დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1168-1313-08 16 ივნისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
კასატორი (მოსარჩელე) _ სს “ .. ..”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ბ. ს-ძე, წარმომადგენელი ზ. ხ-ია; ი. დ-შვილი (არ გამოცხადდა)
მესამე პირები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურო (არ გამოცხადდა); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სარეგისტრაციო სამსახური (არ გამოცხადდა)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებები
დავის საგანი _ ქონებაზე ყადაღის მოხსნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 5 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ .. ..-ის” აქციონერმა ბ. ს-ძემ მოპასუხე ამავე საზოგადოების აქციათა რეგისტრატორის (დირექტორი) ი. დ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს, როგორც სს “ .. ..-ის” აქციათა რეგისტრატორს, დავალებოდა სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში 109 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მესაკუთრედ (აქციონერად) მოსარჩელის დარეგისტრირება (ტომი I, ს.ფ. 2).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით ბ. ს-ძის (წარმომადგენელი მ. ჯ-ია) განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე სს “ქუთაისის .. ..-ის” უძრავ ქონებას, დადგინდა განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
საქალაქო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელი (ტომი II, ს.ფ. 8,14-16).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ .. ..-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციათა რეგისტრატორს _ დირექტორ ი. დ-შვილს დაევალა ბ. ს-ძის, როგორც ამ საზოგადოების 109 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის აქციონერის დარეგისტრირება სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციათა რეესტრში (ტომი I, ს.ფ. 184-185).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში (ტომი II, ს.ფ. 73-80, 124-125).
2007 წლის 25 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, იმის გარკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება ბ. ს-ძის სს “ქუთაისის .. ..-ის” 109 ცალი ჩვეულებრივი აქციის მფლობელ აქციონერად დარეგისტრირების თაობაზე, შესასრულებლად სავალდებულოა თუ არა ყველა იმ პირისათვის, რომელიც აწარმოებს სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციათა რეესტრს.
განმცხადებლის ზემოაღნიშნული მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ქუთაისის სასამართლო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების მიუხედავად გადაწყვეტილება ამ დრომდე არ აღსრულებულა. გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებდა ის გარემოება, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებული იყო ი. დ-შვილი, როგორც ფიზიკური პირი და არა საზოგადოების აქციათა რეგისტრატორი (ტომი II, ს.ფ. 128-129).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ბ. ს-ძის განცხადება დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება განიმარტა შემდეგნაირად: ბ. ს-ძის, როგორც სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციონერად დარეგისტრირება წარმოადგენს ყველა იმ სააქციო საზოგადოების აქციათა რეგისტრატორის ვალდებულებას, რომელიც კონკრეტული დროის პერიოდისათვის აწარმოებს სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციათა რეესტრს (ტომი II, ს.ფ. 134).
სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს .. ..-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტომი II, ს.ფ. 136-138).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სს “ .. ..-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, ბ. ს-ძის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად, სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციათა რეგისტრატორს _ ი. დ-შვილს დაევალა ბ. ს-ძის, როგორც ამ საზოგადოების 109 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის აქციონერის დარეგისტრირება სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციათა რეესტრში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სავსებით გასაგები და ნათელი იყო. გადაწყვეტილებიდან ცხადად და კონკრეტულად ჩანდა, რომ ბ. ს-ძის სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციონერად დარეგისტრირება დაევალა საწარმოს რეგისტრატორს. შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტება დაუშვებელი იყო. მართალია, განცხადებიდან ირკვეოდა, რომ ი. დ-შვილი სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციათა რეგისტრატორს არ წარმოადგენდა და ამ მიზეზით გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდებოდა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილი იყო დაეყენებინა მოთხოვნა რეგისტრატორის უფლებამონაცვლის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის შესაბამისად ან საერთო სასარჩელო წარმოების წესით (ტომი II, ს.ფ. 151-154).
2008 წლის 11 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ .. ..-მა” მოპასუხეების _ ბ. ს-ძისა და ი. დ-შვილის, მესამე პირების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე სს “ .. ..-ის” კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.
მოსარჩელემ მიუთითა ბ. ს-ძის სარჩელით აღძრულ სამოქალაქო დავაზე გამოტანილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განჩინებაზე, რომლის საფუძველზეც ქუთაისის სააღსრულებო ბიურომ ყადაღა დაადო ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე სს “ქუთაისის .. ..-ის” უძრავ ქონებას. ამავე საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა საზოგადოების აქციათა რეესტრში ბ. ს-ძის, როგორც საზოგადოების 109 ცალი სახელობითი აქციის მფლობელი აქციონერის დარეგისტრირება.
მოსარჩელის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნული განხორციელდა ისე, რომ თავად სააქციო საზოგადოება, როგორც მხარე, პროცესში სათანადო წესით არ მიუწვევიათ. ამასთან, ი. დ-შვილი არ წარმოადგენდა აქციათა რეგისტრატორს და “მეწარმეთა შესახებ” კანონიდან, ასევე სააქციო საზოგადოების წესდებიდან გამომდინარე, არ გააჩნდა საზოგადოების აქციათა გასხვისების უფლებამოსილება. სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, მოვალეს წარმოადგენდა ი. დ-შვილი, როგორც ფიზიკური პირი და არა როგორც საზოგადოების აქციათა რეგისტრატორი. ასეთ ვითარებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება კანონსაწინააღმდეგო იყო. მით უფრო, იგი ვერ განხორციელდებოდა მესამე პირის ქონების ხარჯზე.
მოსარჩელისათვის გაუგებარი იყო, ი. დ-შვილის ვალდებულებათა გამო აღსრულება რატომ უნდა მიქცეულიყო იურიდიული პირის _ სს “ .. ..-ის” უძრავ ქონებაზე, რომელსაც არც კანონით და არც წესდებით სხვის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. კუთვნილ ქონებაზე ყადაღის უკანონოდ დადების გამო 2005 წლიდან სააქციო საზოგადოებას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგებოდა.
მოსარჩელე საგულისხმოდ მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ აქციები, რომლის საკუთრებაში აღრიცხვასაც მოსარჩელე მოითხოვდა, სს “ .. ..-ის” აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით უკვე გაუქმებული იყო (ტომი III, ს.ფ. 1-3).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ .. ..-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე, 266-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით და განჩინებებით დგინდებოდა, რომ სს “ქუთაისის .. ..-ის” აქციონერად დარეგისტრირება დაევალა ამავე საზოგადოების რეგისტრატორ ი. დ-შვილს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სააქციო საზოგადოების ქონებას. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში სასამართლოს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე აღარ შეეძლო სადავო გაეხადა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გამოერკვია, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ქონების დაყადაღება ან სარჩელის დაკმაყოფილება, იყო თუ არა სააქციო საზოგადოება მოპასუხე და უნდა ეგო თუ არა მას პასუხი თავისი ქონებით ი. დ-შვილის ვალდებულებებისათვის.
დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის მიღებაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მაგრამ იგი ამ დრომდე არ აღსრულებულა, ასაბუთებდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ უკანონო ყადაღის არსებობის გამო ილახებოდა სააქციო საზოგადოების საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, რამდენადაც მითითებულ ქონებას ყადაღა ედო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და უნდა შესრულდეს (ტომი III, ს.ფ. 72-74).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის მითითებით, 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ბ. ს-ძის მოთხოვნებზე მოპასუხეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი ი. დ-შვილი. ბ. ს-ძის სარჩელით აღძრულ სამოქალაქო დავაზე ი. დ-შვილის მოპასუხეობას ასევე ადასტურებდა სასამართლო სხდომის ოქმები, საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 აპრილის სხდომაზე ბ. ს-ძის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებლის სარჩელი წარდგენილი იყო ფიზიკური პირის ი. დ-შვილის მიმართ. ამასთან, ბ. ს-ძე ედავებოდა სააქციო საზოგადოების დირექტორს და არა საზოგადოებას.
აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ მას სარჩელი უნდა აღეძრა დაყადაღებული ქონების მესაკუთრის _ სს “ .. ..-ის” მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმდებოდა ამ განჩინებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება. მიუხედავად ამისა, ბ. ს-ძემ სარჩელი შეიტანა არა დაყადაღებული ქონების მესაკუთრის, არამედ ფიზიკური პირის ი. დ-შვილის მიმართ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192.2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს.
აპელანტმა მიუთითა ქუთაისის საქალაქო სასამართლის 2008 წლის 2 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ი. დ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის განაჩენი ი. დ-შვილის მიმართ დარჩა უცვლელი.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 631-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის _ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელე განმარტავდა, რომ ქონების დაყადაღების გამო სს “ .. ..” მოკლებული იყო შესაძლებლობას, ურთიერთობაში გამოსულიყო, როგორც სრულუფლებიანი მესაკუთრე (ტომი III, ს.ფ. 80-91).
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე სს “ .. ..-მა” განაცხადა აცილება მოსამართლე დ. ჟ-იანის მიმართ, რაც იმით დაასაბუთა, რომ ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის წესით მიღებულ იქნა განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ, აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა მოსამართლის აცილების საფუძველს (ტომი III, ს.ფ. 141-1420).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სს “ .. ..-ის” განცხადება მოსამართლე დ. ჟ-იანის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში განიხილებოდა სს “ .. ..-ის” სააპელაციო საჩივარი, დავის საგანს წარმოადგენდა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების კანონიერება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ .. ..-ის” განცხადება მოსამართლე დ. ჟ-იანის აცილების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31 მუხლებით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების საფუძვლები (ტომი III, ს.ფ. 144-146).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სს “ქუთაისის .. ..-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ყადაღის დადების კანონშეუსაბამობის თაობაზე და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე, 266-ე მუხლებიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო განეხილა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, რამდენად კანონშესაბამისად დაედო ყადაღა საზოგადოების ქონებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. ს-ძის სარჩელი, რომელიც საქმის განხილვის მომენტისათვის აღსრულებული არ იყო. ამასთან, დგინდებოდა ისიც, რომ მხარეს წარმოადგენდა სს “ .. ..”.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი III, ს.ფ. 149-156).
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე, მოსამართლის აცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ბ. ს-ძის მოთხოვნებზე მოპასუხეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი ი. დ-შვილი. ბ. ს-ძის სარჩელით აღძრულ სამოქალაქო დავაზე ი. დ-შვილის მოპასუხეობას ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომის ოქმები, საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 აპრილის სხდომაზე ბ. ს-ძის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებლის სარჩელი წარდგენილი იყო ფიზიკურ პირ ი. დ-შვილის მიმართ. ამასთან, ბ. ს-ძე ედავებოდა სააქციო საზოგადოების დირექტორს და არა საზოგადოებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამ შემთხვევაში ბ. ს-ძემ თავად განსაზღვრა, რომ სარჩელი შეეტანა ფიზიკური პირის _ ი. დ-შვილის მიმართ, რის გამოც სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა იურიდიული პირის _ სს “ .. ..-ის” წინააღმდეგ, ე.ი. გასცდენოდა მოთხოვნის ფარგლებს. ამდენად, მოვალეს, იგივე მოპასუხეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი ი. დ-შვილი და არა სააქციო საზოგადოება.
კასატორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ მას სარჩელი უნდა აღეძრა დაყადაღებული ქონების მესაკუთრის _ სს “ .. ..-ის” მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმდებოდა ამ განჩინებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება. მიუხედავად ამისა, ბ. ს-ძემ სარჩელი შეიტანა არა დაყადაღებული ქონების მესაკუთრის, არამედ ფიზიკურ პირ ი. დ-შვილის მიმართ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192.2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლის 2008 წლის 2 აპრილის განაჩენით ი. დ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის განაჩენი ი. დ-შვილის მიმართ დარჩა უცვლელი.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 631-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის _ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. კანონის აღნისნული ნორმიდან გამომდინარე, ქონების დაყადაღების გამო სს “ .. ..” მოკლებულია შესაძლებლობას, ურთიერთობაში გამოვიდეს როგორც სრულუფლებიანი მესაკუთრე.
მოსარჩელის მოთხოვნა, რომელსაც წარმოადგენს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, არ ნიშნავს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სადავოდ გახდას. პირიქით, მოსარჩელე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ეყრდნობა, როდესაც მიუთითებს, რომ ბ. ს-ძის სარჩელზე მოპასუხეს ი. დ-შვილი წარმოადგენს, რის გამოც სააქციო საზოგადოების ქონების იძულებით აღსასრულებლად მიქცევა, არამართლზომიერია.
მოსამართლე დ. ჟ-იანის აცილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობას კასატორი აფუძნებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. კასატორის აზრით, რამდენადაც მოსამართლემ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, საფუძვლიანია ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე დ. ჟ-იანი პირადად არის დაინტერესებული საქმის შედეგით (ტომი III, ს.ფ. 176-187).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გამოტანილია ი. დ-შვილის, როგორც კერძო პირის მიმართ და რომ გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი სს “ .. ..-ის” მიმართ, რომლის ქონებასაც ადევს ყადაღა. საქმის მასალების თანახმად, ბ. ს-ძის სარჩელი სს “ .. ..-ის” აქციათა რეესტრში 109 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის მესაკუთრედ (აქციონერად) დარეგისტრირების შესახებ მიმართული იყო ი. დ-შვილის, როგორც საზოგადოების დირექტორისა და აქციათა რეგისტრატორის და არა როგორც კერძო პირის მიმართ (ტომი I, ს.ფ. 2). საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სრულიად გარკვევით მიუთითებს, რომ სს “ .. ..-ის” აქციათა რეესტრში რეგისტრაცია ი. დ-შვილს დაევალა არა როგორც კერძო პირს, არამედ როგორც საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს _ საზოგადოების დირექტორს, რომლის კომპეტენციაშიც, იმავდროულად, შედიოდა აქციათა რეესტრის წარმოება (ტომი I, ს.ფ. 184-185). შესაბამისად, საზოგადოების დირექტორის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ახალ დირექტორს არ ევალება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთნაირად სავალდებულოა ყველა პირისათვის, რომელიც სს “ .. ..-ის” დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, როგორც ამ საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირისთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა აუცილებელია მანამ, სანამ უზრუნველყოფის ღონისძიების არარსებობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საქმეზე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის უზრუნველსაყოფადაც ამავე სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით ქუთაისში, ... ქ. ¹29-ში მდებარე სს “ქუთაისის .. ..-ის” უძრავ ქონებას დაედო ყადაღა, ამ დროისათვის კვლავაც აღუსრულებელია. ამასთან, კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელი გარემოებები ამ ეტაპზე აღარ არსებობს. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა განაცხადა, რომ ბ. ს-ძისათვის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული 109 აქცია შეადგენს სს “ .. ..-ის” კაპიტალის დაახლოებით 42%-ს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბ. ს-ძე წარმოადგენს სოლიდური წილის მქონე აქციონერს, რომელსაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს, გავლენა მოახდინოს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებებზე. ამ ეტაპზე იგი მოკლებულია აქციონერთა საერთო კრებაზე მონაწილეობის შესაძლებლობას იმის გამო, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. სადავო ქონებაზე ყადაღის მოხსნის პირობებში ბ. ს-ძე, როგორც სოლიდური წილის მფლობელი აქციონერი, მოკლებული იქნება ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას აქციონერთა საერთო კრებაზე. კასატორი კი ვერც იმ გარემოებას ასაბუთებს, რომ ქონებაზე ყადაღის მოხსნის შემთხვევაში გამოირიცხება ამ ქონების განკარგვის რეალური შესაძლებლობა.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მოსამართლე დ. ჟ-იანის აცილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე. მოსამართლის მიერ ერთი და იმავე მხარის მონაწილეობით წარმოებულ სხვადასხვა საქმეში მონაწილეობის მიღება, რაზეც მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს, არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების საფუძველს. შესაბამისად, კასატორს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სწორად ეთქვა უარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ .. ..-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებები;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.