დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002691563
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №809აპ-20 ქ. თბილისი
ბ.ჯ. 809აპ-20 27 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - დავით ხვედელიძის
მსჯავრდებულ - ჯ. ბ-ის
ადვოკატ - მ. ჯ-ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. ბ-ს, - დაბადებულს … წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ჯ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 5 აპრილის განაჩენით ჯ. ბ-ს ს-ს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქ. თ., პენიტენციური დეპარტამენტის მე… დაწესებულებაში, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ. ბ-მ მსჯავრდებული ლ. გ. მოატყუა, რომ ჰყავდა ნაცნობი პროკურორი, გ. დ. , რომლის დახმარებითაც შეძლებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას. ჯ. ბ-მ ლ. გ. დაარწმუნა, რომ 5 000 ლარის სანაცვლოდ მას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და ეს თანხა პროკურორ გ. დ-სთვის უნდა გადაეცათ ჯ. ბ-ს მეშვეობით. აღნიშნულის შემდეგ ჯ. ბ-მ ლ. გ-ს მეუღლეს 10 000 ლარი გადაარიცხვინა თავისი ახლობლის, ლ. ვ-ს ანგარიშზე, რასაც თაღლითურად დაეუფლა. ჯ. ბ-ს ქმედებით დაზარალებულ ლ. გ-ს მიადგა 10 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
- ჯ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
- ჯ. ბ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა განაჩენით ჯ. ბ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯ. ბ-ს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 18 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 13 აგვისტოდან 2019 წლის 18 დეკემბრამდე და 2016 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ბ-ს გამართლებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ჯ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გვერდი აუარა საქმისათვის მნიშვნელოვანი დეტალების კრიტიკულ შეფასებას, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, რადგან საქმეში არ არსებობს პროკურორის წერილობითი დავალება, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მე-2 სამმართველოს გამომძიებელს უფლებას მისცემდა 2018 წლის 18 სექტემბრის შემდგომ ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები და მოეპოვებინა მტკიცებულებები.
6. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ წარმოადგინა შესაგებელი.
7. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატმა მ. ჯ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
2. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.
3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ. ბ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
4. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ. გ-მ განაცხადა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში გადაიყვანეს საკანში, სადაც იმყოფებოდა ჯ. ბ. გაცნობის შემდეგ, ვინაიდან ჯ. მასავით ა. აღმოჩნდა, მის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდა და დამეგობრდნენ. ამ პერიოდში ლ. გ. ბრალდებული იყო და არ იცოდა, როგორ წარიმართებოდა მისი საქმე. ჯ. ბ-მ უთხრა, რომ პროკურორი მისი ნაცნობი იყო, ძალიან მალე ელოდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და მასაც დაეხმარებოდა (გვარად დ., სახელი არ ახსოვს). დაჰპირდა, რომ 5 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ, მაქსიმუმ ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით. თუკი ვერ გაუკეთებდა, თანხას დაუბრუნებდა უკან. მართალია, ჯ. ბ-ც პატიმარი იყო, მაგრამ ენდო მას, რადგან მისთვის პირველი ბრალდება იყო და არ იცოდა, რა ხდებოდა ციხეში. ამასთან, ჯ. ბ-მ გააფრთხილა, რომ არაფერი ეთქვა ადვოკატისათვის, რადგან რაც უფრო ცოტა ადამიანს ეცოდინებოდა, უკეთესი იქნებოდა. იმ პერიოდში სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება დაზარალებულს არ ჰქონდა, ამიტომ ჯ. ბ. მის ნაცვლად უკავშირდებოდა მის ოჯახს, რითაც, როგორც აღმოჩნდა, მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა, მის შვილს მიულოცა დაბადების დღე, მეუღლეს აუხსნა, რომ თვითონაც ა. იყო, ლ. კარგად იყო და არაფერზე ენერვიულა. ვინაიდან იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო თანხა არ გააჩნდათ, ჯ-ის მეშვეობით მეუღლეს შეუთვალა, თუ ვისთან შეეძლო მისულიყო თანხის სასესხებლად, მან ვერ დაიმახსოვრა და ფურცელზე დაუწერა სახელი და გვარი. ამ საუბრიდან მალევე, მისი მეუღლის, მ. გ-ს თხოვნით, მის სანახავად მივიდა შვილის ნათლია - მამა გ. (გ.) გ., რომელმაც გადაამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს მ. გ-ს მიერ ჯ. ბ-სგან მიღებული ინფორმაცია. ლ. გ-მ გ. გ-ს დაუდასტურა, რომ ჯ. ბ. მისი დავალებით მოქმედებდა და მ---ს 5 000 ლარი ჯ. ბ-ს ადვოკატისთვის უნდა გადაეცა ხელზე. მამა გ-მ ჰკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა, რადგან ციხეში ბევრი თაღლითობა ხდებოდა, მან კი მიუგო, რომ ჯ. ბ-ც ა. იყო, ენდობოდა მას და არ მოატყუებდა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯ. ბ-მ მ. გ-ს თანხა ვინმე ლ. ვ-ს საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა. ვინაიდან ჯ. ბ-ს ჩართულობით საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდა, ჯ. ბ-ს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა და უთხრა, რომ მისი მეუღლე მეორე დღესვე მიიღებდა თანხას. სასამართლოში მისი მორიგი ყოფნისას გაირკვა, რომ თანხა ჯ. ბ-საგან კიდევ არ ჰქონდა დაბრუნებული მეუღლეს. სასამართლო სხდომიდან დაბრუნებული, ჯ. ბ-მ საკანში არ შეუშვა, რის გამოც სხვა საკანში გადაიყვანეს და მასთან დალაპარაკების შესაძლებლობა აღარ მისცემია. 2016 წლის 30 დეკემბერს მის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვინაიდან მას მიეცა სატელეფონო საუბრების უფლება, 2017 წლის 6 იანვარს ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლეს, რომლისგანაც შეიტყო, რომ ჯ. ბ-მ იმავე ანგარიშზე იმავე ოდენობის თანხა მეორედაც ჩაარიცხინა. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, მაგრამ არც იმ პირობებით, რაც ჯ. ბ-მ უთხრა და არც იმ პროკურორის დახმარებით, ვისზეც ჯ. მიუთითებდა, მან აღიარა დანაშაული და სწორედ ამიტომ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. მას ჯ. ბ-სათვის ფული არ უსესხებია, რადგან არ ჰქონდა სხვისთვის სასესხებელი თანხა. 2017 წლის 26 იანვარს მიმართა ს-ს მთავარ პროკურატურას და მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის თაობაზე განაცხადა. ჯ. ბ-ს თანხა არ დაუბრუნებია, არც მისი ოჯახის წევრებისათვის მიუმართავს. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ჯ. ბ-ს თაღლითობისათვის ნასამართლობა, მან იცოდა, რომ ჯ. ბ. სასჯელს იხდიდა ადამიანის დაჭრისათვის.
5. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ. გ-მ განაცხადა, რომ არის დაზარალებულ ლ. გ-ს მეუღლე. ლ. ბრალდებულად ყოფნის პერიოდში ვერ ახერხებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან ტელეფონით დაკავშირებას. დაუკავშირდა ჯ. ბ. და უთხრა, რომ იყო ლ-ს თანამესაკნე, უთხრა, არაფერზე ენერვიულათ, შემდეგ კვირაში ერთხელ ან ათ დღეში ერთხელ უკავშირდებოდა და გადმოსცემდა მოკითხვას მისი მეუღლისაგან. 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ჯ. ბ. , უთხრა, რომ მას ჰყავდა კარგი ადვოკატი, რომელიც ეხმარებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში და ანალოგიურად შეეძლო ლ-სთვისაც გაეკეთებინა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ამის სანაცვლოდ საჭირო იყო თანხის - 5000 ლარის გადახდა. ჯ. ბ-ს ნათქვამი მოძღვრის - გ. გ-ს მეშვეობით გადაამოწმა, რომელიც შეხვდა ლ- და ამ უკანასკნელმა დაუდასტურა, რომ 5 000 ლარი უნდა გადაეცა პირისთვის, რომელიც დაუკავშირდებოდა, რადგან თავისთვის იკეთებდა საპროცესო შეთანხმებას და დაჰპირდა, რომ მასაც გაუკეთებდა. თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, აღნიშნული თანხა ერთ-ერთ სხდომაზე კონკრეტული პირისთვის უნდა გადაეცა ხელში. თუმცა სასამართლო სხდომაზე ის პიროვნება არ გამოჩნდა, მისმა მეუღლემ ანიშნა „ფული არაო“ და შესაბამისად, თანხის გადაცემა არ მომხდარა. იმავე დღეს, ან რამდენიმე დღის შემდეგ მობილურის საშუალებით კვლავ დაუკავშირდა ჯ. ბ. , რომელსაც მოწმემ უთხრა, რომ თანხა უკვე ჰქონდა. ჯ. ბ-მ უთხრა სახელი და გვარი, ვისთვისაც ს-ს ბ-დან გადარიცხავდა თანხას, რა დროსაც მიაწოდებდნენ კოდს, რომელსაც შემდეგ ჯ. ბ-ს უკარნახებდა. მივიდა და თანხა გადარიცხა ლ. ვ-ს სახელზე, მიაწოდეს კოდი, მეორე დღეს დაურეკა ჯ. ბ-მ და ჩაიწერა კოდი. დაახლოებით ერთ კვირაში ჯ. ბ. კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ თანხა საპროცესო შეთანხმებისთვის საკმარისი არ იყო და იმავე ანგარიშზე დამატებით 5000 ლარი უნდა გადაერიცხა. ორ-სამ დღეში ისევ დაურეკა, დაინტერესდა თანხა მოიძია თუ არა, უთხრა, რომ რაღაცას მოახერხებდა, ქმრის გათავისუფლებისათვის ყველაფერს გააკეთებდა, იშოვა თანხა, რომელიც 2016 წლის 20 დეკემბერს ისევ იმავე პიროვნების სახელსა და გვარზე გადარიცხა. ამჯერად ჯ. ბ-ს ნათქვამის გადამოწმება საჭიროდ აღარ ჩათვალა, მის მეუღლესა და მამაოს შორის მანამდე შემდგარი საუბრიდან გამომდინარე. 2017 წლის 6 იანვარს, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის მიმართ დადგა განაჩენი, ტელეფონით დაუკავშირდა ლ. (მეუღლე), რა დროსაც გაირკვა, რომ მეორე გადარიცხვის შესახებ მან არაფერი იცოდა. ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ჯ. ბ-მ ისინი მოატყუა და მათი თანხა მიისაკუთრა. სესხზე მასა და ჯ. ბ-ს შორის საუბარი არ ყოფილა, თანხა გადაურიცხა იმისათვის, რომ მისი მეუღლისათვის გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება. თანხა, რომელიც გადარიცხა, უკან არ დაბრუნებია, დღემდე იხდის ვალებს. ჯ. ბ-ს მისთვის არ დაურეკავს და არ შეუთავაზებია თანხის დაბრუნება.
6. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. გ-მა განაცხადა, რომ არის დაზარალებულის შვილის ნათლია. 2016 წლის დეკემბერში, მ. გ-ს თხოვნით, პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებაში შეხვდა ლ. გ-ს, რომელმაც უთხრა, რომ მ-ს ფული გადაეცა იმ პირისთვის, რომელიც მასთან ლ-ს სახელით დარეკავდა. როგორც მისთვის ლ. გ-საგან გახდა ცნობილი, ამ თანხის სანაცვლოდ ლ-ს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ჰპირდებოდნენ. სხვა დეტალები, ვისთვის უნდა გადაეცათ თანხა, ქალი იყო თუ მამაკაცი, მისთვის ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ლ-ს დანაბარები გადასცა მ. გ-ს.
7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ. ბ-მ განაცხადა, რომ 2016 წლის დეკემბერში ციხიდან ტელეფონით ორჯერ დაუკავშირდა შვილი - ჯ. ბ., რომელმაც უთხრა, რომ მათი სიძის - ლ. ვ-ს ანგარიშზე დარიცხული იყო თანხა - 5000-5000 ლარი. აღნიშნული თანხა უნდა გადაეცა ჯ-ს საქმეზე დაზარალებული პირისათვის, რათა მისთვის გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება. ლ. ვ-მ ანგარიშიდან გამოიტანა თანხა და მიაწოდა მას (ბ. ბ-ს). მიღებული თანხიდან 2 000 ლარი თავად დაიტოვა, დანარჩენი კი ლ. ვ-ს მისცა და მისი შვილების ანგარიშზე შეტანა სთხოვა. დაახლოებით 2-3 თვეში ლ. ვ-მ დაუბრუნა 8 000 ლარი და შეატყობინა, რომ მას მიაკითხა ორმა პირმა, რომლებიც ვინმე მ-ს სახელით ითხოვდნენ 10 000 ლარის დაბრუნებას, იმ მიზეზით, რომ ეს თანხა ჯ. ბ-მ სიძის ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხვინა თანამესაკნის მეუღლეს. ვინაიდან ჯ. ბ-სათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით დაზარალებულთან მოლაპარაკება ვერ შედგა, ლ. ვ-ს მიერ დატოვებული 8 000 ლარი, ჯ-ს მოთხოვნით, გადასცა ამ უკანასკნელის თურქ მევალეებს, კერძოდ, დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჯ. ბ. თ-ში ცხოვრობდა, სადაც ვალები დაუგროვდა და თ. მევალეები ჯ-ს დაკავების შემდეგ ითხოვდნენ ფულს. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ვ-მ.
8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ იმ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, სადაც სასჯელს იხდიდნენ ჯ. ბ. და ლ. გ., კერძოდ: გ. კ., გ. მ., გ. მ. და მ. ხ.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ. კ-მ განმარტა, რომ ლ. გ-ს მისთვის პრეტენზიით არ მიუმართავს. მას შესახლების დროს არ განუმარტავს ლ. გ-სათვის, რა მუხლით იყო მსჯავრდებული პირი, რომლის საკანშიც შეასახლეს. მოწმემ მიუთითა, რომ მასა და ჯ. ბ-ს შორის საუბარი იმის თაობაზე, ლ. გ-მ ასესხა თანხა, პროცენტით მისცა თუ აჩუქა, არ ყოფილა. მისი მორიგეობის დროს ცნობილი რომ გამხდარიყო თანხის მითვისების შესახებ ინფორმაცია, ის აუცილებლად მიიღებდა ზომებს.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ. მ-მ განმარტა, რომ მასა და ჯ. ბ-ს მის ნასამართლობაზე, რომლისთვისაც სასჯელს იხდიდა, არ უსაუბრიათ. მისთვის უცნობია, ლ. გ-მ იცოდა თუ არა ჯ. ბ-ს თაღლითობის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ. მოწმემ მიუთითა, რომ მასა და ჯ. ბ-ს შორის საუბარი იმის თაობაზე, ლ. გ-მ ასესხა თანხა, პროცენტით მისცა, თუ აჩუქა, არ ყოფილა. ამ ფაქტის შესახებ გაიგო საქმის აღძვრის შემდეგ. ლ. გ-ს მისთვის საჩივრით არ მიუმართავს.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ. მ-მ განმარტა, რომ მასა და ჯ. ბ-ს შორის იმ საქმეზე, რომლისთვისაც ის სასჯელს იხდიდა, საუბარი არ ყოფილა. ჯ. ბ-ს მიმართავდა სახელით და გვარით, მას თაღლითს არ ეძახდა. ლ. გ-ს ჯ. ბ-ს მიმართ პრეტენზია რომ დაეფიქსირებინა, ის მოახდენდა შესაბამის რეაგირებას. მისთვის უცნობია, ლ. გ-მ იცოდა თუ არა ჯ. ბ. რისთვის იხდიდა სასჯელს. მისთვის ჯ. ბ-ს არ უთქვამს, ლ. გ-მ ფული ასესხა თუ არა.
12. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა. ჟ-მ განაცხადა, რომ ჯ. ბ. იყო მისი თანასაკნელი. როგორც ჯ-სგან გაიგო, იმავე საკანში მის (ა. ჟ-ს) შესახლებამდე, მოთავსებული იყო ლ. გ, რომლისგანაც ჯ-ს ფულადი თანხა ჰქონდა სესხის სახით გამორთმეული. ჯ-ს განმარტებით, ეს თანხა ესაჭიროებოდა მისი დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად. ა. ჟ-ს თანდასწრებით, ჯ. ბ. ციხის თანამშრომლებსაც ეუბნებოდა, რომ ლ. გ-ს იმ ფულს დაუბრუნებდა. ჯ-ს ჰქონდა სურვილი, თანამშრომლებს შეეტყობინებინათ გ-სთვის, რომ თანხის დაბრუნებას აპირებდა. ჯ. ითხოვდა, რომ ანგარიშის ნომერი მაინც მიეწოდებინა ლ. გ-ს, რომელზეც ჯ-ს დედა ჩარიცხავდა თანხას.
13. ჯ. ბ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ლ. გ-მ თავად შესთავაზა თანხა ე.წ. პროცენტიანი სესხის სახით, ვინაიდან შეიტყო, რომ დაზარალებულად ცნობილი პირისთვის ზიანის ასანაზღაურებლად თანხა სჭირდებოდა და ვერ შოულობდა. როგორც ლ. ამტკიცებდა, ჰქონდა საკუთარი ბიზნესი. შეთანხმებისამებრ, ლ-ს მისთვის 5 000 ლარი უნდა ესესხებინა იმ პირობით, რომ ერთი თვის ვადაში 7 500 ლარს დაუბრუნებდა. ჯ. ბ-ს განმარტებით, ნასესხები თანხა, რომელიც ლ. გ-ს მეუღლეს თავისი სიძის ანგარიშზე ჩაარიცხინა, არ იყო საკმარისი დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებლად, ამიტომ ლ-სგან დამატებით 5 000 ლარი ისესხა. თავდაპირველად შეთანხმდნენ, რომ ლ-ს მეუღლე თანხას ჯ. ბ-ს ადვოკატს გადასცემდა, მაგრამ ადვოკატთან საუბრის შემდეგ, ლ. გ-ს შესთავაზა, თანხა პირდაპირ მისი ოჯახის რომელიმე წევრის ანგარიშზე ჩაერიცხა, რაზეც იგი დასთანხმდა. 2016 წლის 27 დეკემბერს ლ. გ. გაიყვანეს მისი საკნიდან. მას შემდეგ ლ. გ-სთან დაკავშირებას ცდილობდა ციხის თანამშრომლების დახმარებით, უნდოდა, რომ თანხა დაებრუნებინა, თუმცა - უშედეგოდ. 2017 წლის სექტემბერში შეიტყო, რომ ლ. გ-ს პროკურატურისთვის მიუმართავს საჩივრით და იგი თაღლითობაში დაუდანაშაულებია. ჯ. ბ-ის განმარტებით, არც ლ. გ-სა და არც მისი მეუღლისთვის არ უთქვამს, რომ 5 000 ლარის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში დაეხმარებოდა.
14. რეაგირების ოქმის თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი რ. პ. 2017 წლის 1 მაისს, ლ. გ-ს განცხადების საფუძველზე, გამოცხადდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- საპყრობილის ადმინისტრაციულ შენობაში. ზემოაღნიშნული საპყრობილის პატიმარმა ლ. გ-მ გასაუბრებისას განაცხადა, რომ მისმა თანამესაკნემ, ჯ. ბ-მ მოტყუებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებაში დახმარების დაპირებით, მიისაკუთრა მისი და მისი ოჯახის კუთვნილი თანხა - 10 000 ლარი.
15. 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერითა და მისი დათვალიერების ოქმის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში მ.გ-ს „ბ-ს“ ქსელში ჩართულ სიმბარათზე 16-ჯერ განხორციელდა შემავალი ზარი ნომრიდან …. მ. გ-ის განმარტებით, „აღნიშნული ზარების ავტორი იყო ჯ. ბ“, რომელიც N- პენიტენციური დაწესებულებიდან უკავშირდებოდა მას.
16. შპს „ო-ს“ დირექტორ გ. გ-ს 2018 წლის 30 ოქტომბრის მომართვის თანახმად, სატელეფონო სააბონენტო ნომრით … სარგებლობენ N- დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები.
17. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პენიტენციური დაწესებულების დირექტორ ნ. ქ-ს 2018 წლის 11 ოქტომბრის მომართვის თანახმად, ჯ. ბ. და ლ. გ. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრამდე განთავსებულნი იყვნენ ერთ საკანში.
18. სს „ს-ს ბ-ს“ 2018 წლის 12 სექტემბრის შესრულებული ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნის ოპერაციების შესახებ №…ცნობის თანახმად, ლ. ვ-ს 09.12.2016 წ. და 22.12.2016 წ. მ. გ-სგან მიღებული აქვს ფულადი გზავნილები - 5 000-5 000 ლარის ოდენობით.
19. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დასჯადია თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამდენად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდეს, რომ სუბიექტს ჰქონდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მოტყუების მეშვეობით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს. ამასთან, მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღებას.
20. მოცემულ შემთხვევაში, სხვისი კუთვნილი ნივთის მისაკუთრების განზრახვით მოქმედი ჯ. ბ. ლ. გ-ს მოტყუების გზით დაეუფლა ლ. გ-ს ოჯახის კუთვნილ თანხას - 10 000 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის - ლ. გ-ს, მ. გ-ს, გ. გ-ს, ბ. ბ-ს და ლ. ვ-ს ჩვენებებით, ასევე სს „ს-ს ბ-ს“ მიერ გაცემული ცნობით) დასტურდება, რომ ლ. გ-ს მიმართ ჯ. ბ-ს აქვს ფინანსური ვალდებულება. თანხის დაუფლების ფაქტს თავად დაცვის მხარეც არ უარყოფს. ამასთან, დაზარალებული ლ. გ-ს და მოწმე მ. გ-ს ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ ჯ. ბ-მ მოატყუა ლ. გ., რომ მისი ნაცნობი პროკურორისთვის თანხის გადაცემის სანაცვლოდ მას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება მაქსიმუმ ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით და ლ. გ-ს მეუღლეს საკუთარი სიძის (ლ. ვ-ს) ანგარიშზე ორჯერ ჩაარიცხვინა თანხა, რომელიც მსჯავრდებულმა საკუთარი ვალების გასასტუმრებლად გამოიყენა.
21. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ჯ. ბ. ლ. გ-ს კუთვნილ ქონებას დაეუფლა სწორედ მოტყუების გზით - დაზარალებულისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით მოიპოვა მისი ნდობა და სისრულეში მოყვანა თავისი განზრახვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაცვის მხარის პოზიცია, რომ ჯ. ბ-ს ნასამართლობის შესახებ ცნობილი იყო ლ. გ-სთვის, რის გამოც მას ჯ. ბ-ს მიმართ ნდობა ვერ გაუჩნდებოდა. მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებების თანახმად, ლ. გ-ს ჯ. ბ-ს საკანში არც შესახლების დროს და არც შემდეგ (ლ. გ-ს ჯ. ბ-ს საკანში ყოფნის დროს) ისინი არ საუბრობდნენ ლ. გ-სთან ან მისი თანდასწრებით, თუ რისთვის იყო მსჯავრდებული ჯ. ბ. ასევე არ დასტურდება მსჯავრდებულის მტკიცება, რომ დაზარალებულმა უფლება მისცა ჯ. ბ-ს, დაერეკა ლ. გ-ს ოჯახთან და თანხის მსჯავრდებულისთვის სასესხებლად ფულის სხვა პირებისაგან სესხება დაევალებინა, რადგან დაზარალებულის განმარტებით, მას არ ჰქონდა სხვისთვის სასესხებელი თანხა; ხოლო დაზარალებულის მეუღლის ჩვენებით დგინდება, რომ მას თანხის მოსაძიებლად რამდენიმე დღე დასჭირდა და თანხის მოძიებას ის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებისთვის ახდენდა. იგივე დასტურდება გ. გ-ს ჩვენებითაც (მ. გ-ს ფული უნდა გადაეცა საპროცესო შეთანხმების დაზარალებულთან გაფორმებაში დახმარებისათვის).
22. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ საკანში მიმდინარე ვიდეომეთვალყურეობისას და პატიმართა სატელეფონო საუბრისას ხდება პატიმართა საუბრების მოსმენა და ამიტომ ჯ.ბ-ს მხრიდან თაღლითობის ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებდა.
23. სასამართლო ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების - გ. მ-ს, მ. ხ-ს, გ. მ-ს, გ. კ-ს - ჩვენებებს. კერძოდ, გ. მ-სა და მ. ხ-ს ჩვენებების თანახმად, საკანში, სადაც ჯ. ბ. და ლ. გ. იყვნენ მოთავსებულნი, მიმდინარეობდა ვიზუალური კონტროლი და არა - საუბრების მოსმენა. პატიმრების მიერ სატელეფონო კავშირების განხორციელებისას ოფიცერი იმყოფება სამორიგეო ოთახში და შესაძლებელია, გაიგოს პატიმრის საუბარი (გააჩნია, როგორი ხმის ტემბრით საუბრობს პატიმარი), თუმცა საუბრის შინაარსით ისინი არ ინტერესდებიან. მ. ხ-მ ჩვენებაში დამატებით მიუთითა, რომ პატიმართა სატელეფონო საუბრისას ახდენდნენ მხოლოდ ვიზუალურ დაკვირვებას და საუბრის შინაარსზე ყურადღებას არ ამახვილებენ - არ აინტერესებთ, ვისთან ან რატომ რეკავს პატიმარი (ნომერი ავტომატურად ფიქსირდება და ჟურნალშიც ხდება იმ ნომრის ჩაწერა, რომელსაც პატიმარი მიუთითებს), დღის განმავლობაში დაახლოებით 30 პატიმარი სარგებლობს ტელეფონით და პატიმრების უმეტესობა საუბრობს თანხის ჩარიცხვაზე.
24. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მოწმე ა. ჟ-ს ჩვენების სასამართლოს მიერ არგაზიარების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ჟ-ს ჩვენება ირიბი ჩვენებაა, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით და ემყარება ჯ. ბ-ს მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ჯ. ბ-სა და მოწმე ა. ჟ-ს ჩვენებები (მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ლ. გ-ს დაუბრუნებდა მისგან ნასესხებ ფულს და სურდა თანამშრომლებს აღნიშნული ეცნობებინათ დაზარალებულისათვის) არ დასტურდება სასჯელაღსრულების თანამშრომლების - გ. მ-ს, გ. მ-ს, გ. კ-ს - ჩვენებებით, რომლებმაც ცალსახად განმარტეს, რომ მსჯავრდებულთან არ ჰქონიათ საუბარი იმის თაობაზე, ლ. გ-მ ასესხა თუ აჩუქა თანხა მსჯავრდებულს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ჯ. ბ-ს თანხის დაბრუნების რეალური სურვილის შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა, დაერეკა ლ. გ-ს მეუღლისათვის, რომლის ტელეფონის ნომერიც მისთვის ცნობილი იყო და რომელთანაც მანამდე (როგორც თანხის ჩარიცხვამდე და ჩარიცხვისას 2016 წლის 26 ნოემბრიდან 22 დეკემბრამდე) არაერთხელ განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 176-191). საყურადღებოა, რომ არც მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს მიუთითებიათ დაკითხვისას თანხის სესხად აღებისა და შემდგომში დაბრუნების შესახებ. კერძოდ, მსჯავრდებულის დედის - ბ. ბ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას აღნიშნული თანხა უნდა გადაეცა ჯ. ბ-ს საქმეზე დაზარალებული პირისთვის, რათა ჯ. ბ-სთვის გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხება. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ჯ. ბ-ს ჰქონდა სასესხო ვალდებულება დაზარალებულის მიმართ და ცდილობდა აღნიშნული თანხის დაბრუნებას.
25. დაუსაბუთებლობის გამო საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ ლ. გ-სა და მ. გ-ს ჩვენებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე - გ. გ-ს, ა. ჟ-სა და ჯ.ბ-ს ჩვენებებს.
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება რაიმე გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა დაზარალებულისა და მისი მეუღლის სანდოობას, არ გამოვლენილა მათი მხრიდან ჯ. ბ-ზე დანაშაულის დაბრალების მოტივი. დაკითხვაზე მათ დეტალურად და ურთიერთთანხვდენილად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის - გ. გ-ს ჩვენებით.
27. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით(მათ შორის - სს „ს-ს ბ-ს“ 2018 წლის 12 სექტემბერს შესრულებული ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნის ოპერაციების შესახებ ცნობით, მსჯავრდებულის სიძის - ლ. ვ-ს ჩვენებით) დასტურდება, რომ ჯ. ბ-ს მხრიდან მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 10 000 ლარი.
28. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ. ბ-მ დაზარალებულის ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოიპოვა დაზარალებულის ნდობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ქონებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
29. დაცვის მხარის მტკიცებით, ვინაიდან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი პროკურორის წერილობითი დავალება გამომძიებლისათვის გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე, 2018 წლის შემდეგ მოძიებული ყველა მტკიცებულება კანონის დარღვევითაა მოპოვებული და საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია. საკუთარი პოზიციის დასაბუთებისათვის კასატორი უთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც სასამართლომ გაიზიარა კასატორის პოზიცია (მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით და ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრული მოცულობით დასაშვებად იქნა ცნობილი).
30. საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვა წინასასამართლო სხდომის კომპეტენციაა. აღნიშნულის მიუხედავად, განაჩენის დადგენისას სასამართლო ვალდებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე შეაფასოს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
31. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პროკურორი უფლებამოსილია საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს. იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, პროკურორის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ი არ შეიცავს მითითებას და ვალდებულებას, რომ პროკურორმა ყველა დავალება გასცეს წერილობითი ფორმით.
32. 2018 წლის 18 სექტემბერს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 27 აგვისტოს N83 ბრძანებით დამტკიცებული, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალდევის რაიონული პროკურატურის დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორები გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, რაიონული ან რაიონული პროკურორის მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას. მართალია, აღნიშნული დებულება ითვალისწინებდა პროკურორის მიერ წერილობითი ფორმით მითითების გაცემის წესს, მაგრამ არ აზუსტებდა მითითების წერილობითი ფორმის კონკრეტულ სახეს და არ ადგენდა მითითების კონკრეტულ საპროცესო ფორმას.
32. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდების მხარის განმარტებას, რომ სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლის დამატება ხდება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით - გამომძიებლის პროგრამულად დამატებისა და დავალების პროგრამულად მიცემის გარეშე გამომძიებელს არ ექნება არც წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და ვერც საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს. ამასთან, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორს შეუძლია, დაამატოს მხოლოდ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გამომძიებელი, რომელიც შემდგომ აწარმოებს გამოძიებას პროკურორის უშუალო ჩართულობითა და მითითებით. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოების ფარგლებში გამომძიებლის პროგრამულად დამატება და მითითებების პროგრამულად მიცემა არ ეწინააღმდეგება არც აღნიშნული დებულების და არც საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების საქართვველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე არგაზიარების კანონისმიერი საფუძველი.
33. 2017 წლის 30 მაისს ტერიტორიული ქვემდებარეობით, შემდგომი რეაგირებისათვის, ლ. გ-ს განცხადება გადაიგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში, რომელმაც მეორე დღესვე, 2017 წლის 31 მაისს, შემდგომი რეაგირებისათვის, ლ. გ-ს განცხადება უკან დაუბრუნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, რომელმაც, თავის მხრივ, საქმე 2017 წლის 9 ოქტომბერს გადაუგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს რეაგირებისათვის, რომელმაც იმავე დღეს დაუბრუნა საქმე, თანდართული მასალებით. მთავარი პროკურატურის 2018 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას. შესაბამისად, ყველა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გამომძიებელმა.
34. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31; ECtHR,11/11/2011), არამედ გულისხმობს, კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR 21/07/2015), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no35839/11, §65, 66; ECtHR, 27/02/2020).
35. ჯ. ბ-სათვის განსაზღვრულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, კონკრეტული პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლების მკაფიოდ განსაზღვრა, რესოციალიზაციისა და პრევენციის მიზნების უზრუნველყოფა.
36. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არ არსებობს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, მათ შორის - მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება, დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან.
37. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჯ. ბ-ს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს წინათ მის მიერ ჩადენილი განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, რაც, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს რეციდივს. რეციდივის არსებობისას, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულისთვის დანიშნული მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მათ შორის მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ქცევა), ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით ჯ. ბ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა განაჩენით ჯ. ბ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
39.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.“
40. შესაბამისად, ვინაიდან ჯ. ბ.საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლევი პირი, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ - სასჯელის განახევრება.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს მიმართ;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე