გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 10.10.2011
საქმის ნომერი
ას-308-292-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-308-292-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. გ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. უ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება, სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. უ-ის მიმართ ქ.თბილისში, ვ-ის ქ¹8-ში მდებარე 55/38 კვ.მ სარდაფის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, მატერიალური ზიანის _ 2003 წლის სექტემბრიდან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველდღე 38.37 აშშ დოლარის დაკისრების, სადავო სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოპასუხისათვის დავალდებულებისა და სარდაფით სარგებლობის უფლების მოსარჩელისათვის მინიჭების მოთხოვნით შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

1992 წლის პირველ თებერვლის ¹107 დადგენილებით მოსარჩელეს ქ.თბილისში, ვ-ის ქ¹8-ში მდებარე 55/38 კვ.მ სარდაფი გადაეცა საკუთრებაში. 1998 წლის 26 თებერვალს აღნიშნულის თაობაზე სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება და სამოქალაქო კოდექსის 210-ე და 214-ე მუხლების შესაბამისად, 1998 წლის 26 თებერვალს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში, ხოლო 2003 წლის 28 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრების უფლება. 2003 წელს ა.გ-ას კუთვნილი სარდაფი თვითნებურად დაიკავა ს. უ-მა, დაიწყო სარემონტო სამუშაოები და მოშალა გათბობის სისტემა, ასევე გამყოფი კედელი, რის გამოც მოსარჩელე ა.გ-ა ვეღარ სარგებლობს კუთვნილი ქონებით.

მოსარჩელის განმარტებით, მან სარდაფის გასარემონტებლად სესხი აიღო სს “... ბანკიდან” 1279 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის საურავიც განისაზღვრა 2%-ით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში საურავის ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ით ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ დღეში 38.37 დოლარის ოდენობით.

მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლებზე და მოითხოვა მოპასუხისათვის სარდაფით სარგებლობის ხელშეშლის გამო ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ქ.თბილისში, ვ-ის ქუჩა ¹8-ში (ყოფილი ... ქუჩა) მდებარე 55.00 კვ.მ სარდაფით სარგებლობს ს. უ-ი. ს. უ-ს ქ.თბილისში, ვ-ის ქუჩა ¹8-ში (ყოფილი ... ქუჩა) მდებარე 55.00 კვ.მ სარდაფში განხორციელებული აქვს სარემონტო სამუშაოები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 5 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში მდებარე 38.00 კვ.მ სარდაფი ა. გ-ას საკუთრებაა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 30 იანვარს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში მდებარე 55.00 კვ.მ სარდაფი წარმოადგენს ს. უ-ის საკუთრებას.

ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2003 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ¹24-4105 ცნობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004 წლის 4 ივნისის ¹901/15 ექსპერტის დასკვნისა და მოწმე გ. ფ-ის ჩვენების საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში ს. უ-ის საკუთრებაში არსებულ 55.00 კვ.მ სარდაფში შედის ამავე მისამართზე ა. გ-ას საკუთრებაში არსებული 38.00 კვ.მ სარდაფი.

სააპელაციო პალატის მითითებით, ა. გ-ა სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ ს. უ-ი 55.00 კვ.მ სარდაფის მესაკუთრე გახდა უკანონოდ, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისათვის სავალდებულოა, მოსარჩელე იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე _ ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ას საკუთრებაში არსებული სადავო 38.00 კვ.მ სარდაფი შედის ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში ს. უ-ის საკუთრებაში არსებულ 55.00 კვ.მ სარდაფში, რომელიც დადგენილი წესით საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხულია ს. უ-ის სახელზე. რეგისტრირებული ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების თაობაზე გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე არის ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში 55.00 კვ.მ სარდაფის მესაკუთრე, ხოლო მოსარჩელე ითხოვს ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში ს. უ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 55.00 კვ.მ სარდაფში შემავალი 38 კვ.მ სარდაფის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას. პალატის მითითებით, არ არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, კერძოდ, არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის არამართლზომიერი ფლობა. მოპასუხეს გააჩნია სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ს. უ-ის მიერ სადავო ფართზე საკუთრების უფლების ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოპოვების შესახებ იმ საფუძვლით, რომ განსახილველ სამოქალაქო საქმეზე ა. გ-ას მიერ აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი მოპასუხე ს. უ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ასევე სარდაფის უკანონოდ დაკავების გამო ზიანის ანაზღაურებისა და სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოთხოვნით. პალატის მითითებით, სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა _ არ დასტურდება მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა, უფრო მეტიც, საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად, ს. უ-ი რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში მდებარე სარდაფის მესაკუთრედ, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად რეესტრის ამონაწერში კი მითითებულია პრივატიზაციის ხელშეკრულება. ამდენად, იმ შემთხევაში, თუ აპელანტი სადავოდ ხდის ს. უ-ის მიერ 55.00 კვ.მ სარდაფზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლებს, მაშინ მან სათანადო სამართალწარმოების წესით უნდა იდავოს საჯარო რეესტრის მონაცემებში შესწორების შეტანის ან პრივატიზაციის ხელშეკრულების ნამდვილობის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დასაკისრებლად საჭიროა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ბრალი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დასტურდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, კერძოდ, მოპასუხე მხარის მიერ ნივთის უკანონოდ ფლობა, პალატის მითითებით, უსაფუძვლოა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, ვ-ის ქ¹8-ში მდებარე, ს.უ-ის საკუთრებად რეგისტრირებული 55 კვ.მ სარდაფიდან 38 კვ.მ მესაკუთრე ა.გ-აა, რომელმაც სარდაფზე საკუთრების უფლება ოთხი წლით ადრე აღრიცხა, ვიდრე ს.უ-მა.

სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მხარე სწორედ ს.უ-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას მოითხოვდა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და არასწორად დაადგინა, რომ 2002 წლის დეკემბრიდან ს.უ-ის მართლსაწინააღმდეგო ფლობა არ დასტურდება, რაც სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევის წინაპირობა გახდა.

სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი და არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 992-ე მუხლი, ამასთან სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, თუ მოდავე მხარეთაგან ვისი უფლება უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება სამართლის ნორმები დარღვეულად, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ვ-ის ქუჩა ¹8-ში (ყოფილი ... ქუჩა) მდებარე 55.00 კვ.მ სარდაფით სარგებლობს ს. უ-ი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში მდებარე 55.00 კვ.მ სარდაფი წარმოადგენს ს. უ-ის საკუთრებას. ამასთან, 2009 წლის 5 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში მდებარე 38.00 კვ.მ სარდაფი ა. გ-ას საკუთრებაა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში ს. უ-ის საკუთრებაში არსებულ 55.00 კვ.მ სარდაფში შედის ამავე მისამართზე ა. გ-ას საკუთრებაში არსებული 38.00 კვ.მ სარდაფი. სასამართლოს ამგვარი შეფასება ემყარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2004 წლის 4 ივნისს გაცემულ საექსპერტო დასკვნას (ტ.I, ს.ფ.28-31), რაც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ.

საკასაციო საჩივრის პრეტენზია ძირითადად ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ კასატორმა საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში მდებარე 38.00 კვ.მ სარდაფზე მოიპოვა უფრო ადრე, ვიდრე ს.უ-მა, რაც სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2002 წლის დეკემბრიდან ს.უ-ის მართლსაწინააღმდეგო ფლობა არ დასტურდება.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის საფუძვლებზე, სადაც მითითებულია, რომ სადავო სარდაფზე მოსარჩელესთან 1998 წლის 26 თებერვალს სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებულ იქნა ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში 1998 წლის 26 თებერვალს, ხოლო შემდგომ საჯარო რეესტრში 2003 წლის 28 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილია ა. გ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, 1998 წლის 26 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ¹1-478 (ტ.I, ს.ფ.10). მოსარჩელემ სარჩელს დაურთო ასევე ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ა.გ-ას 2001 წლის 10 დეკემბრის განცხადების პასუხად, ქ.თბილისში, ვ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹8-ში, 1998 წლის 26 თებერვლის ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეტანილია ცვლილება სააღრიცხვო ბარათში ა. გ-ას სახელზე.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა სარჩელის საფუძვლად მითითებულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რამდენიმე მტკიცებულებას, რითაც დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა რამდენიმე პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე _ ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, თუმცა, თითოეული ეს პირობა შემოწმებულ უნდა იქნეს დამოუკიდებლადაც. მართალია საკუთრების უფლება სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრულ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციასთან მიმართებაში, მაგრამ სასამართლოს არ უმსჯელია როგორ უნდა გადაწყვეტილიყო საკუთრების უფლების საკითხი იმ პირობებში, როდესაც, სადავო ფართს (ა.გ-ას მიერ 1998 წლის 26 თებერვალს პრივატიზებული 38 კვ.მ სარდაფი) ჰყავს ორი მესაკუთრე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობები არ გამორიცხავს გარკვეულ ხარვეზებს ამ ურთიერთობებში, ამიტომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და ამ ბრუნვაში ჩართულ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ რეგულაციებს და ცნებებს, როგორიცაა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, სამართალურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერება და ა.შ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2007 წლის 23 მაისამდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 314-ე მუხლით განსაზღვრული იყო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრებოდა რეგისტრაციის დროის თანამიმდევრობის მიხედვით. რეგისტრაციის თარიღად მიიჩნეოდა რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანის დღე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2007 წლის 11 მაისს განხორციელებული ცვლილებებით 314-ე მუხლი ამოღებულ იქნა, თუმცა მსგავსი შინაარსის ნორმა იმავდროულად აისახა ჯერ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 14.4 მუხლში, ხოლო შემდგომ “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 13.4 მუხლში (მოქმედი რედაქცია). ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ხოლო სააპელაციო სასამართლოს რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის კუთხით არ უმსჯელია, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გამოიტანოს გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ამასთან, საკუთრების უფლების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საკითხიც საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გადაწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.