დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-681-637-2010 25 იანვარი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ ა. და ს. ბ-ძეები (წარმომადგენელი ვ. ხ-შვილი)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ფ. გ-ძე, ლ. გ-ძე, გ. გ-ძე, მ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ნათესაური კავშირის დადგენა, პირის გარდაცვლილად გამოცხადება, სამკვიდროს მიღება, სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 26 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ა. და ს. ბ-ძეებმა მოპასუხეების _ ფ., ლ., გ. და მ. გ-ძეების მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ უ. და მ. ბ-ძეები იყვნენ მეუღლეები 1930 წლიდან;
2. მ. ბ-ძის გარდაცვლილად გამოცხადება 1940-1941 წლებიდან;
3. მ. ბ-ძის წილიდან სამკვიდრო ქონების 1/3-ის ი. ბ-ძის მიერ მიღებულად მიჩნევა;
4. უ. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან (ი. ბ-ძის წილის, მის მიერ მიშენებული ფართის გამოკლებით) მოსარჩელეებისათვის, როგორც თანმყოფი მემკვიდრეებისათვის სავალდებულო წილის გამოყოფა;
5. 2002 წლის 30 დეკემბრის ¹2-50 სამკვიდრო მოწმობასა (რომლითაც მოპასუხეებმა უ. ბ-ძის ანდერძის საფუძველზე მიიღეს ამ უკანასკნელის სახელზე რიცხული უძრავი ქონება) და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, რომ ა. და ს. ბ-ძეების მამას _ ი. ბ-ძეს ბათუმში, ... ქ.¹19-ში გააჩნდა მამისეული სახლი. ეს სახლი 1935 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შეიძინეს მათმა ბებიამ და ბაბუამ _ მ. და უ. ბ-ძეებმა. თავის დროზე სახლი გაფორმდა უ. ბ-ძის სახელზე. მოსარჩელეთა ინფორმაციით, ბაბუა მ. ბ-ძე გარდაიცვალა 1940-1941 წლებში. მას დარჩა 3 პირველი რიგის მემკვიდრე: შვილი ი. ბ-ძე (მოსარჩელეების მამა, დაბადებული 1936 წელს), მეუღლე უ. ბ-ძე და მეორე შვილი ნ. ბ-ძე (დაბადებული 1934 წელს). იმ დროისათვის არასრულწლოვანმა ი. ბ-ძემ სამკვიდროს ნახევრიდან (მამის წილიდან) მიიღო 1/3 წილი. ი. ბ-ძე გარდაიცვალა 1991 წლის 29 იანვარს. გარდაცვლილს დარჩა 4 პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ე. ს-ძე, შვილები _ ა., მა. და ს. ბ-ძეები. მა. ბ-ძე გარდაიცვალა 2008 წელს და მას შვილები არ დარჩენია. მოსარჩელეების ბებია უ. ბ-ძე გარდაიცვალა 2001 წლის 18 აპრილს. უ. ბ-ძეს ანდერძი დაუტოვებია შვილიშვილებისათვის ქალიშვილის მხრიდან. ა. და ს. ბ-ძეებს არ უცდიათ მიეღოთ მამის წილი მემკვიდრეობით, ასევე ბებიის წილი დანაშთი ქონებიდან, რამდენადაც ისინი იყვნენ თანმყოფი მემკვიდრეები, თავიანთ წილს ფაქტობრივად ფლობდნენ და განკარგავდნენ როგორც მამკვიდრებლების გარდაცვალებამდე, ისე მის შემდგომაც.
მოსარჩელეების მითითებით, მას შემდგომ, რაც მათი სახლის გვერდით წარმოებული მშენებლობის (რომელიც აბნელებდა მათივე საცხოვრებელი სახლის ფანჯრებს) აღმოფხვრის მიზნით განიზრახეს სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა, შეიტყვეს, რომ მთლიანი სახლთმფლობელობა ბებიის ანდერძის საფუძველზე საკუთრებაში აღურიცხავთ ფ., ლ., გ. და მ. გ-ძეებს. სამკვიდროს გაფორმებისას მოპასუხეებს არ გაუთვალისწინებიათ ა. და ს. ბ-ძეების სავალდებულო წილი.
სარჩელის თანახმად, უ. და მ. ბ-ძეებს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა, ისინი ფაქტიურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1930 წლიდან. ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საქართველოში 1944 წლის 8 ივლისამდე მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია სავალდებულო არ იყო. მართალია, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 1944 წლის 8 ივლისის ბრძანებულების მე-19 მუხლი მიუთითებდა, რომ სამართლებრივ შედეგებს იწვევდა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება და მხარეებს ავალდებულებდა, ბრძანებულების შემდეგ ქორწინების რეგისტრაციას, მაგრამ აღნიშნული დროისათვის მ. ბ-ძე ცოცხალი არ იყო. ცხადია ასეთ ვითარებაში იგი ქორწინების რეგისტრაციაში ვერ გატარდებოდა. ამგვარი პრობლემების მოსაწესრიგებლად იმავე უმაღლესმა საბჭომ 1944 წლის 9 ნოემბერს მიიღო ბრძანებულება, რომლის თანახმად, თუ 1944 წლის 8 ივლისის ბრძანებულების გამოცემამდე ერთ-ერთი მეუღლე გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდაა დაკარგული ომში, მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ქორწინების ფაქტის დადგენის შესახებ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მ. ბ-ძის გარდაცვალების თაობაზე ცნობები არ გააჩნდათ, იცოდნენ მხოლოდ ის, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იმყოფებოდა რუსეთში. აქედან გამომდინარე, ვარაუდობდნენ, რომ მ. ბ-ძე ომში გაიწვიეს ან მოხვდა იმ ადგილას, სადაც საომარი მოქმედება მიმდინარეობდა და დაიღუპა. სარჩელში ასევე მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ი. ბ-ძემ 70-80-იან წლებში მის წილ ფართს დამოუკიდებლად მიაშენა 55 კვ.მ ფართი, რაც მოსარჩელეების მოსაზრებით სამკვიდრო ქონებაში არ უნდა შესულიყო. ამასთან, უ. ბ-ძემ მისი წილიდან 1981 წელს გაყიდა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი. უ. ბ-ძე დაახლოებით 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა გვერდით სახლში, ქალიშვილ ნ.-სთან (მოსარჩელეების მამიდა) და რაიმე შემოსავალი არ გააჩნდა (ტომი 1, ს.ფ. 1-12).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. და ს. ბ-ძეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, კერძოდ, 1930 წლიდან უ. ბ-ძესა და მ. ბ-ძეს შორის ქორწინების ფაქტი; ა. და ს. ბ-ძეების ბაბუა მ. ბ-ძე გარდაცვლილად გამოცხადდა 1947 წლის 31 დეკემბრიდან; უ. ბ-ძის სახელზე რიცხული ბათუმში, ... ქ.¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 7/75 ნაწილის მესაკუთრეებად ცნობილ იქნენ ა. და ს. ბ-ძეები; დანარჩენი ფართი 2002 წლის 30 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარჩა ფ., ლ., გ. და მ. გ-ძეების საკუთრებაში; შესაბამისი ცვლილებები შევიდა ნოტარიუს მ. მ-ძის მიერ 2002 წლის 30 დეკემბერს მოპასუხეების სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობასა (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-150) და საჯარო რეესტრის მონაცემებში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმში, ... ქ.¹19-ში მდებარე სახლთმფლობელობის 14/25 ნაწილი 1935 წლის 30 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა უ. ბ-ძის საკუთრებაში. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2001 წლის 8 აპრილს. 2002 წლის 30 დეკემბრის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უ. ბ-ძის მემკვიდრეობა მიიღეს მოპასუხეებმა _ ფ., ლ., გ. და მ. გ-ძეებმა;
უ. ბ-ძე, რომლის ქორწინებამდელი გვარი იყო ნ-ძე, 1930 წელს დაქორწინდა მ. ბ-ძეზე, მაგრამ აღნიშნული ქორწინების რეგისტრაცია არ განხორციელებულა. ამას ადასტურებდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცნობა, რომლის თანახმად, მ. ბ-ძისა და უ. ნ-ძის ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი 1927-1939 წლების ჩანაწერებში არ ინახება;
უ. ბ-ძესა და მ. ბ-ძეს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნ. ბ-ძე და ი. ბ-ძე. ი. დაიბადა 1935 წლის 13 აგვისტოს, ხოლო ნ. მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო;
1935 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უ. ბ-ძემ შეიძინა ბათუმში, ... ქუჩაზე (ამჟამინდელი... ქ.¹19-ში) მდებარე სახლთმფლობელობა, სადაც იგი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად;
დაახლოებით 1938-1939 წლებში მ. ბ-ძე წავიდა სავაჭროდ რუსეთში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ამის შემდეგ რაიმე ინფორმაცია მის შესახებ ოჯახისათვის ცნობილი არ ყოფილა. იგი არ დაკავშირებია ოჯახის წევრებს ან ახლობლებს;
ა. და ს. ბ-ძეები (მოსარჩელეები) არიან მ. ბ-ძისა და უ. ბ-ძის ვაჟიშვილის ი. ბ-ძის შვილები, ხოლო მოპასუხეები (ფ., ლ., გ., მ. გ-ძეები) მ. ბ-ძისა და უ. ბ-ძის ქალიშვილის ნ. ბ-ძის შვილები.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ მ. ბ-ძე 1938-1939 წლებში წავიდა ქ.ბათუმში, ... ქ.¹19-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი ადგილიდან და 70 წელზე მეტი დროის განმავლობაში ამ მისამართზე არ გამოჩენილა. ამასთან, დასახელებული დროის განმავლობაში არ მოიპოვებოდა არანაირი ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ, რაც სამოქალაქო კოდექსის 22.1 მუხლიდან გამომდინარე, მისი გარდაცვლილად გამოცხადების საფუძველს წარმოადგენდა. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი სასამართლო წესით შეიძლება გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, აგრეთვე თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. საქალაქო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელეების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სავარაუდო იყო მ. ბ-ძის დაღუპვა საომარი მოქმედებების დროს, რამდენადაც ეს უკანასკნელი რუსეთში იმყოფებოდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში და გაუჩინარდა სწორედ ისეთ დროს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი.
საქალაქო სასამართლომ მ. ბ-ძის გარდაცვალების დღედ მიიჩნია 1947 წლის 31 დეკემბერი, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 22.4 მუხლის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომი დასრულდა 1945 წელს, მ. ბ-ძის გარდაცვალების დროდ უნდა მიჩნეულიყო საომარი მოქმედებების დასრულებიდან ორი წლის შემდეგი დრო, ანუ 1947 წელი. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლიდან გამომდინარე, მ. ბ-ძის გარდაცვალების დღედ მიიჩნეოდა წლის ბოლო დღე _ 1947 წლის 31 დეკემბერი.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საფუძვლიანი იყო მოსარჩელეთა მოთხოვნა მ. ბ-ძესა და უ. ბ-ძეს შორის ქორწინების ფაქტის დადგენის თაობაზე. საქმის მასალებით, ასევე მოწმეების ჩვენებებით დგინდებოდა, რომ მ. ბ-ძე და უ. ბ-ძე, რომლის ქორწინებამდელი გვარი იყო ნ-ძე, 1930 წელს მართლაც დაქორწინდნენ და იმყოფებოდნენ ფაქტიურ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში. ამას ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ უ. ნ-ძემ გვარი შეიცვალა და გადავიდა ბ-ძის გვარზე. ასეთადაა იგი მოხსენიებული 1935 წლის 30 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც. მართალია, 1997 წლამდე მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-19 მუხლის, ისევე როგორც ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტიური ცოლ-ქმრობა არ წარმოშობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს, მაგრამ საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში განსხვავებულ ვითარებასთან გვქონდა საქმე. 1944 წლის 8 ივლისამდე საქართველოში აღიარებული იყო ფაქტიური საქორწინო ურთიერთობა და მათ მიმართ, ვინც ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მითითებულ დრომდე მოქმედებდა განსაკუთრებული წესი. მხოლოდ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 1944 წლის 8 ივლისის ბრძანებულების მე-19 მუხლით დადგინდა, რომ სამართლებრივ ურთიერთობებს წარმოშობდა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება და ეს ბრძანებულება მხარეებს ავალდებულებდა გატარებულიყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მიუხედავად ამისა, მ. ბ-ძე ქორწინების რეგისტრაციაში ვერ გატარდებოდა, რადგან როგორც საქმეზე დადგინდა, 1939 წლიდან იგი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. 1944 წლის 9 ნოემბერს უმაღლესმა საბჭომ მიიღო ბრძანებულება, რომლის თანახმად, თუ აღნიშნული ბრძანებულების გამოცემამდე ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა ან ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელი იყო დადგენილიყო ქორწინების ფაქტი, რაც გახდებოდა მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველი, მიუხედავად ქორწინების რეგისტრაციის არარსებობისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ უ. ბ-ძე და მ. ბ-ძე 1930 წლიდან იყვნენ ცოლ-ქმარი, რაც წარმოადგენდა მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველს, მიუხედავად რეგისტრაციის არარსებობისა. შესაბამისად, ბათუმში, ... ქუჩაზე (ამჟამინდელი... ქ.¹19-ში) მდებარე, უ. ბ-ძის საკუთრებაში რიცხული ქონება (რომელიც უ. ბ-ძემ შეიძინა 1935 წლის 30 დეკემბერს), წარმოადგენდა უ. ბ-ძისა და მ. ბ-ძის თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1997 წლამდე მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, მ. ბ-ძის სამკვიდრო გაიხსნა 1947 წლის 31 დეკემბერს, სასამართლოს მიერ ამ უკანსკნელის გარდაცვლილად გამოცხადების დროდ მიჩნეულ თარიღში.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობით დგინდებოდა, რომ უ. ბ-ძის სახელზე ირიცხებოდა ბათუმში, ... ქ.¹19-ში მდებარე სახლთმფლობელობის 14/25 ნაწილი, საიდანაც მ. ბ-ძის სამკვიდროს წარმოადგენდა ნახევარი (7/25). აღნიშნული ნახევრის 1/3 ფაქტობრივი ფლობით მიიღო ი. ბ-ძემ. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ მთლიანობაში ი. ბ-ძის წილს უ. ბ-ძის სახელზე რიცხული სახლიდან შეადგენდა 7/75, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა 1947 წლიდან ანუ სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ი. ბ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონება 1991 წლის 29 იანვრიდან (ი. ბ-ძის გარდაცვალების თარიღი) მიიჩნეოდა მისი პირველი რიგის მემკვიდრეების _ ა. და ს. ბ-ძეების საკუთრებად. მათ მამის სამკვიდრო (უ. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 7/75 ნაწილი) მიიღეს ფაქტობრივი ფლობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უ. ბ-ძის ანდერძით მემკვიდრეებს _ ფ., ლ., გ. და მ. გ-ძეებს ანდერძის საფუძველზე უნდა მიეღოთ ბათუმში, ... ქ..¹19-ში მდებარე უ. ბ-ძის სახელზე რიცხული არა მთლიანი წილი, არამედ მხოლოდ ის, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც ჰქონდა მამკვიდრებელს, ანუ უ. ბ-ძის სახელზე რიცხული წილს უნდა გამოკლებოდა ა. და ს. ბ-ძეების კუთვნილი წილი _ 7/75. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხეების სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
რაც შეეხებოდა მოსარჩელეების მოთხოვნას უ. ბ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან (ი. ბ-ძის სამკვიდრო წილის გამოკლებით) სავალდებულო წილის გამოყოფის თაობაზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლით ზუსტად განისაზღვრება სავალდებულო წილის მიმღებ პირთა წრე. აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ მამკვიდრებლის შვილებს, შობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. იმის გამო, რომ უ. ბ-ძის გარდაცვალებას წინ უსწრებდა მოსარჩელეების მამის, ი. ბ-ძის გარდაცვალება, ბუნებრივია, რომ იგი მოგვიანებით გარდაცვლილი უ. ბ-ძის სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირი ვერ იქნებოდა. თავად მოსარჩელეები კანონის მიერ განსაზღვრულ ამ პირთა წრეში არ შედიოდნენ. შესაბამისად, ისინიც ვერ იქნებოდნენ სავალდებულო წილის მიმღები პირები (ტომი 1, ს.ფ. 158-172, 173-174).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფ., ლ., გ. და მ. გ-ძეებმა (წარმომადგენელი ნ. დ-ძე), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 187-197).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო წილის გამოყოფაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ს. და ა. ბ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი დასახელებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. გარდა ამისა, აპელანტებმა მოითხოვეს გადაწყვეტილებით წილების ციფრობრივ განსაზღვრაში დაშვებული შეცდომის გასწორება (ტომი 2, ს.ფ. 51-61).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ფ., მ., ლ. და გ. გ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით ს. ბ-ძისა და ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ს. და ა. ბ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად უმთავრესი იყო იმის დადგენა, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა ბათუმში,... ქ.¹19-ში მდებარე სახლი, რომელიც უ. ბ-ძემ უანდერძა მოპასუხეებს.
იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს ახალ წესებს, ამასთან, უ. ბ-ძის ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება რთული წერილობითი ფორმით დადო უ. ბ-ძემ და მასზევე მოხდა ამ ქონების რეგისტრაცია ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 1514-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე, მისი ფუნქციები დაკისრებული ჰქონდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს. ამასთან, გარიგების დადების დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შენობის ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და გატარებული ყოფილიყო სანოტარო არქივის რეგისტრაციაში, რაც განხორციელდა კიდეც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე საკუთრება მოიპოვა უ. ბ-ძემ.
რაც შეეხებოდა საკითხს იმის შესახებ, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა თუ არა უ. ბ-ძისა და მ. ბ-ძის თანასაკუთრებას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მათ შორის უფლება-მოვალეობები არ წარმოშობილა და მ. ბ-ძეს სადავო ქონებაზე თანასაკუთრება არ მოუპოვებია სამოქალაქო კოდექსის 1158.1 მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით დადგენილია, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა უ. ბ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ძე არ ჩაითვლებოდა ქონების თანამესაკუთრედ დავის გადასაწყვეტად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე არსებული ნორმატიული აქტების გამოყენების შემთხვევაშიც. როგორც 1930 წლის რედაქციით საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის მე-14 მუხლის, ასევე, 1970 წლის რედაქციით საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობოდა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინებით. ამავე კოდექსების მე-17 და 21-ე მუხლების მიხედვით, მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების მიერ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას. რამდენადაც მ. ბ-ძესა და უ. ბ-ძეს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ. ბ-ძე ქონების თანამესაკუთრე არ გამხდარა 1930 წლის რედაქციით საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის მე-17 მუხლით დადგენილი წესითაც.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მ. ბ-ძესა და უ. ბ-ძეს შორის არსებული ფაქტობრივი ქორწინება უნდა გაუთანაბრდეს რეგისტრირებულ ქორწინებას სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 10 ნოემბრის ბრძანებულების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ბრძანებულებისა და სსრკ იუსტიციის სახალხო კომისრის 1944 წლის 26 ნოემბრის ¹დ-41 დირექტიული წერილის თანახმად, მეუღლედ ცნობის მოთხოვნის უფლება ჰქონდა ფაქტიურ ქორწინებაში მყოფ მეორე მეუღლეს და არა სხვა პირს. მოცემულ შემთხვევაში უ. ბ-ძეს მითითებული აქტების საფუძველზე, არ მოუთხოვია მ. ბ-ძის მეუღლედ ცნობა, ხოლო მესამე პირების მოთხოვნით, მ. ბ-ძესა და უ. ბ-ძეს შორის არსებული ფაქტიური ცოლ-ქმრული ურთიერთობის, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, გათანაბრება რეგისტრირებულ ქორწინებასთან დაუშვებელია.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ისიც, რომ მოსარჩელეებს რომც ჰქონოდათ უ. ბ-ძესა და მ. ბ-ძეს შორის არსებული ფაქტიური ცოლ-ქმრული ურთიერთობის ცნობის მოთხოვნის უფლება, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ აკმაყოფილებდა ზემომითითებული ბრძანებულების მოთხოვნებს. ამ ბრძანებულებისა და დირექტიული წერილის თანახმად, ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობის ცნობა ხდებოდა იმ შემთხვევაში, როცა ერთ-ერთი მეუღლე იყო გარდაცვლილი ან ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგული, რაც უნდა დადასტურებულიყო ოფიციალური საბუთებით: მოწმობით სიკვდილის რეგისტრაციის შესახებ ან შეიარაღებული ძალებიდან მიღებული უწყებით პირის დაღუპვის ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვებოდა არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 1944 წლის 10 ნოემბრისათვის მ. ბ-ძე იყო გარდაცვლილი ან ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგული. ამდენად, უ. ბ-ძესა და მ. ბ-ძეს შორის შორის არსებული ფაქტიური ცოლ-ქმრული ურთიერთობის ცნობის საფუძვლები არ არსებობდა. შესაბამისად, უ. ბ-ძე უფლებამოსილი იყო ანდერძით სრულად განეკარგა სადავო ქონება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ა. და ს. ბ-ძეებს არა აქვთ უ. ბ-ძის დანაშთ ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლზე და განმარტა, რომ სავალდებულო წილი ეკუთვნით მხოლოდ მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს. ამ მუხლში მოცემული სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირების ჩამონათვალი ამომწურავია, სხვა პირებს სავალდებულო წილის მიღების უფლება არა აქვთ. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის მე-2 წინადადებაში საუბარია მოთხოვნის უფლების მემკვიდრეობითობაზე, მაგრამ ეს წინადადება არ შეიძლება განხილულ იქნეს იმავე მუხლის 1-ლი წინადადებისაგან დამოუკიდებლად, სადაც ნათქვამია, რომ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და, სწორედ ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით. ეს ნიშნავს, რომ თუ სამკვიდროს გახსნის შემდეგ, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე ვერ მოასწრებს სამკვიდროს მიღებას, ეს უფლება შედის მის სამკვიდრო მასაში და გადადის მემკვიდრეობით.
მოცემულ შემთხვევაში უ. ბ-ძის დანაშთ ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე ი. ბ-ძე გარდაიცვალა უ. ბ-ძის სამკვიდროს გახსნამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ბ-ძის სამკვიდროში არ შესულა უ. ბ-ძის სამკვიდროზე სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება და ი. ბ-ძის მემკვიდრეებს (ს. და ა. ბ-ძეები) უ. ბ-ძის სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება არ გააჩნდათ.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ მ. ბ-ძის გარდაცვლილად გამოცხადების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ მ. ბ-ძე უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ ვითარებაში (ტომი 2, ს.ფ. 101-109).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ს. ბ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორთა განმარტებით, მართალია, 1920-1930-იან წლებში მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვდა პირებს შორის ქორწინების რეგისტრაციას, მაგრამ იმდროინდელი ცხოვრებისა და დაბალი მართლშეგნების გამო იგი ფაქტობრივად არ ხორციელდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით 1944 წლის 8 ივლისს სსრ კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ბრძანებულება, რომლის თანახმად, ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ამ ბრძანებულებით დადგინდა, რომ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობდა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება და მხარეებს დაევალათ მისი დარეგისტრირება. რამდენადაც ამ დროისათვის მ. ბ-ძე ცოცხალი არ იყო, ბუნებრივია, რომ მასა და უ. ბ-ძეს შორის ქორწინების რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. ამგვარი პრობლემის მოსაწესრიგებლად 1944 წლის 9 ნოემბერს სსრკ უმაღლესმა საბჭომ მიიღო ბრძანებულება, რომლის თანახმად, თუ 1944 წლის 8 ივლისის ბრძანებულების გამოცემამდე ერთ-ერთი მეუღლე გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდაა დაკარგული ომში, მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს ფაქტობრივი ქორწინების დადგენის შესახებ. დასახელებული ბრძანებულების გამოცემის შემდგომ მთელს საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საქართველოში ხდებოდა სასამართლოების მიერ ფაქტიური ქორწინების ფაქტის დადგენა.
კასატორები მცდარად მიიჩნევენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივებს, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მ. ბ-ძე 1944 წლის 10 ნოემბრისათვის იყო გარდაცვლილი ან ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგული. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 1938-1939 წლებში მ. ბ-ძე წავიდა რუსეთში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ამასთან, მის შესახებ არაფერი იციან.
კასატორები ასევე არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ა. და ს. ბ-ძეებს არ ჰქონდათ უფლება სასამართლოში დაეყენებინათ სარჩელი უ. ბ-ძესა და მ. ბ-ძეს შორის ფაქტიური ცოლ-ქმრული ურთიერთობის დადგენის შესახებ, რამდენადაც საქმე შეეხება უშუალოდ მათ ინტერესებს და სამკვიდრო ქონებას, რომლის მიღების უფლებაც კანონით გააჩნდათ.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირთა წრე. სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლი ზოგადად მიუთითებს, თუ ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით, სადაც ჩამოთვლილია მემკვიდრეთა წრე რიგითობის მიხედვით. კანონის აღნიშნული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირველი რიგის მემკვიდრეებს მიეკუთვნებიან შვილები, მეუღლე და მშობლები, ანუ პირები, რომლებიც მითითებულნი არიან სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლში. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, შვილიშვილები მემკვიდრეთა ჩამონათვალში მითითებულნი არიან, თუმცა ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდნენ მემკვიდრეები, თუ სამკვიდროს გახნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ეკუთვნოდა. ამასთან, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის სამკვიდროს გახსნამდე გარდაცვალების შემთხვევაში, შვილიშვილები მემკვიდრეობით ერთვებიან როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები და იკავებენ მათი მშობლების (სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირების) ადგილს. ი. ბ-ძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, მას როგორც კანონისმიერ მემკვიდრეს უფლება ექნებოდა მიეღო სავალდებულო წილი, ამიტომ, ეს უფლება უნდა გადავიდეს მის შვილებზე (ტომი 2, ს.ფ. 121-131).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. და ა. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ.ბათუმში ... ქ.¹19-ში მდებარე სახლთმფლობელობის 14/25 ნაწილი 1935 წლის 30 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა უ. ბ-ძის საკუთრებაში;
1996 წლის 25 სექტემბრის ანდერძით უ. ბ-ძემ სადავო სახლი უანდერძა თავის შვილიშვილებს - გ., მ., ფ. და ლ. გ-ძეებს;
2001 წლის 18 აპრილს უ. ბ-ძე გარდაიცვალა;
2002 წლის 30 დეკემბრის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უ. ბ-ძის სამკვიდრო ქონება მიიღეს მოპასუხეებმა _ ფ., ლ., გ. და მ. გ-ძეებმა;
უ. ბ-ძე 1930 წლიდან 1938-1939 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ბ-ძესთან. ამის შემდგეგ მ. ბ-ძე სახლიდან გაემგზავრა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია;
უ. ბ-ძესა და მ. ბ-ძეს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნ. ბ-ძე და ი. ბ-ძე. ი.ი დაიბადა 1935 წლის 13 აგვისტოს, ხოლო ნ. მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო;
ი. ბ-ძე გარდაიცვალა 1991 წლის 29 იანვარს, მისი შვილები არიან ა. და ს. ბ-ძეები (მოსარჩელეები);
ფ., ლ., გ. და მ. გ-ძეები (მოპასუხეები) არიან ნ. ბ-ძის შვილები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონება _ ქ.ბათუმში, ... ქ.¹19-ში მდებარე სახლთმფლობელობის 14/25 ნაწილი, წარმოადგენდა უ. ბ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებას.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას რეგისტრირებულ ქორწინებას უკავშირებდა ასევე მანამდე მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსებიც. კერძოდ, საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის (1930 წლის რედაქციით) მე-14, მე-17 მუხლების, აგრეთვე საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის (1970 წლის რედაქციით) მე-19, 21-ე მუხლების შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობდა მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში გაფორმებული დაქორწინება. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას. მეუღლეებს ჰქონდათ ამ ქონებით სარგებლობის, მისი მფლობელობისა და განკარგვის თანაბარი უფლება.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მ. ბ-ძესა და უ. ბ-ძეს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა. შესაბამისად, უ. ბ-ძის მიერ 1935 წელს შეძენილი სადავო უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად ვერ იქნება მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 10 ნოემბრის ბრძანებულების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს უ. ბ-ძე უნდა ეცნო მ. ბ-ძის მეუღლედ და მათ შორის არსებული ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, უნდა გაეთანაბრებინა რეგისტრირებული ქორწინებისათვის.
დასახელებული ბრძანებულების მიხედვით, თუ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 8 ივლისის ბრძანებულების გამოცემამდე არსებული ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ამავე ბრძანებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, იმის გამო, რომ ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მყოფ პირთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა ან ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მაშინ მეორე მხარეს უფლება აქვს სახალხო სასამართლოში შეიტანოს განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ცნობილ იქნას გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მეუღლედ წინათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ბრძანებულებით განისაზღვრა 1944 წლის 8 ივლისამდე გარდაცვლილის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულის მეუღლედ ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი _ ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მყოფი ცოცხლად დარჩენილი მეუღლე. აღნიშნულს ცხადყოფს ასევე სსრკ იუსტიციის სახალხო კომისრის 1944 წლის 26 ნოემბრის ¹დ-41 დირექტიული წერილის შინაარსი, რომელიც სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ზემოხსენებული ბრძანებულების შესასრულებლად გამოიცა. აღნიშნული წერილის მიხედვით, ის პირი, რომელმაც შეიტანა განცხადება ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობის ცნობის შესახებ, მოვალეა წარმოადგინოს საბუთები, რომლითაც დამტკიცდება იმ პირის სიკვდილის ან ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი, რომელთანაც განმცხადებელს ფაქტობრივად ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდა. ამასთან, თუ სასამართლო ცნობს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, იგი გამოიტანს დადგენილებას განმცხადებლის ცნობის შესახებ გარდაცვლილის ან ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგულის მეუღლედ. სხვა საკითხებს (პენსიის უფლება, მემკვიდრეობა და სხვა) სასამართლოს დადგენილება არ უნდა ეხებოდეს.
მოცემულ შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგული მ. ბ-ძის მეუღლედ უ. ბ-ძის ცნობას და მათ შორის არსებული ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობის რეგისტრირებულ ქორწინებასთან გათანაბრებას მოითხოვენ უ. ბ-ძის შვილიშვილები _ ს. და ა. ბ-ძეები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ასეთი მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მიენიჭა მხოლოდ გარდაცვლილთან ან ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთან ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მყოფ მეუღლეს. მოცემულ შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგული მ. ბ-ძის მეუღლედ ცნობის მოთხოვნის უფლება ჰქონდა მასთან ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მყოფ უ. ბ-ძეს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს გარდაცვალებამდე ხსენებული მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს ზემოაღნიშნული მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება რომც ჰქონდეთ, მათი მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს მ. ბ-ძის ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ზემოხსენებული ნორმატიული აქტების მიხედვით, სასამართლო ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს, ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე, ცნობდა ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მეუღლედ. სსრკ იუსტიციის სახალხო კომისრის 1944 წლის 26 ნოემბრის ¹დ-41 დირექტიული წერილის თანახმად, ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგვის დამადასტურებელ საბუთებად ჩაითვლება: ა) წითელარმიის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ უწყება, მიღებული სამხედრო კომისარიატიდან, ან მოქმედი არმიის რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის დანაკარგის პერსონალური აღრიცხვის სამმართველოდან; ბ) სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ უწყება, მიღებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირადი შემადგენლობის დანაკარგის აღმრიცხველი ცენტრალური ბიუროდან, ან ფლოტის (ფლოტილიის) საორგანიზაციო სამწყობრო განყოფილებიდან და სამხედრო ნაწილის სარდლობიდან; გ) შინსახკომისარიატის ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ უწყება, მიღებული სამხედრო კომისარიატიდან ან შსსკ ჯარების სათანადო მთავარი ან საოკრუგო სამმართველოდან ან და სამხედრო ნაწილის სარდლობისაგან. ზემოხსენებული საბუთები, როგორც ითქვა, კასატორთა მიერ წარდგენილი არ ყოფილა და აღნიშნულთან დაკავშირებით მათ არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოუდგენიათ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ უ. ბ-ძის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების უფლება მოსარჩელეებს არ გააჩნიათ. კასატორები აღნიშნულ მოთხოვნას იმით ასაბუთებენ, რომ მათი აწ გარდაცვლილი მამა – ი. ბ-ძე წარმოადგენდა უ. ბ-ძის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს და ეს უფლება მათ მემკვიდრეობით მიიღეს.
სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის, უ. ბ-ძის, გარდაცვალებას წინ უსწრებდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის, კასატორების მამის – ი. ბ-ძის გარდაცვალება. შესაბამისად, ეს უკანასკნელი მოგვიანებით გარდაცვლილი უ. ბ-ძის სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მისაღებად მოწვეული ვერ იქნებოდა.
კასატორების მოთხოვნის უსაფუძლობას განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლი, რომლის თანახმად, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სავალდებულო წილთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია ისეთი იურიდიული ფაქტის დადგომა, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება, რაც იწვევს სამკვიდროს გახსნას. უ. ბ-ძის ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ და შესაბამისად, სავალდებულო წილის მიღების უფლებითაც შეეძლოთ ესარგებლათ მხოლოდ ამ მომენტისათვის ცოცხლად მყოფ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებს. კასატორებზე მათი მამის სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ ეს უკანასკნელი სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე გარდაიცვლებოდა, რომ სავალდებულო წილის მიღებას ვერ მოასწრებდა.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს მათთვის სავალდებულო წილის მიკუთვნების საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით. აღნიშნული ნორმა ადგენს კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეს, რომელშიც შვილიშვილებიც შედიან. ისინი ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეებად, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმა განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა _ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე _ მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ანდერძი მოიცავს მთელ სამკვიდროს და შესაბამისად, სადავო ურთიერთობა რეგულირდება სავალდებულო წილის მომწესრიგებელი ნორმებით, რომლებიც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების მიერ მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. და ა. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.