დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.07.2026
საქმის ნომერი
2კ-515აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100126012677886

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №515აპ-26 ქ. თბილისი

გ. გ., 515აპ-26 13 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივნისის განჩინებაზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-ს ბრალად ედება ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, გ. გ-მ არ შეასრულა ძალაში შესული განაჩენი და 2025 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ... ქუჩაზე მართავდა ,,BUICK ENCORE-ს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით − ....

2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში წარადგინა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ 2026 წლის 13 მაისის შუამდგომლობა. 2026 წლის 13 მაისს ბრალდებულ გ. გ-სა და პროკურორს შორის შედგა საპროცესო შეთანხმების ოქმი, რომლის საფუძველზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა იშუამდგომლა გ. გ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, შემდეგი პირობებით: ბრალდებული გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა − 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 15 მაისის განჩინებით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის შუამდგომლობა, ბრალდებულ გ. გ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სისხლის სამართლის №... საქმე დაუბრუნდა პროკურორს.

4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივნისის განჩინებით: ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 15 მაისის განჩინება, საქმის არსებითი განხილვის გარეშე გ. გ-ს მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე, პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს: აღნიშნული განჩინების გაუქმებას, პროკურორსა და ბრალდებულ გ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას, შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სამართლებრივი შინაარსი. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა გულისხმობს მსჯავრდებულის ვალდებულებას, თავი შეიკავოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისგან. ამ აკრძალვის მიუხედავად, ავტომობილის მართვა, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად (გადაწყვეტილება № 794 აპ-22 საქმეზე), წარმოადგენს სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობას; კასატორის პოზიციით, მოცემულ საქმეში წარმოდგენილი იყო საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ შემოტანილ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობასა და სისხლის სამართლის საქმეს არ ერთვის გ. გ-ს მიმართ გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინება, აღნიშნული განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე; ამავე დროს, ეს გადაწყვეტილებები არ არის მითითებული სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლის ოქმში და დაცვის მხარემაც დაადასტურა, რომ ხსენებული მასალები მას არ გადასცემია.

3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილ შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის წესზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ბრალდების მხარეს ავალდებულებს, დაცვის მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააცნოს მას ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებს, აგრეთვე გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-8 ნაწილი კი, ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, ერთმანეთს მისცენ იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ, ასევე, გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.

4. ამდენად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხის განხილვისას მტკიცებულებათა წარდგენა და დაცვის მხარისათვის მათი სათანადო წესით გაცვლა, პირველ რიგში, ბრალდების მხარის საპროცესო ვალდებულებაა. როდესაც ბრალდების მხარე გ. გ-ს ბრალდებას აფუძნებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენზე, როგორც იმ სასამართლო აქტზე, რომლის შეუსრულებლობაც ედება ბრალად, პროკურორი ვალდებული იყო აღნიშნული განაჩენი, როგორც წერილობითი მტკიცებულება, გაეცნო დაცვის მხარისათვის და გადაეცა მისი ასლი.

5. შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ვერ შეფასდება როგორც მხოლოდ ტექნიკური ხასიათის უმნიშვნელო ხარვეზი, რადგან სისხლის სამართლის საქმეს არ ერთვის და დაცვის მხარეს არ გადაეცა ის ძირითადი სასამართლო აქტი (ამნისტიის გავრცელების შესახებ განჩინებასთან ერთად), რომლის არსებობაზე, შინაარსზე, კანონიერ ძალაში შესვლაზე, აკრძალვის მოქმედების ვადასა და ფარგლებზეა დამოკიდებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. საქმის მასალების მიხედვით, პროკურორმა მითითებული მტკიცებულების დაცვის მხარისათვის წინასწარ გადაუცემლობა, ახსნა გამომძიებლის ტექნიკური შეცდომით, მაგრამ აღნიშნული განმარტება, არ ცვლის იმ საპროცესო მოთხოვნასა და ვალდებულებას, რომ ისინი საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, არ ყოფილა დაცვის მხარისათვის გადაცემული და სისხლის სამართლის საქმეზე დართული. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლო ვერ დაეყრდნობა ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს კანონით დადგენილი წესით არ გადასცემია და რომელთა მიმართაც დაცვის მხარეს არ ჰქონია წინასწარი გაცნობისა და პოზიციის მომზადების რეალური შესაძლებლობა.

6. ამდენად, პროკურორი სადავო განაჩენისა და ამნისტიის გამოყენების შესახებ განჩინების სისხლის სამართლის საქმეზე არდართვასა და დაცვის მხარისათვის წინასწარ გადაუცემლობას, ვერ ხსნის ობიექტური მიზეზით, ამასთან, ცდილობს ამ ხარვეზის განეიტრალებას სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაზე მითითებით. თუმცა, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით ბრალდებისას, ის განაჩენი, რომლის შეუსრულებლობაც პირს ედება ბრალად, არის არა დამხმარე, არამედ − საბაზისო მტკიცებულება. მისი წარუდგენლობა, ვერ ჩანაცვლდება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით − პატაკით, ადმინისტრაციული ოქმით, მომსახურების სააგენტოს ცნობითა თუ ბრალდებულის აღიარებით.

7. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარი, რომელიც განპირობებულია ბრალდებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების დაცვის მხარისათვის გაუცვლელობითა და სისხლის სამართლის საქმეზე სათანადო წესით არდართვით, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები, დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნეს მიჩნეული. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულებების დაცვის მხარისათვის გადაცემას/გაცნობას და სისხლის სამართლის საქმეზე მათ საპროცესო წესით დართვას, სასამართლო, მხარეთა პოზიციების, წარდგენილი მასალებისა და საქმის განხილვის ეტაპის გათვალისწინებით, იმსჯელებს აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

8. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მითითებულ ნაწილში სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შესახებ.

9. ამასთან, საკასაციო სასამართლო ცალკე აფასებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ დამატებით სამართლებრივ მსჯელობას, რომელიც უკავშირდება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსს, მისი გამოყენების განჭვრეტადობასა და ნორმის თითქოსდა ბუნდოვან ხასიათს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზემომითითებული არსებითი საპროცესო ხარვეზი, დამოუკიდებლადაც საკმარის საფუძველს ქმნის საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმისათვის. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას იმ ნაწილში, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით, დამატებით სასჯელად დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის დარღვევა, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით კვალიფიკაციის თვალსაზრისით ბუნდოვან, არასაკმარისად განჭვრეტად სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

11. სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე და აგრეთვე იმსჯელა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის მატერიალურ-სამართლებრივ შინაარსზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა, ექცეოდა თუ არა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის − მართვის უფლების ჩამორთმევის − უგულებელყოფა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით დასჯად სივრცეში და მსჯავრდებულისათვის რამდენად განჭვრეტადი იყო აღნიშნული ბლანკეტური ნორმის შინაარსი. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის №794აპ-22 გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტთა წრიდან არ გამოირიცხება ბრალდებული ან მსჯავრდებული, ხოლო განაჩენის აღსრულების ვალდებულება მხოლოდ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით არ შემოიფარგლება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილთან ანალოგიის საკითხზეც, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკომოვაჭრის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა/შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკითხი არ ეხებოდა ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული კანონით დაწესებული შეზღუდვების უგულებელყოფას, არამედ − იკვეთებოდა უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმის ფარგლებში განსაზღვრული დამატებითი სასჯელის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის დარღვევა. შესაბამისად, პალატის შეფასებით, განჭვრეტადობის ფარგლები არ სცდებოდა უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სასჯელის აღუსრულებლობა“ და „განაჩენის შეუსრულებლობა“ კონკურენციაში მყოფი ცნებები არ არის და მათ სამართლებრივად ინდივიდუალური, გარჩევადი შინაარსი გააჩნიათ.

12. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ საბოლოოდ დაასკვნა, რომ დამატებითი სასჯელის სახით უფლების ჩამორთმევის დარღვევის გამო პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯის საკითხი, ტოვებდა ფართო სივრცეს ინტერპრეტაციისათვის, რაც ბრალდებულის საზიანოდ ვერ გადაწყდებოდა და, დამატებით ამ საფუძვლითაც, მართებულად მიიჩნია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარი.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ, მართალია, მიუთითა დამატებითი სასჯელის სახით უფლების ჩამორთმევის დარღვევის გამო პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯის საკითხზე, ინტერპრეტაციისათვის ფართო სივრცის არსებობაზე, თუმცა საკმარისი სიცხადით არ დააკონკრეტა, რომელი სამართლებრივი ცნების შინაარსთან დაკავშირებით არსებობდა გაურკვევლობა: „განაჩენის შეუსრულებლობის“, „დამატებითი სასჯელის“, „მართვის უფლების ჩამორთმევის“, თუ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სუბიექტთა წრის მიმართ. განჩინების საერთო შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პალატამ ამგვარ ინტერპრეტაციულ სივრცედ მიიჩნია საკითხი, ექცევა თუ არა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის უგულებელყოფა − საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაში.

14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სამართლებრივ შინაარსსა და მიზანს, სასამართლოს განაჩენის სავალდებულო ძალის კონსტიტუციურ მნიშვნელობას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ საკითხზე უკვე ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, კერძოდ:

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, თითქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება იმ პირის მიმართ, რომელმაც ძალაში შესული განაჩენით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიუხედავად, მაინც მართა ავტომობილი, ვერ აკმაყოფილებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს ან წარმოადგენს ბრალდებულის საზიანოდ სისხლისსამართლებრივი ნორმის გაფართოებით განმარტებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება გამოხატავს მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფუნდამენტურ, სასამართლო აქტის რეალურ, ეფექტიან და სავალდებულო აღსრულების პრინციპს. მითითებული კონსტიტუციური დანაწესის სისხლისსამართლებრივი რეალიზაციის ფორმას წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი, რომელიც იცავს მართლმსაჯულების ინტერესს.

17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს სასჯელის სახეს, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მსჯავრდებულს განაჩენით განსაზღვრული ვადით, ეკრძალება გარკვეული საქმიანობის განხორციელება. როდესაც სასამართლო მსჯავრდებულს დამატებით სასჯელის სახით, უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას, იგი წარმოადგენს ძალაში შესული განაჩენის სავალდებულო შემადგენელ ნაწილს, რომლის დაცვა ევალებათ, როგორც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, ისე − თვით იმ პირსაც, ვის მიმართაც განაჩენი იქნა გამოტანილი.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის №794აპ-22 განაჩენზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლომ შეაფასა, არსებითად ანალოგიური სამართლებრივი საკითხი, კერძოდ, შეიძლება თუ არა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირდეს მსჯავრდებულის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირობებში, როდესაც მას სასამართლოს განაჩენით დამატებით სასჯელად ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება. საკასაციო სასამართლომ ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა და განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი. ამასთან, დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით და დამთავრებულად ითვლება, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებული ვალდებულების − სატრანსპორტო საშუალების მართვის აკრძალვის − დარღვევის/შეუსრულებლობის მომენტიდან.

19. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის №794აპ-22 განაჩენში ასევე განმარტებულია: საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის არსიდან გამომდინარე, მისი (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა) აღსრულება ობიექტურად ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში შსს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების, მოქმედებაზე და მათ მიერ მონაცემთა ბაზაში მართვის უფლების აკრძალვის (ფორმალურად) დაფიქსირებაზე – სასჯელის აღსრულება მოცემულ შემთხვევაში მთლიანად იმ პირზეა დამოკიდებული, ვისაც განაჩენის საფუძველზე განსაზღვრული ვადით აქვს ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნული სასჯელის აღსრულების სხვა ეფექტური მექანიზმის ობიექტურად არარსებობის პირობებში, საქმიანობის უფლების − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების − ჩამორთმევა, გულისხმობს მსჯავრდებულის მხრიდან ავტომობილის მართვისაგან თავის შეკავებას და მის მიერ საწინააღმდეგო მოქმედების განხორციელება ნიშნავს განაჩენის შეუსრულებლობას, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

20. ამავე საკითხზე საკასაციო სასამართლომ 2023 წლის 15 მარტის №794აპ-22 განაჩენში ასევე განმარტა: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, არამედ თავად კანონის მიზნებიდან (ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას) გამომდინარე უთითებს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებულ დანაშაულზე. კანონში აღნიშნული მითითება არ გამორიცხავს სხვა დანაშაულისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული პირის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ ადგენს, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს არა დაკისრებული შეზღუდვის გამკაცრებას, არამედ − საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას.

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს იმ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის №794აპ-22 განაჩენში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის თაობაზე, თუმცა, მეორე მხრივ, მაინც პრობლემურად მიიჩნევს ამავე მუხლით ქმედების კვალიფიკაციას, იმ შემთხვევაში, როდესაც მართვის უფლების ჩამორთმევის დარღვევა არ უკავშირდება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევას.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების სისხლისსამართლებრივი დასჯადობა საკმარისად განჭვრეტადია და არ ტოვებს ფართო ინტერპრეტაციის სივრცეს. როდესაც პირს სასამართლოს განაჩენით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ამ სასჯელის შინაარსი და ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ მან განაჩენით განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ უნდა მართოს სატრანსპორტო საშუალება. ამდენად, ასეთი სასჯელი თავისი არსით შეიცავს არა აბსტრაქტულ, გაუგებარ ან ტექნიკურად გაურკვეველ აკრძალვას, არამედ − კონკრეტულ, ინდივიდუალურად განსაზღვრულ და ადრესატისთვის პირდაპირ გასაგებ ვალდებულებას − თავი შეიკავოს ავტომობილის მართვისაგან. განჭვრეტადობის სტანდარტი არ მოითხოვს, რომ ყოველ განაჩენში სახელდებით მიეთითოს სისხლის სამართლის კოდექსის ყველა ის ნორმა, რომელიც, შესაძლოა, განაჩენის შემდგომი შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოქმედდეს. საკმარისია, რომ კანონი ცხადად ადგენდეს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის დასჯადობას, ხოლო განაჩენში კონკრეტულად და გასაგებად იყოს მითითებული აკრძალული ქცევის შინაარსი.

23. ხსენებულზე დაყრდნობით, პირს, რომელსაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, სასჯელის სახით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ობიექტურად და სუბიექტურად შეუძლია გააცნობიეროს, რომ ამ აკრძალვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა წარმოადგენს არა მხოლოდ მართვის უფლების გარეშე მოძრაობის აკრძალვის დარღვევას, არამედ − სასამართლოს განაჩენით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ იმ ნაწილით, რომ პროკურორმა დაცვის მხარეს არ გაუცვალა და საქმეს არ დაურთო ბრალდებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ძირითადი მტკიცებულებები, რომელთა გარეშეც, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო, როგორც უკვე აღინიშნა, არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ თითქოს განსახილველი ბრალდების ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის გამოყენება ბუნდოვან ან არაგანჭვრეტად სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამასთან, მართალია, საკასაციო სასამართლო ეთანხმება პროკურორის სამართლებრივ მოსაზრებას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის განმარტებასთან მიმართებით, თუმცა აღნიშნული ვერ ანეიტრალებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისათვის აუცილებელი ძირითადი მტკიცებულებების წარმოუდგენლობით გამოწვეულ არსებით ხარვეზს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით, 209-210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ. გ-ს მიმართ დაუბრუნდეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე