გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2012
საქმის ნომერი
ას-107-103-2012
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-107-103-2012 21 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „... ...-ის“ დირექტორი თ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ხ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „... ...-ის“ დირექტორ თ. გ-ის მიმართ სხვისი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის – 3700 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

ჭიათურის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის №65/2 დადგენილებით ქ.ჭიათურაში, გ.ა-ის ქ№50-ში მდებარე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა მოსარჩელეს საკუთრებაში. 2000 წლის პირველ ნოემბერს აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლება ო.ხ-მ აღრიცხა საჯარო რეესტრში. მოსარჩელის განმარტებით, მან მიწა შეიძინა კომერციული საქმიანობის საწარმოებლად, მიიღო მაღაზიის მშენებლობის ნებართვა. ... ...-ის დირექტორის ნებართვით, აღნიშნულ 12 კვ.მ მიწაზე რ.მ-მ და თ.ხ-მა განათავსეს სავაჭრო ჯიხურები. ჯიხურის მესაკუთრეები მოპასუხეს ქირის სახით ყოველთვიურად უხდიდნენ 50-50 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ ქირავნობის ხელშეკრულება არ შეწყვიტა, რის გამოც ო.ხ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო.ხ-ის სარჩელი და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდა 2008 წლის 25 თებერვალს. მოპასუხეს თ.ხ-თან, ასევე რ.მ-სთან 1 წლის ვადით – 2006 წლის პირველ იანვრამდე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომელიც არ შეწყვეტილა და მისი მოქმედება გაგრძელდა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ქონებით და 2008 წლის თებერვლის ბოლომდე, სულ 37 თვის განმავლობაში იღებდა შემოსავალს, რითაც გამდიდრდა უსაფუძვლოდ, ხოლო ო.ხ-ს მიადგა ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

შპს „... ...“ ფლობდა 5700 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 7 ივლისის №109/7 დადგენილებით მოპასუხეს დამატებით გადაეცა 572 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ამავე გამგეობის 2002 წლის 22 იანვრის №6/4 დადგენილების საფუძველზე – 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოპასუხე სულ ფლობს 6142 კვ.მ მიწას. მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის – 3700 ლარის ანაზღაურების თაობაზე, რადგანაც სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება, რომ შპს „... ...“ 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის თებერვლის ბოლომდე სარგებლობდა მიწის ნაკვეთით და თ.ხ-ი და რ.მ-ე იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად უხდიდნენ ქირას 50 ლარის ოდენობით. თ.ხ-თან დადებული ხელშეკრულება მალევე მოიშალა და ავტოსადგურს მისგან რაიმე შემოსავალი არ მიუღია, ხოლო რ.მ-სთან ხელშეკრულება მოპასუხეს საერთოდ არ გაუფორმებია. მოპასუხის განმარტებით, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შპს „... ...-სათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი სავარაუდო ვერ გახდებოდა წინასწარ, რადგანაც ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილს დადგენილება ო.ხ-სათვის 12 კვ.მ მიწის გადაცემის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეს ჩაბარდა მხოლოდ 2008 წლის იანვარში. ო.ხ-ის მიერ წარმოდგენილი მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მონაცემები არ ემთხვევა საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებულ მონაცემებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ო.ხ-სა და კ.მ-ეს ქ.ჭიათურაში, ჭ-ის ქუჩაზე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაეცათ 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თითოეულს 12-12 კვ.მ მიწა სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის, სადაც მოსარჩელეს მშენებლობა არ უწარმოებია. კ.მ-ე ამჟამად ფლობს 27 კვ.მ მიწას და მოსარჩელეს არც კი გაურკვევია, ამ უკანასკნელს მისი კუთვნილი ტერიტორია ხომ არ აქვს დაკავებული. კ.მ-სა და ო.ხ-ს მიწა გადაეცათ ჭ-ის ქ№2-ში, ავტოსადგური მდებარეობს გ.ა-ის (ყოფილი ჭ-ის) ქ№18-ში, კ.მ-ის საკუთრება აღრიცხულია ჭ-ის ქ№2-ში, ხოლო მოსარჩელე ო.ხ-ის საკუთრება – გ.ა-ის (ყოფილი ჭ-ის) ქ№50-ში.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ო.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „... ...-ს“ ო. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1095 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „... ...-ს“ ო. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 600 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი – 24 ლარისა და სახელმწიფო ბაჟი – 42 ლარის გადახდა. დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „... ...-ის“ დირექტორმა. საქართველოს უზენაესი სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს „... ...-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრიის გადაწყვეტილება ო.ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვისას უტყუარად უნდა დაედგინა თ. ხ-სა და შპს „... ...-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შემოსავლის მიღების ნამდვილობა, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მითითება, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმეში არსებული მასალების საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ჭიათურაში, (სექტორი .., კვარტალი .., ნაკვეთი ...) ო. ხ-ს, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ... ...-ის ადმინისტრაციასთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე ჩადგმულ ჯიხურში შპს „... ...-ის“ დირექტორის ნებართვის საფუძველზე თ.ხ-ი ახორციელებდა ჭიათურის ავტოსადგურის ავტომანქანების მანქანის ზეთით მომსახურებას, ანუ ნებართვა იმ ჯიხურის ჩადგმაზე, რომელშიც საქმიანობდა თ. ხ-ი, მიიღო ... ...-ის დირექციისაგან. 2005 წლის 3 იანვარს შპს „... ...-ის“ დირექციასა და ინდ.მეწარმე თ.ხ-ს შორის შედგა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ... ...-ის დირექციამ ინდ.მეწარმე თ. ხ-ს გამოუყო ... ...-ის კუთვნილი ტერიტორია სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად და შპს „... ...-ით“ სარგებლობისათვის თ.ხ-მა აიღო ყოველთვიურად 50 ლარის გადახდის ვალდებულება, აღნიშნული თანხა ყოველი თვის 5 რიცხვში უნდა შეეტანა შპს „... ...-ის“ სალაროში. შპს „... ...-ის“ დირექტორის 2005 წლის 11 იანვრის №2 ბრძანების საფუძველზე 2005 წლის 3 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულება მხარეთა შორის შეწყდა. არანაირი საიჯარო ქირა მ-სა და გ-ს შპს „... ...-ის“ დირექტორისათვის არ გადაუხდიათ, მათ შორის, არც ხელზე ანგარიშსწორებისა და არც საზოგადოების სალაროში შეტანის გზით. პალატამ მიუთითა მოწმედ დაკითხულ თ. ხ-ის ჩვენებაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, რეალურად თ.ხ-სა და შპს „... ...-ის“ დირექტორს შორის ქირავნობის ურთიერთობა არ შემდგარა, მაგრამ ...-ის დირექტორის ნებართვითა და თხოვნით, თ. ხ-ი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურში ყიდდა ავტომანქანის ზეთს, ავტოსადგურით მოსარგებლე მანქანებისათვის, რისთვისაც ...-ის დირექტორი თ. ხ-ს უხდიდა ყოველდღიურად თანხას მიახლოებით 4 ლარის ოდენობით. თ. ხ-ის დახმარებით შპს „...“ ზეთის რეალიზაციით იღებდა სარგებელს. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თ. ხ-ს შპს „... ...-ის“ დირექტორი მანქანის ზეთის რეალიზაციისათვის დღეში უხდიდა მიახლოებით 4 ლარს და უდავო ფაქტად მიიჩნია, რომ შპს „... ...-ც“ ამ საქმიანობიდან მიიღებდა სარგებელს მიახლოებით (მინიმუმ) 1 ლარს მაინც დღეში. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 23 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელზე ო. ხ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იძულების წესით გამოთავისუფლებისა და ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჯიხურების გატანის შესახებ და უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლიდან 2008 წლამდე ო. ხ-ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ჯიხური, რომელსაც ფლობდა შპს „... ...-ის“ დირექტორის თხოვნითა და ნებართვით თ. ხ-ი, სადაც ასევე შპს „... ...-ის“ დირექტორის თხოვნისა და ნებართვის საფუძველზე ყიდდა ავტომანქანის ზეთებს ავტოსადგურით მოსარგებლე მანქანებისათვის, ...-ის დირექტორი კი მას დღეში 4 ლარს უხდიდა. პალატამ ჩათვალა, რომ სარგებელი, რაც შპს „... ...-მა“ ო. ხ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჩადგმული ჯიხურით ავტომანქანის ზეთების რეალიზაციით 3 წლის განმავლობაში მიიღო, 1095 ლარია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, რადგანაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს (რომელზედაც შპს „... ...-ის“ დირექტორმა ჯიხური ჯერ განათავსა, ხოლო შემდეგ 3 წლის განმავლობაში იღებდა სარგებელს ავტომანქანის ზეთის რეალიზაციით დღეში ერთი ლარის ოდენობით), წარმოადგენდა მოსარჩელე ო. ხ-ე, მიწის ნაკვეთის გამოყენებით სარგებლის მიღებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა სწორედ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ო. ხ-ე და არა შპს „... ...“. სასამართლო არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ო.ხ-ის კუთვნილ ნაკვეთზე განთავსებული ჯიხური მხოლოდ 8 დღის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული ხ-სა და მ-ს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 23 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ჯიხური 3 წლის და არა 8 დღის განმავლობაში იყო განთავსებული, როგორც ეს მიუთითა მოწმედ დაკითხულმა თ.ხ-მა. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 982-ე, 408-ე, 409-ე მუხლებზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „... ...“ სრულიად უკანონოდ სარგებლობდა 3 წლის განმავლობაში ო. ხ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით, ჩათვალა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და ის ზიანი, რომელიც მოსარჩელემ განიცადა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის 3 წლის განმავლობაში გამოუყენებლობით, უნდა ანაზღაურებულიყო. პალატის მითითებით, მართალია, ზუსტად ვერ დგინდება ზიანის ის ოდენობა, რაც მოსარჩელემ განიცადა, მაგრამ ეს გარემოება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და ამ შემთხვევაში დავა გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტით უნდა დასრულდეს, რადგანაც სრულიად ლოგიკურია, თუ შპს „... ...“ 3 წლის განმავლობაში ყოველ დღე თ.ხ-ს უხდიდა 4 ლარს, იმ საქმიანობისათვის (ჯიხურში ვაჭრობა), რომელსაც იგი ო.ხ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ახორციელებდა, თავად მას ყოველდღიურად მინიმუმ 1 ლარის სარგებელი მაინც უნდა ენახა, რადგან სხვა შემთხვევაში, ფაქტია, იგი 4 ლარს ზეთების რეალიზატორს არ გადაუხდიდა. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნა შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასაც, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის ოდენობა ზუსტად ვერ განისაზღვრა, მაშინ, როცა საზოგადოდ ზიანი სახეზეა, ოდენობის განუსაზღვრელობა არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „... ...-ის“ დირექტორმა თ. გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ო. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ 2005 წლის 3 იანვარს შპს „... ...-სა“ და თ.ხ-ს შორის დადებული ხელშეკრულებით ამ უკანასკნელს გამოეყო ... ...-ის კუთვნილი ტერიტორია ჯიხურის ჩასადგმელად, რისთვისაც თ.ხ-მა იკისრა ყოველთვიურად 50 ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულება მოიშალა შპს „... ...-ის“ დირექტორის 2005 წლის 11 იანვრის ბრძანების საფუძველზე და საიჯარო ქირა თ.ხ-ს ავტოსადგურისათვის არც ხელზე ანგარიშსწორებისა და არც სალაროში შეტანის გზით არ გადაუხდია. გამომდინარე იქიდან, რომ კასატორს არანაირი სარგებელი არ მიუღია, სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის შესაბამისად, ო.ხ-ის სასარგებლოდ რაიმე თანხის დაბრუნების ვალდებულებაც არ წარმოშობია. პალატა დაეყრდნო მოწმე თ.ხ-ის ჩვენებას, რომ ...-ის დირექტორი მანქანის ზეთების რეალიზაციისათვის ყოველდღიურად უხდიდა მიახლოებით 4 ლარს და უდავო ფაქტად მიიჩნია, რომ შპს „... ...-ც“ ამ საქმიანობიდან იღებდა სარგებელს დღეში დაახლოებით 1 ლარს, სამ წელიწადში კი – 1095 ლარს. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და დამყარებულია მხოლოდ ვარაუდზე. თანხის ოდენობის გამოთვლისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დასვენებისა და უქმე დღეები, რომელიც სამ წელიწადში დაახლოებით 300 დღეს შეადგენს, ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანი, რომელიც წინასწარ იყო სავარაუდო მოვალისათვის და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შპს „... ...-სათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი სავარაუდო ვერ გახდებოდა წინასწარ, რადგან რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის დადგენილება, ო.ხ-სათვის 12 კვ.მ მიწის გადაცემის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლოს განჩინება მხარემ ჩაიბარა 2008 წლის იანვარში. პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ო.ხ-ს გამოყოფილ 12 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის პროექტი ამჟამადაც არ აქვს დამტკიცებული, 11 წელია მშენებლობა არ უწარმოებია მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო. იგი დავობს მიუღებელ, ანუ სავარაუდო შემოსავალზე, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მხრიდან შემოსავლის მიღება. რაც შეეხება საქმეში არსებულ სააღსრულებო ფურცელს, იგი გაცემულია რ.მ-ისა და თ.ხ-ის და არა შპს „... ...-ის“ მიმართ, შესაბამისად, ო.ხ-ის სარჩელზე სწორედ მათ უნდა ეგოთ პასუხი, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი. საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლით რ.მ-სა და თ.ხ-ს დაევალათ ო.ხ-ის მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, თუმცა რომელ მიწის ნაკვეთზეა საუბარი, დღემდე გაურკვეველია. დადგენილია, რომ ო.ხ-სა და კ.მ-ს გვერდიგვერდ დაუმაგრდათ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აუქციონის წესით შეძენილი 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თითოეულს 12-12 კვ.მ სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის. მოსარჩელეს 2000 წლიდან დღემდე არაფერი აუშენებია, მშენებლობა მხოლოდ კ.მ-მ აწარმოა, რომელიც ამჟამად 27 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს და არა 12 კვ. მეტრს. ო.ხ-ს არც კი გაურკვევია, ხომ არ მიითვისა კ.მ-მ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ადრე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი მოსარჩელის კუთვნილი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონკრეტული ადგილმდებარეობა. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ დოკუმენტებს შორის არსებობს ექსპერტ ბ. ბ-ის დასკვნა, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს, თუ სად მდებარეობს ო.ხ-ის კუთვნილი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია. კასატორმა დამატებით წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 აგვისტო გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „... ...-ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობის და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „... ...-ის“ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც შპს „... ...-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება ო.ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული განჩინება დაამყარა მოცემულ საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს:

ქ.ჭიათურაში (სექტორი - .., კვარტალი - .., ნაკვეთი - ..) ო. ხ-ს, საკუთრების უფლებით, რეგისტრირებული აქვს 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ჭიათურის ავტოსადგურის ადმინისტრაციასთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე ჩადგმულ ჯიხურში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა თ. ხ-ი.

თ.ხ-მა ჯიხურის ჩადგმაზე ნებართვა მიიღო ... ...-ის დირექციისაგან.

2005 წლის 3 იანვარს შპს „... ...-ის“ დირექციასა და ინდ.მეწარმე თ.ხ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ.ხ-ს შპს „... ...-ის“ ტერიტორიით სარგებლობისათვის ყოველი თვის 5 რიცხვში შპს „... ...-ის“ სალაროში უნდა შეეტანა თანხა - 50 ლარი.

საკასაციო პალატამ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია იმ ფაქტის დადგენა, 2005 წლის 3 იანვრის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის ანაზღაურების წესი დაცული იყო თუ არა ხელშემკვრელ მხარეთა შორის და აღნიშნული ადასტურებდა თუ არა სარჩელის საფუძვლიანობას, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს დაევალა შპს „... ...-სა“ და თ. ხ-ს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადისა და ამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შემოსავლის მიღების ნამდვილობის ფაქტის უტყუარად გამორკვევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ, საკასაციო სასამართლოს განჩინების მითითების ფარგლებში, დადგენილად მიიჩნია და არც კასატორს წარმოუდგენია პრეტენზია, რომ შპს „... ...-ის“ დირექტორის 2005 წლის 11 იანვრის №2 ბრძანებით მხარეთა შორის 2005 წლის 3 იანვარს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება გაუქმდა და არანაირი საიჯარო ქირა მ-სა და გ-ს შპს „... ...-სათვის“ არ გადაუხდიათ არც ხელზე და არც საზოგადოების სალაროში შეტანის გზით.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის საგანზე, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა შპს „... ...-ის“ მიერ რ.მ-სა და თ.ხ-თან დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უსაფუძვლოდ მიღებული საიჯარო თანხის შპს „... ...-სათვის“ დაკისრებას.

სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი მოვალეა მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს. როგორც უკვე განიმარტა, მოცემული ნორმით დადგენილია უფლებამოსილი პირის უფლება იმ პირის მიმართ, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ფული ან გვაროვნული ნივთი, მოითხოვოს ამ სიკეთის კრედიტორისათვის დაბრუნება, დადგენილია ასევე არაუფლებამოსილი პირის ვალდებულება, დააბრუნოს ყველაფერი, რაც მან უსაფუძვლოდ მიიღო. კანონმდებელი აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს შესრულების მიღების ნამდვილობის დადგენას, რადგანაც კანონისმიერი ამ ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითად საფუძველს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღება წარმოადგენს, რაც მსგავსად ვინდიკაციური სარჩელისა, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების უალტერნატივო წინაპირობაა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ დაადგინა რა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში, ერთი მხრივ, შპს „... ...-სა“ და, მეორე მხრივ თ.ხ-ს შორის 2005 წლის 3 იანვარს დადებული სადავო იჯარის ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2005 წლის 11 იანვრის №2 ბრძანებით და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს „... ...-ს“ რაიმე სარგებელი არ მიუღია, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ო. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების მსჯელობას ...-ის დირექტორის ნებართვითა და თხოვნით თ.ხ-ის მიერ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და ...-ის დირექტორის მიერ ყოველდღიურად დაახლოებით 4 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ასევე ზეთის რეალიზაციით მოპასუხის მიერ მინიმუმ დღეში 1 ლარის მოგების მიღებას, აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას და თვლის, რომ ამ ნაწილში მხარემ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და იმ გარემოებათა კვლევას შეუდგა, რაც თავის დროზე არ დაუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოს და რაზეც არ ყოფილა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა მიიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 384-ე მუხლით დადგენილია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. მითითებული ნორმების თანახმად, სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის, ანუ ამ საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით. რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი თუ იურიდიული დასაბუთებულობა სააპელაციო სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებაში, ე.ი. მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია შპს „... ...-სა“ და თ.ხ-ს შორის მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაუქმების ფაქტი, რაც აპელანტის (ო.ხ-ის) მიერ მიჩნეულ იქნა ფაქტობრივ უსწორობად და გასაჩვრებულ იქნა სააპელაციო წესით. ამდენად, სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა პრეტენზია იმ ფაქტობრივ უსწორობაზე, რომლითაც არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია გარიგების საფუძველზე, შპს „... ...-ის“, როგორც არუფლებამოსილი პირის მიერ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სარჩელი ნაწილობრივ, 600 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, არ გაუსაჩივრებია. ამდენად სააპელაციო პალატა ვალდებული იყო საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების საფუძველზე, დაედგინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ისე, რომ ახალი გადაწყვეტილებით არ მომხდარიყო საუარესოდ შებრუნება, რაც ვერ იქნა დაცული.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, ამასთან, ო.ხ-ის სარჩელის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია და სადავო სწორედ ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებაა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია მოცემულ საქმეზე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 300 ლარი (იხ. ტ.I, ს.ფ.249-250), ამავე სასამართლოს 2011 წლის 1 დეემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისას ასევე გადაიხადა 300 ლარი (იხ. ტ.II, ს.ფ.75).

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „... ...-ის“ დირექტორ თ.გ-ის საკასაციო საჩივარი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ო. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის წარმოებისას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300-300 ლარი, სულ – 600 ლარი, ხოლო კასატორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმისათვის ახალი მტკიცებულების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „... ...-ის“ დირექტორ თ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება 3 (სამი) ფურცლად (ტ.II, ს.ფ.73-741).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „... ...-ის“ დირექტორ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ო. ხ-ის სარჩელი შპს „... ...-ის“ დირექტორ თ.გ-ის მიმართ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

4. ო. ხ-ს (პირადი №...) შპს „... ...-ის“ (საიდენტიფიკაციო№...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარი.

5. შპს „... ...-ის“ დირექტორ თ.გ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 3 (სამი) ფურცლად.

6. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.