დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-117-555-06 8 თებერვალი 2008წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს “ლ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ფ.” (მოსარჩელე)
თანამოპასუხეები _ 1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექცია (მოპასუხე)
2. სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
მესამე პირები _ ქ.ფოთის მერია; სს “ა.”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის განჩინება
დავისც საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ფ-ის“ უფროსმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს შპს ,,ლ-ის,’’ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციისა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ და მოითხოვა ფ-ის პირველ და მეორე ნავმისადგომებზე განლაგებული ნავსადგურის საკუთრებაში არსებული ნავთობტერმინალის სხვადასხვა მოწყობილობების ყადაღისაგან გათავისუფლება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ქონების დაყადაღების საფუძველს წარმოადგენდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 21 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ითვალისწინებს კრედიტორის, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოვალე შპს „ლ-ის“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებას. მოსარჩელის განცხადებით, 2003 წლის 26 ნოემბრის ოქმში მითითებული ქონება წარმოადგენს ნავსადგურის საკუთრებას და ირიცხება აღნიშნული საწარმოს ბალანსზე. შპს „ლ-სთან“ ფ-ს რაიმე ურთიერთობა არ გააჩნია.
წერილობითი შესაგებელით შპს „ლ-ის“ გენერალურმა დირექტორმა მ.კიკვიძემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ დაყადაღებული ქონება წარმოადგენს არა მოსარჩელის, არამედ შპს „ლ-ის“ საკუთრებას. ქ.ფოთის …ის რეკონსტრუქციის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 8 მარტის ¹221 დადგენილებისა და შემდგომ მინისტრის მოადგილესთან ჩატარებული თათბირის ოქმების ერთობლივი საწარმოს დამფუძნებელი დოკუმენტაციისა და საგარანტიო წერილების, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ბრძანების, პრემიერ-მინისტრის განკარგულების სამუშაოთა სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრის დოკუმენტების, ერთობლივი საწარმოს საწესდებო ფონდში წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრის 1993 წლის 10 დეკემბრის აქტისა და ამ აქტზე თანდართული ნუსხის, 1994 წლის 11 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ა-მა“ საკუთარი მოწყობილობებითა და დანადგარებით განახორციელა ფოთის …ის პირველი და მეორე ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი ტერმინალის მოწყობილობების მიწისზედა სამუშაოები, რის შედეგადაც ქ.ფოთის …ის მიწისზედა ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი ტერმინალის მშენებლობისათვის (მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მოწყობილობების, დანადგარების, სამშენებლო სამონტაჟო საშუალებების ფულადი დანახარჯების), როგორც ერთობლივი საწარმოს საწესდებო კაპიტალში საქმიანი მონაწილეობის მთლიანი წილი, აყვანილ იქნა სს „ა-ის“ საბალანსო ანგარიშზე. 2000 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით სს „ა-მა“ დასახელებული ქონება გადასცა შპს „ლ-ს“, რომელიც მხარეთა მორიგების სახით დაუმტკიცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 24 თებერვლის განჩინებით. აღნიშნული ქონება მოიხსნა სს „ა-ის“ საბალანსო ანგარიშებიდან და აყვანილ იქნა შპს „ლ-ის“ ბალანსზე. ქონების გადაცემის კანონიერება შეისწავლა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ, რის შემდეგაც მიღებულ იქნა დასკვნა ქონების გადაცემის კანონშესაბამისობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ლ-ის“ გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 26 ნოემბრის აქტით დაყადაღებული ფ-ის პირველ და მეორე ნავსადგომზე განლაგებული ნავსადგურის საკუთრებაში არსებული ნავთობგადასაზიდი ტერმინალის მოწყობილობა.
ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ლ-ის“ გენერალურმა დირექტორმა მ.კიკვაძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს “ლ-ს” სს “ა-ისაგან” გადაეცა არა ქონება, არამედ უფლება, მიეღო სს “ა-ის” მიერ ფოთის პორტისათვის 1993 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემული მოწყობილობა-დანადგარების და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, როგორც ერთობლივი საწარმოს “აზ-ის” საწესდებო კაპიტალში საქმიანი მონაწილეობისათვის უფლება-მოვალეობათა მთლიანი მიუღებელი წილი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს “ა-სა” და შპს “ლ-ს” შორის წარმოშობილი ურთიერთობა სამართლებრივად სწორედ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაა და არა უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება. ამდენად სააღსრულებო ბიურო არ იყო უფლებამოსილი დაეყადაღებინა სადავო ქონება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ-მ“. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, კასატორის აზრით, საქმე განხილულია არაგანსჯადი სასამართლოს და არაუფლებამოსილი მოსამართლეების მიერ.
კასატორის აზრით, გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე, 389-ე და 312-ე მუხლებს. განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ არის აღნიშნული დასკვნები და მოსაზრებები შპს “ლ-ის” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესახებ, არასწორადაა განმარტებული რიგი საკითხები, დამახინჯებულია ფაქტები. სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრებულ პირს ავალდებულებს დააბრუნოს მიღებული. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე რომ საქმე განხილულია არაგანსჯადი სასამართლოს მიერ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს თუ ვინ უნდა იყოს მოპასუხე ასეთი დავების დროს. სადავო ქონების დაყადაღებისას კრედიტორს წარმოადგენდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, მოვალეს კი შპს „ლ.“ სწორედ აღნიშნული პირები წარმოადგენენ მოპასუხეებს მოცემულ დავაში. ის რომ საქმეში მონაწილეობს საგადასახადო ორგანო არ ნიშნავს იმას, რომ დავა უნდა განიხილებოდეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი წესით, ადმინისტრაციის საქმეთა განსჯადობას განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. კასატორი კი ვერ უთითებს ამ კანონის ვერცერთ ნორმას, რომლის საფუძველზეც დავა უნდა განიხილოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველმა სასამართლომ.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა განმეორებით მიიღეს მონაწილეობა იგივე საქმის განხილვაში, დაარღვიეს კანონი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი განსაზღვრავს მოსამართლეთა საქმის განხილვაში განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის შემთხვევებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კასატორის მიერ მითითებული მოსამართლეები უფლებამოსილნი იყვნენ განეხილათ აღნიშნული საქმე, რადგან მათ იგივე საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ არც პირველი ინსიტანციის და არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე რომ სასამრთლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაყადაღებული სადავო ქონება შპს „ლ-ის“ საკუთრებაა. საკასაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს „ლ-ის“ საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა შპს „ფ-ის“ სარჩელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის და შპს „ლ-ის“ მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილობის თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ფ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ფ-ში“ არსებული ¹1 და ¹2 ნავმისადგომების მიმდებარე 1.2 ჰა მიწის ნაკვეთზე არსებული მიწის უძრავ-მოძრავი ქონების შპს „ლ-ის“ სასარგებლოდ განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დღეისათვის უზუსტობა დადგენილია და გამომდინარე აქედან საჯარო რეესტრის მონაცემები ვერ იქნება მიღებული მხედველობაში სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფოთის ქალაქის მთავრობის საკუთრებაში არსებულ მიწაზე არსებული ქონება არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა პირის საკუთრება. სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის შემადგენელ ნაწილებზეც. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად არსებითი შემადგენელი ნაწილი ცალკე უფლების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს კანონს რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სადავო ობიექტი ჩაითვალოს ცალკე უფლების ობიექტად, ხოლო კასატორის მიერ მითითებული ხელშეკრულებები თუ სხვადასხვა აქტები. (მინისტრის ბრძანებები, მინისტრთა კაბინეტი დადგენილებები და ა.შ.) ვერ შეცვლის კანონის ამ ნორმას, რადგან კანონი უფრო მაღალი იერარქიის აქტია, ვიდრე კასატორის მიერ მითითებული აქტებია.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მიწის ნაკვეთი რომელზეც მდებარეობს სადავო ქონება პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში (უსასყიდლო აღნაგობის უფლებით) გადაცემული აქვს ფოთის ...-ს, ამიტომ არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აღნიშნულ ქონებაზე შპს „ფ.“ წარმოადგენს არასათანადო მხარეს.
პალატა ამასთანავე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ლ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.