდ 3000 აშშ დოლარი, ნაწილ-ნაწილ ს-იანს გადასცა რ.დ-ძემ. ცნობის გაცემის დროისათვის ს-ძეების ოჯახი კოოპერატივში ჯერ კიდევ არ გაწევრიანებულა. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, 2005 წლის 27 ნოემბრის ცნობის მიხედვით თანხა რ.დ-ძემ ნაწილ-ნაწილ გადაიხადა, მაგრამ აღნიშნულით არ დასტურდება, რომ ხსენებული თანხის გადახდით იგი ამხანაგობის წევრი და მეპაიე გახდა, ვინაიდან ამავე ცნობის თანახმად, ბინის შეძენის დროიდან ბინაში ცხოვრობდა ს-ძეების ოჯახი და არა რ.დ-ძე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 7 აპრილის ამხანაგობის წევრთა საერთო კრების ¹12 ოქმისა და აღნიშნული ოქმით დამტკიცებული სიის მიხედვით, სადავო ბინა გადაეცა რ. დ-ძეს მის ოთხსულიან ოჯახთან ერთად. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯერ კიდევ 1995 წლიდან ამხანაგობის წევრსა და მეპაიეს წარმოადგენდა ზ. ს-ძე, რომელიც იმ დროიდან ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა სადავო საცხოვრებელი ბინით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, მისი მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის 1512-ე, 208-ე და 232-ე მუხლებით დასაბუთების შესახებ, ვინაიდან 2006 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული ამხანაგობის დებულებითა და 2006 წლის 7 აპრილის ამხანაგობის წევრთა საერთო კრების ¹12 ოქმით სადავო ბინა მიეკუთვნა ზ. ს-ძეს, რაც გამორიცხავდა 2006 წლის 12 ნოემბრისათვის ამ ბინის სხვა პირზე, კერძოდ, რ.დ-ძისათვის გადაცემის შესაძლებლობას, მით უფრო, როცა 2006 წლის 12 ნოემბრის ამხანაგობის საერთო კრების ოქმში დაფიქსირდა არასწორი მონაცემები, რომ ა. ს-იანის წევრობიდან გაყვანის შედეგად გამოთავისუფლებულ ¹16 ოროთახიან ბინაში 1995 წლიდან ამხანაგობის წევრად მიღებულ იქნა რ. დ-ძის ოთხწევრიანი ოჯახი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი. პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობის თავმჯდომარე დ.ზ-ძემ დაადასტურა რ. დ-ძის ამხანაგობის წევრად მიღებისა და ამხანაგობის წევრთა საერთო კრების ¹12 ოქმის საფუძველზე კენჭისყრის შედეგად მისთვის სადავო ბინის გადაცემის ფაქტები. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ შეაფასა მოპასუხის მიერ დადასტურებული ფაქტების ნამდვილობა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არასწორად მიიჩნია დ.ზ-ძის განმარტება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე, მეოთხე ნაწილებით, 103-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, ვინაიდან რ.დ-ძეს სასამართლოსათვის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში 1995 წლისათვის ა. ს-იანის ნაცვლად მისი წევრად მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, სასარჩელო მოთხოვნა ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სამართალმემკვიდრის – ბინის ¹46 ამხანაგობის ა. ს-იანის შესაბამის წილზე წევრად აღიარების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ქ.ბათუმში, ... ქ.¹101-ში მდებარე ბინების მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ოროთახიანი ¹16 ბინის რ. დ-ძის საკუთრებაში აღრიცხვაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების თაობაზეც.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. დ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 123-ე მუხლისა და 124-ე მუხლის მეხუთე აბზაცით, ასევე “საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს ¹573 დადგენილებით დამტკიცებული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების მე-10, 27-ე პუნქტებით, 31-ე პუნქტის “გ” ქვეპუნქტით, 35-ე მუხლის მესამე აბზაცით და გაეთვალისწინებინა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, რომ ა. ს-იანი იყო ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სრულუფლებიანი წევრი, რომელმაც გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ დაუთმო კასატორს. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა და თავისი თანხმობა გამოთქვა კოოპერატივის თავმჯდომარემაც. ამდენად, რ.დ-ძე ამჟამად კოოპერატივის წევრია და ფლობს წილს იმ უფლება-მოვალეობებით, რაც ა. ს-იანს გააჩნდა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივიდან წევრის გასვლასა და მის მაგივრად ახალი წევრის მიღებას, რისთვისაც საჭირო იყო წილის გამსხვისებლისა და შემძენის შეთანხმება, რომელსაც გაიზიარებდა საერთო კრება და აისახებოდა საერთო კრების ოქმში. აღნიშნულის შემდეგ საერთო კრების ოქმი უნდა დაემტკიცებინა შესაბამის ორგანოს კოოპერატივის თავმჯდომარის წარდგინებით. კოოპერატივში გაწევრიანება არ მოითხოვდა სანოტარო ან სხვა განსაკუთრებულ წესს. მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა რა წილის დათმობა, კოოპერატივის თავმჯდომარეს კრების ოქმი შესაბამისი ორგანოსათვის არ წარუდგენია. კასატორი სადავო წილის მესაკუთრედ უნდა ჩაითვლოს ასევე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა “საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონი, რომელიც არეგულირებდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის საქმიანობას. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილების, 1512-ე მუხლის თანახმად, დღეისათვის ¹46 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი გაუქმებულია და მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობა, შესაბამისად, ამავე კოდექსის 930-ე და 932-ე მუხლების მიხედვით, ზემოხსენებული კოოპერატივის ვალდებულებებზეც სწორედ ის არის პასუხისმგებელი. სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე კოოპერატივის თავმდჯომარემ აღიარა ა.ს-იანის მიერ რ.დ-ძისათვის სადავო წილის დათმობისა და შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ფაქტები, რაც დადასტურდა კოოპერატივის საერთო კრებაზე. აღნიშნულის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით და სარჩელში მითითებული გარემოებანი დადასტურებულად ჩათვალა, თუმცა სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ამავე კოდექსის 133-ე მუხლით განსაზღვრული აღირების გაქარწყლების წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეიუდიციული ძალა მიანიჭა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია საქმეზე განსხვავებულ მხარეებს შორის, სხვა მოთხოვნაზე და საფუძვლით, კერძოდ, ეხება რ.დ-ძის სარჩელს ს-ძეების სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რ.დ-ძე სადავო ბინას დაეუფლა, ვინაიდან აღნიშნული გამოიხატება არა მარტო ნივთის უშუალო ფლობით, არამედ მფლობელის ნებართვით სხვისთვის ამ ნივთზე უფლების გადაცემითაც. სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების სახით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ბინების განაწილების კრების ოქმის დართვის შესახებ, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას მოიშველია ეს მტკიცებულებები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მთავარ საფუძვლადაც გამოიყენა. სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი ბინების განაწილების შესახებ კრების ოქმი, თუმცა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა მინიჭებოდა ¹12 ოქმს უპირატესობა რ.დ-ძის მიერ წარდგენილ ოქმთან მიმართებაში. ნიშნადობლივია, რომ ¹12 ოქმით ბინების განაწილების შედეგი საჯარო რეესტრში არ ასახულა. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მას ხელს აწერს ამხანაგობის თავმჯდომარე მ. ხ-ია, რომელიც ფაქტობრივად ამხანაგობის თავმჯდომარედ ვერ ჩაითვლება. საჯარო რეესტრის 2008 წლის 9 ივლისის ¹22/02-4422 წერილით დასტურდება, რომ მ.ხ-ია სადავო მრავალბინიან სახლში მდებარე რომელიმე ბინის მესაკუთრე არ არის. იგი მიწვეულ თავმჯდომარედ ვერ ჩაითვლება, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ამავე სახლის ბინის მესაკუთრეები არც ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობის 2008 წლის 14 მარტის კრების თავმჯდომარე ნ. ს-ძე და არც მდივანი _ ბ. კ-ძე არიან. სწორედ დასახელებულ კრებაზე გათავისუფლდა ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან დ.ზ-ძე და არჩეულ იქნა მ.ხ-ია. ამასთან, კრების დამსწრეთა უმრავლესობა ასევე არ წარმოადგენდნენ ბინის მესაკუთრეებს, შესაბამისად, კრების გადაწყვეტილება უკანონოა, ამხანაგობის თავმჯდომარედ კვლავ დ.ზ-ძე უნდა ჩაითვალოს და მხოლოდ მას გააჩნდა უფლება, ამხანაგობის სახელით შეეტანა სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ¹46 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა თანახმაა, მის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ... ქ.¹101-ში მდებარე ¹16 ბინა თანასაკუთრების უფლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში თანაბარწილად აღირიცხოს 1/2 _ ზ. ს-ძისა და 1/2 _ ი. ს-ძის სახელზე;
2. თანაბარწილად ზ. ს-ძისა და ი. ს-ძის სახელზე აღრიცხვის შემდგომ აღნიშნული ფართი ერთი წლის მანძილზე გასხვისდეს და მიღებული თანხა გადაეცეს თანაბრად ზ. ს-ძესა და ი. ს-ძეს წილის შესაბამისად;
3. ი. ს-ძისათვის გადაცემული თანხით (რომელიც ჩაირიცხება მის პირად ანგარიშზე) 6 თვის ვადაში მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, მშობლებმა შეიძინონ ბინა ი. ს-ძის სახელზე;
4. ბინის გაუსხვისებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულებისათვის სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ უნდა იქნეს ზ. ს-ძისა და ი. ს-ძის მიერ არანაკლებ სამი თვის განმავლობაში ერთწლიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან.
მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. დ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2008 წლის 30 დეკემბერსა და ჯემალ ს-ძის მიერ 2009 წლის 20 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1200 ლარი, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება რ. დ-ძესა და ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობას შორის შემდეგი პირობებით:
1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ¹46 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა თანახმაა, მის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ... ქ.¹101-ში მდებარე ¹16 ბინა თანასაკუთრების უფლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში თანაბარწილად აღირიცხოს 1/2 _ ზ. ს-ძისა და 1/2 _ ი. ს-ძის სახელზე;
2. თანაბარწილად ზ. ს-ძისა და ი. ს-ძის სახელზე აღრიცხვის შემდგომ აღნიშნული ფართი ერთი წლის მანძილზე გასხვისდეს და მიღებული თანხა გადაეცეს თანაბრად ზ. ს-ძესა და ი. ს-ძეს წილის შესაბამისად;
3. ი. ს-ძისათვის გადაცემული თანხით (რომელიც ჩაირიცხება მის პირად ანგარიშზე) 6 თვის ვადაში მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, მშობლებმა შეიძინონ ბინა ი. ს-ძის სახელზე;
4. ბინის გაუსხვისებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულებისათვის სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ უნდა იქნეს ზ. ს-ძისა და ი. ს-ძის მიერ არანაკლებ სამი თვის განმავლობაში ერთწლიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან.
შეწყდეს საქმის წარმოება რ. დ-ძის სარჩელის გამო ბინის მესაკუთრეთა ¹46 ამხანაგობის მიმართ კოოპერატივის წევრად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
რ. დ-ძეს დაუბრუნდეს რ. დ-ძისა და ჯემალ ს-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1200 ლარის ოდენობით.
განემარტოთ მხარეებს, რომ დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით და იმავე საგანზე დაუშვებელია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.