დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.11.2021
საქმის ნომერი
2კ-383აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№383აპ-21 ქ. თბილისი

მ. ლ., 383აპ-21 10 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის, ასევე მსჯავრდებულების – ნ. ც-სა და ლ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 (14) ივლისის განაჩენით:

ნ. ც., – -– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 4 ნოემბრიდან.

ლ. მ., - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2019 წლის 4 ნოემბრიდან 2020 წლის 16 აპრილის ჩათვლით.

ლ. ბ., – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2019 წლის 4 ნოემბრიდან იმავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.

მ. ი., –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2019 წლის 4 ნოემბრიდან იმავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. ც-მა და ლ. მ-მა ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, ხოლო მ. ი-მა და ლ. ბ-მ – ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 03:50 საათზე, მ. ი-მა წინასწარი შეთანხმებით, ლ. ბ-სთან, ასევე – ქურდობისათვის ნასამართლევ ლ. მ-სა და ნ. ც-თან ერთად, მინის კედლის ქვით ჩამტვრევის შედეგად უკანონოდ შეაღწიეს ქ. ა-ში, მდებარე შპს „ზ.-ის“ კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ 10 ცალ ძვირად ღირებულ მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას, რითიც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით – 10695,8 ლარის მატერიალური ზიანი.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, ასევე მსჯავრდებულების – ნ. ც-სა და ლ. მ-ის ადვოკატმა პ. მ-მა.

4. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულებისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.

5. ადვოკატმა პ. მ-მა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ნ. ც-სა და ლ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა ან განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულებისათვის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფისა და დიდი ოდენობის ნაწილში მსჯავრდების მოხსნა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. კასატორი – პროკურორი გრიგოლ კაპანაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულებისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

8. კასატორი – ადვოკატი პ. მ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. მ-ისა და ნ. ც-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულებისათვის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფისა და დიდი ოდენობის ნაწილში მსჯავრდების მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ლ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა-ის შს რაიონულ სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 3-4 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თანამშრომელ კ. ს-ესთან ერთად მოძრაობდა ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ა-ში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში ქურდობა. 2019 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 03:45 საათზე, მოძრაობდნენ პ. ნ-ის ქუჩაზე, მაღაზია „ზ-ის“ მიმართულებით, რა დროსაც შენიშნეს ოთხი უცნობი პირი, რომლებმაც ქვებით ჩაამტვრიეს „ზ-ის“ ვიტრინა და შევიდნენ შიგნით. მან ხელის რადიოსადგურით დაუყოვნებლივ გამოიძახა ქალაქში მყოფი ჯგუფები და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა სამორიგეოს; ამავდროულად, აჩქარებული ნაბიჯით გაემართნენ „ზ-ისაკენ“. მაღაზია შიგნიდან კარგად იყო განათებული და პოლიციელები ხედავდნენ, თუ როგორ ამტვრევდნენ იქ მყოფი პირები ვიტრინებს და იღებდნენ ტელეფონებს. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ „ზ-ს“, ჩატეხილი ფანჯრიდან გადმოვიდა სამი პირი, რომელთაგან ერთი გაიქცა სტადიონის, ხოლო ორი – თეატრის მიმართულებით, ერთი პირი კი დარჩა მაღაზიაში, რომელიც შემდეგ მაღაზიიდან ნახევარ მეტრში დააკავეს. დაკავებულ მ. ი-ს ჭიდილში, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ლურჯი ჩანთიდან გადმოუცვივდა ხუთი მობილური ტელეფონი, რომლებიც კიბეებზე დაეცა. ექსპერტების მისვლის შემდეგ მას ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონები, პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობა, ჩანთა და ტელეფონის დასადგმელი პლასტმასის ნივთი. ამოღებული ნივთები დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი. ამავდროულად, თვალყურს ადევნებდნენ დანარჩენ გაქცეულებსაც, რომლებიც სხვა თანამშრომლებმა დააკავეს, კერძოდ: სტადიონის მიმართულებით გაქცეული ლ. ბ-ე დააკავეს 15-20 მეტრში, ასევე იქვე დააკავეს თეატრისკენ გაქცეული ლ. მ-ი და ნ. ც.

3. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე კ. ს-ემ.

4. მოწმეების – ა. ბ-ისა და გ. მ-ის ჩვენებების თანახმად, ლ. ბ-ის მიერ რაციით გადაცემული შეტყობინების შემდეგ გაემართნენ მაღაზია „ზ-ის“ მიმართულებით და დაინახეს, რომ მაღაზიიდან ჩამოირბინა ორმა პირმა და გაიქცა პარკში მდებარე თეატრისა და საპირფარეშოს მხარეს, მესამე გაიქცა სტადიონისკენ, ხოლო მეოთხე – თანამშრომლებმა დააკავეს მაღაზიის კიბესთან; მათ დააკავეს ერთი პირი, რომელიც შედარებით წინ გარბოდა და აღმოჩნდა ლ. მ, ხოლო შ. ა-მ და გ. ნ-მ დააკავეს მეორე – ნ. ც-. ექსპერტების მოსვლის შემდეგ გაჩხრიკეს ლ. მ. რა დროსაც ჯიბიდან ამოუღეს ფულადი თანხა, რომელიც დაილუქა. გ. მ-მ შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.

5. მოწმეების – შ. ა-ისა და გ. ნ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 3 საათზე, მათ გაიგეს ძლიერი მსხვრევის ხმა; ამავდროულად, რაციით გამომძიებელმა ლ. ბ-მ გადასცა, რომ მისულიყვნენ მაღაზია „ზ-თან“; ისინი ჩქარი ნაბიჯით გაემართნენ მაღაზიისკენ და დაინახეს, რომ მაღაზიიდან გამოსული ორი პირი გაიქცა ერთი მიმართულებით. პოლიციელები მათ დაედევნენ და მოუწოდებდნენ, გაჩერებულიყვნენ. გაქცეულებიდან ერთი ჩამორჩა და დააკავეს. დაკავებული აღმოჩნდა ნ. ც., რომელიც ექსპერტების მისვლამდე ჰყავდათ შეჩერებული. ექსპერტების მისვლის შემდეგ ჩატარდა ნ. ც-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს ფული – 2400 ლარი და სხვა ნივთები. შეადგინეს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.

6. მოწმეების – ბ. ქ-ისა და ლ. ს-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს მათ დააკავეს ცენტრალური სტადიონისაკენ გაქცეული ლ. ბ., რომელსაც ექსპერტების მისვლის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს „სამსუნგის“ ფირმის 5 მობილური ტელეფონი, ფული – სამი ოცლარიანი კუპიურა და სხვა ნივთები, რომლებიც დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმიც.

7. 2019 წლის 4 ნოემბრის ნ. ც-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ დაკავებისას ნ. ც-ს, სხვა ნივთებთან ერთად, ამოუღეს ფულადი თანხა – 35 ცალი 50-ლარიანი, 5 ცალი 100-ლარიანი, 18 ცალი 5-ლარიანი და 3 ცალი 20-ლარიანი კუპიურა. ამოღებული ნივთები დაილუქა.

8. 2019 წლის 4 ნოემბრის ლ. მ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ დაკავებისას მას ამოუღეს ფულადი თანხა – 5 ცალი 50-ლარიანი, 20 ცალი 100-ლარიანი და 9 ცალი 5-ლარიანი კუპიურა. ამოღებული ნივთები დაილუქა.

9. დაზარალებულის წარმომადგენლის – რ. პ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის ივნისიდან მუშაობს „ზ-ის“ მენეჯერად. მაღაზიას იცავდა დაცვის პოლიცია. შემთხვევის ღამეს მიიღო შეტყობინება, რომ ობიექტზე იყო განგაში. დაახლოებით 04:30 საათისათვის მივიდა მაღაზიაში, რომლის აღწერის შემდეგ დადგინდა, რომ წაღებული იყო „სამსუნგის“ 10 ცალი მობილური ტელეფონი, 2 ტელეფონი იყო დაზიანებული, სალაროდან კი წაღებული იყო დაახლოებით 4600 ლარი. ზიანის თანხამ შეადგინა 11938.50 ლარი. მაღაზიაში არსებული შიდა კამერების ჩანაწერები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღეს გამომძიებლებმა.

10. შპს „ზ-ის“ მომართვისა და დანართის მიხედვით, მოპარულია ფულადი თანხა – 4645 ლარი, ხოლო მობილური ტელეფონების საერთო ღირებულებაა – 6050,80 ლარი; ჯამურად ზიანმა შეადგინა – 10695,80 ლარი.

11. 2019 წლის 6 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ ლ. ბ-ის, ლ. მ-ის, ნ. ც-სა და მ. ი-ისაგან აღებულია სუნისა და ნერწყვის ნიმუშები.

12. მოწმეებმა: ა. თ-მა, კ. კ-მა, გ. ნ-მა, რ. კ-ემ, ლ. ბ-ემ, ა. ა-ემ, ს. დ-მა, დ. მ-მ, ნ. გ-მ, მ. ს-მა, პ. მ-მა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მიმდინარეობა.

13. ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 12 ნოემბრის №- დასკვნით დადგენილია, რომ შპს „ზ-ის“ კუთვნილი მღაზიის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ლ. მ-ისაგან, ნ. ც-საგან, ლ. ბ-ისა და მ. ი-ისაგან აღებული სუნის ნიმუშებისა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ. ი-ემ და განმარტა, რომ დახურულ სივრცეში სუნი რჩება რამდენიმე კვირას, ღია სივრცეში კი – რამდენიმე დღეს; თუ ამ სივრცეში ხალხის მოძრაობაა, მაშინ სუნი ქრება. გამოსაკვლევად წარდგენილი სამივე ქილიდან დაფიქსირდა ოთხივე ბრალდებულის სუნი.

14. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – ე. ს-ემ და ე. ფ-ემ დაადასტურეს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2020 წლის 30 აპრილის №- დასკვნის სისწორე.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით ნ. ც- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მოცემულ საქმეზე დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ნ. ც-სა და ლ. მ-ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონიათ.

17. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც – ჟესტებსა და მიმიკებში – გამოიხატოს. ყველა ამსრულებელი ქურდობის ობიექტური შემადგენლობის უშუალოდ დაწყებამდე თანხმდება ქურდობის ჩადენაზე. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფში შედიან თანაამსრულებლები. ის ფაქტი, რომ ლ. მ. და ნ. ც. (სხვა პირებთან ერთად) დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდნენ ერთად, ერთად გადალახეს წინაღობა და შევიდნენ მაღაზია „ზ-ში“, სადაც დაეუფლნენ ფულსა და ტელეფონებს, რის შემდეგაც ერთად გაიქცნენ, მიუთითებს მათ შეთანხმებაზე აღნიშნული დანაშაულის ჩასადენად.

18. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის დროს მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ოდენობის ქონება შეხვდა თითოეულს და შესაძლებელია ზიანის ოდენობის დაჯამება. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარს ზევით. შპს „ზ-ის“ მომართვისა და დანართის მიხედვით, მაღაზიისათვის მიყენებული საერთო ზიანი შეადგენს 10695,80 ლარს, რაც იძლევა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას.

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. მ-ისა და ნ. ც-ს ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარადაა დადასტურებული ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებით, მოწმე პოლიციელების ჩვენებები დეტალური, თანმიმდევრული და თანხვდენილია; ამ ჩვენებებს სრულად შეესაბამება კამერების ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ნათლად ჩანს თითოეული ბრალდებულის მოქმედება. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერებში დაფიქსირებული ტანსაცმელი სრულად ემთხვევა ამოღების ოქმებში აღწერილ ნივთებს. ამ ყველაფერს ამყარებს ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებიც. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება პოლიციელთა დაინტერესება ლ. მ-ისა და ნ. ც-ს დანაშაულის ჩადენაში მხილებასა და მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნაში და ამის დასადასტურებლად არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. რაც შეეხება ბრალდებულთა ჩვენებებს, რომ ლ. მ. და ნ. ც. არ მონაწილეობდნენ მაღაზია „ზ-ის“ ქურდობაში, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და ემსახურება მსჯავრდებულებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

20. ადვოკატი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც განაჩენის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველზე. ამ არგუმენტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით „გ. ქ-ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლობითა და სადავო ნორმით ვერ ხერხდება არასანდო მტკიცებულების გამოყენებით პირის მსჯავრდების რისკების დაზღვევა. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა დასახელებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა 2021 წლის პირველ ივლისამდე იმისათვის, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს მიეცეთ გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად.

21. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. მ-მა და ნ. ც-მა დანაშაული ჩაიდინეს 2019 წლის 4 ნოემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის რეტროსპექტულ გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან ძირითადად საფუძველშივე გამოირიცხება... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი... გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საპროცესო ნორმები თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/4/557,571,576 II- 73-74,76). ამდენად, სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის, როგორც წესი, არ არის დასრულებული.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გ-ი ქ-ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ვერ გავრცელდება მსჯავრდებულების – ნ. ც-სა და ლ. მ-ის მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2021 წლის 1 ივლისამდე; ამასთან, საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში.

23. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება ნ. ც-სა და ლ. მ-ის ბრალეულობის შესახებ, რომლის შეცვლის კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.

24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულებისათვის სასჯელების გამკაცრების შესახებ. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-38).შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

27. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ვინაიდან ლ. ბ. და მ. ი. დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ არასრულწლოვნები, არიან ნასამართლობის არმქონენი და აღიარეს ჩადენილი დანაშაული, სააპელაციო სასამართლომ, მათი პიროვნული მახასიათებლების, არასრულწლოვნების ინდივიდუალური შეფასების ანგარიშისა და მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი (რომლის დამძიმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია), რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჩაუთვალა პირობით. საკასაციო სასამართლოს ასევე სამართლიანად მიაჩნია ლ. მ-ისა და ნ. ც-სათვის განსაზღვრული სასჯელები, რადგან სააპელაციო სასამართლომ მათთან მიმართებითაც სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულებს – ლ. მ-სა და ნ. ც-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეფარდებული სასჯელების სახე და ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მათი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კაპანაძის, ასევე მსჯავრდებულების – ნ. ც-სა და ლ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე